უხერხულობა ისევ გაიფანტა. ზურიკოს სადღეგრძელო ყველამ ბოლომდე დალია.
_ სულ არწივივით ლაღი ყოფილიყავი და დათვივით ძლიერი, _ ტიდამ ასე შეამკო იუბილარი.
_ და აქლემივით წყლის მომმარაგებელი, _ ჩაურთო თავისებური ირაკლიმ, რასაც ისევ ხორხოცი და ტიდას გაბუტვა მოჰყვა.
_ არა, ისე, ადამიანი ნებისმიერ ცხოველს ან ფრინველს შეიძლება შეადარო, არა? _ წამოიწყო ჩემმა ბიჭმა.
_ გააჩინა ახალი საღადაო თემა! _ გააპროტესტა ტიდამ.
_ არა, რატომ? _ დაიცვა ირაკლი ზურიკომ, _ მშვენიერი თემაა. შედარებაცაა და შედარებაც. ყველა ცხოველი ან ფრინველი შეიძლება ვინმე გახდეს. მაგალითად, ღორი _ მინისტრი, ძროხა _ მასწავლებელი, ხარი _ მოჭიდავე, არწივი _ მფრინავი, თევზი _ ბიბლიოთეკარი.
_ ვო! ეგეც მე ვარ? _ წამოხტა ირაკლი, უკვე კარგად იყო შეზარხოშებული, _ და დინოზავრი, ზურია?
_ დინოზავრი? ხოოო. ეგ… ეგა… მგონი, იგი ვერასდროს ვერავინ გახდა და მაგიტომაც გადაშენდა. _ არც ზურიკო იყო მთლად ფხიზელი და ამ ყველაფერში კარგი ის იყო, რომ რაც უფრო ეკიდებოდათ სასმელი, მით უფრო გემრიელად გამოსდიოდათ ხუმრობები.
_ ორივე ერთმანეთზე უარესი მეტროსექსუალი ხართ! _ დაახეთქა უცებ ტიდამ.
_ რა ხართო? _ ყურები ცქვიტა ჩემმა ბიჭმა.
_ რაც გაიგონე! _ ჯიბრიანად გაეპასუხა ტიდა.
_ მეტროსექსუალი არა, დედა. მეტროსექსუალი ეს არის… 20-40 წლის უზრუნველყოფილი მამაკაცი, რომელსაც გემოვნებით ჩაცმა უყვარს და მოდურ ნივთებს ყიდულობს. უვლის თავის თავს და ვარცხნილობებს სალონში იკეთებს. არც ერთია ეგეთი და არც მეორე. მე ვიტყოდი, უფრო რეტროსექსუალები არიან, _ გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. _ ტიპური კაცური ქცევის მამაკაცები. უყვართ ფეხბურთი, აცვიათ სპორტულად და სახის კანის მოვლა ფეხებზე ჰკიდიათ. დაახლოებით ასეთი.
_ მე ფეხბურთი არ მიყვარს, _ დანანებით წარმოთქვა ირაკლიმ.
_ მე კიდევ სპორტულად ჩაცმა. უფრო სწორად, მიყვარს, მაგრამ ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, იშვიათად მიწევს ეგრე სიარული.
_ მასე მეც ვუყურებ ფეხბურთს, კვარაცხელია თუ თამაშობს, _ გაიცინა ირაკლიმ.
ამასობაში ჩამობნელდა. საღამო დღეს ფერებს აცლიდა.
მიხაროდა ის, რაც ამწუთას ჩემ გარშემო ხდებოდა. სავსე ვიყავი.
იმ მდინარეს ვგავდი, რომელიც თავის კალაპოტში მშვიდად, უშფოთველად მიედინება.
ბედნიერი ვიყავი.
***
იმ დღეს ტიდასთვის არაფერი მითქვამს იმის გამო, რომ ზურიკოს ბინაში ნამყოფი იყო და დამიმალა. ნამყოფი ერთია და რისთვის იყო ნამყოფი, ეგ კიდევ მეორე. ვხვდებოდი, რომ მათ შორის რაღაც მწიფდებოდა. ის რაღაც კი სიყვარულის ელფერს იღებდა. არა, წინააღმდეგი არ ვიყავი. პირიქით, ხელსაც შევუწყობდი, თუ ასე წარიმართებოდა საქმე, მაგრამ ეს დამალვა რას ნიშნავდა?
