ტელეწამყვან ნინო თოლორდავასა და მის მეუღლეს, ბიზნესმენ გიორგი დავითაიას, ახლახან სუროგაციის გზით ვაჟი, თადა-ერეკლე შეეძინათ. ნინო ამბობდა, რომ ეს მისი დიდი ხნის ოცნება იყო. "სულ რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ გავხდები დედა. ჩემი უფროსი შვილი დღეს გახდა 24 წლის და კიდევ ვხდები დედა", - ამბობდა ის.
ვრცლად დედობის გამოცდილებაზე მან fortuna.ge-სთან ისაუბრა:
"წარმოუდგენელი ემოცია იყო, როცა თადა-ერეკლე პირველად დავინახე. გვგავს ორივეს, მაგრამ ზოგი უფრო მე მამსგავსებს, ზოგი - ჩემს მეუღლეს. თადას დარქმევა გიორგის უნდოდა, ერეკლე მინდოდა მე. გამოვიდა თადა-ერეკლე. სიმართლე გითხრათ, ძალიან მომწონს ეს სახელი. გიორგი ძალიან მეხმარება მის მოვლაში. თადა ყოველ სამ საათში ერთხელ ჭამს, ღამეც და დღეც, გაყოფილი გვაქვს ღამეები. გვეხმარებიან დედაჩემი, ჩემი დედამთილი, მაგრამ მე და გიორგიც ვართ ხოლმე ბავშვთან, ნახევარი ღამე-მე, ნახევარი-გიორგი.
ჩემი პირველი შვილი, ამიკო რომ გავაჩინე, 18 წლის ვიყავი. ალბათ, ახლა უფრო ვაანალიზებ, რას ნიშნავს, იყო პატარა ადამიანის დედა, რომელიც შენი სამყაროა. ვაანალიზებ, რომ ამ ცხოვრებაში ჩემი ერთგვარი მისია შევასრულე…
ქალები არ უნდა შეეგუონ, რომ ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემის გამო ვერ აჩენენ შვილს, არ დაყარონ ფარ-ხმალი და ყველაფერი აუცილებლად გამოვა. შვილი ძალიან დიდი ბედნიერებაა. ძალიან ბევრი წლის ოცნება ამიხდა!.. თადა-ერეკლემ შეცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ამას ბევრი წელი ველოდი… ჩემი პირველი შვილის დაბადებიდან მოყოლებული, დაახლოებით სამი წლის იყო ამიკო, ძალიან მინდოდა მეორე შვილი, მაგრამ ისე მოხდა, რომ ვერ ვაჩენდი… რა თქმა უნდა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი. ბევრმა მცდელობამ შედეგი გამოიღო და ახლა უკვე მეორე შვილი მყავს", - ამბობს ნინო ინტერვიუში.
ნინო თოლორდავა
ნინო თოლორდავას პირველი მეუღლე ზაზა ხაზალია იყო. ნინოს მეორე ქმარი კი ბიზნესმენი გიორგი დავითაიაა. მას ბიზნესი სხვადასხვა ქვეყანაში აქვს.
"ამიკო რომ იყო 6-7 წლის, იქიდან მოყოლებული მინდა სულ შვილი. სულ იმედგაცრუება მქონდა, განსაკუთრებით, ბოლო 6-7 წელია, არ ვიცი, როგორი ყოველდღიური მოლოდინი მქონდა, იქნებ ახლა, იქნებ ამ თვეში... მაგრამ არ დგებოდა ეს დღე, საჭირო იყო სამედიცინო ჩარევა. მადლობა ღმერთს, რომ შესაძლებელი გახდა მიმემართა სუროგაციის მეთოდისთვის", - ამბობდა ნინო თოლორდავა.