_ ტერტერაშვილს! _ ისევ იყვირა ირაკლიმ.
_ ხო, ტერტერაშვილს ათვალწუნებული ჰყოლია თურმე. ისიც პროფესორია. განყოფილების გამგე ეგ უნდა გამხდარიყო თურმე, მაგრამ იქ რაღაც ძმაკაცობით, ნაცნობობით, ახლო კავშირებით ეგ გავაშელი დაუნიშნავთ. ჯანდაცვის სამინისტროში ახლო მეგობრები ჰყოლია, რა. აი, ეს ვერ აიტანა მიხეილ ტერტერაშვილმა და…
_ გაუჩალიჩაააა! _ ჩემი შვილი ანერვიულებული წამოხტა.
_ იკა, აცალე რა! _ ახლა ტიდამ მისცა ძმას შენიშვნა.
_ თვითონ არც ყოფილა იმ ღამეს კლინიკაში. ექთანი მოუსყიდია. აი, ის, ვინც გავაშელს შეუსწრო. ისე გამოვტეხე ეს ქალი, ისე ტექნიკურად, ვერ მიხვდა, რომ მახეს ვუგებდი. თავიდანვე მასზე მივიტანე ეჭვი, მაგრამ დამტკიცება ხომ უნდოდა? ჯერ ვიფიქრე, იქნებ საყვარლები იყვნენ და ამით შური იძია-მეთქი. ეს გამოირიცხა. მერე ერთმა სანიტარმა მითხრა, ეგ ანიტა ტერტერაშვილს ელაქუცება სულ, მგონი, შეყვარებულია მასზეო. ქალებმა ოღონდ ერთმანეთზე იჭორაონ და მეტი რა უნდათ? ამის მერე კიდევ შევხვდი ანიტას. ორმოცდაოთხი წლის ქალია, კარგი გარეგნობის, თავი რომ მოაქვს, ისეთი. თან უფროსი ექთანია და ვერავინ ვერ იტანს, ატერორებს თანამშრომლებს. ამასობაში ყველაფერი გავარკვიე, როგორ აახია გავაშელმა ტერტერაშვილს თანამდებობა, რა სიხშირით კამათობდნენ გამგე და მოადგილე, როგორ ემუქრებოდა ერთი მეორეს და ასე, ნელ-ნელა ყველა ფაქტს მოვუყარე თავი, მაგრამ როგორ გინდა სიმართლე ათქმევინო? ვინ გიჟი იტყვის, თუ არ დაუმტკიცე, მე გავაკეთეო? ჰოდა, ხერხს მივმართე. მე და ჩემი თანაშემწე მივედით ამ ანიტასთან. ვუთხარი, კიდევ რამდენიმე შეკითხვა და თავს დაგანებებ-მეთქი. კიო, ისე მედიდურად დამთანხმდა, თითქოს ვალი მქონდა მისი. თან სანამ მის კაბინეტში შევიდოდით, მოთხარა და მოთხარა სანდრო, ეგეთები ციხეში უნდა იყვნენ, მაგათ პაციენტი როგორ უნდა ანდოს ადამიანმაო. ამასობაში ჩემი თანაშემწე გაფრთხილებული მყავს, როგორც კი მესიჯი მოგივა ჩემგან, ეგრევე დამირეკე და არაფერი მითხრა, მარტო მე ვილაპარაკებ-მეთქი.
