პატარა რომ ვიყავი, აი, მაშინ, შენ რომ გხვდებოდი, ნატა, ჩემს უბანში ერთი გოგო გავიცანი. გავიცანი რა, სულ შემთხვევით მომიხდა მისი გაცნობა. ერთ საღამოს, ბინაში რომ ვბრუნდებოდი, ერთი კორპუსის პირველ სართულზე სარეცხი დავინახე გაფენილი. ისეთი ლამაზი პულოვერი ეკიდა, თვალი ვერ მოვაშორე. და კიდევ ჯინსის შარვალი. კი იცი, როგორ მიჭირდა იმ პერიოდში. ეს სარეცხი ისე დაბლა იყო ჩამოწეული, ერთი შეხტომა და მივწვდებოდი. აუ, ისე მომინდა მათი მოპარვა, რომ არ ვიცი. თავს ვერაფრით ვერ მოვერიე. სახლში არც ავსულვარ, იქვე, მოშორებით მაღაზია იყო და იმის წინ ჩამოვჯექი. ვიფიქრე, ცოტა დაბნელდეს, ემანდ არავინ დამინახოს-მეთქი. თან შიშისგან გული მისკდებოდა, არასდროს არაფერი არ მომიპარავს. არ ვიცი, რა მომელანდა. ხოდა, რაღა ბევრი გავაგრძელო, როგორც კი შეღამდა, ისევ ჩამოვიარე იმ კორპუსთან. გავიხედე, გამოვიხედე _ არავინაა. სარეცხთან ახლოს მივედი, უცებ ავხტი და ჰოპ! ერთი ახტომით ორივე ჩამოვგლიჯე თოკიდან. ეგრევე თავქუდმოგლეჯილლი გავიქეცი. უკან არ მიმიხედავს იმის შიშით, ვინმე არ მომდევდეს-მეთქი. მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქე შვებით, როცა ბინაში შევედი.
ვახ, როგორ მიხაროდა. დედაჩემი, როგორც ყოველთვის, შინ არ იყო, ამიტომ მაშინვე ჩავიცვი. ორივე ზუსტად მომერგო. ნაქსოვი პულოვერი იყო, ჭაობისფერი.
_ რაღაც არ მახსოვს შენზე ეგეთი პულოვერი… _ დაეჭვებით შევხედე.
_ მოიცა, მოგიყვე. ცოტა სველი იყო და იმ ღამეს გასაშრობად გავფინე, ოღონდ გარეთ არ გავიტანე, სამზარეულოში სკამზე გადავკიდე ორივე. ერთი კვირა მედო ასე, მერე გავბედე და ჩავიცვი. აუ, როგორ მიხაროდა. ასე მეგონა, ყველაზე მაგრად მე მეცვა თბილისში. თან სხვა გზით დავბრუნდი უკან, იმ კორპუსთან რომ არ გამევლო. ვაითუ დამინახოს ვინმემ და იცნოს პულოვერი-მეთქი. ჯინსი რა, ყველა შარვალი ერთნაირია, აი, პულოვერი კი შეიძლება ეცნო პატრონს.
იმ დღეს არაფერი, ჩვეულებრივად დავბრუნდი სახლში. აი, მეორე დღეს კი დამერხა. შუადღეა, დამაქვს ლიმონი, ხან ვის შევთავაზებ, ხან ვის. ვიღაც ჩემზე ბევრად დიდი ასაკის გოგო დავინახე სამარშრუტოების გაჩერებაზე და მივადექი, ლიმონი არ გინდა-მეთქი? მოტრიალდა ეს გოგო და უცებ იმხელა გაუხდა თვალები, ვიფიქრე, რამ შეაშინა-მეთქი. წარმოიდგინეთ, მაცვია პულოვერი, გარედან კიდევ ჯინსის ქურთუკი და კიდევ ის მოპარული ჯინსის შარვალი. მომდგა უცებ ეს გოგო, ხელი მტაცა ქურთუკის საყელოში და მთელი ხმით მიკივის: „ჩემი ძმის პულოვერი ახლავე გაიხადე, შე დამპალო! შენ მოიპარე, ხო?“
დავიბენი. სიმწრის ოფლმა დამასხა. რა გინდა, გოგო, თავი დამანებე-მეთქი, ვცდილობ, მოვიშორო, ის კიდევ აგრძელებს: „ჩემს ინვალიდ ძმას მოვუქსოვე, ძლივს შევაგროვე ძაფის საყიდელი ფული, შე ქურდო, გაიხადე ახლავე, თორემ დავაჭერინებ შენს თავს!“ აუ, ისე შემეშინდა, ვკარი ამ გოგოს ხელი და უკანმოუხედავად გავიქეცი.
