- არ ინერვიულო, ხომ იცი, რომ თავს არ დავზოგავ. - მხარზე ხელი მომითათუნა, - ირაკლი მე არ მომატყუებდა. თანაც, არანაირი საბაბი არ ჰქონდა, რომ მოეკლა. სანამ მე მივიდოდი, ირაკლუნას უთქვამს, დაშორებულები ვიყავით, რატომ უნდა მომეკლა, უბრალოდ, გასაღები ავუტანეო. რატომ დაშორდითო, გვაზავას უკითხავს. მითხრა, არ მიყვარხარ და ურთიერთობას ხომ არ დავაძალებდიო, უპასუხია ამას და აი, სწორედ ეგ ჩაიხვია. ესე იგი, მოტივი გქონია, ქალმა უარი გითხრა, შენც გაბრაზებულ გულზე თავი გაუჩეჩქვეო. ყველაზე უცნაური ისაა, რომ მკვლელობის იარაღს ვერ პოულობენ. დანით არაა მოკლული, არც ტყვიაა ნასროლი. არც ბლაგვი საგანი მოხვედრია. რაღაც მძიმე აქვს ჩარტყმული, თანაც მთელი ძალით და ვერ არკვევენ, რა საგანი შეიძლება იყოს. მაგარ დაბალ დონეზეა საქართველოში ეს სფერო, რასაც ვუყურებ. საკმარისია, ვინმე გამოიჭირონ და ნებისმიერ დანაშაულს შეტენიან, თუ პატრონი არ ჰყავს. კრიმინალისტიკის დონე ხომ საერთოდ ნულის ტოლია. ნორმალურად ანალიზსაც ვერ აკეთებენ. ვეუბნები ამ კაცს, კაპიტანია თან, მკვლელობის იარაღი არ გაქვს და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მკვლელობას აბრალებ, რის საფუძველზე-მეთქი! დანაშაულზე წავასწარითო. ის კი არა, მეორის მოკვლასაც ცდილობდა, დროზე რომ არ მივსულიყავითო. ის ტიპი მაგრად არ მომწონს, ის ლაშა. მაგან რაღაც იცის და არ ამბობს.
- რატომ გგონია?
- რატომ და, ირაკლიმ რომ უთხრა, სასწრაფო გვჭირდება, რა დროს პოლიციააო, ის ეუბნება თურმე, ეს უკვე გვამია, სასწრაფო რას უშველისო. საიდან იცოდა? თვითონ მოშორებით იდგა, ხელი არ უხლია გოგოსთვის და საიდან დაასკვნა, რომ გარდაცვლილი იყო? თან რაღა ზუსტად იმ მომენტში მოვიდა, როცა ირაკლი მის გადარჩენას ცდილობდა? მე და თუშიშვილმა ბევრი ვილაპარაკეთ, იმ მეორემ. მეც არ მომწონს ბევრი რაღაცა და მივხედავ მაგ საქმეს, გვაზავას თავისას არ გავატანინებო და რა ვიცი, ვნახოთ. ეს უკვე მაიორია და ბევრი შეუძლია, ამის სიტყვას მეტი წონა აქვს. ვნახოთ, რა.
- თქვენ საიდან გაიგეთ, ვისგან? - კერძო დეტექტივივით წარამარა კითხვებს ვსვამდი.
- მე ტიდამ დამირეკა, ტიდას - თუშიშვილმა. ირაკლის მიუცია ნომერი. გვიან გავიგეთ ჩვენ, თორემ მაშინვე რომ მცოდნოდა, დავარიგებდი ირაკლუნას და დუმილის უფლებას გამოიყენებდა. ადვოკატი არ მჭირდებაო, მაშინვე ეგ უთქვამს, მე არ მომიკლავს და რად მინდა ადვოკატიო. აი, მანდ შეცდა, რა. მაგრად გავუხურე გვაზავას. შენ საერთოდ თუ იცი, რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია-მეთქი. მივაწექი და მივაწექი. ბოლოს ისე მოეშალა ნერვები, ეს უკრაინიდან ჩამოსული მასწავლის ახლა, საქმე როგორ გამოვიძიოო და აი, მანდ გადამეკეტა. დავემუქრე, შენი პასუხისმგებლობის საკითხსაც დავაყენებ, როცა ამას გავამართლებ-მეთქი. მომიშალა ნერვები.
