რამხელა სითბო ჩამეღვარა გულში. გაღიმებული ავდექი და ბუფეტიდან ერთი შეკვრა „საიუბილეო“ გამოვიღე, ჩემი საყვარელი სასუსნავი.
_ აგერაა და ჭამე, რამდენიც გაგიხარდება.
ისევ დავჯექი და ოდნავ დაძაბულმა შეპარვით დავიწყე:
_ ნეტავ მაგას და ტიდას ერთმანეთი შეუყვარდებოდეთ. უკეთეს სიძეს არც ვინატრებდი, _ და მაშინვე გავისუსე. მგონი, სუნთქვაც კი გავაჩერე.
პასუხი არ გაუცია. ენერგიულად უსვამდა დანით „პეჩოს“ კარაქს.
_ შენ ხომ არ გეწყინება, დედა? უარს ხომ არ იტყვი? _ გავაგრძელე, როცა არაფერი თქვა.
უცებ დანა დადო და ჩემკენ შემობრუნდა:
_ ნატა, შენ გგონია, მე დებილი ვარ და ვერაფერს ვხვდები? გგონია, მარტო შენ შეამჩნიე იმ დღეს იმ ფარდის სამაგრები და მე არა? რადგან არაფერი ვთქვი და ამაზე ყურადღება არ გავამახვილე, არ ნიშნავს, რომ ბელყუმი ვარ, _ და საკუთარ ყურს რამდენჯერმე გაჰკრა თითები, _ თუ უყვართ ერთმანეთი, უყვარდეთ, მე რა, ნიადაგს მისინჯავ? _ თქვა და კარაქიანი ფხვიერი ნამცხვარი ერთ ლუკმად გააქანა პირისკენ.
შვება ვიგრძენი. მართლა კარგი შვილი მყავს, ენაცვალოს დედა!
_ რა ვიცი, შვილო, ხომ იცი, როგორცაა. ძმაკაცის დაო, ესა, ისა…
_ ნატალია, რომელ კანონში წერია ერთი, ძმაკაცის დის შეყვარება აკრძალულიაო? ჯუნგლებში ხომ არ ვცხოვრობთ? თექვსმეტი წლის რომ ვიყავი, მაშინ არ ვფიქრობდი ეგრე. არ მიყვარს ასეთი უაზრობები, ხომ იცი, არა? ახლა გამიცანი?
ავდექი, ზურგს უკან დავუდექი და კინკრიხოზე ვაკოცე.
_ ვამაყობ შენით, ჩემო ბარტყო!
_ აუ, ოღონდ ბარტყს ნუ მეძახი, თუ ქალი ხარ! აი, ეგ კი მართლა მაღიზიანებს, _ სიცილით მითხრა და ჩაი ისეთი ხმაურით მოხვრიპა, სიცილი ვერ შევიკავე…
***
როგორც კი ირაკლი დასაძინებლად შევიდა თავის ოთახში, ტიდასთან იმწამსვე ვაფრინე მესიჯი და ირაკლის აზრი შევატყობინე. ბავშვი სიხარულისგან კინაღამ ტელეფონიდან გადმოხტა. სულ კოცნები მიგზავნა, რა მაგარი დედა მყავხარო.
ის დღე იყო და ის დღე. ტიდა და ზურიკო ერთმანეთს არ მოშორებიან. ის კი არა, ზურიკოს დასაცავი კლიენტების შესახებ დაიწყო ჩემმა გოგომ სიუჟეტების გაკეთება. ამან კიდევ უფრო ცნობილი გახადა ჩემი შვილობილი და მომავალი სიძე. ისე მიეწება ორივეს შეყვარებულის იარლიყი, რომ ერთი სიტყვაც არ თქმულა მათ ურთიერთობაზე. ირაკლიმ ძალზე ოსტატურად მიანიშნა ზურიკოს, მათ შესახებ ყველაფერი რომ იცოდა, თანაც ძალიან ბუნებრივად, რომ ბიჭს უხერხულად არ ეგრძნო თავი.
ეს მოხდა ჩვენი საუბრიდან დაახლოებით ერთ კვირაში. საღამო ხანი იყო, ყველანი ჩვენთან ვიყავით. საუბარ-საუბარში ზურიკომ თავისი უფროსი ახსენა.
