ქეთა ლორთქიფანიძე ქართველმა მაყურებელმა განსაკუთრებით სერიალ "შუა ქალაქიდან" შეიყვარა. კარიერაში ბევრი წარმატების პარალელურად, ქეთა 5 შვილის დედაა, რომელთა აღზრდაშიც უშუალოდ მონაწილეობს მეუღლესთან ერთად და იმასაც ახერხებს, მუდამ ფორმაში იყოს, კარგად გამოიყურებოდეს, რაც ნამდვილად გამოსდის.
– ულამაზესი, ფანტასტიკური ბავშვობა მქონდა. სოხუმი მახსოვს ძალიან კარგად, სადაც ყოველ ზაფხულს ჩავდიოდით მე და ჩემი ძმა მშობლებთან ერთად, თეატრალური საზოგადოების დასასვენებელ სახლში და კინოთეატრში ვიპარებოდით ხოლმე ბავშვები. მახსოვს, ტროლეიბუსების პარკში მყავდა ბევრი ქუჩის ძაღლი, რომლებსაც თავად ვუვლიდი. ეზოში რომ ჩამომიგდებდა ბებია ნაყინის ფულს, ვაგროვებდი, სხვა ბავშვებიც მაძლევდნენ თავიანთი ნაყინის ფულს, მერე მივდიოდი ტროლეიბუსების პარკში და ტროლეიბუსების ტომრებში დარჩენილ ხურდებს ვიღებდი. საღამოს კი ჩემს საყვარელ ქუჩის ძაღლებთან დიდი ნობათი მიმქონდა, რაც უზომოდ მაბედნიერებდა. ყველაზე დიდი გავლენა, რამაც ჩემზე იქონია, რა თქმა უნდა, ჩემი მშობლები იყვნენ. მამა რეჟისორი იყო, დედა – მსახიობი, მერე შეიცვალა პროფესია და პედაგოგიკაში გადავიდა. მამას რეპეტიციები ჩემთვის იმდენად მომნუსხველი იყო და იმ პროცესში მონაწილეობა იმდენად მინდოდა, რომ ალბათ, ამიტომ ავირჩიე მსახიობობა. მისი გარდაცვალების შემდეგ ამ პროფესიის მიმართ ეს ინტერესი დავკარგე... გარდა თეატრისა, მან შემაყვარა ოპერა, რომელიც, ვთვლი, რომ ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, რაც მამა ოპერის წინ გარდაიცვალა, მას შემდეგ ოპერაში არ ვყოფილვარ...
როცა თომა გავაჩინე და გულზე დამაწვინეს, მაშინ გადავწყვიტე, რომ ბევრი შვილი მინდოდა. პალატაში რომ გადმომიყვანეს, 8 გოგო ვიწექით. ყველა წუწუნებდა და როცა ვამბობდი, შვიდი შვილი მინდა-მეთქი, მახსოვს, ბალიშები მხვდებოდა.
არ მიმაჩნია, რომ მუდამ ფორმაში ვარ. ვფიქრობ, რომ მეტი შემიძლია. გულწრფელად ვამბობ ამას. შემიძლია, უფრო მეტად მივხედო თავს, მაგრამ ცოტა გავზარმაცდი. ალბათ, ასაკიც შემომეპარა. თუ თავისუფალი დრო მაქვს, მირჩევნია, დავიძინო და დავისვენო, ძალიან გადავიღალე. ყველა მეუბნება: კარგი, რა დროს შენი სიბერეა, ჯერ 40-ისაც არ ხარო. როცა დავფიქრდები, ვამბობ, ალბათ, ამ წლების განმავლობაში იმდენი მოვასწარი, მგონი, 60-ის ვარ-მეთქი (იცინის). ხუთი შვილი არ არის ნამდვილად ცოტა. 2000 წლიდან სცენაზე ვდგავარ. მე ვარ უფრო ემოციური მსახიობი. ეს ცუდია, რადგან შემდეგ საკმაოდ დიდ დაღს მასვამს ჯანმრთელობაზე. ჩვენ, მსახიობები, ხელოვნურად ვცდილობთ, ჩვენი თავი გავაღიზიანოთ, ჩავაგდოთ პანიკურ მდგომარეობაში, ეს მუდმივად ხდება. კვირაში 3-4 სპექტაკლს ვთამაშობთ და ეს არ არის იოლი. მსახიობობა სწორედ ამ მიზეზითაც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია. ერთადერთი პრობლემა ის არის, რომ სახლში მომყვება დაღლილობა და როდესაც დაღლილი ვარ, ადვილად მეშლება ნერვები. პირდაპირ ვეუბნები ყველას: მე ახლა დაღლილი ვარ და შემიძლია ნებისმიერ რამეზე ვიჩხუბო-მეთქი. ყველამ იცის, რომ ასეთ მომენტში საშიში ვარ (იცინის). ჩემი შვილები, პატარებიც კი მიგებენ ამ ყველაფერში, ოჯახი