- შვილო, მთლად მტრად ნუ გადაიკიდებ იმ კაცს, უარესი არ დაგვმართოს.
- კარგი რა, ნატა. მაგნაირების თუ შემეშინდა, რაღად მინდა მაშინ ადვოკატობა! მით უფრო, როცა იცი, რომ შენი კლიენტი ცამდე მართალია.
- შენს პირს შაქარი, ზურიკო. ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ ირაკლის სადმირას მოკვლა შეეძლო, თუმცა ყველაფერი ხდება, - გავასავსავე ხელები და ცხვირი მოვიხოცე, ტირილისგან წვინტლებით რომ გამვსებოდა.
- რა თქმა უნდა, ყველაფერი ხდება, მაგრამ არა ჩვენს შემთხვევაში. აი, უყურე. ირაკლი შედის სახლში და ის გოგო უკვე გარდაცვლილია. ექსპერტიზა ამბობს, დაახლოებით ორი საათის მკვდარიაო. არადა, ირაკლი სულ ახალი შესულია ბინაში. რა, გარეთ მოკლა და სახლში მერე შეათრია?
- და რა იციან, ირაკლი როდის შევიდა?
- კამერები შეამოწმეს. გვაზავა ამტკიცებს, ექსპერტიზას ზუსტი დრო ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია, ეს სავარაუდოდ ითქვა, პირველადი დათვალიერებითო.
- კი მაგრამ, იმ კამერებზე არ ჩანს, ვინ შევიდა იქამდე კორპუსში, ვინ გამოვიდა?
- როგორ არ ჩანს, მაგრამ საეჭვო არავინ. ყველა იქ მცხოვრები ადამიანია. მათაც დაკითხავენ, თუმცა ეგ რას მოგვცემს. ადამიანი თავის სახლში მიდიოდა და მერე გადაუხვია მეზობლისკენ თუ არა, ვინ გეტყვის მაგას? შიგნით, სადარბაზოში არაა კამერები.
- და ის ლაშააა თუ ვიღაცა?
- ეგ არ ვიცი, მაგასაც შეამოწმებდნენ, ალბათ. ჩემთვის ჯერ არ გადმოუციათ საქმის მასალები. გამოვითხოვე უკვე და იმედია, ხვალ-ზეგ მომაწვდიან. გულდასმით შევისწავლი ყველა დეტალს.
- დედა, რა მეშველება! დედა, როგორ გამიუბედურდა შვილი! - მუხლებზე დავირტყი ხელები, - რატომ არ დაიწვა ის დღე, როცა ის გოგო გაიცნო, რატომ, რატომ!
- ძალიან გთხოვ, დამშვიდდე, შეეცადე მაინც. ახლა შენ მაგრად უნდა დადგე. მე დახმარება დამჭირდება და შენ და ტიდა რაწამსაც გეტყვით, ჩემ გვერდით უნდა იყოთ. მარტო ვერ გავწვდები ამ საქმეს.
- შენ სხვა საქმეებიც გექნება, ალბათ, შვილო.
- ორზე უკვე უარი ვთქვი და ერთს ხვალ მოვრჩები. დილით სასამართლო მაქვს. სხვათა შორის, ისიც ექიმია და თითქმის გავამართლე, მხოლოდ ჯარიმა ექნება გადასახდელი.
- ააა, მაგიტომ გითხრა გოგიმ, ექიმების ადვოკატიო? გამიკვირდა, ასე რატომ მონათლა-მეთქი, - გაეღიმა ტიდას.
- ჰო რა, ისე გამოვიდა, ზედიზედ სამი ექიმის დაცვა მომიწია, რა.
- ეშმაკის ადვოკატობას კი სჯობია ექიმის ადვოკატობა, რას ერჩი, - ჩემმა გოგომ ზურიკოს ჯერ თმა აუჩეჩა, მერე კი მხარი გაჰკრა.
- ტიდა! - თვალები დავუბრიალე, - სახუმაროდ გვაქვს საქმე?
- დე, ნუ ნერვიულობ, ბუბი ყველაფერს გააკეთებს იკაკოს დასახსნელად, აგერ, ნახავ.
- ბუბი ვინაა? - გავიკვირვე.
ტიდამ უხერხულად იგრძნო უცებ თავი.
