სამის ნახევარზე გავედით. ძალზე მცირე მანძილი უნდა გაგვევლო ზურიკოს კორპუსამდე, სულ რაღაც სამასი-ოთხასი მეტრი, ისიც იმიტომ, რომ შემოვლით უნდა წავსულიყავით, თორემ ჩვენი აივნიდან პირდაპირ მის კორპუსს ვუყურებდით. ასე მოკლეზე რომ ყოფილიყო შესაძლებელი გადაფრენა, ასიოდე მეტრის გავლა მოგვიწევდა.
ირაკლიმ ჯერ ზარის ღილაკს მიაჭირა თითი, მერე კი კარი შეაღო. გულთან სამი ბოთლი შამპანური მიეხუტებინა.
ზურიკო თავისი ჰაეროვანი მზერით შემოგვეგება. ისეთი გამოპრანჭული იყო, ტიდამ სიცილი ვერ შეიკავა:
_ ასეთი საპატიო სტუმრები ვართ შენთვის, ზურია? როგორი იმპოზანტური ხარ!
ზურიკო გაწითლდა.
_ ჩემთვის ზესაპატიო სტუმრები ხართ! _ სიამაყეშერეული ხმით წარმოთქვა და სამივე გადაგვკოცნა.
მშვენიერი ბინა იყო, კარგად გარემონტებული.
_ უი, რამხელა სუფრა გაგიშლია, შვილო! _ გაოცებული დავრჩი, მაგიდას რომ გადავხედე, _ საიდან მოიტანე ამდენი საჭმელი?
_ საიდან მოიტანდა, დედა, რა გაიკვირვე? რესტორნიდან, ალბათ.
_ ოხ, შენ რა გითხარი, რა საჭირო იყო ასე შეწუხება? რამდენ ფულს დააკლებდი ამით შენს თავს, _ შევიცოდე ჩემი შვილობილის ჯიბე.
_ ბევრი არაფერი, ნატა, შენ მაგაზე არ ინერვიულო, ბევრი მაქვს, _ „გამამხნევა“.
_ არა, თუ რამეა, დედაჩემი წილში შემოვა, ძმა, მაგას ეხერხება ეგეთი რამეები, მაგალითად, _ მაღალ ტონალობაში, მეგრულ კილოზე წარმოთქვა ირაკლიმ და „ლ“ ისე დაარბილა, ნებისმიერ მეგრელს შეშურდებოდა.
_ მასხარა! ექიმი მაინც არ იყო! _ დავანამუსე.
ამაზე ჩაბჟირდა.
_ ექიმებს რა, მასხრობა არ ეხერხებათ?
_ დაიმოკლე ენა! _ თვალები დავუბრიალე და ბინის დათვალიერებას შევუდექი.
_ აქ რა არის? _ შესასვლელშივე მდებარე პატარა ოთახში შევიჭვრიტე.
_ ეს ჩემი სამუშაო კაბინეტია. მარტო კომპიუტერი და სავარძელი ეტევა, მაგრამ მე მყოფნის.
_ ესე იგი, ორი კი არა, სამი ოთახი გქონია, _ გამიხარდა.
_ ეს რა ოთახია, საკუჭნაოს უფრო ჰგავს, მაგრამ ჩემთვის წავა, _ დაიმორცხვა.
_ აი, ჩვენ ფარდები მოგიტანეთ, _ თქვა ტიდამ და ჩანთიდან დაკეცილ-დაუთოებული ფარდები ამოიღო.
_ აუ, რად გინდოდათ, რა ხალხი ხართ, მოკლედ, რაა! _ შეწუხდა ბიჭი, _ ხომ მაქვს ფარდები. ეს რა, ცუდია?
_ ეგ თხელი ფარდებია, სქელი არ გაქვს. ღამე შუქს რომ აანთებ, ვიღაცამ რატომ უნდა იჭვრიტინოს შენს ბინაში, იქნებ შიშველს გინდა გავლა? _ არ დაუთმო ტიდამ.
_ რას ამბობ, რამხელა კისერი უნდა ჰქონდეს იმ ვიღაცას, რომ მეთექვსმეტე სართულზე აიჭვრიტინოს? _ აროხროხდა ირაკლი, _ და ასეც რომ იყოს, მერე რა? შიშველი ზურიკელას ნახვას იქნება და როგორ ნატრობენ პლატოელი ქალები.