_ კაცია თუ ქალი? _ დაინტერესდა ირაკლი.
_ ქალია, თან გაფუებული. უნდა ნახო, ოფისში რომ შემოდის, ოფლისგან როგორ ლაპლაპებს, მაგრამ კარგი იურისტია, საქმე მართლა იცის.
_ სულ ზიპინი გააქვს, არა? _ ახითხითდა იკაკუნა.
_ არა, მართლა. აუ, რა კარგი სიტყვა მოიგონე! _ წამოიძახა ზურიკომ.
_ რა გინდა, ასე თუ ლაპლაპებს, ალმასივით ქალი ყოფილა, თუ დახვეწ, ბრილიანტიც შეიძლება გახდეს, _ გააგრძელა ირაკლიმ.
_ ყველაფერზე ნუ ღადაობ, რააა! _ გამწარდა ტიდა, _ იცი რა მაგარი ქალია? ძაან ჭკვიანი.
_ რა ვქნა, ტიდა, ამ ღადაობას ვერ გადავეჩვიე, თორემ იმ ქალს რას ვერჩი, თვალითაც არ მყავს ნანახი, მაგრამ ზიპინი თუ გაუდის…
_ აუუუ, რას ჩაიხვიე ეს ზიპინი? საიდან მოიტანე ეგ სიტყვა, შე საზიზღარო! _ ცხარობდა ჩემი ქალიშვილი.
_ კარგი, მაშინ ლაპლაპი გაუდის, _ ძველი ვარიანტი დააბრუნა ირაკლიმ.
_ ერთი „ხლამია“ ორივე. და ორივე მაგარი საცემი ხართ, რომ იცოდეთ! _ ძმას შეყვარებულიც მიაყოლა გაბრაზებულმა ტიდამ.
_ გნებდები, მორჩა, ხმას არ ვიღებ. თუ ასე მოგწონს, შენ და ზურია რომ ჯვარს დაიწერთ, მეჯვარედ ამოიყენე გვერდში, ოღონდ არ დაგჩრდილოს მისმა ლაპლაპმა თუ ზიპინმა, _ დაახეთქა უცებ ჩემმა შვილმა.
დავიძაბე. მეგონა მის რეპლიკას სამარისებური სიჩუმე მოჰყვებოდა და ზურიკო და ტიდა უხერხულად იგრძნობდნენ თავს, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ. ისეთი ხარხარი ატეხა სამივემ, თითქოს ამაზე დიდი ხნის წინ ჰქონოდათ ნალაპარაკევი და საუხერხულო არც არაფერი იყო.
_ რამდენი წლისაა შენი უფროსი? _ შევეკითხე ზურიკოს.
ბიჭი უეცრად დაიბნა, თვალები აატრიალა, თითქოს უფროსის ასაკის გახსენებას ცდილობსო, მერე კი თავში შემოირტყა ხელი.
_ აუ, თუ ვიცოდე… აზრზე არ ვარ, არ ვიცი.
_ რა ჰქვია და რა გვარია ის მაინც თუ იცი? _ ახლა მე გამეცინა.
_ იზოლდა მარდალეიშვილი.
_ რას ამბობ! იზოსთან მუშაობ? _ ამ ცნობამ ძალიან გამახარა.
_ იცნობ? _ გაოცებული მომაჩერდა ზურიკო.
_ უიმე, ვიცნობ რომელია, იმდენჯერ გვიქეიფია ერთად, ნუ იტყვი. საოცრად კარგი ადამიანია. სხვათა შორის, ჩემხელაა, რომ იცოდეთ და თქვენი საღადაო ნამდვილად არ არის. გარტყმაში არ ხართ არცერთი, რას ნიშნავს პროფესიონალიზმი, _ ამოვვარდი უცებ ჩემი ინტელექტის ქერქიდან და სლენგებით დავიწყე საუბარი, _ მაგას რომ განათლება აქვს მიღებული, არც მოგელანდებათ. იცით როგორ ერუდირებული პიროვნებაა? ნებისმიერ თქვენგანს ჯიბეში ჩაისვამს.
_ კი, მართლა ეგრეა. საერთოდაც, მაგარი ქალია. _ დამეთანხმა შვილობილი.
_ ხომ არ გინდა ერთი-ორი სიტყვა შეგაწიო, ზურიკელა? _ ღიმილით მივუბრუნდი.