შვილები ისე გავზარდე, მუდამ ვცდილობდი მათთვის სანიმუშო დედა და გულიანი მეგობარი ვყოფილიყავი. ირაკლი ბიჭი იყო, მაგრამ კონტროლი სულ სჭირდებოდა, რათა უმამო ბავშვი ცუდ წრეში არ გარეულიყო. ყველა მის კლასელს ვიცნობდი, ყველა მის მეგობარს. სახლშიც ხშირად ამოჰყავდა და თითოეულს მიკროსკოპში ვატარებდი, რომ რამე არ გამომპარვოდა.
ასე იყო ტიდას შემთხვევაშიც, თუმცა მისთვის არასდროს არაფერი დამიშლია. არც მოკლე კაბის ჩაცმა, არც შარვლის, არც დეკოლტე და მაკიაჟი გამიპროტესტებია. დაქალებთანაც ისე ვუშვებდი ღამის თევით, წამით არ შევყოყმანდებოდი. ვენდობოდი ჩემს შვილებს და ისინიც მენდობოდნენ. ცხოვრების არცერთ ეტაპზე არაფერი დაუმალავთ ჩემთვის. მათთვის ყოველთვის იმ ასაკის ვიყავი, რა ასაკისაც თვითონ იყვნენ. როცა რამეს მთხოვდნენ, ჩემს თავს წარმოვიდგენდი მათ ადგილას და ვხვდებოდი, რომ თხოვნა უნდა შემესრულებინა, რადგან ერთ დროს, როცა მეც მათი ტოლი ვიყავი, სწორედ იმის გაკეთება მინდოდა, რასაც ახლა ისინი მთხოვდნენ. რა დამავიწყებდა მამაჩემის „არა“-ს, როცა თუნდაც ცოტათი „აკრძალულ“ რამეს შევეხვეწებოდი. ხან მოკლე კაბაზე მეტყოდა უარს, ხან ჯინსის შარვლის ტარებაზე… მეგობრებთან ღამის თევაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ცხონებული ბებიაჩემი მხარზე მოუთათუნებდა ხოლმე გალეულ თითებს თავის ვაჟს, კაი, ახლა, ბაადურ, გაუშვი ბავშვი, ცოდოა, ახლა თუ ვერ მოასწრო გალაღება, მერე სად ეცლება მაგისთვის, ნუ წაართმევ ბავშვობას, ისიც ეყოფა, უდედოდ რომ იზრდებაო. მამა ხან გატყდებოდა და დამრთავდა ნებას, ხან არა. აი, როცა უარით მისტუმრებდა, საშინლად ვმწარდებოდი. მიმაჩნდა, რომ ის თავისუფლებას მართმევდა და ამის უფლება არ ჰქონდა. თუმცა ახლა რომ ვიხსენებ, ძალზე ტკბილად მახსენდება ჩემი ბავშვობა და ამ ყველაფერზე მეღიმება მხოლოდ.
მერე მე გავხდი მშობელი და მტკიცედ დავუდე პირობა ჩემს თავს, რომ განსხვავებული დედა ვიქნებოდი. შევასრულე ეს პირობა და ამით არაფერი წამიგია. ქმარი ვერ მედგა გვერდით, მაგრამ ჩემს შვილებს უმამობა არ უგრძნიათ, რადგან დედაც ვიყავი მათთვის და მამაც. ვაჟკაცობას არა მხოლოდ ირაკლის, ტიდასაც ვასწავლიდი. ის კი არა, ზურიკოსაც დასტყობია ჩემი ხელი. მერე რა, რომ წლები არ გაუტარებია ჩემ გვერდით. ის მცირე პერიოდიც საკმარისი აღმოჩნდა თურმე, რომ კვალი დამემჩნია. აკი აღნიშნა კიდევაც, შენი დამსახურებაა ასეთი რომ ვარო.
ეს მეამაყებოდა. ეს მიხაროდა. ეს მაბედნიერებდა.