_ ხო, აბაა, სულ მაგის ფიქრში არიან, _ ზურიკოსაც გაეცინა.
_ აბა რა! _ კვერი დაუკრა ჩემმა ბიჭმა, _ ამას წინათ ჩვენი უბნის სტატისტიკა გამოაქვეყნეს და აღმოჩნდა, რომ ამ პლატოს ქალების ოთხმოცდაცხრამეტმა პროცენტმა დურბინდი იყიდა თურმე ბოლო ერთი თვის განმავლობაში. ერთი ადვოკატი გამოვიდა ჩვენთან საცხოვრებლად და იმას უნდა ვუთვალთვალოთ, შიშველი როდის გამოჩნდება ფანჯარასთანო.
_ იკაკო, მაგ სისულელეების როშვას გირჩევნია, მომეხმარო! _ გაისმა ტიდას ხმა.
_ მოგეხმარო? რაში? ჭამაში? კი ბატონო, მივუსხდეთ მაგიდას და რა პრობლემაა!
_ ჭამაში კი არა, ფარდების დაკიდებაში, შე ბოთე!
_ არა, არა! _ ხელში ეცა ზურიკო ტიდას, _ რა დროს ფარდებია, ეგ მერე, ახლა ვისადილოთ, რა! თანაც, სამაგრები არ მაქვს, საყიდელია.
_ ეგეც მოვიტანეთ, ბატონო, ეგრე კი არ არის! _ ნიშნის მოგებით წარმოთქვა ჩემმა გოგომ და თავისი ჩანთიდან გამჭვირვალე თეთრი ცელოფანი ამოაძვრინა, რომელშიც ფარდის სამაგრები ეყარა.
_ ეგ როდის იყიდე? _ გავოგნდი.
_ გუშინ. მე ხომ პრაქტიკული გოგო ვარ, _ თქვა და გაწითლდა.
_ მაჩვენე! _ ხელი გავიწვდინე ცელოფანისკენ.
ტიდამ მომაწოდა. შიგ ჩავიხედე და შევათვალიერე. მერე ზურიკოს ფარდებს ავხედე. ზუსტად ერთნაირი სამაგრები იყო. ცალი წარბი ავზიდე. ჯერ ტიდას გავხედე ორაზროვნად, მერე ზურიკოს, რომელმაც მზერა ამარიდა და მყისიერად ირაკლის მიუბრუნდა.
_ დავსხდეთ, რა, ძმურად! მწვადი გაცივდება!
_ და ხინკალიც! _ დაამატა ტიდამ და სააბაზანოში შევარდა ხელების გადასაბანად.
რა მიხვედრა მაგას უნდოდა, რომ ჩემი გოგო ამ ბინაში ნამყოფი იყო. დედური ალღო არასდროს მღალატობდა. არაფერი მითქვამს. უბრალოდ, გულში მცირე წყენამ გამკრა, რომ დამიმალა. განა რა, ზურიკოსთან გადასვლას ავუკრძალავდი? რა თქმა უნდა, არა. თუმცა ისიც ვიცოდი, რაც იგულისხმებოდა ამ პატარა, უწყინარი საიდუმლოს უკან.
სუფრას მივუსხედით და ზურიკომ მაშინვე მასპინძლური დაიჭირა:
_ რახან მწვადს და ხინკალს წითელი ღვინო უხდება, ეგ ვიყიდე, თორემ კონიაკიც აგერაა და არაყიც. ირაკლუნამ შამპანურიც ჩაგვაწოდა. ასე რომ, აირჩიეთ, ქალებო.
_ მე ცოტა წითელ ღვინოს დავლევ და ცოტა კონიაკსაც გავსინჯავ, _ გამოვაცხადე.
_ მეც! _ ამყვა ჩემი მატრაკვეცა.
_ აუჰ, ზურია, დაგვერხა მე და შენ. ესენი იმდენს სვამენ, ჩვენ არ დაგვიტოვებენ, ბიჯო, ამიტომ მოდი, პირდაპირ არყით დავიწყოთ და ეგ იქნება, _ გაიღრიჭა ირაკლი.