- ამას ვეძახი ბუბის, - და ისევ გაჰკრა მხარი ზურიკოს.
- რაღაც ხშირ-ხშირად უცვლი შენ ამ ბიჭს სახელს. რაშია საქმე, რა მოგელანდა? - უმიზეზოდ ავუხირდი ჩემს გოგოს.
- ეგ მე შევარქვი ბუბი და მერე თვითონაც აიტაცა, - გამოიყვანა მდგომარეობიდან ზურიკომ ტიდა.
- ვაი, როგორი დალაგებული ოჯახი მქონდა და ეს რა დღეში ჩავვარდი. მორჩა ჩვენი მხიარულება, შვილებო, ყველაფერი დამთავრდა, - ისევ დავუშინე ხელები ჩემს მუხლებს.
- არაფერიც არ დამთავრებულა, ნატა. ყველაფერი კარგად იქნება. ორმოცდარვა საათის მეტი ირაკლის გაჩერების უფლება არ აქვთ. აუცილებლად გამოვაშვებინებ.
- რაღაც არა მგონია, ასე ადვილად გამოვიდეს ეგ საქმე, - კვლავ ცრემლით ამევსო თვალები.
- გამოვა. გოგიც შემპირდა, თუშიშვილი, მაგაშიც დაგეხმარები, ბოლოს და ბოლოს, მე დავუდგები თავდებადო. რაც მთავარია, მკვლელობის იარაღი არ აქვთ, ამიტომ უფრო დასაშვებია, თავდებით გამოუშვან, სანამ სასამართლო გაიმართება. მანამდე წინასწარი მოსმენა იქნება. მე და ტიდა კი იქამდე რაღაც-რაღაცებს გავარკვევთ.
- შენმა თანამშრომლებმა იციან? - ჩემს შვილს მივუბრუნდი.
- იციან რომელია, მთელი პრესა და ტელევიზია იქ იყო თავმოყრილი, - გაიღიმა ზურიკომ.
- მე კიდევ არც ჩამირთავს ტელევიზორი და თურმე რა ამბები ხდებოდა ჩემს თავს. ვაი, ნატა, ეს რა დღეში ხარ, შე საცოდავო, როგორ გაგიმწარდა სიბერე!
- დედა! კარგი რა! რა სიბერე, რა გამწარება! ნუ ამბობ ეგრე, რა! ყველაფერი დალაგდება, აგერ, ნახავ!
- ოხ, დაჩი, დაჩი! აი, თურმე რატომ მესიზმრებოდა ასე ისტერიკულად. თურმე მაფრთხილებდა და მე კიდევ ვერ მივხვდი, მე კრეტინი!
- აი, რას უნდა მიმხვდარიყავი, ერთი მითხარი. თავში აზრად მოგივიდოდა ეგეთი რამე? - გამიბრაზდა ტიდა.
- კარგი, ნუ ვიკამათებთ. ყველაფერს მოევლება, - თქვა ზურიკომ და ადგა, - წავალ ახლა მე, ხვალ ადრე დაგირეკავ და ერთად გავიდეთ. დილით სასამართლო მაქვს. როგორც კი ჩამთავრდება, მერე ჩვენს საქმეს მივხედოთ, კარგი?
- მეც გამოგყვებით! - შეუვალი ხმით წარმოვთქვი და ზურიკოს წინ ავესვეტე, - უჩემოდ ნაბიჯს ვერ გადადგამთ ვერც ერთი და ვერც მეორე. ყველაფრის საქმის კურსში უნდა ვიყო. მანამ კი დავრეკავ ვიღაც-ვიღაცებთან, იქნებ რამე გამომივიდეს.
- ნატა, არავისთან დარეკვა ჯერ საჭირო არ არის, გთხოვ, დამიჯერე. თუ ვნახავ, რომ არაფერი გამოდის, მერე შეიძლება. ჯერ ნურავის შეაწუხებ, არ გინდა. მე იმედი არ დამიკარგავს. მენდე, რა. - თქვა ზურიკომ და ნაძალადევად გამიღიმა.
- კარგი, დაგიჯერებ, შვილო. ისე, ამაღამ ჩვენთან რომ დარჩე? - შევთავაზე, - ირაკლის ოთახში დაწვები.
შეიშმუშნა და ტიდას გადახედა.