ტიდა იმ საღამოდან შეფარვით მაკვირდებოდა. ეგონა, ფარდების სამაგრებზე საუბარს ჩამოვუგდებდი, მაგრამ მოლოდინი გაუცრუვდა. კრინტი არ დავძარი. ბოლოს თვითონ ვერ მოითმინა და მესამე დღეს საღამოს ადრე დაბრუნდა სახლში, რითაც ერთობ გამაკვირვა.
_ ასე ადრე რატომ მოხვედი?
_ არ მქონდა ბევრი საქმე და წამოვედი, ცოტას წავუძინებ. _ თქვა და მზერა ამარიდა.
წარბები მრავალმნიშვნელოვნად ავწკიპე. როდის იყო ასეთ დროს იძინებდა?
_ ნება შენია, _ „სულერთია“ ტონით წარმოვთქვი, _ თუ გეძინება, დაიძინე. _ და სამზარეულოსკენ ავიღე გეზი.
_ დე! _ დამიძახა მოულოდნელად.
იშვიათად მომმართავს ასე. უფრო მაშინ, როცა რაღაც განსაკუთრებულის თქმა უნდა.
_ რაო, ბატონო ტიდაო? _ ნახევრად გაღიმებული მივუბრუნდი.
_ რატომ არაფერს მეუბნები?
თავი გამოვიშტერე, ტუჩები ამოვიტრიალე და მხრები ავიჩეჩე.
_ რაზე? ვისზე?
_ ზურაზე.
ა, ბატონო! ზურია და ზურიკელა უცებ ზურა გახდა, ესეც მე ვარ? ჰმ!
_ ზურა ვინაა? _ ბოლომდე გავიმიამიტე თავი.
_ ზურიკო! _ გაღიზიანებული ხმით მომიგო.
_ ახ, ზურიკო… მეც არა ვთქვი, ვიღაც ზურა გამოჩნდა ჩემი ქალიშვილის ცხოვრებაში და მიმალავს-მეთქი, _ ორმაგი ირონია გავურიე ნათქვამში, რადგან ზურა მართლა გამოჩნდა, ოღონდ არა ვიღაც და ის ამას მიმალავდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა დაემალა.
_ კარგი რა, არ გინდა. ძაან კარგად ხვდები, რაც ხდება.
ჩავიცინე.
_ მე ვხვდები, შვილო, მაგრამ შენ რომ არაფერს მეუბნები? გგონია, მოგიწონებ, რომ მითხრა, ზურიკოს ვხვდები და მის მიმართ სიმპათია გამაჩნიაო?
ჩემს ნათქვამზე, ირაკლის არ იყოს, მართლა დიდი ხნის ჩამოვარდნილი ფოთოლივით დაკარგა ფერი.
_ ანუ ცუდად ვიქცევი? _ ხმადაბლა იკითხა, შიშნარევად.
_ ანუ ხვდები? _ რიტორიკული შეკითხვა დავსვი.
_ „ვხვდები“ ცოტა ხმამაღალი ნათქვამი გამომივა, დე. მხოლოდ ერთხელ ვიყავი მის ბინაში, სამსახურში გავუარე და მერე ერთად წამოვედით და მაშინ ავედი.
_ როდის იყო ეს „მაშინ“?
_ რამდენიმე დღის წინ.
_ და რაო, ჩემთან ავიდეთო? _ კოპები დავისხი შუბლზე და ისე მკაცრად, ვიგრძენი, რა მტკივნეულად შემეჭმუხნა წარბები.
_ არა, მე თვითონვე ვუთხარი, მაინტერესებს როგორ ცხოვრობ და ყავაზე არ დამპატიჟებ-მეთქი?
ამან ცოტა შვება მომგვარა. არ ვიცი რატომ, მაგრამ რატომღაც, არ მინდოდა ზურიკოს იდეა ყოფილიყო მის ბინაში ტიდას მიყვანა. ამით კიდევ უფრო ამაღლდა ბიჭი ჩემს თვალში.
