_ სადაა ჩემი შვილი! _ ისეთი ბრძანების ტონით წარმოვთქვი, თითქოს სულ ტიდას ბრალი იყო, ირაკლი რომ დაიჭირეს.
ბავშვმა გაოცებულმა ამომხედა თავისი ნამტირალევი თვალებით.
_ იქაა, დე! _ ჩურჩულით ამოთქვა.
_ სად იქ! _ რაღაც სასწაული მემართებოდა, ამწუთას ყველა და ყველაფერი მძულდა ჩემი ვაჟის გარდა.
_ წინასწარი დაკავების იზოლატორში.
_ და შენ რატომ ხარ აქ! _ უცებ ვიფეთქე, _ შენი ძმა იქ მარტოა, დაპატიმრებული და შენ სახლში რა გინდა? რა გაჩერებს?! რას მორბოდი, რომ მორბოდი! ვერ დამირეკე და ისე ვერ მითხარი? ადე, ტანსაცმელი მომიტანე!
_ დედა! _ რაღაცის თქმა დააპირა ტიდამ, მაგრამ არაფერი მესმოდა, მაინც ჩემსას გავიძახოდი:
_ გამომიჯდა ქალბატონი აქ! დაურეკე ვინმეს? სთხოვე დახმარება? შენ რომ ყველას დასახმარებლად გარბიხარ, ვინმე დაგიდგა გვერდით? _ მთელ ხმაზე გავკიოდი. ალბათ, შეშლილის სახე მქონდა, რადგან თვალებს აქეთ-იქით ვაცეცებდი, მაგრამ ვეღარავის ვხედავდი.
_ ლია, კაპლი დაალევინე, კაპლი! _ ხმამაღალი ჩურჩულით წინ გადმოიხარა ქვრივი დოდო, მაგრამ ისეთი სახით შევხედე, მაშინვე წელში გასწორდა და დაბნეული მეზობლებს შეერია.
ლია მაშინვე დაფაცურდა, მაგრამ როგორც კი ჭიქა გამომიწოდა, ხელი ავუკარი. ქალმა მოასწრო ხელის გაწევა, მაგრამ ჭიქიდან წყალი მაინც გადმოიღვარა.
_ დედა, რა მოგივიდა? როგორ იქცევი, არ გრცხვენია? _ შეწუხდა ტიდა და შემომიტია, მე კი, გამწარებულ დედას, არაფრის მრცხვენოდა.
_ ზურიკო! ჩემი ზურიკო სადაა?! _ უეცრად მომაგონდა და შლეგივით ისევ წამოხტომა ვცადე.
_ ნატა, დამშვიდდი, თუ ქალი ხარ! _ ლიამ ყვირილი ასე არ უნდაო და ისეთი ხმა ამოუშვა, მაშინვე ჩავწყნარდი, _ რა დღეში ხარ, რა იყო, ამისთანა რა მოხდა? გაუგებრობაა ეს ყველაფერი, დაკითხავენ და გამოუშვებენ ირაკლის, რა გჭირს! _ ამავსო საყვედურებით.
_ ზურიკო იქაა, დე, იკაკოსთან. ყველაფერს არკვევს, ნუ ნერვიულობ. მართლა ირაკლის კი არ მოუკლავს, უბრალოდ… _ ტიდას თითქოს ენა დაებორკა.
_ ბოდიში, მეზობლებო, ყველანი აგაფორიაქეთ. ვაიმე, შვილო! _ კაცივით ამოვიგმინე და თავში წავიშინე ხელები.
ძლივს გამაკავეს.
***
მერე და მერე, შედარებით აზრზე რომ მოვედი, მოვაყოლე ტიდას, რა იცოდა.
