მიამ გვირაბი მშვიდობით დატოვა და მანქანასთან დაბრუნდა. მძღოლი სიგარეტს ეწეოდა.
- იპოვე, რაც უნდა გეპოვა?
- კი... ვიპოვე, მაგრამ არ ვიცი, გავუგებ თუ არა თავს და ბოლოს...
მძღოლმა გაუღიმა, სიგარეტი გადააგდო და მანქანის კარი გამოაღო. მიაც ჩაჯდა. ირგვლივ უკუნეთი სიბნელე იდგა.
- დიდი ხანია, მასთან მუშაობ? - ვერ მოითმინა მიამ და ბიჭს კითხვა დაუსვა. მძღოლმა სარკიდან გამოხედა და გაიღიმა. ახალგაზრდა იყო. წაბლისფერი თმა და ყავისფერი თვალები ჰქონდა. ძალიან სიმპათიური იყო. განსაკუთრებით, ღიმილი ჰქონდა ძალიან საყვარელი.
- ვიცი, რომ აკრძალული გაქვს ჩემთან ლაპარაკი, მაგრამ მაინც ვერ ვითმენ, რომ სულ არაფერი გკითხო...
- არა უშავს... მესმის შენი! სხვა ვითარებაში რომ შევხვედროდით, ალბათ ბევრს ვილაპარაკებდით.
უთხრა ბიჭმა და ისევ გაიღიმა.
მია სახლში საკმაოდ გვიან დაბრუნდა. მშობლები შეშფოთებულები იყვნენ. როგორც ჩანს, მობილურზე ურეკავდნენ, მაგრამ გვირაბში ყოფნის დროს ქსელი მიუწვდომელი იყო.
ახსნა-განმარტებების მერე მია თავის ოთახში შეიკეტა და მანუსკრიპტი გაშალა. ზედ ცხრა სიმბოლო იყო გამოსახული. რუკის ნაწილს კარგად დააკვირდა... დაახლოებით მიხვდა, სად შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ადგილი, მაგრამ სიმბოლოები ამ ადგილთან ვერ დააკავშირა...
- ფისო, აქ ხარ? - მისწერა ტრიქსტერს.
- კი! - გავიგე, წარმატებით შეგისრულებია მისია! გილოცავ
- მადლობა მედალიონს რა ვუყო?
- ჩამოიკიდე და სულ თან გქონდეს. დღეიდან შენი თილისმა იქნება... რაც შეეხება მანუსკრიპტს, ხვალ მიხვალ წიგნების მაღაზიაში. მისამართს მოგვიანებით მოგწერ... მოკლედ, ნოველა უნდა იპოვო!
- რა ნოველა?
- ნოველა, რომელიც არ დევს და არ იყიდება!
- სერიოზულად? ეგ რომ ვთქვა, ხომ დამცინებენ
- შენ თვითონაც იპოვი! სხვისი დახმარების გარეშე. ნოველა დაგეხმარება მანუსკრიპტის გაშიფვრაში და კიდევ რაღაცაში...
- სად მომიწევს წასვლა?
- მაგას ნოველიდან გაიგებ!
- გვირაბში მოგზაურობა საინტერესო იყო განსაკუთრებით, შუა ნაწილში, როცა ფარანი ჩაქრა. შენი სიურპრიზი მოსალოდნელი იყო ჩემთვის...
-არ შევმცდარვარ შენში! ეგ წინდახედულობა ყოველთვის გამოგადგება! ახლა დაისვენე ძილი ნებისა, წითურო
- ძილი ნებისა, კატა!
მიას მალე დაეძინა. დილით ისაუზმა თუ არა, იმ წიგნების მაღაზიაში გავარდა, რომელიც ტრიქსტერმა მისწერა. თაროებისთვის არც შეუხედავს, ცარიელ ადგილებს დაუწყო ძებნა. ნოველა იპოვა, - პატარა იყო. თავის ბლოკნოტში გადაიწერა და სახლში დაბრუნდა. ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია, - პრინციპს ადვილად მიხვდა.
- აქ ხარ?.. მივხვდი, რა ადგილზეა საუბარი...
- ძალიან კარგი კვირას, სამ საათზე წახვალ და მაგ ცხრა სიმბოლოს მოძებნი. პრაქტიკულად ჩაიცვი. სასურველია, ფარანიც წაიღო. ბლოკნოტი და კალამიც დაგჭირდება. სიმბოლოებს რომ იპოვი, მერე მიხვდები, რაც უნდა გააკეთო.
- მგონი, უკვე მივხვდი, გამუქებულ სიტყვასაც დავაკვირდი...
- კარგია! მე რამდენიმე დღით მივდივარ ქვეყნიდან და არ ვიქნები! ორშაბათს დავბრუნდები და შენს ამბავს გავიგებ... აბა, წარმატებები, წითურო ჰო, მართლა! - შენი ანგარიშის ნომერი მომწერე, სანამ ახალ სამსახურს არ იშოვი, ფულს ჩაგირიცხავ ხოლმე...
- კარგი, მოგწერ... შენ სულ ასეთი კეთილი ხარ?
-
- ასე გჭირდება, ალბათ ისეთ აზარტში შევედი, რომ ალბათ სანამ არ გიპოვი, ვეღარ გავჩერდები...
- სიამოვნებით წარვსდგები შენს წინაშე ფინალში, წითელთმიანო
მიამ ლეპტოპი დახურა და დაფიქრდა. იმდენად უნდოდა, ტრიქსტერის ვინაობა გაეგო, რომ თავს ძლივს ერეოდა... რომ ვერ მოისვენა, სოფოს დაურეკა და თეატრის ამბები ჰკითხა.
