ტიდას გამოჩენამ საოცარი ხალისი შემოიტანა სახლში. ჩემი გოგო ანგლობდა, ოხუნჯობდა, ხან ირაკლის წაკბენდა, ხან ზურიკოს გააშაყირებდა. ამ უკანასკნელს ისე შინაურულად ექცეოდა, თითქოს ერთად იყვნენ გაზრდილები. არადა, თვალით არ ჰყავდა ნანახი, მხოლოდ ჩემი და ირაკლის მონაყოლიდან იცნობდა. კვირების იყო, ზურიკო რომ გაემგზავრა. მიხაროდა, ბავშვებმა ერთმანეთი რომ არ იუცხოვეს. ტუჩის კუნთები მეტკინა სიცილისგან, მაგრამ ეს მხოლოდ შესავალი იყო, საღამოს კულმინაცია წინ გველოდა თურმე.
_ მაგ „გამყიდველის ჩანთას“ რატომ არ იხსნი, ძმა? _ მოულოდნელად ირაკლი ხელისგულებით მუხლებს დაეყრდნო და ზურიკოს წელს შეაცქერდა.
ინსტინქტურად მე და ტიდამაც გავაყოლეთ თვალი მის მზერას. ზურიკოს მხარზე ჯვარედინად გადაეკიდა პატარა ჩანთა, ბაზრის გამყიდველებს წელზე რომ აქვთ ხოლმე შემორტყმული, ისეთი. თანაც, ძალიან ლამაზ ფერებში _ ნარინჯისფერი, შაბიამნისფერი და მუქმწვანე ხავერდის ნაჭრისგან იყო შეკერილი. ამდენი ხანი მხარზე ჰქონია გადაკიდებული და არც შემიმჩნევია.
დაბნეულმა ზურიკომ ჩანთაზე დაიხედა. გამახსენდა, წლების წინაც ასეთი ჩანთით დადიოდა და ირაკლი სულ მეხვეწებოდა, მეც მიყიდე ეგეთიო. რაღაც განსაკუთრებული ეგონა, რადგან ზურიკომ უთხრა, ეგ „გამყიდველის ჩანთაა“ და ვერ მოგცემ, მაგრამ აუცილებლად ვიშოვი ამნაირს და გაჩუქებო. მოგვიანებით მართლაც აჩუქა. მერე კარგა ხანს ორივენი იმ ჩანთებით დადიოდნენ, სკოლაშიც კი დაჰქონდათ.
_ არ იშლი ძველ ჩვევებს, ხომ? _ ახითხითდა ირაკლი.
_ შენ ამ ჩანთას ეგრე კი ნუ უყურებ, ირაკლუნა, არ იცი, რა ძვირი ღირს. მილიონი დოლარი რომ შემომთავაზონ ამწუთას, არ დავთმობ.
_ კაი, ნუ გაახურე! რა, „ჰერმესის“ სახელობითი ჩანთაა თუ? შემთხვევით „ზურიკელაც“ ხომ არ აწერია სადმე? ბოქლომიც მოჰყვება? _ ჩემი შვილი ზურიკოს გაშაყირებას აგრძელებდა.
_ „ჰერმესზე“ უფრო ძვირფასია და დაგიმტკიცებ, თუ გინდა.
_ მოიცა! _ ახლა ტიდა დაიხარა და ის შეაჩქერდა ჩანთას, _ „კოსმო“ ყოფილა. აჰააა… ვიღაცისას მაგონეეებს! _ ვარსკვლავები აუელვარდა ჩემს გოგოს თვალებში და ირაკლის მრავალმნიშვნელოვნად შეხედა.
მე სიცილი ამიტყდა, მაგრამ სანამ რამეს ვიტყოდი, ირაკლი უცებ თავის საძინებელში გავარდა და წამიც არ იყო გასული, რომ იქიდან ზუსტად იმავენაირი ჩანთით გამოვიდა. ოდნავ ფერში იყო განსხვავება, ნარინჯისფერის ნაცვლად მის ჩანთას ყავისფერი ქსოვილი ჰქონდა ჩაკერებული.
_ ტარარაააამ! _ საზეიმოდ შესძახა ირაკლიმ და ჩანთა ისე ასწია მაღლა, თითქოს ჯილდო ყოფილიყო.