- მაშინ გადავალთ მე და ტიდა, გამოსაცვლელ ტანსაცმელს წამოვიღებ. ხვალაც ამას ხომ არ ჩავიცვამ, - მორიდებით წარმოთქვა და ტანზე დაიხედა.
- არა უშავს, ირაკლისას ჩაგაცმევ, ერთნაირი აგებულება გაქვთ ორივეს. იმას დროებით მაინც არაფერში დასჭირდება. მოუკვდეს დედა!
- კარგი, დავრჩები. მაშინ შევალ და წყალს გადავივლებ, თორემ სულ წებოიანი ვარ, - თქვა ზურიკომ და გაწითლდა.
მივუხვდი, ტიდას სიყვარული ცოტათი მაინც უბორკავდა ხელ-ფეხს, ბოლომდე შინაურულად ეგრძნო თავი.
ბავშვები თავ-თავიანთ საძინებლებში რომ გაიკრიფნენ, მარტო დავრჩი ჩემს ფიქრებთან. ცაზე მოცურავე ღრუბელივით ვიშლებოდი და ვიკუმშებოდი. ყველაფრისთვის მზად ვიყავი. ყველაფერს გავაკეთებდი, ოღონდ ირაკლი არ დამჩაგვროდა, დღე და ღამეს გავასწორებდი, ჩემს შვილებს ერთი ნაბიჯითაც არ მოვშორდებოდი და ყველა ერთად მივაღწევდით სიმართლეს. ამის მტკიცედ მჯეროდა.
ახლა უკვე ოკეანე ვიყავი, შტორმად ქცეული.
***
სასამართლო პროცესს მეც დავესწარი. მაინტერესებდა ზურიკოს ადვოკატის ამპლუაში ხილვა. ჩემ გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა კლიენტის გამამართლებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. მე კი არა, პროკურორიც კი გააოცა. არავინ ელოდა საქმის ასე შემობრუნებას. იმდენად საინტერესო პროცესი იყო, დროებით საკუთარი ტკივილიც კი გვერდზე გადავდე.
საქმე ეხებოდა ოფთალმოლოგ იმედა კუხიანიძეს, რომელსაც ავადმყოფი ქალიშვილი ჰყავდა. 15 წლის გოგონა ლამის მუნჯი იყო, არ ლაპარაკობდა და სახლში გახლდათ გამოკეტილი. ეზოშიც იშვიათად ჩადიოდა, მის გარეთ, ქუჩაში გასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. მეზობლებს ამის მეტი საჭორაო არაფერი ჰქონდათ. კუხიანიძე სამი წლის გადასული ყოფილა მათ უბანში საცხოვრებლად. როგორც გაირკვა, იმერეთიდან ჩამოსულან.
მის წინააღმდეგ საქმე მას შემდეგ აღიძრა, როცა მისი ჭიშკრის გალავანზე 14 წლის ბიჭი იპოვეს დასახიჩრებული. ექიმს კერძო სახლი ჰქონდა, ქვის მაღალი გალავნით შემორაგული. როგორც კი ამ სახლში საცხოვრებლად გადმოსულა, პირველ რიგში ეს კედელი-გალავანი აუშენებია. უცნაური ის იყო, რომ ჭიშკრის მარჯვენა მხარეს გალავანი დაუდაბლებია იმ სიმაღლეზე, რომ ადამიანს ხელის მოჭიდებით მასზე ასვლა და ეზოში გადახტომა არ გასჭირვებოდა. სხვა ადგილებში ამას კიბის გარეშე ვერ მოახერხებდა.
კიდევ ის გახლდათ უცნაური, რომ კედლის იმ დადაბლებულ ადგილას, შიგნიდან, ორი მეტრის გაყოლებაზე, ერთმანეთის მიყოლებით სამი მახე ყოფილა ჩამოკიდებული, რაც გარედან არ ჩანდა. სამონადირეო მახეები, წვრილ-წვრილი გარეული ცხოველის დასაჭერად გამოსადეგი - მელიის, ტურის, კურდღლის, ბოცვრის… სწორედ ერთ-ერთ ასეთ მახეს ემსხვერპლა მოზარდი ილია ლომიძე. იგი კედელზე გადაძვრა, მაგრამ ეზოში ჩახტომისას ერთ-ერთ მახეს გამოედო, რომელშიც მაჯა მოჰყვა. ვერც გათავისუფლება მოახერხა, ვერც დაბლა ჩახტომა, რის გამოც რამდენიმე საათი ჰაერში იყო გამოკიდებული. მარტო არ ყოფილა, თან ორი კლასელი ახლდა, მაგრამ როცა მეგობრებმა მისი განწირული ყვირილი გაიგონეს, შეშინებულებმა მოკურცხლეს, რადგან იფიქრეს, ილია სახლის პატრონმა დაიჭირაო და იმის შიშით, ძმაკაცმა ჩვენც არ ჩაგვიშვასო, დაიმალნენ.
