შემოვედი და უეცრად გარეთ საშინლად მოიქუფრა. ჯერ გრუხუნი გაისმა, მერე გაიელვა, ბოლოს კი წვიმამ დასცხო. უცნაურად შეიცვალა ამინდი, რაც მთლად კარგად არ მენიშნა. აივანზე გავედი და რიკულს დავეყრდენი. წვიმის მსხვილი წვეთები სახესა და ხელებზე მესხმებოდა, მე კი არ ვინძრეოდი. თითქოს ასეთ ამინდს ველოდებოდი, უეცრად ცრემლები წამსკდა. ვტიროდი. გულამოსკვნით. სასოწარკვეთილი. გულდამდუღრული და უფლებაწართმეული. მე და წვიმა ხმაშეწყობილად მოვთქვამდით ჩვენ-ჩვენს გასაჭირზე…
როცა გული ტირილით მოვიოხე, ოთახში შევბრუნდი. ახლა უნდა დამეძინა, რომ რეალობა დროებით დამევიწყებინა. თუ არ წავუძინებდი, რაღაც შარს ავკიდებდი ჩემს თავს.
ჩაცმული შევწექი თხელი საბნის ქვეშ. მოკუნტული. სახეც კი შიგნით შევმალე და მხოლოდ ცხვირი გამოვაჩინე, რათა მესუნთქა. ახლა სიბნელეში მინდოდა ყოფნა. სიბნელესა და სიჩუმეში.
თვალწინ გამირბინა ჩემი ბიჭის ბავშვობამ, მოზარდობამ, ყმაწვილკაცობამ… გამუდმებით მისი ხმა ჩამესმოდა ყურში: „დედი, მიყვარხარ! განსაკუთრებული ხარ, ყველა დედაზე მაგარი დედა ხარ. სასწაული დედა. ვიცი, რომ ცხოვრების წლები ნაოჭებში გაქვს მიმალული, სევდა კი აგურის კედელივით მზერაში ჩაშენებული, მაგრამ შვილებმა მაინც ხომ გაგიმართლა? მეც, ტიდამაც, ზურიკელამაც. დედას მეტი რა უნდა?“ - ასე მადღეგრძელა ზურიკოს დაბადების დღეზე. თურმე როგორი ბედნიერი ვყოფილვარ მაშინ.
უნდა დამეძინა, რათა ცოტა ხნით მაინც მოვწყვეტოდი გარე სამყაროს. ძილი ამწუთას ჩემთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. ერთი ძველინდური გამოთქმა ამომიტივტივდა: „სიკვდილი ძილია, ძილი სიკვდილია. ერთიდან ვიღვიძებთ, მეორიდან ვეღარ“. ჰო, დროებით უნდა მოვმკვდარიყავი, რათა გაღვიძების შემდეგ ახალი ენერგიით შევდგომოდი ბრძოლას.
ბრძოლას ჩემი შვილის გადასარჩენად!
***
როგორც ჩანს, დიდხანს მეძინა. როცა გამეღვიძა, უკვე ჩამობნელებულიყო. სახლში ჩამიჩუმი არ ისმოდა. წვიმასაც გადაეღო. ისე ვიყავი ჩათბუნული, ადგომა არ მინდოდა. რა ცუდი შემოდგომა გამითენდა! არადა, როგორ მიყვარს ეს სეზონი!
მორჩა, ხვალიდან შეუვალი ვიქნები. ყველაფერს გავაკეთებ ირაკლის გამოსახსნელად. სიამაყეს მოუკვდა პატრონი! თავმოყვარეობასაც! მე დედა ვარ, რა დროს ყელყელაობაა! ნურავინ მეტყვის, ძლიერი ქალი ხარო. როცა ტკივილი ჩემს შვილს ეხება, ჩემი სიძლიერე სწორედ მაშინ ქრება და საოცრად უძლური ვხდები.