დავუსვი ანიტას რამდენიმე ფორმალური შეკითხვა, თან ჩავურტყი საუბარში, აი, ტერტერაშვილია დღეს დაბარებული პოლიციაში. რა ცუდია, ასე რომ დაარბენინებენ ამ ექიმებს ყოველდღე დაკითხვაზე-მეთქი. ხო, აბაო, მაგნაირი წესიერი ექიმი იშვიათობააო, ამიბა მხარი. სწორედ ამ დროს მესიჯი ვაფრინე ირინასთან. ჩემს თანაშემწეს ჰქვია ირინა. იმანაც დამირეკა. მივიდე ტელეფონი ყურთან _ ჰო, აბა, მომიყევი, რა ხდება-მეთქი. გავჩუმდი, ვითომ ვუსმენ. _ რას ამბობ, ეგრე თქვა? ექთანს აბრალებს ყველაფერს? _ გავაგრძელე ვითომ გაოცებულმა. _ რა გვარი თქვა? _ ვითომ გავამეორებინე. და… ვითომ გაოგნებული მზერა ნელა გადავიტანე ანიტაზე. ფერი აღარ ედო სახეზე. აკანკალდა, მაგრამ რა აკანკალდა. ტელეფონი დიქტაფონზე გადავრთე და ჯიბეში ჩავიდე. მივაჩერდი, ხმას არ ვიღებ. ის კი უკვე ტირის, ფშლუკუნებს. უცებ ისტერიკულად იყვირა, მე არაფერ შუაში ვარ, თვითონ დამავალა გულუასთვის ნემსის გაკეთება, თან დამემუქრა, თუ ასე არ მოიქცევი, სამსახურიდან გაგათავისუფლებო. მე დავამშვიდე, არ ინერვიულო, შენ ყველაფერი დაწერე, როგორც იყო და დანარჩენი მერე ვნახოთ. თუ გინდა, შენი ადვოკატიც მე ვიქნები-მეთქი. ადგა და ყველაფერი დაწერა, ეგრევე ჩაუშვა უფროსიც და თავისი თავიც.
_ მაგის ადვოკატიც ხარ? _ ტიდა დივნიდან ჩამოხტა და ირაკლის ჩაუსკუპდა კალთაში.
_ არა, რას ამბობ! მაგას როგორ დავიცავ! ეგ იმიტომ ვუთხარი, რომ აღიარებითი ჩვენება დაეწერა. მერე ახლოსაც არ გავკარებივარ. აი, ეს იყო სულ. ასე რომ, პულოვერის ქურდობის დანაშაული გავაშელის გამართლებით გამოვისყიდე.
_ დედააა! _ აღმომხდა გაოცებულს. მთელი ამ ხნის განმავლობაში პირველად ამოვიღე ხმა.
_ შენ ვინ ყოფილხარ, ზურია! ნამდვილი ჯადოქარი! _ აგუგუნდა ჩემი ბიჭი, _ რა ძმა მყავს, რა ძმა, თქვენ ხომ აზრზე არ ხართ! _ ტიდა ხელისკვრით მოიშორა, წამოხტა და ტაშისკვრას მოჰყვა.
_ ნუ, ეგეც გამართლებაზეა, ისე, _ თავმდაბლობა გამოიჩინა ზურიკომ, _ ანიტა ანკესს რომ არ წამოჰგებოდა, ვერაფერსაც ვერ გავარკვევდი. რთული სამუშაოა, მაგრამ საინტერესო. თან მიყვარს ჩემი საქმე.
_ შვილო, ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ სად ცხოვრობ? _ ახლაღა გამახსენდა, რომ მისთვის ამის შესახებ აქამდე არ მიკითხავს.
_ ბინა ვიყიდე, ერთოთახიანი და ორიანად გადავაკეთე. აგერ, იმ კორპუსში, თექვსმეტიანში. ახლახან გადავედი. _ ფანჯრისკენ გაიშვირა ხელი.
_ ჩვენს პლატოზე? _ სამივემ თითქმის ერთდროულად ვიკითხეთ.
_ ჰო, _ ეშმაკურად გაიღიმა, _ ნახევარი მამაჩემმა გამომიგზავნა, დანარჩენი ბანკიდან სესხი ავიღე. მინდოდა ახლოს ვყოფილიყავი თქვენთან. უთქვენოდ ვეღარ გავძლებ. ვერასდროს. მეყო.
კიდევ ერთხელ ამიჩუყდა გული. კიდევ ერთხელ ვღვარე სიხარულისა და სიამაყის ცრემლები. მგონი, დამიფასდა ჩემი წარსულის გარჯა…
***
ზურიკოს გამოჩენა სიგიჟემდე მიხაროდა. თითქოს ცხრა წლის სიცოცხლე მომემატა. მე კი არა, ჩემი შვილებიც არ იყვნენ ჭკუაზე, სულ მასზე ლაპარაკობდნენ. ბიჭმა მოუხშირა ჩვენთან სიარულს, დარეკავდა, ხომ შინ ხართო და შემოირბენდა. ხანდახან რჩებოდა კიდევაც. ბავშვებს არ უნდოდათ მისი გაშვება. მათთან ყოფნა ერთი დიდი სიამოვნება იყო. იმდენს ხუმრობდნენ, მკვდარსაც კი გააცოცხლებდა.