ზურიკოს გაოცებისგან თვალები წამოსცვივდა. ისეთი სასაცილო სცენა იყო, თავი ვერცერთმა ვერ შევიკავეთ. ტიდა ხომ საერთოდ, _ იატაკზე გაგორდა.
_ ეგრეა, ძმაო, ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო, ხედაააავ? _ გადაეხვია ირაკლი ზურიკოს და კარგა ხანს იხარხარეს.
_ ჩემთვის იცი რატომაა ეს ჩანთა ძვირფასი? _ შენიშნა ზურიკომ, _ აი, ამიტომ, _ თქვა და იმ პატარა ჩანთიდან პატარა თეთრი „მერსედესი“ ამოაძვრინა, _ ტარარააამ! _ ახლა იმან იქუხა, _ შენი ნაჩუქარი „მერსია“ ეს, სულ თან დამაქვს. ჩემი თილისმაა.
მე კი არა, ჩემს შვილსაც გაუბრწყინდა თვალებში ცრემლი.
_ ზურია, ტოოო, შენ რა ტიპი ხარ, ბიჭოოო! ამდენი წელი ეგ მანქანა ჩანთით დაგქონდა? დე, გესმის? _ არც უცდია ცრემლების დამალვა ირაკლის, ისე მომიტრიალდა. არადა, რაც დაჩი დაიღუპა, მას მერე მის თვალებზე ცრემლი არ შემიმჩნევია.
_ მესმის, შვილო, მესმის, _ მივუგე ასლუკუნებულმა.
_ რა მაგარი კაცი ხარ, შენ თვითონ არ იცი, დედას გეფიცები, _ თავი დააკანტურა ჩემმა ბიჭმა და ზურიკოს ხელი მძლავრად ჩამოართვა, _ ჩაგეთვალა!
_ ეგ რა არის, ნამდვილი „მერსედესი“ კიდევ შენს სადარბაზოსთან დგას, თეთრი, ზუსტად ასეთი, _ დაამატა ზურიკომ.
_ ახლა ნუ მეკაიფები! _ არ დაიჯერა ჩემმა ბიჭმა.
_ რას ამბობ, მართლა? _ წამოხტა იატაკიდან ტიდა, რომელიც უხმოდ ადევნებდა ამ ყველაფერს თვალს, _ შენც „მერსედესი“ გყავს და თანაც თეთრი? ამასაც! _ გაოგნებულმა იყვირა.
_ არ მითხრა ოღონდ, კუპეაო და არ გამაფრენიო ახლა! _ ირაკლიმ ხელები გაფარჩხა და ისე მიაჩერდა ზურიკოს.
_ არა, არა, კუპე არ არის, „მეიჯიკია“.
_ ვაუ! შენ არ ხუმრობ, ძმა! კაი ფული გიშოვია, ვატყობ, _ ხელი ხელს შემოჰკრა ჩემმა შვილმა.
_ რა ყველაფერში ერთნაირი გემოვნება გქონიათ, გადავირიე! _ გაიკვირვა ტიდამ, _ ვაი, ქალებშიც თუ მასე ხართ, დავღუპულვათ მე და ნატა და ეგაა!
ქალებს ისტერიკული სიცილი აგვიტყდა, ირაკლიმ კი უცებ შუბლი შეიკრა.
_ ახლა ოოო! ახლა გეყოფა, ტიდა-ბრიდა, სტოპ! სტოპ! რას უწუნებ ჩემს გემოვნებას, ერთი მითხარი? ჰა? _ და ხელისგული ყურს უკან მიიდო, ვითომ კარგად გავიგონოო.
_ სად გაქვს გემოვნება, რომ დაგიწუნო, თორემ კი, _ სიცილისგან ჩაბჟირებული გოგო ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთს, _ სად… ა… მიდა… მირა… _ გაუჭირდა სადმირას სახელის წარმოთქმა.
_ რა, შეყვარებული ჰყავს? _ ხმადაბლა შემეკითხა ზურიკო, _ სემირამიდა ჰქვია?
აბა, სემირამიდაო და მეტიც არ გვინდოდა მე და ჩემს ქალიშვილს, ისეთი ტკარცალი აგვიტყდა.
