ჰმ, მაგაზე ადვილი რა არის! - წამოვხტი ამის გაგონებაზე, - ახლავე შემიძლია დავრეკო!
- კარგს იზამთ, ქალბატონო ნატა! უთხარით, საქმე გრძელიძეს გადააბარონ, მამუკას, ძალიან კარგი ბიჭია, თან ასე ვართ, ა! - და ორივე ხელის საჩვენებელი თითები ერთმანეთს გაუსვა, - მერე ჩვენ ვიცით, ყველაფერში დაგეხმარებით.
- შეიძლება დავრეკო? - ნებართვა ვითხოვე.
თანხმობის ნიშნად თუშიშვილმა ხელები გაშალა.
მაშინვე ვაფრინე ზარი იუსტიციაში, ჩემს ნაცნობთან. მანაც არ დააყოვნა და მიპასუხა. ჩემგან დავალებულიც კი იყო. ერთხელ დიდი რეპორტაჟი გავაკეთე მის დისშვილზე, დამწყებ ბიზნესმენზე, რომელსაც ავიწროებდნენ და ბაზარზე „ჩაჩოჩებას“ უპირებდნენ. საბას მაშინ ამხელა თანამდებობა არ ჰქონდა, მერე გაიქაჩა, როცა ხელისუფლება შეიცვალა. დიდი ამბით მომიკითხა. მეც ვუთხარი, შენი დახმარება მჭირდება-მეთქი. შენ მე ისეთი საქმე გამიკეთე, უარს არაფერზე გეტყვიო. მოვუყევი ჩემს გასაჭირზე. ბოლომდე მომისმინა. მერე მკითხა, პოლიციის რომელ განყოფილებაზე იყო საუბარი და გამომძიებლების გვარები, ვინ ვისით უნდა ჩაენაცვლებინა. როცა ვუკარნახე, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ და დაგირეკავო, შემპირდა.
ისე ამოვისუნთქე, თითქოს ირაკლი გაეთავისუფლებინოთ. რაღაც იმედის მომცემი მეჩვენა მისი დაპირება.
სანამ საბა დარეკავდა, ოთხივე დაძაბული ვისხედით. არც კი გვისაუბრია ერთმანეთთან. ველოდებოდით, რა პასუხს გაგვცემდა.
ორმოცი წუთის მერე დამირეკა და მითხრა, ყველაფერი მოგვარებულია, შეგიძლიათ გრძელიძე ნახოთ, საქმე უკვე მას გადაეცაო.
გაოგნებისგან ენა ჩამივარდა. მადლობაც კი ვერ გადავუხადე წესიერად. ხმასთან ერთად მთელი სხეული ამიკანკალდა, თვალები ცრემლმა დამიბინდა.
- ნუ ტირი, დედა, ახლა ყოჩაღად უნდა იყო! - ტიდამ გამამხნევა.
- ზურაბ, გადით მაშინ გვაზავასთან და მერე მამუკაც ნახეთ. ხომ იცი, რომელია? გუშინ ჩემთან ერთად რომ იყო, აქ რომ იჯდა, - თავით ანიშნა ჩემ გვერდით ცარიელ სკამზე.
- ვიცი, როგორ არა. მადლობა, გოგი, გნახავთ მერე, - ხელი ჩამოართვა ზურიკომ და ავიშალეთ.
მე და ტიდამაც მადლობები ვუხადეთ თუშიშვილს და კაბინეტიდან გამოსულებმა გეზი გვაზავასკენ ავიღეთ.
ზურიკომ, სანამ საგამოძიებო განყოფილებაში შევიდოდა, კარზე დააკაკუნა, მაგრამ შიგნიდან ისეთი ხმამაღალი ხმები ისმოდა, კაკუნს, სავარაუდოდ, ვერც გაიგებდნენ. ზურიკომ კარი შეაღო. პირველი, ვისაც თვალი მოვკარი, გვაზავა იყო. გაცოფებული სახით იდგა და ვიღაცას, თავისზე ჩინით უფროსს, გაცხარებული ელაპარაკებოდა.