_ ვიცი, ახლა მისაყვედურებ… _ წამოიწყო ტიდამ, მაგრამ გავაწყვეტინე:
_ ამაზე არ გისაყვედურებ. ზურიკო ჩემთვის ვიღაცა არ არის და სრული უფლება გაქვს შენც და შენს ძმასაც, მასთან იაროთ. საყვედური კი იცი შენ, რისთვისაც გეკუთვნის! _ ნახევარი ტონით ხმამაღლა წარმოვთქვი.
_ მინდოდა მეთქვა, მაგრამ… _ დახარა თავის გრძელი და საოცრად სწორი წამწამები.
ლამაზი გოგოა ტიდა, თუმცა არცერთი ნაკვთი განსაკუთრებული არა აქვს. თვალები თაფლისფერი, ჩვეულებრივი მოყვანილობის, როგორც სხვა ოთხმოცდაცხრამეტ მისნაირ გოგოს, ოღონდ ციმციმა. სულ უბრჭყვიალებს ცაზე მოკიაფე ვარსკვლავივით. თმა _ შავი, სახეზე _ შავგვრემანი, საშუალო სიმაღლის, ოღონდ პროპორციული აღნაგობის. ლამაზი ფეხები კი აქვს და ტანიც, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. თუმცა მთლიანობაში ძალზე ეფექტური გოგოა, დალაგებული ნაკვთებითა და მოცეკვავის მიხრა-მოხრით. სამეჯლისო ცეკვებზე იარა წლობით და ორ რამეში გამოადგა _ ლამაზად სიარული ისწავლა და სადმე რომ მოხვდება, წვეულებაზე, ცეკვას ვერავინ დაასწრებს, თანაც კარგად ცეკვას. თვალს ვერ მოწყვეტ, ისე დასრიალებს.
_ მაგ „მაგრამ“-ის უკან რა იმალება? _ ცალი თვალი მოვხუჭე და ორაზროვანი მზერით მივაჩერდი.
_ ის, რომ არ ვიცოდი, ამ ამბავს როგორ შეხვდებოდი.
_ რა ამბავს, ასეთი რა განსაკუთრებული ხდება თქვენ შორის?
მიუხედავად იმისა, რომ შავგვრემანია, მაინც გაწითლდა.
_ ჯერ ისეთი არაფერი. უბრალოდ, ვგრძნობ, რომ მომწონს და იმასაც მოვწონვარ.
_ გითხრა რამე?
_ არა, არაფერი. ვგრძნობ, რა. _ მხრები უხერხულად აიწურა.
_ და მე რატომ უნდა ვიყო თქვენი ურთიერთობის წინააღმდეგი? _ ხელები გავშალე.
_ რა ვი… იმიტომ, რომ შვილივით გიყვარს.
_ მერე რა? სიძე თუ გახდება, სიძესავით მეყვარება და არა შვილივით? _ სიცილი ვერ შევიკავე.
ამის გაგონებაზე თავისი ციმციმა თვალები უფრო აუციმციმდა.
_ ანუ წინააღმდეგი არა ხარ?
_ ღმერთო ჩემო, რატომ უნდა ვიყო? ზურიკოს ჩემი დასაწუნი რა სჭირს? გადასარევი ბიჭია. ვამაყობ მისით. მე ის მეწყინა, ამას რომ მიმალავდი, სხვა არაფერი.
ჩემდა გასაკვირად, უცებ მოიწყინა, ცხრა ფერმა მაინც გადაურბინა სახეზე.
გავოცდი.
_ რა იყო, რამე ცუდად ვთქვი? _ გამომცდელი მზერით შევათვალიერე.
_ მგონი, ზურას ირაკლის გამო ერიდება, რამე მითხრას. ფიქრობს, ალბათ, რომ მეგობრის დის შეყვარება ტეხავს.
_ აუჰ! _ ისევ გამეცინა, _ რა სადარდებელი გასჩენია. ირაკლი რა, ხიხოა, გამოუსვლელი თუ როგორაა თქვენი საქმე? მერე რა, რომ მეგობრები არიან? მეტსაც გეტყვი, მეგობრები კი არა, ძმებივით არიან, თუმცა ეს არაფერს არ გადაწყვეტს, თუ საქმე თქვენს სიყვარულს შეეხება. ზურიკოს რა, ჩემი ძუძუ კი არ უწოვია. უბრალოდ, დროებით ცხოვრობდა ჩვენთან და ვუვლიდი. დამიჯერე, კარგად გიცნობთ ჩემს შვილებს. რაც არ უნდა მოიმოქმედოს ირაკლიმ, მთლად რომ გაიგიჟოს თავი და ტანზე შემოიხიოს, შენ მაინც შენსას გაიტან, თუ ზურიკო შეგიყვარდა. ასე არ არის?