ასე არაფერი გამოვა. არასდროს არავის იმედი არ მქონია, რასაც მივაღწიე, მხოლოდ ჩემით. შრომით, გარჯით, შემართებით! ქმარი რომ ქმარია, ისიც არ ამომიდგა გვერდით, სხვასთან გაიქცა. ორი შვილი, ფაქტობრივად, მარტომ გავზარდე, მაგრამ არ დამიწუწუნია. კარზე არავის მივდგომივარ დახმარების სათხოვნელად. როცა მიჭირდა, ღამეები პურის რიგშიც გამითენებია, კვერცხის ფხვნილით მომზადებული ტაფამწვარიც მიჭამია და შოთის პურის აჭარული ხაჭაპურიც გამომიცხვია…
ცხოვრება არავის ჩუქნის შესაძლებლობებს. ადამიანმა თვითონ უნდა შექმნას შესაძლებლობები. ვერავის იმედზე ვერ ვიქნები, არავის არ დაველოდები! უამრავ თანამდებობის პირს ვიცნობდი, ვისთანაც ჩემი პროფესია მაკავშირებდა. ბევრთან ვმეგობრობდი, ბევრთან ახლო ურთიერთობაც მქონდა, მაგრამ ახლა, როცა ასე ძალიან მიჭირდა, არავინ შემომეხმიანა. თურმე მხოლოდ მაშინ სჭირდები შენ ზემოთ მდგომს, როცა გილხინს. შენი ჭირის გაზიარება არავისაც არ უნდა. არა უშავს. ვინც დავრჩით, ისინი ვიბრძოლებთ - მე, ტიდა, ზურიკო! გამოვიჩენთ აგრესიულობას და ერთად გავწევთ ამ უმძიმეს ჭაპანს, ჩვენ ხომ ერთი ოჯახი ვართ. აუცილებელი არაა, ჩვენი მცდელობა იდეალური გამოვიდეს. მთავარია, ვცადოთ და სიმართლეს მივაკვლიოთ. ახლა გონებრივი დრო უნდა გამოვიყენოთ და არა საათობრივი. ის, რასაც ერთ დროს 48 საათი მოვუნდებოდით, ახლა 24 საათში უნდა გავაკეთოთ. უნდა შევკუმშოთ დრო! ყველაფერი ხომ მოსწრებაზეა!
როგორც იქნა, ავდექი. ცოტა შემამცივნა. პლედი მოვიხურე მხრებზე და სამზარეულოს მივაშურე, რათა ცხელი ყავა დამელია. კარი გამოვაღე და უეცრად შიშმა ამიტანა. სიბნელეში ფანჯარასთან თითქოს რაღაც შეირხა. გული ლამის გამიჩერდა.
- მე ვარ, დე, არ შეგეშინდეს, - ტიდას ხმა იყო.
- ოჰ, შენ რა გითხარი. როგორ შემაშინე, - ხელი გულზე მივიდე და კედელს მივეყრდენი, - შუქი რატომ არ გინთია?
- გეძინა და ვიფიქრე, არ გავაღვიძებ-მეთქი. ეს დღეები წესიერად არ გძინებია.
- დიდი ხანია მოხვედი?
- ერთი საათი იქნება.
- ასე ადრე როგორ გამოგიშვეს სამსახურიდან?
- გამომიშვეს, - ხმადაბლა ჩაიდუდუნა, ადგა და შუქი აანთო.
- დაადგი ერთი მადუღარა, ყავას დავლევ, თორემ რაღაც შემცივდა. - მოვიბუზე და პლედი უფრო მჭიდროდ შემოვიხვიე მხრებზე. შემაკანკალა.
ტიდა მაშინვე დაფაცურდა. მადუღარა წყლით აავსო და ჩართო. მერე მოზრდილი ფინჯანი გამოიღო კარადიდან და ყავისა და შაქრის ჩაყრას შეუდგა.
- ზურიკო სადაა?
- იქ დავტოვე, განყოფილებაში. გვიან გამოივლის.
- არის რამის იმედი?
- დედა, ეგრე ნუ ლაპარაკობ, რა! - უეცრად ხმას აუწია, აგრესიული გაუხდა ტონი, - რა იმედზე მელაპარაკები, უიმედო რა გვჭირს? ყველაფერი კარგად იქნება!
- ღმერთმა ქნას, - ამოვიოხრე და სკამზე ჩამოვჯექი. თავი კედელს მივადე და თვალები დავხუჭე.
- დიდი ჭიქით გიკეთებ!
- ჰო, დიდით დავლევ, იქნებ ცოტა გავთბე.