ძალიან მიყვარდა ზურიკო. მერე რა, რომ მე არ გამიჩენია. მაინც შვილივით მიყვარდა. ამაგი მქონდა მასზე და იმიტომ. გაამართლა ჩემი იმედები და იმიტომ. ჰგავდა ჩემს ირაკლის და იმიტომ. ძალიან ბევრი „იმიტომ“-ის გამო მიყვარდა.
ხანდახან ისეთ დროს მოვიდოდა, როცა მარტო ვიყავი სახლში. შინაურივით გამოაღებდა მაცივარს, ძალიან მშია, რაღაც უნდა შევჭამოო. თუმცა რაღა შინაურივით, იყო კიდევაც. ქალებმა რომ იციან თქმა, იმის არ იყოს, ჩემს შვილებში არ გამომერჩეოდა.
უამრავ ამბავს მიყვებოდა თავისი უკრაინული ცხოვრებიდან. როგორ გაუჭირდა თავიდან შეგუება, როგორ უნდოდა აქეთ გამოქცევა და ისევ ჩემთან და ირაკლისთან ცხოვრება. ამისთვის თურმე ფულის შეგროვებაც დაუწყია. გამოპარვას ვაპირებდიო. მხოლოდ იმიტომ გადაიფიქრა, რომ მამას წამოსცდენია ერთხელ, შენ რომ არ მყავდე, ალბათ, მოვკვდებოდი, სიცოცხლის ხალისს დავკარგავდი, მაგრამ ძალას შენ მმატებო. თუმცა ვინ გამოუშვებდა, როცა სრულწლოვანი არ იყო? მაგას კი მოვახერხებდი როგორმე, მაგრამ აი, ბილეთის ფულის მოგროვება გამიჭირდაო.
მერე მამამისმა თანდათან აიწყო საქმე. იქაურ ქართველებს დაუახლოვდა. მათა მოეწონათ „კაცური კაცი“, მიიღეს, დააკვალიანეს, გზაზე დააყენეს. მანქანების სახელოსნო გახსნა, გვარიანად ფული იშოვა, ზურიკოს ასწავლა, მერე მუშაობაც დააწყებინა და ბოლოს აქეთ გამოუშვა.
დასაფასებელი იყო „დიდი ზურიკოს“ საქციელი. იცოდა, აქ უსაფრთხოდ იქნებოდა. ჩვენთან იქნებოდა. ზურგი ექნებოდა. სიყვარული ექნებოდა. რაც მთავარია, მარტო არ იქნებოდა.
ერთ შაბათ საღამოს დაგვირეკა, ხვალ ჩემს ბინაში გეპატიჟებით მთელ ოჯახს, ხომ უნდა იცოდეთ, როგორ ვცხოვრობო.
_ სამ საათზე გელოდებით და არ მალოდინოთ, იცოდეთ! _ ყველას გვესმოდა მისი ხმა მობილურში, რადგან ირაკლის სპიკერი ჰქონდა ჩართული.
_ მაგას არ ჯობია, ჯერ აქეთ გადმოხვიდე, ვისადილოთ და მერე ერთად წავიდეთ? _ მის გასაგონად ხმამაღლა წარმოვთქვი.
_ აქ ვისადილოთ!
_ შენ რა გექნება, შვილო. ახლა სადილები არ მათრევინო აქედან, _ გამეცინა.
_ ყველაფერი მექნება, ნატა! ჩიტის რძეც კი. არაფრის თრევა არ დაგჭირდება.
_ უყურე შენ ზურიას! კაი ბლომად მაყუთი დახარჯე, როგორც ვატყობ, _ გაიხუმრა ირაკლიმ.