სანამ პასუხს გამცემდა, ღრმად ამოიოხრა, უფრო ამოიკვნესა, მერე მორცხვი მზერით შემომხედა და თავი დამიქნია, ასეაო.
_ ა! შენ თვითონ ამბობ, რომ ასე იზამ. ჰოდა, რა შუაშია ირაკლი? თქვენ მიხედეთ თქვენ-თქვენ თავებს და ირაკლის თავი დაანებეთ. ახალგაზრდა გოგო ხარ, ცხოვრებაში თანამგზავრი რომ უნდა გყავდეს, ახალი არ არის. ყველა ნორმალურ ადამიანს ჰყავს და იმიტომ. ადამიანს კი არა, პლანეტებსაც კი ჰყავთ თავიანთი თანამგზავრები.
_ ნატა, იქნებ მაინც დაელაპარაკო? საინტერესოა, რას იტყვის, _ ფრთხილად შემომაპარა.
მესიამოვნა, რომ ჩემი შეგონების მიუხედავად, ძმის რიდი მაინც ჰქონდა.
_ დაველაპარაკები, მაგრამ ზუსტად ვიცი, რასაც მეტყვის, _ ღიმილით ორივე ხელით სახე დავუჭირე ჩემს გოგოს და ლოყებზე ვაკოცე, ჯერ აქეთ, მერე იქით.
***
ჩემი იკაკუნა მეორე დილითვე მოვიხელთე სალაპარაკოდ, როგორც კი მორიგეობიდან დაბრუნდა, მაგრამ ჯერ ვაცალე, სანამ ისაუზმებდა. ცოტა კი შემეპარა შიში, იქნებ ვცდები და სულაც არ შეხვდეს ამ ამბავს ისე, მე რომ ვიმედოვნებ-მეთქი. მერე კი, ჩაის დალევაზე რომ გადავიდა, ცოტა შორიდან დავიწყე შემოვლა:
_ როგორ მიხარია, ზურიკოსთან ასეთი ურთიერთობა რომ გვაქვს. კარგი ბიჭია ძალიან. არა, შვილო? _ გვერდით დავუჯექი და რაღაც რომ მეკეთებინა, მაგიდას უაზროდ დავუწყე ტილოს გადასმა.
_ აუ, ძაან მაგარია, ნატალია. რა კაი ტიპია, როგორი საყვარელი. თან აქვე ახლოს რომ უყიდია ბინა, ეგ ხომ საერთოდ. რაღაცნაირად შემეცოდასავით. როგორ უნდა, რომ ჩვენთან ახლოს იყოს.
_ აბა რა, ძალიან უნდა. მეც მეცოდება, შვილო. რომ მახსენდება, რა დღეები აქვს გავლილი, გული მეკუმშება.
_ გახსოვს, კარაქიან „პეჩენიას“ რომ გვაჭმევდი, თან მურაბის წვენს რომ წაუსვამდი? _ წარსულში გადაფრინდა ჩემი შვილი.
_ ყველაფერი მახსოვს, დედიკო, ყველაფერი, რა დამავიწყებს იმ დღეებს. მიხარია, რომ ცუდ გზას არ დაადგა. სულ მეშინოდა, მამამისი ვერ მიხედავს-მეთქი. გაახაროს ღმერთმა, კარგი კაცი ყოფილა, ტყუილად ვერჩოდი.
_ არა, ცუდი კაცი არაა, ნარმალნია რა, _ კაი გამოცდილი ფსიქოლოგივით დაასკვნა და უეცრად წამოხტა, _ აუ, „პეჩენია“ გვაქვს? რაღაც ძალიან მომინდა ამწუთას კარაქიანი პეჩო.
გაგრძელება იქნება