- თუ გციოდა, როგორ დაგეძინა?
- სანამ მეძინა, თბილად ვიყავი. ტანსაცმლიანად რომ შევწექი, იმის ბრალია. რომ ავდექი, შემცივდა.
- სურდო არ აიკიდო ახლა, შენი გაციება არ გვაწყობს. ხომ იცი, როგორ გვჭირდები.
- ვიცი და არ ვაპირებ! - პრეტენზიული ტონით წარმოვთქვი.
ტიდამ ოხშივარადენილი შავი ხსნადი ყავა წინ დამიდგა.
- ვატყობ, ამაღამაც არ გიწერია შენ ძილი.
- ვითომ რატომ? - ავხედე.
- იმიტომ, რომ უკვე გეძინა და კიდევ იმიტომ, რომ ამდენი კოფეინის მერე რა დაგაძინებს?
- როგორმე მოვახერხებ, არ იდარდო. იმდენი საფიქრალი მაქვს, არც მინდა დამეძინოს. რამე უნდა ვიღონო, ასეთი უმოქმედობა არ ივარგებს. მთლად ამოვვარდი კალაპოტიდან.
- დაველოდოთ ზურას, ვნახოთ, რა ამბავს მოგვიტანს.
ძაღლი ახსენე და ჯოხი მოიმარჯვეო, ნათქვამია. ამის თქმა და კარიც გაიღო. ზურიკოს ზარის დარეკვა არ სჭირდებოდა, ერთი გასაღები დიდი ხანია მას ჩავაბარეთ. ამიტომ მაშინაც შეეძლო სახლში შემოსვლა, როცა შინ არ ვიყავით.
კარის ხმაზე ტიდა სამზარეულოდან შურდულივით გავარდა. მე არ გავნძრეულვარ, მხოლოდ გავიხედე ჰოლისკენ. დავინახე, როგორ ჩაეხუტა ჩემი გოგო ზურიკოს, იმან კი ყელში აკოცა. სითბო ჩამეღვარა სხეულში. ნეტავ ამათ ბედნიერებას მომასწროს ღმერთმა!
- ნატა, როგორ ხარ? - შემოვიდა ზურიკო და მხარზე გადამისვა ხელი.
- როგორც ჩემს მდგომარეობაში მყოფ დედას შეეფერება, - ნაღვლიანად გავიღიმე.
- ნუ გეშინია. ხვალ შენი ირაკლუნა აქ გეყოლება.
- რა თქვი? - თექვსმეტი წლის გოგოს სიყოჩაღით წამოვხტი.
- ყველაფერი მოვაგვარე. ხვალ საპროცესო გაიმართება და გამოუშვებენ.
- დედა, რა მითხარი! შენ გაიხარე, შვილო, როგორც მე გამახარე! - ვეხვეოდი და ჭკვიან შუბლს ვუკოცნიდი, - როგორ შეძელი?
- რა ვიცი, შევძელი. გოგიც მაგრად დამეხმარა.
ტიდა ლამის კიოდა სიხარულისგან, გარშემო ურბენდა შეყვარებულს.
- რამდენია გადასახდელი?
- არაფერი, - უხერხულად აიჩეჩა მხრები და მზერა ამარიდა.
- რას ჰქვია არაფერი? რაღაცას მატყუებ! - ხმა გავიმკაცრე და შუბლი შევიკარი.
- ბუბი, ყავა მეც მინდა, რა?
- ყავა კი არა, საჭმელი გაუცხელე, მშიერი იქნება! - მივუბრუნდი ჩემს ქალიშვილს.
- არა, არ მშია. მე, გოგიმ და მამუკამ ერთად ვისადილეთ წეღან და მომდევნო დღეები დავგეგმეთ. გოგიმ დაგვპატიჟა თავისთან.
- შენც დიდი ჭიქით გინდა? - ტიდამ მხრებზე დააწყო ხელები და გვერდიდან გამოხედა, თმით გაელამუნა ლოყაზე.
- არა, ხსნადი არ მინდა. ნალექიანი, რა!
- ზურიკო! კითხვაზე პასუხი უნდა გამცე!
- გადახდილია, ნატა, დღეს შევიტანეთ, რაც იყო შესატანი.