ილია საღამოს სამსახურიდან შინ დაბრუნებულმა იმედამ იპოვა. ბიჭს გონება დაკარგული ჰქონდა და მაჯა - გაშავებული. მან მაშინვე ჩამოხსნა ბიჭი და პირველადი დახმარებაც აღმოუჩინა, თან სასწრაფო დახმარებაც გამოიძახა.
ბიჭი ცოცხალი გადარჩა, მაგრამ ხელი ვერ შეუნარჩუნეს -მაჯა მოაჭრეს და დარჩა ხეიბარი.
კუხიანიძე არ ასახელებდა მიზეზს, რატომ ჩამოკიდა ჭიშკრის გაყოლებაზე სამი მახე, რისგან იცავდა თავს. მხოლოდ იმას ამბობდა, მონადირე კაცი ვარ და მახეები ჩემი ჰობია, მსიამოვნებდა კედელზე რომ ეკიდა და აივნიდან ვხედავდიო. ამის მეტი ვერაფერი დააცდენინეს, თუ დამნაშავე ვარ, მომისაჯეთ, რაც მეკუთვნისო. არც ადვოკატთან გაიხსნა, ნამდვილ მიზეზს ბოლო წუთამდე მალავდა. როგორ არ მიუდგა ზურიკო, მაგრამ ვერ აალაპარაკა. თავიდან ადვოკატზეც უარს ამბობდა თურმე და რომ არა მისი ძმა და რძალი, დაუცველი დარჩებოდა.
ზურიკომ კი ნამდვილი სასწაული მოახდინა. ჩასულა იმერეთში, იმ სოფელში, სადაც კუხიანიძის ოჯახი ადრე ცხოვრობდა. გამოუკითხავს მეზობლები და ნამდვილი მიზეზისთვისაც მიუკვლევია. იმედას ცოლი გარდაცვლილი ჰყოლია და ობოლ ქალიშვილს მარტო ზრდიდა. თვითონ რაიონის საავადმყოფოში მუშაობდა, გოგონა კი მამის დაბრუნებას შინ მარტო ელოდებოდა. 9 წლის ყოფილა, როცა მათ სახლში გაძარცვის მიზნით სოფლის ბიჭები შეპარულან და როცა გოგონას კივილი დაუწყია, ჯერ გაუკოჭავთ, მერე გაუუპატიურებიათ და ბოლოს სახლიც გაუქურდავთ. მართალია, დამნაშავეები დაიჭირეს, მაგრამ გოგონას ფსიქიკური პრობლემები შეექმნა და წლები დასჭირდა მის მკურნალობას. ორი წელი მამა-შვილს სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაუტარებია, მერე კი კუხიანიძეს თბილისში უყიდია კერძო სახლი და შვილთან ერთად იქ დასახლებულა. საკუთარ სოფელში არ დაბრუნებულა, რათა გოგონას ძველი შიში არ განახლებოდა. სწორედ ამიტომ დააყენა ჭიშკრის კედელთან მახეები, თავდაცვის მიზნით. კედელიც ამიტომ დაადაბლა იმ ადგილას, რომ თუ ვინმე საქურდავად სახლში შესვლას მოინდომებდა, სწორედ ეს ადგილი აერჩია ადვილად გადაძრომის მიზნით და იქ მახეებს დაეჭირათ, თუკი ასეთი რამ ოდესმე მოხდებოდა.