ირაკლის ხასიათი გაუფუჭდა. მივხვდი, თუ ასე გავაგრძელებდით, საღამო ყველას ჩაგვმწარდებოდა, ამიტომ თავი ხელში ავიყვანე და მთელი სერიოზულობით, მაგრამ გაღიმებულმა წარმოვთქვი:
_ გვეყოფა ახლა, ზედმეტად ბევრი ვიცინეთ. არ ჯობია, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ? ეს ბიჭი საუკუნეა არ გვინახავს. გამოვკითხოთ თავისი საქმიანობის ამბავი. ზურიკო, რას ამბობდი დღეს? რა საქმე მოვიგეო? იქნებ ტიდას გამოადგესო? _ სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავერთე.
ზურიკომ მორიდებულად გაიღიმა, კეფა მოიქექა, დივანზე ჩამოჯდა, სათამაშო „მერსედესი“ ჩანთაში ჩააბრუნა და წარმოთქვა:
_ არ ვიცი, ტიდას რამდენად გამოადგება, ეს ისე ვთქვი, მაგრამ საქმე მართლა მოვიგე. ერთ ექიმს პაციენტის მოკვლაში ადანაშაულებდნენ და გავამართლე.
_ ვინ ექიმს, შემთხვევით სანდრო გავაშელზე ხომ არ ლაპარაკობ? _ ყურები ცქვიტა ირაკლიმ.
_ ჰო, მაგაზე, _ ზურიკომ თავი ასწია, _ იცნობ?
_ სანდროს ვინ არ იცნობს, უმაგრესი ქირურგია, _ ჩემი შვილი გვერდით მიუჯდა ზურიკოს, _ გუშინ მაგარი ამბავი იყო მაგაზე. ყველა ტელევიზია გადმოსცემდა, გაამართლესო. ანუ შენ იყავი ადვოკატი? ვაა, საამაყო ძმა მყოლია თურმე და არ ვიცოდი, ბრავო, რა!
_ აუ, რა მითხარი, ზურია, _ ახლა ტიდა მიუჩოჩდა და მეორე მხარეს მიუჯდა ზურიკოს, _ მეც არ გამიკვირდა, რა ნაცნობი სახე აქვს-მეთქი, რომ შემოვედი. სანამ გავიგებდი, ვინ იყავი, იმაზე ვფიქრობდი, საიდან მახსოვს-მეთქი. ეკრანზე გნახე, ინტერვიუს იძლეოდი. მოგვიყევი რა, ძალიან საინტერესოა. მართლა მაგარი სიუჟეტის გაკეთება შეიძლება მაგ საქმისგან.
მეც დავინტერესდი. გავაშელის ამბავი ძალიან გახმაურდა. ბოლო ხანებში პრესას და ტელევიზიას მეტი სალაპარაკო არაფერი ჰქონდა. თავიდან ხომ ლაფში ამოსვარეს და მერე, როცა გაამართლეს, ქებით მეცხრე ცაზე შემოსვეს.
_ რა ვი, გრძელი ამბავია. _ უარესად დაიმორცხვა ბიჭმა.
_ მიდი, მიდი, სად გვეჩქარება? ამაღამ აქ რჩები. ჩვენ გვაინტერესებს, სიამოვნებით მოგისმენთ.
_ მოგისმენთ რომელია, ხმას არ ამოვიღებ, სანამ არ დაამთავრებ! _ მხარი გაჰკრა ირაკლიმ გამხნევების ნიშნად, _ ოღონდ მე სკამზე გადავჯდები, პირდაპირ მინდა გიყურო, _ თქვა და მაგიდას მიუჯდა.
_ მე აქ დავრჩები, _ თქვა ტიდამ, დივანზე შეხტა და ლოტოსის პოზაში ჩაჯდა.
მეც მაგიდას მივუჯექი, ოღონდ აქეთა მხარეს, გვერდულად და მოსასმენად მოვემზადე.
_ ცოტა შორიდან დავიწყებ, კარგი? სხვანაირად ვერ მიხვდებით, რატომ გადავწყვიტე გავაშელის დაცვა.
სამივემ შეთანხმებულებივით ერთდროულად დავუქნიეთ თავი.
გაგრძელება იქნება