იმ ვიღაცამ ჩვენკენ გამოიხედა. როგორც ჩანს, ზურიკო იცნო, რადგან უცებ აჩქარდა, ცივად დაგვიკრა თავი შესულებს და კარისკენ გაემართა. გასვლისას გვაზავას მიუბრუნდა:
- მერე ჩემთან შემოდი! - და კარი გაიხურა. მივხვდი, ამათი უფროსი იქნებოდა.
ოთახს თვალი მოვავლე. სიგარეტის ბოლით იყო იქაურობა გაჟღენთილი და დაბურული. ერთი მაშინვე ფანჯარას ეცა და გამოაღო. გვაზავა მტრული მზერით შეგვხვდა. რატომღაც, პირდაპირ მე დამეტაკა:
- თქვენ ხართ ფაღავას დედა?
- გახლავართ, - ცალი წარბი ირონიულად ავზიდე.
- რა გქვიათ?
- ნატა.
- ნატა, იცით რა…
- „ნატა“ არა, კაპიტანო, „ქალბატონო ნატა“! - ზუსტად იმავე ტონით შევუსწორე, როგორც ერთი საათის წინ თვითონ და სარკასტულად გავუღიმე.
ამის გაგონებაზე ფერებმა გადაუარა პაპილომებით გადავსებულ სახეზე.
- ქალბატონო ნატა! თქვენ გგონიათ, რამე მოიგეთ ჩემი შეცვლით? ოპერატიულად კი იმოქმედეთ, ისე.
- რას ვიზამთ, კაპიტანო, ოპერატიულობაში ჟურნალისტები პოლიციას არ ჩამოვუვარდებით. ხოლო რას მოვიგებთ, ამას ხვალინდელი დღე გვიჩვენებს.
ამ დროს უსაშველო სიმაღლის მოხეული ტიპი დაიძრა ჩვენკენ, მოგვესალმა და ზურიკოს მძლავრად ჩამოართვა ხელი, მოიკითხა.
- მე მამუკა გრძელიძე ვარ, - თქვა და მზერა ტიდაზე შეაჩერა. აშკარად მოეწონა ჩემი გოგო.
- სასიამოვნოა, მაგრამ თქვენ როგორ მოგმართოთ? წოდება? - შევეკითხე.
- უბრალოდ, მამუკა დამიძახეთ. ფორმალობა არაა საჭირო, - სათნოდ გაგვიღიმა ბიჭმა. რა მიხვედრა ამას უნდოდა, ტიდაზე ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას.
- კიდევ კარგი, ყველა ერთნაირი არ ყოფილა ამ განყოფილებაში, - ხაზგასმით წარმოვთქვი გვაზავას გასაგონად, თუმცა მისთვის არ შემიხედავს.
როგორც ჩანს, ამან მთლად გამოიყვანა წონასწორობიდან, რაღაც ჩაიდუდღუნა და ისე გავარდა ოთახიდან, კარის მოჯახუნებისას ფანჯრებმა ზრიალი გაიღო.
- ამას ჯერ თუ არავინ შემოკვდომია, უახლოეს ერთ საათში უეჭველი შემოაკვდება, - სიცილით წარმოთქვა ზურიკომ.
- და შენი დასაცავი გახდება მერე, - აჰყვა გრძელიძე, მაგრამ ეგრევე დაისერიოზულა სახე და თავის მაგიდასთან მიგვიპატიჟა.
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, საქმე მე რომ გადმომაბარეს, მაგრამ არ დავმალავ და გამიხარდა. საქმეს, ხვდებით, ალბათ, ჯერ არ გავცნობივარ, მაგრამ დღესვე გამოვართმევ ჩემს კოლეგას და გავეცნობი. ხვალ დილით დავკითხავ ეჭვმიტანილს, რა თქმა უნდა, ბატონი ზურაბის თანდასწრებით, - გვიხსნიდა მამუკა და ტიდას თვალს არ აშორებდა, თითქოს ოთახში მის გარდა სხვა არავინ იყო.