გულამოვარდნილი მივედი სახლში. მაშინვე გავიხადე ერთიც და მეორეც და ეგრევე წყალში ჩავყარე. ყურებში მარტო იმ გოგოს ხმა ჩამესმოდა, ჩემს ინვალიდ ძმას მოვუქსოვე და ფული ძლივს მოვაგროვე ძაფის საყიდლადო. საშინელ დღეში ვიყავი. მაშინ პირველად გავაანალიზე, რომ ვიღაც ჩემზე უარეს დღეში იყო, ვიღაცას ჩემზე მეტად უჭირდა. მეორედ როგორ ჩავიცვამდი მაგ პულოვერს?
ერთი სიტყვით, გავრეცხე. გავაშრე, პარკში ჩავდე და ერთ საღამოს ისევ მივადექი იმ კორპუსს. ხომ ვიცოდი, საიდანაც მოვიპარე. შევედი სადარბაზოში, მივადექი ბინის კარს და ზარი დავრეკე. თან შიშისგან მუხლები მიკანკალებს.
კარი ვიღაც კაცმა გააღო და ვინ გნებავთო, მკითხა. აბა, რა მეთქვა, იმ გოგოს სახელი საიდან მეცოდინებოდა. ამ დროს ამ კაცის უკან ის თვალები დავინახე, იმ გოგოს თვალები. კაცის უკან იდგა.
_ აი, ეს მოვიტანე და მაპატიეთ, მეტს არ ვიზამ-მეთქი, წარმოვთქვი, პარკი ამ კაცს ხელში შევაჩეჩე და მოვკურცხლე. ისე ჩავირბინე კიბე და ისე გავვარდი სადარბაზოდან, ჩქაროსნული მატარებელიც ვერ დამეწეოდა.
მას მერე არც ის გოგო შემხვედრია და არც ის კაცი. არც არაფერი გამიგია მათ შესახებ.
ახლახან, დაახლოებით სამი თვის წინ პოლიციაში მომიწია რაღაც საქმეზე მისვლამ. შევედი შენობაში და უცებ ნაცნობ თვალებს შევეფეთე. შევხედე, ნაცნობი სახეა. ვა, საიდან მეცნობა, ვფიქრობ. მაშინვე ამომიტივტივდა გონებაში იმ გოგოს სახე, თავის პულოვერს რომ ითხოვდა ქუჩაში გაავებული. ვიცანი. ის იყო, უკვე დაქალებული. ჩემზე ცოტათი იქნებოდა უფროსი, ბევრით არა. იმანაც შემომხედა, მაგრამ ეგრევე ამარიდა მზერა. ვერ მიცნო. გულმა არ მომითმინა და მივეჭერი. შენ ნახალოვკაში არ ცხოვრობ-მეთქი? გზის პირას რომ კორპუსია, პირველ სართულზე? კიო, გაოცებულმა დამიქნია თავი. ვერ მიცანი-მეთქი? ვერაო. აი, მე რომ შენი მოქსოვილი პულოვერი მოვიპარე წლების წინ, ის ბიჭი ვარ-მეთქი. დაიბნა საწყალი. ერთხანს მიყურა, მერე კი მხრები აიჩეჩა, რა დროს ეგ არის, უკვე დავივიწყე ის ამბავიო და ზურგი შემაქცია. არ მოვეშვი. აქ რატომ ხარ-მეთქი. უნდობლად შემომხედა, ნეტავ შენ ვინ გეკითხებაო. მე თანამშრომელი ვარ და იქნებ შემიძლია რამით დახმარება-მეთქი. აი, მაშინ კი მომაქცია ყურადღება და გაუბედავად მითხრა, მამაა დაკავებული და ველოდები, რას მეტყვიანო. ოპააა! მეც ეგ მინდოდა. მოვარიდე იქაურობას, განზე გავიყვანე და გამოვკითხე, რა ხდებოდა. თურმე სანდრო გავაშელის ქალიშვილი ყოფილა.
_ ვააა! _ ვეღარ მოითმინა ირაკლიმ, სკამი მაგიდას მოაშორა და ზურიკოსთან ახლოს დაიდგა, _ წარმოგიდგენია როგორი დამთხვევაა? ანუ ის პულოვერი რომ არ მოგეპარა მაშინ…
_ ჰო რა, ბედი იყო ყველაფერი. თითქოს სპეციალურად მოხდა ასე. მომიყვა მერე მამამისის ამბავს. ცნობილი ქირურგია, ონკოლოგი, პროფესორი, განყოფილების გამგე და ახლა პაციენტის მკვლელობას აბრალებენო.
_ ხო, ევთანაზიაზე იყო საუბარი, _ ჩაერთო ტიდა, _ სულ მაგაზე ლაპარაკობს კლინიკაშიო, ექიმები ამბობდნენ.
_ ეგ კი, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ამიტომ პაციენტი მოკლას?
_ კი მაგრამ, ასეთი მაგარი თუ იყო, ძაფის საყიდელი ფული როგორ არ ჰქონდა მის შვილს?