_ იმდენია, ყველას გვეყოფა, თქვენ ოღონდ მოისურვეთ, _ „დაგვამშვიდა“ ზურიკომ ყველა.
***
გემრიელად ვისადილეთ. ბიჭებმა იმდენი იღლიცინეს, სიცილისგან ცრემლები მდიოდა.
_ თქვენ გაგიმარჯოთ, ჩემო კარგო ადამიანებო, _ დაიწყო ზურიკომ სადღეგრძელო, ცოტა რომ შექეიფიანდა, _ ამხელა სიყვარული რომ დამახვედრეთ აქ ჩამოსულს.
_ „ამხელა“, ჩემო ზურიკელა, ისეთი სიტყვაა, _ გააწყვეტინა უცებ ირაკლიმ, _ რომელიც აუცილებლად ვიზუალურად უნდა გამოხატო, ანუ ხელების მოშველიებით. _ და ხელები ჰაერში გააქნია, _ სხვანაირად ვერ მიახვედრებ ადამიანს, რა ზომებს გუულისხმობ.
_ და „იმხელა“? _ „ჩამჭრელი“ კითხვა დაუსვა ზურიკომ.
_ ოოო, იმხელას სიტყვებით სჭირდება განმარტება. მაგალითად, ზურიამ იმხელა საზამთრო მოაგორა, დედაჩემს კინაღამ გაუვარდა ხელიდან.
_ და რამხელა იყო?
_ ააამხელა, _ ირაკლიმ ხელებით ვეება წრე მოხაზა.
_ მაშინ ასე ვიტყვი, თქვენ იმხელა სიყვარული დამახვედრეთ…
_ ეგრე, შე კაცო, თორემ „ამხელა“-ს თქმაზე რომ ხელები გაშალო, ხომ დაგექცა სასმელი.
_ ირაკლი! აცალე ბიჭს სადღეგრძელოს თქმა! _ დავუცაცხანე ჩემს შვილს.
_ განსაკუთრებით ნატა მინდა ვადღეგრძელო, _ გააგრძელა ზურიკომ, _ სწორედ მან გამხადა კაცად, მისგან ვისწავლე სიყვარულიც, ძმობაც, მეგობრობაც და კარგი კაცობაც. ამას არასდროს დავივიწყებ.
_ გაიხარე, ძმა! მოდი, ყველას ერთად გაგვიმარჯოს. დედაჩემს მართლა განსაკუთრებულად გაუმარჯოს. დედი, მიყვარხარ! განსაკუთრებული ხარ, ყველა დედაზე მაგარი დედა ხარ. სასწაული დედა. ვიცი, რომ ცხოვრების წლები ნაოჭებში გაქვს მიმალული, სევდა კი აგურის კედელივით მზერაში ჩაშენებული, მაგრამ შვილებმა მაინც ხომ გაგიმართლა? მეც, ტიდამაც, ზურიკელამაც. დედას მეტი რა უნდა? _ ამ სიტყვებს ისეთი სიამაყითა და სითბოთი წარმოთქვამდა ჩემი შვილი, გული ამიჩუყდა, მით უფრო, ზურიკოც რომ ჩემს შვილებში მოიხსენია.
ტიდამ მხარი გამკრა, ნუ ტირიო. არადა, ეს სიხარულის ცრემლები იყო. სამადლობელი ვერ ამოვთქვი, გულზე მივიდე ხელი მადლობის ნიშნად და ისე დავლიე. ერთი სიტყვაც რომ მეთქვა, ავზლუქუნდებოდი.
სიტუაციას განმუხტვა სჭირდებოდა, რადგან ჩემმა მდგომარეობამ ყველა დაადუმა. თუმცა ირაკლუნა რისი ირაკლუნა იყო, გამოსავალი ვერ ეპოვა. თევზი გადაიღო და უეცრად ზურიკოს მიუბრუნდა:
_ ზურო! თევზი რომ ამდენ წყალს სვამს, ხომ არ იცი, სად მიაქვს? _ თან ისეთი სერიოზული ტონით შეეკითხა, თითქოს ამაზე საჭირბოროტო ამქვეყნად სხვა არაფერი იყო.
_ ალბათ, აქლემივით ფარფლებში იგროვებს, _ დაბნეულმა ზურიკელამ მეტი ვერაფერი მოიფიქრა.