- გოგო, ჩემს გულში იჯექი? ახლა უნდა დამერეკა, დაჟე ტელეფონი ავიღე...
- მართლა? რა უცნაურია... როგორ ხარ?
- კარგად! არ გინდა, სადმე დავსხდეთ ცოტა ხნით? რაღაც უნდა მოგიყვე... ეთომ სულ გაუბერა!
- კიი, როგორ არა! ჩვენს კაფეში მოვალ. რამდენ ხანში იქნები შენ მანდ?
- ორმოცი წუთი მეყოფა!
- ოკს... ორმოც წუთში იქ ვარ!
კაფეში ბევრი ხალხი იყო. მიამ და სოფომ თავისუფალი ადგილი ძლივს იპოვეს და დასხდნენ.
- რა ხდება, აბა, თეატრში... მაინტერესებს... კიდე ვერ მოვიდა გონზეე?
- რა მოვიდა? - უარეს დღეშია! - დარწმუნებულია, რომ ის ვიღაც შავგვრემანი გოგო შენ მიუგზავნე, არარსებული ფირმიდან... ეს კიდე არაფერი, თავისი ყოფილი შეყვარებულის საყვარლობასაც გაბრალებს!
მიას ყავა გადასცდა და ხველა აუტყდა.
- მეე? საყვარლობას?..
- აბაა! - გახსოვს, რომ თქვა, გავიგებ, ვის სახელზეა ის ბინაო თუ რაღაც... სადაც ვითომ მაგისი თევზი წაიღეს...
- ჰო...
- ის ბინა იმ თავის ყოფილ შეყვარებულს გაუქირავებია!
- მერე?
- რა მერე? დააკავშირა ეს ყველაფერი ერთმანეთთან... ვითომ შენ და იმ ტიპმა ერთად მოიფიქრეთ თევზის მოპარვა და ის გოგო გარიეთ... იმ გოგოს არც ეძებს, - ეგ "ისპალნიტელი" იყო და არ მაინტერესებსო...
- და ის ბიჭი ვინ არისო?
- ვიღაც მრბოლელია... რა ვიცი...
- საინტერესოა...
- რა არის გოგო საინტერესო?
- იქნებ მართლა გაუჩალიჩა იმ ბიჭმა ეგ ამბავი? რა იცი? თუ ყოფილი შეყვარებულია, ეცოდინებოდა მაგისი დაქნეული თავის და თევზდამოკიდებულების ამბავი...
- ჰო, რავი... შეიძლება! მეც არ მგონია მთლად გიჟი ეთო...
- ერთი ჰკითხე იმ ბიჭის სახელი და გვარი მერე, ოღონდ ტექნიკურად შეაპარე...
- რაში გაინტერესებს? - სახელი კი მახსოვს! - მგონი, რეზი ახსენა... გვარი არ უთქვამს. რუსთავში გონკაობსო...
- უი, მე მყავს ერთი ნაცნობი, მანდ გამოდის ხოლმე შეჯიბრებებში... ვკითხო ერთი...
- თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი!
მია და სოფო კიდევ ცოტა ხანს ისხდნენ კაფეში. კვირამდე მეტი განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. კვირას, 3-ის ნახევარზე მიას ნაცნობმა მძღოლმა მოაკითხა და დანიშნულების ადგილზე წაიყვანა.
შენობა უზარმაზარი და ძველი იყო. დიდი დარბაზები ერთმანეთში ლაბირინთებივით გადიოდა... ტრიქსტერის ხელის და თვალის სიმბოლო რომ არა, მია ალბათ დაიკარგებოდა კიდეც შიგნით.
მიმართულების მაჩვენებლებს მიყვებოდა და სიმბოლოებს ეძებდა. ყველაფერი დანგრეული იყო.
"სპეციალურად არჩევს ასეთ ადგილებს"... - გაიფიქრა მიამ და გზა განაგრძო. ოდნავ შიშმაც შეიპყრო.
მია დადიოდა და ყველაფერს ათვალიერებდა. გზადაგზა სიმბოლოებს პოულობდა, რომლებიც შენობაში იყო მიმოფანტული...
მინიშნებები მხოლოდ შენობის მარცხენა ფლიგელში იყო. მიამ 8 სიმბოლო იპოვა, მეცხრეს მოძებნა გაუჭირდა, მაგრამ იქამდე არ დატოვა შენობა, სანამ ისიც არ იპოვა.
ნოველის მიხედვით, შემდეგი მინიშნებაც გამოიცნო და რაღაც ამოიკითხა. მოულოდნელობისაგან სიცილი აუტყდა. ამდენი იმისთვის იარა და ეძება, რომ ისევ იმასთან მისულიყო, რაც ისედაც ახლოს იყო მასთან?..
მიამ ფანჯრიდან გადმოიხედა. მძღოლს მანქანა დაეკეტა, როგორც ჩანს, ისიც შენობაში შემოვიდა.
მია მის მოსაძებნად გაემართა...
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
P.S. მკითხველს:
დავალება მესამე:
25 მარტიდან - 30 მარტის ჩათვლით, წიგნების მაღაზია "ბიბლუსში" (იოსებიძის №49-ში) იპოვით გასაღებს მანუსკრიპტისთვის.
მოძებნეთ ნოველა, რომელიც არ დევს და არ იყიდება.
Trickster