_ ტიდა, აცალე, რა! _ ირაკლიმ ტიდა გააჩუმა.
_ იმ პერიოდში გაშორებულები ყოფილან ცოლ-ქმარი, სხვა ცოლი ჰყოლია ამ კაცს. მერე მიუტოვებია ის ქალი და ისევ ცოლ-შვილთან დაბრუნებულა. ის ინვალიდი ბიჭი გარდაცვლილა და ეს გოგო დარჩენიათ, თამუნა. ოცდათვრამეტი წლისაა ახლა. კი არის შეცვლილი, მაგრამ თვალები ისევ ისეთი აქვს და მაგით ვიცანი. ეს სანდრო თურმე მართლა სულ ევთანაზიაზე ლაპარაკობდა. როცა საშველი არ არის, წამებით სიკვდილს არ ჯობია მომაკვდავს დავეხმაროთ და მშვიდად, ტკივილის გარეშე გავუშვათ იმ ქვეყანაშიო? ამაზე ხშირად მოსდიოდა კამათი თავის კოლეგებთან. იშველიებდა თურმე მაგალითებს, ნიდერლანდებში კარგა ხნის დანერგილი პრაქტიკააო და ასე შემდეგ.
ერთ ღამეს, მორიგი შემოვლა გაუკეთებია ამ გავაშელს და ერთ პალატაში ექთანმა შეუსწრო თურმე, პაციენტის ვენიდან როგორ აძრობდა შპრიცს. ეს ქალი რომ დაუნახავს, უყვირია, დროზე დაუძახე ბეგლარს, პაციენტი კვდებაო. ბეგლარი მორიგე ექიმი ყოფილა.
როცა ის მოსულა, პაციენტი უკვე გარდაცვლილი ყოფილა. არიქა, ატყდა ერთი ამბავი. გაკვეთეს მიცვალებული და მორფინის ზედოზა ჰქონია გაკეთებული. რა თქმა უნდა, შეგნებულად. ისედაც ვერ გაატანდა ის საცოდავი დიდხანს, ჰა-ჰა, ორი-სამი დღე ეცოცხლაო, ამბობდნენ კლინიკაში, რადგან აზრი არ ჰქონია ოპერაციის გაკეთებას. უბრალოდ, მის შვილებს მოუთხოვიათ, თუ ისედაც უნდა მოკვდეს, ბარემ ვცადოთ ოპერაცია, იქნებ სიცოცხლე ცოტა ხნით მაინც გავუხანგრძლივოთო. ოპერაციიდან მეორე დღესვე გაუსაძლისი ტკივილები დასწყებია და იტანჯებოდა თურმე, მორფინიც არ შველოდა.
ჰოდა, დააბრალეს სანდროს. სულ მისი ევთანაზიის ბრალია ყველაფერი. ისე ჰქონდა ამოჩემებული ბოლო დროს, გასაკვირი არაფერიაო. თან ექთანმა ცუდ დროს შეუსწრო. არადა, ვენაში დატოვებულ შპრიცს აძრობდა, თვითონ კი არ გაუკეთებია, მაგრამ ამას ვერ ამტკიცებდა.
დავამშვიდე თამუნა, მე ადვოკატი ვარ და დავიცავ მამაშენს, თუნდაც დამნაშავე იყოს, იმდენს მაინც ვიზამ, ცოტათი შევუმსუბუქო დანაშაული-მეთქი. რამდენის გადახდა მოგვიწევსო, პირველი ეგ მკითხა. გამეცინა. უფასოდ დავიცავ, შენთან ვალში ვარ და ამით მაინც მაპატიე ის ქურდობა-მეთქი. ჩამეხუტა და ატირდა. ძალიან შემეცოდა. ფულს როგორ ავიღებდი, გამორიცხული იყო.
_ ჯიგარი ხარ, ძმა! _ ვერ მოითმინა და რეპლიკა ისროლა აღტაცებულმა ირაკლიმ.
_ ისე, გვარიანად კი ვიწვალე. გავაშელი არაფრით არ აღიარებდა დანაშაულს, მე მხოლოდ შპრიცი ამოვაძვრე, გამიკვირდა, რატომ ჰქონდა ვენაში გარჭობილიო. სანამ გარკვევას დავიწყებდი, ექთანმა მთელი კლინიკა თავზე დამაყენა, მერე კი პოლიციას გამოუძახესო. ისე ლაპარაკობდა ამაზე, ეტყობოდა, რომ გულწრფელი იყო, მაგრამ საქმეს ეგ უშველიდა? აი, როგორი გამოძიება ჩავატარე, არ იცით. იმ ღამეს ვინც იყო მორიგე, ყველა დავკითხე. ჩემებურად „ჩავუსასტავდი“ ქალებს, ექიმებს, ყველა ექთანს, სანიტრებს. სულ სათითაოდ ვალაპარაკე და აღმოჩნდა, რომ მაგის მოადგილეს…
გაგრძელება იქნება