_ არა, ზურია, არა. არ გცოდნია შენ. მე გეტყვი, სადაც მიაქვს… _ თქვა და გაჩუმდა, თან სათითაოდ გადმოგვხედა სუყველას.
ვიცოდ, რაღაც სისაძაგლეს იტყოდა, ამიტომ წინასწარ გამეცინა.
_ წარამარა ფსამს. _ თქვა და ხარხარიც ატყდა.
_ და შენ გინდა თქვა, რომ როცა ზღვაში ჩავდივარ, ტალღებში კი არა, სინამდვილეში თევზის ფსელში ვბანაობ? _ წამოიძახა ტიდამ, შავი თმა ქვანახშირივით რომ უბრწყინავდა.
_ შეხედეთ, ერთი, შეხედეთ, დიდი ხნის ჩამოვარდნილი ფოთოლივით რომ დაკარგა ფერი, _ დისკენ გაიშვირა ირაკლიმ თითი და ჩვენმა სიცილმა ლამის ფანჯრის მინები შეაზარზარა.
ტიდასაც კი აუტყდა სიცილი.
_ არა, მართლა მაინტერესებს. ეგ ეგრეა თუ შენ მოიგონე? _ ძლივს დაალაგა სახეზე ნაკვთები ჩემმა გოგომ, ძმისთვის შეკითხვა რომ დაესვა.
_ თუ, _ მოკლედ მიუგო ირაკლიმ.
_ თევზის ფსელში რომ ბანაობ, იმიტომ ხარ ეგეთი ლამაზი, ნამდვილი მზეთუნახავი, _ სასმელმა ზურიკო გაათამამა.
ტიდა გააწითლა მისმა ქათინაურმა, მაგრამ ირაკლიმ დამორცხვება არ დააცადა:
_ მზეთუნახავი არა ის! მაგათ, გენაცვალე, ზედმეტად თეთრი კანი ჰქონდათ, რადგან მზეს ვერ ხედავდნენ. შენ კიდევ მუგუზალივით შავი ხარ და კარგად დაბრაწული გოჭის ფერი გადევს სახეზე. ისე, ნეტავ რატომ გამოკეტავდნენ მზეთუნახავებს ცრაკლიტულში? ან უმზეოდ დე ვიტამინის ნაკლებობა არ ჰქონდათ?
_ აი, საიდან იღებს სათავეს ქალთა ძალმომრეობა _ ზღაპრებიდან, _ გამოიტანა ზურიკომ დასკვნა.
_ ვო! რას ნიშნავს, სუფრასთან ადვოკატი რომ ზის! _ საჩვენებელი თითი შემართა ჩემმა შვილმა, _ მაშინვე კანონის ენით ალაპარაკდა. არა, მართლა, ცხრაკლიტული რას ნიშნავდა? ცხრა კარი იყო დაკეტილი თუ ერთი კარი ცხრა გასაღებით?
_ იპოვეს ახლა საღლიცინო თემა! _ გავაპროტესტე.
_ რატომაა საღლიცინო, ნატა, _ სახე დაისერიოზულა ირაკლიმ, _ მართლა მაინტერესებს.
_ ზღაპარი თუ წაგიკითხავს, უნდა გახსოვდეს, რომ იქ ცხრა კარის გაღებაზეა საუბარი და არა ერთი ცხრაგასაღებიანი კარის.
_ ააა, ოოო, გეთანხმები. ახლა გამახსენდა. ეგრე იყო. აი, დაიანა როსის კლიპი რომაა, მოდის და კარს კარზე რომ აღებს.
_ ეგეც მზეთუნახავი იყო, ისე, _ შეეშველა ზურიკო.
_ ხო, იყო, ოღონდ მაგას დე ვიტამინი არ აკლდა. _ დასვა დიაგნოზი ექიმმა.
_ შენ რა იცი? _ ირონიულად შეეკითხა ტიდა.
_ ექიმი ვარ, მაგის მეტი რა ვიცი! _ „აღშფოთდა“ ექიმი.
_ კარგი, გეყოფათ, მეტი აღარ შემიძლია. ბევრი სიცილი მავნებელია, რომ იცოდეთ, _ სულს ძლივს ვითქვამდი მათი შემხედვარე.