_ არა, ნატა, ისედაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. იცის, რომ საქმეში არაფერი შემეშლება. პირიქით, ყველაზე ისეთ საქმეებს მაძლევს ხოლმე, სხვებს რომ გაუჭირდებათ. შენ გარდა მაგას თავს ვერავინ მოაბამსო. იზო რომ არა, შეიძლება კარგა ხანს ვერ მეშოვა სამსახური. სანამ მაგასთან მივიდოდი, ერთ ექვს ადგილას მაინც ვიყავი გასაუბრებაზე და მარტო იმიტომ მიწუნებდნენ, რომ უკრაინაში ვიყავი ნამუშევარი და მეგრული გვარი მქონდა. აფერისტი იქნებაო.
_ ისე ხო, უკრაინასა და რუსეთში ნაცხოვრებ მეგრელებს კი აქვთ სახელი გატეხილი, _ დაუკრა კვერი ირაკლიმ.
_ სხვათა შორის, იზოს სულ არ მიუქცევია ამისთვის ყურადღება. ბოლოს, როცა მითხრა, მიღებული ხარ სამსახურშიო, მკითხა, მეგრელი ხარ თუ გურულიო.
_ თხაზე გაყიდულიო, არ დააყოლა? _ ისევ ახითხითდა ჩემი ბიჭი.
_ ვაიმე, მოგკლავ, რა ცუდი ენა გაქვს, იკა, რააა! _ აიმრიზა ტიდა, _ ზურა, ამას ნუ უსმენ, საბოლოოდ დაუცურდა კრამიტი, ხომ ხედავ.
_ როგორაო, როგორაო? _ ყური „მოიჩრდილა“ ირაკლიმ, _ როგორ დაუძახე? ზურაო? ვაიმე, ზ-ჟურა! _ ქალურ ხმაზე და ქალაქურად გამოაჯავრა დას, _ დედაქალაქში ხომ ხედავ, როგორ იცვლება ყველაფერი. ქალებისთვის უკვე „ჟურა“ გახდი.
_ ოხ! შენს სადმირას მაინც არ სჯობია? სადმი, სიცოცხლე! _ ახლა ტიდამ გამოაჯავრა წვრილი ხმით ძმა, _ სადმი არა ბუს კვერცხი! _ ენა გამოუყო ბოლოს.
_ კარგი, ხო, გეყოფათ, მართლა და მართლა! _ მეც ავიმაღლე ხმა, _ მაგ უკბილო ხუმრობებს ჯობია, დედიკო, იმ გოგოს დროზე გაუტანო თავისი გასაღები. _ სადმირას ხსენებაზე მისი ბინის გასაღები გამახსენდა.
_ ხო, მისატანი მაქვს. ხვალ გავალ საღამოს, სამსახურის მერე.
_ სად გახვალ, შენ ალაოდ ხომ არ ხარ! დაურეკე და შეხვდი სადმე! _ არ მოეწონა ირაკლის აზრი ტიდას, _ თორემ შეგითრევს ისევ ლოგინში. ვიცი მაგის ამბავი.
_ ოხხხხ! _ შორს დაიჭირა ირაკლიმ ბრალდება, _ შემითრევს რა, ცამეტი წლის ბიჭუკელა ვარ? ჩემთან რომ ნდომებოდა, კი არ დამშორდებოდა.
_ მაინც აჯობებს, დაურეკო და სადმე შეხვდე, მართალს გეუბნება ტიდა, _ ჩავერიე და-ძმის კამათში, _ რატომ უნდა აადგე შინ, რა ძალა გადგია.
_ მით უფრო, რომ უკვე ახალი შეყვარებული ჰყავს. საქმრო, უფრო სწორად. _ ჩააკვეხა ტიდამ უცებ ჯიბრიანი ტონით.
შევამჩნიე, ამის გაგონებაზე როგორ გაწვა ირაკლის სახეზე შავი ჩრდილი. დას დაჟინებით შეხედა. არ უკითხავს, მაგრამ მზერაში შეეტყო, საქმროს ვინაობამ რომ დააინტერესა.
_ ლაშა გუმბერიძე, ნარკომანი. ეგაა მაგის საქმრო. _ გააგრძელა ტიდამ.