- რას ჰქვია, შევიტანეთ. ვინ შეიტანეთ? რა შეიტანეთ? - ერთიანად დავიძაბე.
- მე და გოგიმ გადავიხადეთ და ძალიან გთხოვ, არაფერი მითხრა. მთლიანად თუშიშვილს უნდოდა გადახდა, ვალში ვარ მაგ ბიჭთანო, მაგრამ არ დავანებე. ნახევარი მე დავდე.
- კი მაგრამ, მე სათვალავში არ ვარ? - ავფეთქდი, - რა უფლებით? შეგეცოდეთ? მე რა, ფული არ მაქვს თუ როგორაა თქვენი საქმე?
- რა მნიშვნელობა აქვს, შენ გადაიხდიდი თუ მე? - არ დამითმო ზურიკომ, - ჩვენ რა, ერთი ოჯახი არ ვართ? დღეს მე გადავიხდი, ხვალ შენ, ზეგ…
- მე! - წაართვა სიტყვა ტიდამ და ორივეს ერთდროულად გაეცინა.
მეც ვერ შევიკავე თავი. გამეღიმა.
- ნატა, თავს არ დავზოგავ, ხომ გჯერა ჩემი? დედას ვუტირებ და ირაკლის მაინც გავამართლებ. მაქვს ეჭვები, ვისი გაკეთებულიცაა ეგ საქმე და სანამ ფსკერამდე არ ჩავყვები, არ მოვისვენებ. აი, ხვალ ყველა ერთად შევიყრებით და ბოლომდე მივყვებით საქმეს, ნაბიჯ-ნაბიჯ.
- შვილო, ვინ ხარ შენ ამისთანა, ყველას რომ ამართლებ, როგორ ახერხებ ამას, ამიხსენი ერთი!
- არა, ყველას როგორ ვამართლებ, ეგეთი ბედნიერება ვინ მაღირსა, - გულღიად გაეცინა, - ბოლო ორი ადამიანი გავამართლე და ისე დაემთხვა, რომ ორივე ექიმი იყო, თორემ მანამდე…
- მანამდე რა, წააგე?
- არა, წაგებით არ წამიგია, რასაც შევპირდი კლიენტებს, ის გავუკეთე. ერთს ცამეტი წლის ნაცვლად ცხრა წელი მიუსაჯეს, მეორეს ცხრა წელი ემუქრებოდა და მე ექვსამდე დავუყვანე. კიდევ ერთს პირობითი მიუსაჯეს… რას ვიზამთ, სულ ერთნაირად ვერ გამოვა. თანაც, ყველა საქმეს არ ვკიდებ ხელს.
- კი მაგრამ, გული გიგრძნობს, რომელს მოიგებ და რომელს არა? - გაოცებული ვიყავი.
- არა, არა. ვიცავ იმ ადამიანებს, ვინც მართლა დასაცავია. ზოგჯერ მკვლელიც უნდა დაიცვა, გააჩნია რა შემთხვევაში.
- ჰო, მესმის. ღმერთმა ხელი მოგიმართოს, ჩემო ზურიკელა. შენ თუ ირაკლის გამართლება შეძელი, ყოველდღე ფეხებს დაგიკოცნი, გპირდები, - ამის წარმოთქმაზე გული ამიჩუყდა.
- რას ამბობ, ნატა! ფეხებს მე უნდა გიკოცნიდე, იმხელა ამაგი მახსოვს შენგან. რომ არა შენ, ვინ იცის, ახლა სად ვეგდებოდი. საუკეთესო ვარიანტში ბაზრის დახლთან ვიდგებოდი, თუ არადა, ციხეში ამოვყოფდი თავს ხულიგნობისთვის ან… რა ვიცი, შეიძლება ქურდობისთვისაც.
- ტფუი, ტფუი! ტუჩზე მიირტყი ხელი, ბიჭო, ეგ რამ გათქმევინა! - კაი ცრუმორწმუნესავით შორს დავიჭირე მისი ნათქვამი.
ახითხითდა, როგორც ბავშვობაში სჩვეოდა, ზუსტად ისე. ძველი ზურიკო გამახსენდა და გული სიამით გადამევსო.