მაქსიმალურად მეხმარება. ერთ-ერთმა ფსიქოლოგმა მითხრა, რომ ამდენი შვილი რომ გყავს, ეს შენი არჩევანიაო. ამაში აუცილებლად ვეთანხმები. შეიძლება ჩემი არჩევანია, მაგრამ რომ არა ოჯახის წევრების დახმარება, სხვანაირად შეუძლებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ალბათ, საგიჟეთში ვიქნებოდი. ძირითადად, მე და ჩემი მეუღლე ვართ ჩართული შვილების აღზრდაში – პატარებს ვგულისხმობ. უფროსები მაინც დიდები არიან. ჩემი პირველი შვილი – თომა, სტუდენტია. მასზე აბსოლუტური მზრუნველობა დედაჩემს აქვს აღებული. თომამ ჯერ მუსიკალური დაამთავრა, შემდეგ სარეჟისოროზე ჩააბარა, იყო სტიპენდიანტი და ძალიან ბევრ ყურადღებას ითხოვდა. მშობიარობის შემდეგ მე, ფაქტობრივად, არც შემისვენია, რადგან ეგრევე სერიალში ვბრუნდებოდი. რაც შეეხება ჩემს ნაბოლარა შვილს – იოანეს, ნამდვილად რთული ფეხმძიმობა მქონდა. სულ ვიწექი, ვმკურნალობდი. თავი გავანებე მაშინ ყველაფერს, მორალურად ძალიან გამიჭირდა. საკმაოდ მოვიმატე, სხვა მშობიარობებისგან განსხვავებით.
თომას მამა, სამწუხაროდ, გარდაიცვალა, მაგრამ აქტიურად ვმეგობრობთ თომას და-ძმასთან. ჩემი ქალიშვილი ძალიან ახლო მეგობარია თომას დის და მიაჩნიათ, რომ ისინი დები არიან. რაც შეეხება ნინის, ძალიან აქტიური ურთიერთობა აქვს თავის მამასთან. ნინიზე მამამისს ძალიან დიდი ამაგი აქვს. როცა ნინი გავაჩინე, 40 დღის იყო, პირველი სპექტაკლი რომ ვითამაშე. მამამისს მოჰყავდა თეატრში, ვაჭმევდი, შემდეგ ისევ მიჰყავდა. რომ არა ის, ნამდვილად გამიჭირდებოდა თამაში. ასევე, გამიჭირდებოდა ჩემი ბავშვობის ოცნების ასრულება.
მესამედ ქალაქმა გორმა და გორის თეატრმა გამათხოვა. მაშინ იქ ვმუშაობდი. ერთ-ერთ მორიგ რეპეტიციაზე ჩავედი. მსახიობების დიდი ჯგუფი მიდიოდა საქეიფოდ ერთი ადამიანის ოჯახში, რომელიც თბილისიდან იყო ჩამოსული. მეც მთხოვეს, წავსულიყავი. თავს ვიკავებდი – არ ვიცნობ და რა მინდა-მეთქი. ძალით წამიყვანეს. ასე აღმოვჩნდი ჩემს შემდეგ ოჯახში, ჩემი ქმრის სახლში. მივედი სტუმრად და მერე დავრჩი (იცინის). თავიდან ვერ მივხვდი, მისგან არანაირი სიმპათია არ მიგრძნია. არც მე გამჩენია არანაირი ინტერესი. ინტუიცია კარგად მაქვს განვითარებული, მაგრამ იმ მომენტში ინტუიციას ეძინა. არ ვიცი, როდის გაუჩნდა მას გრძნობა. ხომ იცით, მერე კაცები იტყუებიან ხოლმე, დაგინახე თუ არა, შემიყვარდიო – არ მჯერა ეგეთი რაღაცების. ჩემთვის ჩემი მეუღლე, ერთი შეხედვით, ნამდვილი ყანწიანი ქართველი იყო (იცინის). სულ ვამბობ, ყანწიან ქართველებს არ მოვწონვარ-მეთქი. რატომღაც მაშინ ასეთი შეხედულება მქონდა. ახლა არც მე ვამბობ ყანწზე უარს (იცინის). ყველაფერი იცვლება. ჩემი მეუღლე მეღვინეა. მეც ძალიან ჩართული ვარ მის საქმიანობაში. მანამდე 2-ჯერ ვიყავი ქორწინებაში. ქორწინება ჩვევაში ნამდვილად არ გადამსვლია. ზაზა ძალიან დინჯია და რაც მთავარია – ძლიერი საყრდენი. მე სულ ვამბობ, ზაზას ხასიათი რომ არა, ალბათ, მაქსიმუმ, ერთი წელი გვეცხოვრა ერთად – ძნელია ზაზას მდგომარეობიდან გამოყვანა. აი, მე კი ფიცხი ვარ (იცინის). მშვიდად ნამდვილად არ ვცხოვრობთ – ჯერ იმდენი შვილი ვაჩინე (იცინის)... შეკრული ოჯახი ვართ – ერთი გუნდი და გვესმის ერთმანეთის.