ჩემი ქალიშვილი ღიმილს ძლივს იკავებდა. სამაგიეროდ, ზურიკოს ანთებოდა თვალები უშნოდ. აშკარად არ სიამოვნებდა მამუკას ტიდასადმი გადამეტებული ყურადღება.
- ჰო, მართლა, გაიცანი, მამუკა. ეს ირაკლის დედაა, ჟურნალისტი ნატა მეუნარგია, - წარმადგინა ჩემმა შვილობილმა.
- ვიცი, ვიცი, ქალბატონ ნატას ვინ არ იცნობს. არაერთი სტატია წამიკითხავს თქვენი, - გულზე ხელი მიიდო გრძელიძემ პატივისცემის გამოსახატავად. ოხ, როგორ ცდილობდა ტიდასთვის თავის მოწონებას.
- ეს კი ნატას ქალიშვილია და ამასთან, ჩემი საცოლე, ტიდა ფაღავა. - მოულოდნელად „ნემსი ატაკა“ ზურიკომ ახალ გამომძიებელს და „წამალიც შეუშხაპუნა“.
კინაღამ გამეცინა მამუკას რეაქციაზე. ისე დაიბნა, უცებ ვერ მოიფიქრა, რა უნდა ეთქვა. თან სათვალე გაისწორა ცხვირის კეხზე, თან წამწამები აახამხამა, თან ჩაახველა.
- დიდად სასიამოვნო, დიდად! - როგორც იქნა, სათქმელს მიაგნო და ერთიანად აჭარხლებულმა ბოლოს შუბლზე გადაისვა ხელისგული, თითქოს ოფლით ჰქონოდა დაცვარული…
***
- კინაღამ არ წამართვეს შენი თავი? - ბრაზობდა ზურიკო, გარეთ რომ გამოვედით.
ტიდა სიცილით იგუდებოდა.
- გოგო, რა გაცინებს, სირცხვილია, რას იფიქრებენ! ძმა დაჭერილი ჰყავს, ეს კი სიცილით იჭაჭებაო, - ნამუსზე შევაგდე ჩემი ქალიშვილი.
კი იყო სასაცილო, მაგრამ რა გამაცინებდა, როცა ცეცხლი მეკიდა?
- ნატა, უკვე არაფერია სანერვიულო. შენ არ იცი, მე აქ რაებს დავატრიალებ. სულ ამოვაყირავებ ყველაფერს.
გაოცებული შევდექი.
- რას აპირებ, ზურიკო! - ცოტა არ იყოს, შევშფოთდი.
- რას და, მამუკას თავიდან დავაწყებინებ გამოძიებას. თუ არ მომყვება, გოგის დავიხმარებ. ეგენი ძმაკაცები არიან და იმედია, გამომივა. პირველ რიგში, საპროცესო გარიგებით ირაკლუნას გამოვაშვებინებ. სამხილებზე მერე ვიმუშაოთ. ჩვენ მაგრები ვართ, თან ერთი გუნდი! არა, ბუბი? - ტიდას მიუბრუნდა ზურიკო ღიმილით და უცებ ენაზე იკბინა იმის გამო, რომ „ბუბი“ წამოსცდა.
ტიდა ისევ ატკარცალდა, თან ისე ხმამაღლა, რომ პირზე ხელი აიფარა.
- კისერიც გიტეხიათ, - მეც გამეღიმა, - რაც გინდათ, ის დაუძახეთ ერთმანეთს, მე რა! - მხრები ავიჩეჩე და ზებრა გადასასვლელს მივადექი.
მიუხედავად იმისა, რომ ცოტა იმედი მომეცა, იმ ღამესაც ვერ დავიძინე. ზურიკომ საღამოს ამოგვიარა, ერთად ვივახშმეთ, მაგრამ დარჩენაზე უარი თქვა. მოერიდა, ზედიზედ ორი ღამე ჩვენთან გაეთია, მით უმეტეს, ირაკლი არ გვყავდა სახლში. ტიდამ კარამდე მიაცილა, მაგრამ მგონი, თავისი გულიც და თვალებიც თან გააყოლა, ისეთი სახით შემობრუნდა უკან.