ფაქტია, რომ მოხდა. ფაქტია, რომ ვიღაცამ მაინც სცადა მის სახლში შესვლა, თუმცა არა გაქურდვის მიზნით. როცა კუხიანიძეები თბილისში დასახლდნენ, მეზობლებში ხმა დაირხა თურმე, ბავშვობაში გოგო მგლებს შეუშინებიათ და ენა აქვს ჩავარდნილი, ამიტომ მას მერე აღარ ლაპარაკობსო. პატარა ბიჭებს უფიქრიათ, მოდი, შევიპაროთ სახლში, შევვარდეთ იმ გოგოსთან და ქაჯანასავით ჩვენ დანახვაზე კივილს რომ მორთავს, იქნებ მეტყველების უნარი დაუბრუნდესო.
მოსამართლის სახე არასდროს დამავიწყდება. გაოცებული უსმენდა ადვოკატს. ზურიკო კი საოცრად დამაჯერებლად ჰყვებოდა ამ ამბავს. იმედა მთელი ამ ხნის განმავლობაში შუბლშეჭმუხნილი უსმენდა ზურიკოს, ხანდახან სიმწრით თავს თუ გადააქნევდა. კულმინაცია კუხიანიძის ქალიშვილის დარბაზში შემოყვანა იყო. დამსწრეთა რიგებს ლამის გუგუნმა გადაუარა…
გაამართლეს იმედა, მხოლოდ ჯარიმა დააკისრეს მახეების გაუფრთხილებლობით დაკიდებისთვის და შინ გაუშვეს.
მთელი დარბაზი ტიროდა. ილიას მშობლებსაც კი არ ამოუღიათ ხმა, დასაწყისში მტრულად რომ იყვნენ განწყობილი და ქვეყანას აქცევდნენ.
***
როცა სასამართლო სხდომა დამთავრდა და გარეთ გამოვედით, ზურიკოს ჟურნალისტები შემოეხვივნენ, მათ შორის, ტიდას თანამშრომლებიც. დააყარეს შეკითხვები. ჩემი ბიჭი მშვიდად, თავდაჯერებულად და აუღელვებლად სცემდა პასუხებს. ბოლოს ირაკლიზეც ჰკითხეს, მის დაცვასაც აპირებთო?
- რა თქმა უნდა. აბა, რისთვის შემარქვით „ექიმების ადვოკატი“? - ეს ისეთი ხალასი ღიმილით წარმოთქვა, მე ცრემლები მომერია, დანარჩენებს კი გაეცინათ.
დრო არ იცდიდა. როგორც კი პრესას და ტელევიზიას თავი დააღწია, ზურიკო მე და ტიდას შემოგვიერთდა და პოლიციის განყოფილებისკენ გავეშურეთ. სუნთქვაც კი შეკავებული მქონდა, ისე ვნერვიულობდი. მხოლოდ ერთ რამეს ვნატრობდი, თვალი მაინც მომეკრა ჩემი შვილისთვის, როგორ უმკლავდებოდა ამხელა სტრესს და როგორ გამოიყურებოდა. დარწმუნებული ვიყავი, გაცამტვერებული იქნებოდა. ადამიანს მაშინაც კი უჭირს, სამართლიანად რომ დააპატიმრებენ და წარმოიდგინეთ, რა საშინელებაა, როცა სრულიად უსამართლოდ მკვლელობას გაბრალებენ, შენ კი თავის გამართლებაც არ შეგიძლია, რადგან ყველა სამხილი შენ წინააღმდეგ მეტყველებს!
ჩვენდა ჭირად, შევედით თუ არა, ის გვაზავა არ შეგვეჩეხა დერეფანში? მე არც ვიცოდი, ვინ იყო, ზურიკოს რომ არ დასტაკებოდა.
- ჯერ არ მაქვს საქმის მასალები მზად და არ დამიწყო ახლა შეგონებები! როცა გავამზადებ, დაგირეკავ! - ეს რომ წარმოთქვა, მაშინ მივხვდი, ვინც უნდა ყოფილიყო.
- როგორ არის? - აკანკალებული ხმით შევეკითხე, სანამ ზურიკო პასუხს გასცემდა.
- მშვენივრად. თქვენ ვინ ბრძანდებით?
- მე დედა ვარ, შვილო!
- „შვილო“ არა, ქალბატონო, „კაპიტანო“, - უხეშად შემისწორა, როცა გაიგო, ვინც ვიყავი.
კბილი კბილს დავაჭირე, რომ არ შემომლანძღოდა, მაგრამ ისეთი მზერა ვესროლე, ვაგრძნობინე, რა ნაგავიც გახდა ჩემს თვალში.