_ აკაკის შვილი? _ სახეზე წამოვენთე.
_ დიიიახ! და სწორედ მაგი გამოუყვანს წირვას. საკუთარი მამა ხომ დააქცია, მთელი ბიზნესი გააყიდვინა, ახლა წურბელასავით სადმირას მიადგა.
_ ტიდა, გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! ეს ჩვენი საქმე არ არის! _ მკაცრი შენიშვნა მივეცი ჩემს ქალიშვილს.
_ მართალი ხარ, არ არის.
ირაკლის ხასიათი წაუხდა. რამდენიმე წამით გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოწვა.
_ კარგი, ჰო, ხვალ დავურეკავ და სადმე შევხვდები ან სულაც, საავადმყოფოში დავიბარებ.
_ მე შენს ადგილზე ამ აივნიდან მოვისროდი მაგ გასაღებს, ირაკლუნა, _ ამდენ ხანს ჩუმად მყოფმა ზურიკომ უეცრად წამოისროლა, _ და უსიამოვნო და სასიამოვნო მოგონებებსაც თან გავატანდი. შეიძლება სულაც არ ახსოვს, ის გასაღები შენ რომ გაქვს. არ იფიქროს, შერიგება უნდა და იმიტომ მოიმიზეზაო.
ირაკლიმ რაღაცნაირად, დანანებით გაიღიმა. მერე მხრები ოდნავ შესამჩნევად აიჩეჩა და შეცბუნება რომ დაემალა, ხელების სრესით წამოდგა და სამზარეულოში გაუჩინარდა…
ხალისით დაწყებული საღამო უხალისოდ დამთავრდა…
***
მეორე დღეს, საღამო ხანს დამირეკა, ცოტა შემაგვიანდება, სადმირას გასაღები უნდა მივაწოდო და არ ინერვიულოო. გულში კი გამკრა, ამ შეხვედრამ მართლა ისევ არ შეარიგონ-მეთქი, მაგრამ შვილისთვის შეგონებები არ დამიწყია. თავისი საქმის თვითონ უკეთ იცოდა.
ნერვიულობა მაშინ შემეპარა, როცა საჭიროზე მეტხანს შეაგვიანდა. არც მინდოდა დამერეკა, არ მისაყვედუროს-მეთქი, მაგრამ უკვე ეკლებზე ვიჯექი. ისიც კი გავიფიქრე, ახლა კარს არ მომაყენოს და არ მითხრას, დედა, აი, ცოლი მოვიყვანე და რძალი მიიღეო. რატომღაც, უსიამოვნოდ შემაჟრჟოლა. ავწრიალდი. გული ცუდს მიგრძნობდა, თან დაჩი გამახსენდა, ბოლო დროს უაზროდ რომ მესიზმრებოდა.
ამასობაში ღამის ცხრა საათი გახდა. კარზე ზარი რომ დაირეკა, შვებით ამოვისუნთქე, ირაკლი მეგონა, მაგრამ ტიდა შემრჩა ხელთ. მის დანახვაზე უარესად გავხდი, ტირილისგან თვალები ჩასწითლებოდა.
_ დე! _ დაიყვირა უცებ და ძლიერად ჩამეხუტა აკანკალებული.
_ რა მოხდა, ტიდა, მშვიდობაა შენს თავს, გოგო! _ მუხლებში სისუსტე ვიგრძენი. ვიფიქრე, ზურიკომ ხომ არ აწყენინა-მეთქი.
არაო, თავი ჩემს მხარზე გაარხია, მერე ერთხანს კიდევ ისლუკუნა და რომ არაფერი ვთქვი, ცრემლიანი თვალები მომაპყრო და მომატირა:
_ იკაკო დაიჭირეს, დე!
თითქოს მთელი კორპუსი უცებ გამომეცალა ფეხქვეშ. სადღაც, უფსკრულისკენ გამაქანა შიშმა. ერთიანად სიბნელემ მომიცვა. ერთიანად სიცივემ მომიცვა.
ტიდას მხრებში ჩავაფრინდი და თვალებში ჩავაშტერდი.
რატომ? _ კითხვა მზერით დავსვი, ხმის ამოღების თავი არ მქონდა.
_ სადმირას მკვლელობას აბრალებენ, _ მიპასუხა და მთელი ხმით ატირდა.