დილით ზურიკომ გამოუარა ტიდას და ერთად გავიდნენ. მე არ წამიყვანეს, დღეს მაინც არავინ შეგახვედრებს ირაკლის და აჯობებს, დაისვენო, ძალები მოიკრიბო და მერე ერთიანი შემართებით გავაგრძელოთ ბრძოლაო.
დავრჩი სრულიად მარტო. მთელი დღე უსიცოცხლო სახით დავდიოდი ოთახიდან ოთახში ირაკლის პერანგჩახუტებული. მის სურნელს ხარბად ვისრუტავდი და ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: „შენ შემოგევლოს შენი დედა, ვინ იცის, რა დღეში ხარ, შვილო!“
ხან ვინ მირეკავდა, ხან ვინ. ჩემი გაჭირვების შესახებ ყველამ გაიგო. მეზობლებმაც მომაკითხეს. არაფრის თავი არ მქონდა, ამიტომ ლია და დოდო დატრიალდნენ და სახლი მიმილაგეს, ჭურჭელიც დამირეცხეს და ტიდას მიერ დილით გასარეცხად შეყრილი და უკვე გასაფენი სარეცხიც აივანზე გაბმულ თოკებზე გაფინეს.
შუადღე იქნებოდა, ტიდამ რომ დამირეკა, ირაკლის სანახავად მეც შევედიო. ამის გაგონებაზე ჯერ შემიფრთხიალდა გული, მერე ისე წამიჭირა რაღაცამ, ყრუ ტკივილი ვიგრძენი და შემეშინდა, ინფარქტმა არ მგლიჯოს-მეთქი. ახლა სიკვდილი ნამდვილად არ მინდოდა.
- როგორაა, დედა, ნერვიულობს? - ვკითხე.
- შენ წარმოიდგინე, არა. ძალიან მშვიდადაა. ზურიკოს იმედი აქვს. ამან იცის თავისი საქმეო, აქეთ მაწყნარებდა. შენთან დამაბარა, არ ინერვიულოს, ვერავინ ვერაფერს დამიმტკიცებს და წინასწარ გულს ნუ გაიხეთქავსო.
- ძალიან გამხდარია, ალბათ, ხომ?
- კარგი, რა, ნატა, რა გამხდარი, რის გამხდარი! ორ დღეში ისე როგორ უნდა გამხდარიყო, რომ შესტყობოდა? რა გჭიიირს!
- როგორ არ შეეტყობოდა, გოგო! ჯერ ისედაც რას აჭმევენ იქ და მერე კიდევ, არ იცი შენი ძმის ამბავი, როგორი ემოციურია? პირს არ დააკარებდა არაფერს!
- დაწყნარდი, რა. უჭმელობის მაგას არაფერი ეტყობა. ნუ იცი ხოლმე შენ ასე! ეს დღეც მოითმინე და ხვალ შენც შეგახვედრებენ. ასე რომ, მოემზადე!
ღმერთო, როგორ გამახარა ამ ამბავმა. გული ამოვარდნაზე მქონდა. უნებურად მკერდზე მივიჭირე ხელი, თითქოს ასე შევძლებდი აბორგებული გულის დამშვიდებას.
- დაკითხვამ როგორ ჩაიარა?
- ნორმალურად. რაზეც პასუხი არ იყო გასაცემი, მაგ კითხვებს ბუბი პასუხობდა. რაზეც შეეძლო ელაპარაკა, ზურა თავს უქნევდა, თქვი, როგორც იყოო. თუმცა მამუკას არ დაუსვამს მაინცდამაინც ჩამჭრელი კითხვები. ეგ არაფერს კარგავს. მისთვის მთავარია, ნამდვილი მკვლელი იპოვოს, მაგაში კი ბუბი დაჰპირდა დახმარებას. კიდევ იმაზე შეთანხმდნენ, რომ იკაკო საპროცესო გარიგებით გამოუშვან. თავდებად, თუშიშვილმა, მე დავუდგებიო. ზურამ, მეც დავუდგებიო და რა ვიცი. იმედია, გამოუშვებენ.