_ მაქვს და ვხარჯავ, უკეთესში რაში დავხარჯავ, _ იმანაც გაიცინა, _ მოკლედ, გელოდებით. ტიდა, ხომ მოხვალ?
_ მოგორდება, სად წავა! _ მის მაგივრად ირაკლიმ გასცა პასუხი.
_ მოგაგორებ მე შენ! საზიზღარო! _ ტიდა წამოხტა და ძმას თავში წაარტყა.
_ რა იყო, გოგო, ვიხუმრე. საზამთროს შეგადარე უცებ, _ ირაკლის გუგუნა სიცილმა ოთახი გაავსო.
_ მერედა, როგორ მიყვარს საზამთრო, _ იქიდან ზურიკომ აუბა მხარი ჩემს შვილს.
_ არსადაც არ წამოვალ! _ გაიბუტა ტიდა და თავის ოთახში გავარდა.
_ აუ, არ გააბრაზო რა, მეწყინება, რომ არ მოვიდეს, _ შეწუხდა ზურიკო.
_ მხარზე გადავიკიდებ და ისე მოვიყვან, შენ მაგის ნუ გეშინია, _ დააიმედა ირაკლიმ და დაემშვიდობა.
_ რა ვუყიდოთ? _ შევფიქრიანდი.
_ კარგი რა, ნატა, რა უნდა უყიდო? მაგისთვის კი არ გვეპატიჟება.
_ ეგ რა შუაშია, შვილო! პირველად მივდივართ ბავშვთან, ხელცარიელები ხომ არ მივადგებით სამი კაცი!
_ ავეჯი ავუტანოთ, _ არ იშლიდა მასხრობას, _ შენ და ტიდამ სავარძლები ამოიიღლიავეთ, მე დივანს დავიდებ თავზე და შესანიშნავი სამეული სამეულით ხელდამშვენებული მივალთ.
_ ენა რომ არ გქონდეს, ყვავი წაგიღებდა! _ ხელი ჩავიქნიე და ტიდას მივაშურე, რომ მასთან ერთად მომეფიქრებინა, რა გვეყიდა.
ტიდამ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაზე გაბრაზებული იყო, იდეა მაშინვე ჩამაწოდა:
_ ფარდები ვუყიდოთ, დე!
_ რა ფარდები! _ გავოცდი.
_ აი, აქედან ჩანს, რომ თხელი ფარდები უკიდია. ჩვენ სქელი ვუყიდოთ. ცოდოა. მაგდენი არ იცის ჯერ, კაცია მაინც და ეგეთი რამეები არ ეხერხება.
_ ვუყიდოთ, მაგრამ სიგრძე რომ არ ვიცით?
_ რა ცოდნა მაგას უნდა. ჩვენი კორპუსისნაირია მისიც და ფანჯრებიც ჩვენნაირი ექნება, _ მხრები უდარდელად აიჩეჩა ჩემმა პრაქტიკულმა გოგომ.
შევთანხმდით. ჩემი ფანჯრების ფარდების ზომა ხომ ვიცოდი, ამიტომ მეორე დღეს ადრიანად გავედით მე და ტიდა ვაგზალზე, იმ ფარდების მაღაზიაში, სადაც ერთ დროს ჩვენი შევაკერინეთ. ნაჭერი ავარჩიეთ და ერთ საათში გაგვიმზადეს. სასტუმრო ოთახისთვის კრემისფერი შევარჩიეთ, საძინებლისთვის _ ღია ცისფერი. კი შევშინდი, იქნებ ცისფერი სულ არ მოსწონს იმ ბიჭს-მეთქი, მაგრამ ტიდამ დამამშვიდა, ცისფერი თვალები აქვს და მოუხდება მის ოთახს, რატომ არ უნდა მოეწონოსო.
პირველ საათზე უკვე სახლში ვიყავით. ზურიკომ ერთხელ კიდევ დარეკა, ხომ მოდიხართო. ირაკლიმ ქალები უკვე ემზადებიან, მიიბანენ, მოიბანენ და გამოვალთო. ამის გამო კიდევ ერთხელ მოხვდა თავში ტიდასგან.
გაგრძელება იქნება