_ დაურეკავს სადმირასთვის, გასაღები მინდა მოგაწოდო და სად გნახოო. იმასაც სახლში ვარ და ამოდიო, უთქვამს. დეტალები არ ვიცი, რაზე ილაპარაკეს, რაზე შეთანხმდნენ, მაგრამ იკას უთქვამს, სამსახურის მერე ამოგივლი, ექვსიდან შვიდამდეო. ასულა. კარი შეღებული დახვედრია. შევედი და დავუძახე, მაგრამ პასუხი არ გამცაო. არც სასტუმრო ოთახში იყო, არც სამზარეულოში, ამიტომ მის საძინებელში გავედიო. იქ შესულს დაუნახავს, რომ იატაკზე ეგდო თავგასისხლიანებული. ეგრევე მივარდნილა და გასინჯვა დაუწყია, გული თუ უცემსო. პულსი არ ესინჯებოდა, მაგრამ 112-ზე მაინც დაურეკავს სასწრაფოს გამოსაძახებლად. მერე ისევ მიუბრუნდა თურმე სადმირას, იქნებ გული ავუმუშაოო. სწორედ ამ დროს შემოსულა ის ლაშა. დამპალი! _ ტიდას ხმა აუკანკალდა, _ ბიჭო, რა ქენი, მოკალიო? უყვირია და ეგრევე პოლიციისთვის გამოუძახებია. პოლიცია კი არა, სასწრაფოს ბრიგადაა ჯერ საჭირო, ვერ ხედავ, სისხლისგან იცლებაო, არც ირაკლის დაუკლია თურმე ყვირილი. მაგას აღარაფერი ეშველება, გვამია უკვე, შენ კი ამისთვის პასუხს აგებო, დაუქადნია მაგ ნარკომანს. იკამ ვერაფრით დააწყნარა თურმე, სანამ მუშტი არ შემოსცხო და მიწაზე არ დასცა. სასწრაფო და პოლიციაც სწორედ ამ დროს მოსულან და… აუყვანიათ. მაგ გარეწარს კი უთქვამს, ჩემი მოკვლაც უნდოდა, რახან ფაქტზე წავასწარი, შემოვედი თუ არა, ეგრევე მომვარდაო.
_ შენ მოგიკვდა დედა! ვაიმე, ეს რა დამემართა! _ ისევ ისტერიკულად ავყვირდი, _ რას ავიჩემე, გაუტანე გასაღები, გაუტანე გასაღები! რა მრჯიდა, რა ძალა მედგა! მართლა უნდა გადაეგდო ის გასაღები აივნიდან, მართალი უთხრა ზურიკომ. ჩემი ბრალია ყველაფერი, ჩემი. რატომ არ მოვკვდები, რატოოომ! _ მოვთქვამდი, მაგრამ უცრემლოდ.
აქეთ ტიდას ვყავდი გაკავებული, იქით ლიას, თორემ საკუთარ თავს ცემაში ამოვხდიდი, ალბათ, სულს.
_ კარგი, დაწყნარდი, ნატა, ახლა მაგის დროა? _ დამანამუსა რომელიღაცამ, _ შენ ძლიერი ქალი გვგონიხარ, მაგალითს შენგან ვიღებთ მეზობლები…
_ ხო, ხო, რჩევებსაც შენ გვაძლევ, _ აჰყვა მეორე, _ უნდა გამაგრდე, ჩემო კარგო. ახლა გჭირდება თავის მოთოკვა და ცივი გონებით გაანალიზება.
_ რა გამაგრება, ხალხნო, გესმით მაინც, რას მეუბნებით? ჩემს შვილს, ექიმ შვილს ადამიანის მოკვლას აბრალებენ, გაგიგონიათ? ამდენი წელია, სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად დარბის, ღამე მაგისთვის არაა და დღე, კლინიკაში ათენ-აღამებს და… კაცი მოკალიო, ეუბნებიან! მერედა ვინ! გოგო, რომელიც უყვარდა! _ ბოლო ხმაზე გავკიოდი.
ჩემ გარდა ყველა ტიროდა. ყველას ცრემლიანი ჰქონდა თვალები. ყველა წუხდა. ყველა თანამიგრძნობდა. მე კი მხოლოდ სიკვდილი მინდოდა იმწუთას, სხვა არაფერი.
ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ირაკლის სადმირას მოკვლა შეეძლო. ეს აბსურდი იყო, წმინდა წყლის სისულელე, მაგრამ, როგორც ჩანს, ფაქტები საწინააღმეგოს ამტკიცებდა. სიმართლის დადგენა ძნელზე ძნელი იქნებოდა. ვინც მოკლა, ის კვალს, რა თქმა უნდა, აუცილებლად წაშლიდა ჩემი შვილის მოსვლამდე. როგორ უნდა დაემტკიცებინა, რომ მართალი იყო? ვერანაირად. ადვოკატს რა შეეძლო? ზურიკო რა, ოპერმუშაკი ხომ არ იყო, თვითონ დაეწყო გამოძიება? უკვე მისი იმედიც აღარ მქონდა.
არადა, უამრავ ადამიანს ვიცნობდი. პარლამენტშიც, სამინისტროებშიც, პოლიციაშიც. ყველასთან მიმიწვდებოდა ხელი, მაგრამ არაფრის გაკეთებას არ ვცდილობდი. ჩემი თავის მიკვირდა, ასე რამ შემბორკა. რატომ არაფერს მოვიმოქმედებდი? ტიდას რა შეეძლო? მე მეტი კავშირები მქონდა. წონაც, როგორც ჟურნალისტს, მაგრამ, როგორც ჩანს, უბედურებამ სრულიად უმწეო გამხადა.
ამ მოთქმა-ვაებაში ვიყავი, როცა კარი გაიღო და ზურიკო შემოვიდა. მაშინვე ფეხზე წამოვვარდი და ბიჭს კისერზე ჩამოვეკიდე.
_ რა ხდება, შვილო? გაირკვა რამე?
ზურიკო დაიბნა, ამდენი ადამიანი რომ დაინახა.
_ რა ამბავია აქ? რა პანიკა ატეხეთ? არაფერიც არ ხდება, ყველაფერი რიგზეა, _ პირველი შემთხვევა იყო, ხმა რომ გაიმკაცრა და სახეც. ცივი მზერა მიმოატარა ირგვლივ, სათითაოდ შეათვალიერა მეზობლები და დააყოლა, _ ირაკლი ხვალ სახლში იქნება. თუ შეიძლება, დავიშალოთ! დიდი ბოდიში, მაგრამ მარტო უნდა დავრჩე ნატასთან. არ გეწყინოთ, მაპატიეთ! _ ბოლოს მაინც დაურბილდა ტონი.
კიდევ ერთხელ შეჩოჩქოლდნენ ქალები. ხომ გეუბნებოდით, სანერვიულო არაფერიაო. ზოგმა ზურიკოს ლოცვა-კურთხევა „აღავლინა“, ზოგმა ჩემი მისამართით „მომილოცავს, ნატა“ გამოისროლა და ნელ-ნელა დაიშალნენ.
დავრჩით მე, ზურიკო და ტიდა. ოთახი ვალიდოლის უსიამოვნო სუნით გაჟღენთილიყო, რაც გულს მირევდა.
_ ტიდა, შვილო, მოწმინდე ერთი აქ იატაკი, ვალიდოლიანი წყალი დაიღვარა წეღან… და აივნის კარი გამოაღე, განიავდეს ცოტა!
ტიდა მაშინვე სააბაზანოსკენ გაემართა ტილოს მოსატანად, ზურიკო კი გვერდით მომიჯდა, ხელი გადამხვია და მიმიხუტა.
_ მართლა გამოუშვებენ? _ იმედგადაწურული ხმით ვკითხე, თან უაზროდ მივშტერებოდი კედელს.
_ არ ვიცი, ნატა. ყველანაირად ვეცდები. დიდი ჩახლართული საქმეა.