- საქმის მასალები არსად გაიქცევა, - თქვა ზურიკომ, - მაგრამ მანამდე კიდევ ერთხელ უნდა ვნახო.
- რამდენჯერ უნდა ნახო? გუშინ მთელი დღე აქ არ იყავი?! - ხმას აუწია გვაზავამ.
- რამდენჯერაც საჭირო გახდება, იმდენჯერ ვნახავ და ამას ვერავინ დამიშლის! - ჩემმა შვილობილმაც აუწია ხმას.
-აქ უკრაინა არ არის, საქართველოა! - არ დაიხია გვაზავამ.
- ვიცი, - მტკიცედ მიუგო ზურიკომ, - მე ქართველი ვარ და ქართულ კანონებს კარგად ვიცნობ!
გამომძიებელს დაჭყლეტილი პამიდვრის სიფათი დაედო, მაგრამ აღარაფერი თქვა, გულმოსული შეტრიალდა და დერეფანს გაუყვა. ტიდა გაედევნა.
- მოიცა, მაგას ვანახვებ, უხეშობა როგორ უნდა! - დავიქადნე და განზე გავედი.
ამასობაში ზურიკომ რომელიღაც კაბინეტის კარზე დააკაკუნა და შევიდა, მე კი მობილური მოვიმარჯვე და საჭირო ნომრის მოძებნას შევუდექი. იუსტიციის სამინისტროში ერთ-ერთ მაღალჩინოსანს ძალიან კარგად ვიცნობდი და მასთან დარეკვა გადავწყვიტე. ამ გამომძიებელს ადგილზე თუ არ მოვსვამდით, ისედაც რთულ საქმეს უფრო გაგვირთულებდა. ამ დროს ის კარი გაიღო, სადაც ზურიკო შევიდა და ხელით მანიშნა, შემოდიო.
ეგრევე შევედი, დარეკვა გადავდე. კაბინეტის მაგიდას ახალგაზრდა, ორმოციოდე წლის სიმპათიური მამაკაცი უჯდა, რომელიც ჩემი დანახვისთანავე ფეხზე წამოიჭრა და თვალებგაბრწყინებული ჩემკენ გამოემართა.
- ქალბატონო ნატა! როგორ ბრძანდებით?
ვერ ვიცანი, მაგრამ მივხვდი, ეს ის მაიორი იქნებოდა, გუშინ ბავშვები რომ მიყვებოდნენ.
- გოგი, ალბათ, ხომ? - ძლივძლივობით მოვირგე სახეზე ღიმილი.
- ვერ მიცანით? მე თქვენთან სახლშიც ვარ ნამყოფი.
- ვიცი, შვილო, გამახსენდა. ისე ვარ თავზარდაცემული, ჩემგან ნურაფერი გაგიკვირდება.
- ნუ გეშინიათ, მე თქვენ გვერდით ვარ, ირაკლის არავის დავაჩაგვრინებ. აგერ დაბრძანდით.
ცოტა ხანში ტიდაც შემოვიდა დაბნეული სახით.
- რა იყო, ტიდა? - ავფორიაქდი.
- ეგეთი შეუგნებელი ვინმე თუ მენახოს საერთოდ, - ხელები გაასავსავა ჩემმა გოგომ, - სიტყვა არ მათქმევინა!
გოგიმ თავი უკმაყოფილოდ გააქნია.
- შეიძლება პოლიციელი ასეთი უხეში იყოს? ვერ ხვდება, ოჯახის წევრები რა დონეზე ვართ განადგურებული? ნუთუ არ შეუძლია რაღაცნაირად უფრო რბილად დაგველაპარაკოს? მაგას რა, ყველა დასასჯელი ჰგონია? - მეც აღვშფოთდი.
- იცით რა? - ხმადაბლა დაიწყო თუშიშვილმა და ჩვენკენ გადმოიხარა. შეთქმულებივით ჩვენც კისრები წავიგრძელეთ, - თქვენ შეგიძლიათ აცილება მისცეთ გვაზავას, მაგრამ ამისთვის ცოტა წონიანი ადამიანი დაგჭირდებათ, აი, იქ, ზევით. - და თითი ჭერისკენ აიშვირა.
გაგრელება იქნება