_ ბევრმა სიცილმა ბევრი ტირილი იცის, _ ბრძნულად წარმოთქვა ირაკლიმ, _ აბა, დაალაგეთ სახეები, სადღეგრძელო უნდა ვთქვა!
ყველანი გავისუსეთ.
_ დღეს იცით, რა დღეა, ადამიანებო? ძალიან, ძალიან დიდი დღეა. აი, ამდენი ხანია აქ ვზივარ და არცერთ თქვენგანს არ გაახსენდა, დღეს რა ხდება. მე კი გამახსენდა. სულ მახსოვდა. არასდროს დამვიწყებია და არც არასდროს დამავიწყდება. ნატა, შენგან გამკვირვებია, თორემ ტიდას ნამდვილად ეპატიება, რადგან ზურიკელა არ ახსოვს.
_ ნუ დაგვტანჯე, ბიჭო, თქვი ბოლოს და ბოლოს, რა დღეა ასეთი! _ დავუბღვირე.
_ დღეს ჩვენი უმაგრესი ძმის დაბადების დღეა, დე! ნუთუ არ გახსოვს?
ენა ჩამივარდა. სულ არ მახსოვდა ზურიკოს დაბადების დღე. რამ გამომაშტერა? მე და ირაკლი ყოველ წელს ვიხსენებდით ზურიკოს მის დაბადების დღეზე, ისე არ შევჭამდით, მისი სადღეგრძელო არ დაგველია. ახლა კი… იმდენად ჩამაგდო ეიფორიაში მისმა გამოჩენამ, ეს თარიღი სრულიად გადამავიწყა.
_ სიკვდილსაც დავიწყებიხარ, შვილო, ეს რა დამემართა, _ საკუთარ ლოყას სილა შემოვკარი, _ შენ შემოგევლოს ჩემი თავი! დალოცვილი იყავი, დედი! მუდამ ისე ყოფილიყავი გახარებული, როგორც მე გამახარე შენი გამოჩენით! _ ვთქვი შერცხვენილმა და დანაშაულის გამოსასწორებლად ღვინით სავსე ჭიქა ბოლომდე დავცალე. მერ ავდექი, ზურიკოს მივეახლე, ჩავეხუტე და გემრიელად ჩავკოცნე.
_ მე ვიცოდი, დაბადების დღე რომ ჰქონდა, მაგრამ თვითონ გამაფრთხილა, არ თქვაო და მაგიტომ არ გითხარით, _ გამოაცხადა უცებ ჩემმა მეტიჩარა გოგომ.
ხომ იყო ღირსი, ღერა-ღერა დამეპუტა მისთვის თმა? როგორ არ შემახსენა? საშინლად უხერხულად ვიგრძენი თავი. ჩემთვის ამის დავიწყება იგივე იყო, ღვიძლი შვილების დაბადების დღე დამვიწყებოდა.
_ მე რადგან ყოველთვის მახსოვდა, საჩუქარიც წინასწარ მოვამზადე. აი, შენ, ძმაო, ამჯერად ოქროსფერი „მერსედესი“, _ ირაკლი ფეხზე წამოდგა და ჯიბიდან ოქროს დაწნული სამაჯური დააძრო, რომელზეც ოქროსავე მინიატიურული მანქანა იყო ჩამოკონწიალებული, _ ყოველ წელს თითოს გიყიდი და კოლექცია შეგიგროვდება.
_ აუ, ირაკლუნა! _ ზურიკოს ლამის აეტირა, ირაკლის გადაეხვია და კარგა ხანს იდგნენ ასე ჩახუტებულები.
_ არ მინდოდა მეთქვა, ჩემი დაბადების დღეა-მეთქი. არც მეგონა, თუ გემახსოვრებოდათ. უბრალოდ, ამ დღეს დავამთხვიე თქვენი ჩემთან მოსვლა. ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იქნებოდა და იმიტომ.
_ აიიი! შე მართლა ადვოკატო, შენა! მე განა რამეს გამომაპარებ! _ მხიარულად წამოიძახა ირაკლიმ, _ დაგავიწყდა, შენზე უფროსი რომ ვარ? შენ რომ მიდიოდი, მე მოვდიოდი, ძმა!
გაგრძელება იქნება