_ რომელი მუხლია, შვილო? _ ენას ძლივს ვატრიალებდი პირში. თავის მისკდებოდა, ისე მტკიოდა.
_ ჯერჯერობით ასმერვე, მაგრამ თუ სიმართლე ვერ დავამტკიცე, იმდენს მაინც ვიზამ, ასთერთმეტით შევაცვლევინო, განზრახ მკვლელობა უეცარი, ძლიერი სულიერი აღელვების მდგომარეობაში.
_ ვაიმე, ვაიმე, რა მეშველება, ეს რა დღეში ჩავვარდი, ღმერთოოო! _ ამოვიგმინე და მოულოდნელად ავტირდი.
ცხარე ცრემლით ვტიროდი. ტიდა იატაკს წმენდდა, ზურიკო მხრებზე თითებს მიჭერდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია. მაცალეს, სანამ გულს მოვიოხებდი. ორივემ იცოდა, რომ ჩემი ნუგეშისცემა ამაო იყო.
_ რამდენ წელს მიუსჯიან, თუ დაუმტკიცეს? _ ნერვიულობისგან კანკალი ამიტყდა.
_ ასმერვე მუხლით ათიდან თხუთმეტ წლამდე, ასთერთმეტით კი ექვსი თვიდან წლამდე.
_ კარგი რა, მამამისი მაგას დაუშვებს? გამორიცხულია, _ ამოიკნავლა ტიდამ და ზურიკოს გვერდით მიუჯდა.
_ დედას ვუტირებ და ირაკლუნას იქიდან მაინც გამოვიყვან. აგერ ნახავ, თუ არ გავამართლო.
ამის გაგონებაზე ისე ამიჩუყდა გული, გაბმულად ავქვითინდი.
_ ეს გამომძიებელი შეგვხვდა მაგარი ხისთავიანი თან, ისეთ რაღაცები აქვს გამორჩენილი, პირი ღია დამრჩა, _ გააგრძელა ზურიკომ, როცა ტირილით ასე თუ ისე გული ვიჯერე, _ მაგრამ იქ მეორე გამომძიებელია კიდევ, ის ძალიან გვეხმარება. ირაკლის ნაცნობი ყოფილა და ყველაფერში დაგეხმარებითო, დაგვპირდა.
_ იცი, ვინაა, დე? ირაკლიმ შარშანწინ შვილი რომ გადაურჩინა, 16 წლის ბიჭი, მანქანა რომ დაეჯახა და…
_ არ ვიცი, რა მახსოვს ახლა, ტიდა, შემეშვი, რა, თუ ქალი ხარ! _ ნერვებაშლილს არაფრის მოსმენა არ მსურდა, რაც უშუალოდ ჩემს შვილთან არ იყო დაკავშირებული, _ რაში მაინტერესებს შვილი ვის გადაურჩინა, როცა თვითონაა გადასარჩენი.
_ ხოდა, რომ გადაურჩინა, მაგიტომაც შეგვპირდა, დაგეხმარებითო, შენ რაღა მოგივიდა, ნატა? _ მისაყვედურა ჩემმა შვილობილმა, _ ეტყობა, რომ კარგი ადამიანია.
_ ირაკლი თუ ნახე, ზურიკო?
_ ვნახე რომელია. პირველი ეგ გავაკეთე. ჯერ ვითომ არ მიშვებდა ის გვაზავა, მაგრამ მერე ნამუსზე შევაგდე, მეგრელი კაცი ხარ, ეგრე რატომ იქცევი-მეთქი.
_ რა სიკვდილი უნდა იმ გამომძიებელს, რა დოზანა!
_ არაფერი. ყველა ფაქტი ხელში მიჭირავსო, გაიძახის. ხელის ზედმეტად განძრევა არ უნდა. რატომ უნდა იმტვრიოს თავი და ირბინოს აქეთ-იქით, როცა „დამნაშავე“ იზოლატორში უზის?
_ ვაიმე, იკაკო!
გაგრძელება იქნება