ვუყურებდი და კმაყოფილების უდიდესი განცდა მეუფლებოდა. ჯერ ერთი, რომ ძალიან სიმპათიური იყო, ნამდვილი კოლხი, მოხდენილი, მაღალი, ვაჟკაცური თავისი გრუზა თმით. მეორეც - წარმატებული, თავისი საქმის ზედმიწევნით მცოდნე და მესამეც - „წუთი-წუთზე“ ჩემი სიძე გახდებოდა. ამაზე საამაყო რა უნდა ყოფილიყო? თუ ვინმესთვის ბოლომდე დაიხარჯებოდა და თავს დადებდა, ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ეს ირაკლი იქნებოდა.
არა, ამ ბრძოლაში მარტო არ ვიყავი. გვერდით შვილები მედგნენ - ჩემი ტიდა და ჩემი ზურიკელა! ჩვენ ერთად სამყაროს ამოვატრიალებდით!
***
მეორე დილით ბავშვებმა ერთობ მორიდებით მთხოვეს, სახლში დავრჩენილიყავი. ჩვენ ირაკლის მოვიყვანთ, შენ სადილი დაგვახვედრეო.
ღმერთო, სად მქონდა სადილის მომზადების თავი! მთელი სული და გული იქითკენ მეწეოდა - ჩემი უსამართლოდ დაჭერილი შვილისკენ, მაგრამ ვერც ზურიკოს გავუტეხე ხათრი და ვერც ტიდას. მართლაც, აჯობებდა შინ დავრჩენილიყავი, თორემ ნერვიულობისგან, ალბათ, სული გამძვრებოდა.
რადგან მარტო ვერაფერს მოვახერხებდი, მეზობლებს ვუხმე. დოდო და ლია მაშინვე ამოვიდნენ და ერთობლივი ძალებით შევუდექით მზადებას. მე ღომის თადარიგი დავიჭირე, დოდომ ნიგვზიანი ხარჩოს მომზადება ითავა, ლალიმ კი, რახან მეგრულ კერძებში მოიკოჭლებდა, ხაჭაპურის გამოცხობა აიღო თავის თავზე. თან საქმიანობდნენ, თან ქაქანებდნენ. ცოტა გული გადავაყოლე, ისე აღარ ვნერვიულობდი.
სადღაც ოთხი საათი იქნებოდა, ტიდამ რომ დამირეკა, მოვდივართ სამივე და ისე გვშია, გული მიგვდის, გააცხელე, თუ რამე გაქვსო. სიხარულისგან ავკივლდი. ვერ გეტყვით, როგორი ენერგიით შევუდექი სუფრის გაშლას. რა გაცხელება, როცა ყველაფერი ცხელ-ცხელი გვქონდა. ღომს მხოლოდ დაგება უნდოდა, ხაჭაპურს კიდევ, მათი მოსვლისთანავე შეაგდებდა ღუმელში ლია. მანამდე ორი ცალი გამოაცხო და იქვე შევსანსლეთ, რადგან ჩვენც მოშიებულები ვიყავით…
***
ჩემი ბიჭის დანახვაზე გულმა უცნაური დარტყმები განახორციელა. მატარებელი რომ სისწრაფეს აკრეფს და მოუმატებს და მოუმატებს სიჩქარეს, ისეთი დაგადუგი გაჰქონდა.
მოუკვდეს დედა! არაა გამხდარიო! რენტგენის სურათს დამსგავსებოდა ამ რამდენიმე დღეში, გაფერმკრთალებულიყო, თვალები ჩასცვენოდა და ამოღამებოდა.
ჩავეხუტე და იმდენ ხანს ვკოცნიდი მის მკერდს, სანამ ძალით არ მომიცილა, რა პატარა ბავშვივით მექცევიო. მერე ქალები შემოეხვივნენ, ულოცავდნენ. შორს დაიჭირა.
- ჯერ ადრეა, ხალხო, ჯერ სიმართლე მაქვს დასამტკიცებელი, - ღიმილით იგერიებდა მოლოცვებს ჩემი ბიჭი.
ცრემლები ღაპაღუპით მდიოდა, მაგრამ არც დამალვა მიცდია მათი და არც მოწმენდა. ახლა აღარაფერს დავეძებდი…
გაგრძელება იქნება