ახლა აღარ ვიყავი მდინარე, რომელიც მშვიდად მიედინებოდა. მე უკვე ზღვა გავხდი, რომელიც ღელავდა…
***
თვალი რომ გავახილე, ტახტზე ვიწექი მკერდმოღეღილი და ვიღაც შხეფებით წყალს მასხურებდა. საიდანღაც ტიდას გულამოსკვნილი ტირილის ხმა მოისმოდა. მგონი, სამზარეულოდან.
_ არ მინდა, ნუ მასველებ! _ უხეშად წარმოვთქვი და უცნობივით შევაჩერდი ჩემი კარის მეზობელს, ლიას, ანერვიულებული რომ მივლიდა.
_ მადლობა ღმერთს, გაახილა თვალი, _ ხმაურით ამოისუნთქა ლიამ და გვერდზე გაიხედა.
მის მზერას თვალი გავაყოლე და ახლაღა შევნიშნე, რომ ოთახი მეზობლებით იყო სავსე.
დაფეთებული წამოვხტი, მაგრამ უეცრად ისეთი თავბრუ დამეხვა, ისე დამიბნელდა თვალთ, უკან გადავქანდი.
_ ნელა, გოგო, ნელა! _ იყვირა ლიამ და სხვებიც მომცვივდნენ, თითქოს, თუ არ დამიჭერდნენ, უფსკრულში გადავიჩეხებოდი.
_ შემეშვით, კაცო, კარგად ვარ, არაფერი მიჭირს! _ ვიყვირე გამწარებულმა.
_ აივნის კარი დაკეტეთ, აივნის! _ ამ დროს მეორე მეზობელმა იყვირა, ნელიმ.
კუშტად გავხედე.
_ ნუ გეშინია, გადახტომას არ ვაპირებ, ჯერ მასე არ გავგიჟებულვარ! _ ძაღლივით დავუღრინე.
_ არა, ნატა, შენი ჭირიმე, რა გჭირს გასაგიჟებელი, _ ისე დამიყვანა ნელიმ, როგორც ფსიქიატრიულის პაციენტს.
საკუთარ თავში ტკივილს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. იგი უჩინარი კაცივით ახერხებდა დამალვას _ სისველე მაპოვნინებდა მხოლოდ, ცრემლი, რომელმაც მაინცდამაინც ახლა დამაობლა.
_ ტიდა! მოდი აქ! _ გავძახე ჩემს ქალიშვილს.
ტირილის ხმა მაშინვე შეწყდა და ტიდა ოთახში აწითლებული თვალებით შემოვიდა.
_ დაჯექი აქ და მომიყევი, რა მოხდა! _ ხელი მსუბუქად დავკარი დივანს.
გამეხებული ვიყავი. ვერაფერს ვგრძნობდი. არ მიტირია, წვეთი ცრემლი არ გადმომვარდნია. თავს დატეხილმა უბედურებამ ქვად მაქცია.
_ დე, არ ინარვიულო, გთხოვ! _ ტიდა ჩემ წინ მუხლებზე დაეშვა.
_ აგერ დაჯექი! _ ტონი არ შემიცვლია.
ტიდა გვერდით მომიჯდა და ერთმანეთში ჩახლართული თითები ფეხებშუა ჩაიცურა. ქალები ისევ შეჩოჩქოლდნენ, უფრო ახლოს მოიწიეს ჩვენკენ და მოსასმენად მოემზადნენ.
უცნაურები ვართ ადამიანები. დარწმუნებული ვიყავი, ტიდასგან უკვე მოსმენილი ექნებოდათ ირაკლის ამბავი, მაგრამ რახან კიდევ ერთხელ უნდა მოეყოლა, ცნობისმოყვარეობა გაუმძაფრდათ, აქაოდა, იქნებ რამე გამოგვრჩა და ხელახლა მოვისმინოთო. ყველა ეგრე ვართ, ქალები _ განსაკუთრებით. როცა რაღაც ცუდი ხდება, მასზე ლაპარაკით გულს ვიოხებთ და არ ვიღლებით. ერთი და იგივე ტრაგედია ცხრაჯერ რომ გავიმეოროთ, მაინც გაცხარებული ცნობისმოყვარეობით განვიხილავთ ერთმანეთთან.
გაგრძელება იქნება