- და როდის მოხდება ეგ?
- ორ-სამ დღეში, დე, ორ-სამ დღეში. შენ ტანსაცმელი გაუმზადე იკას, რამე მომიტანეთ, რომ გამოვიცვალოო.
ტიდასთან საუბარმა ხასიათი ცოტათი გამომიკეთა. რომ იტყვიან, გულზე მომეშვა. არც ისე ცუდად მიდიოდა საქმე, როგორც მეგონა.
ღმერთმა აშკარად დროულად გამომიგზავნა ჩემი შვილობილის თავი. მთელ იმედებს მასზე ვამყარებდი. გული მიგრძნობდა, არ დამაღალატებდა… საპროცესო გარიგებას არ ვიცოდი, რა თანხა დასჭირდებოდა, მაგრამ ეგ არ იყო სადარდებელი. ანაბარზეც მედო ფული და თუ საკმარისი არ მომიგროვდებოდა, მეგობრები დამეხმარებოდნენ.
საღამოს რედაქციიდანაც მესტუმრნენ თანამშრომლები. მათთან საუბარმაც შვება მომგვარა. ყველაფერი მომაყოლეს და, ზეგინდელ ნომერში ირაკლის შესახებ ვრცელ მასალას გამოვაქვეყნებთო, მითხრეს. ფულად დახმარებასაც შემპირდნენ, თუ დამჭირდებოდა.
მადლობის მეტი რა მეთქმოდა…
***
ეჰ… კი შემპირდა ზურიკო, ხვალ შენს შვილს შეგახვედრებო, მაგრამ არ გამოვიდა. არა იმიტომ, რომ ვერ მოახერხა, თვითონ ირაკლიმ არ ისურვა. მივხვდი, რატომაც. არ უნდოდა გატეხილი მენახა, გაცამტვერებული, მხრებში მოხრილი… ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ასე იქნებოდა. ჩემზე უკეთ ვინ იცნობდა ჩემს პირმშოს. მისი ყველა განცდა ჩემთვის ისეთი ნაცნობი იყო, როგორიც საკუთარი. უამრავ სიტუაციაში მინახავს - გახარებულიც, ბედნიერიც, ტკივილიანიც, იმედგაცრუებულიც, სევდიანიც, ხელჩაქნეულიც, ხელგაშლილიც, მთვრალიც და ფხიზელიც… მაგრამ არასდროს - ბრალდებული. უდანაშაულო დამნაშავე იყო და ვერ ამტკიცებდა. უმწეო იყო და არ იმჩნევდა. უიმედო იყო და ხავსს ეჭიდებოდა. ხავსი კი ისე მაგრად იყო მოჭიდებული კლდეს, ირაკლის წონას როგორმე აიტანდა. ჰო, ჩვენი ხავსი ახლა ზურიკო იყო. კლდე კი ის სიმართლე, რომელიც მას უნდა დაემტკიცებინა.
ფრთებდამსხვრეულ ფრინველს ვგავდი. ისე გამოვიარე გზა პოლიციის განყოფილებიდან სახლამდე, არაფერი მიგრძნია, არაფერი შემიმჩნევია. ჩემი გული და გონება იქ დარჩა, ჩემს ვაჟთან. დაცარიელებული მოვფრატუნობდი. მარტო. ფეხით.
ჩემს სიცოცხლეში ასე არ შემშინებია. ფეხდაფეხ მომყვებოდა შიში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, როგორც არ უნდა ვყოფილიყავი. ხან უკან დამიდგებოდა, ხან გვერდით ამომიდგებოდა. ვაითუ ვერ გაამართლონ, მერე რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე? მერე რა ვქნა, მერე რა ვქნა? მხოლოდ ეს კითხვა მიტრიალებდა თავში. სასტიკად მეშინოდა, მაგრამ სანამ პოლიციის განყოფილებაში ვიყავი, არ ვიმჩნევდი, რადგან სიამაყე უფრო მეტი დოზით იყო ჩემში, რაც ამ შიშს თრგუნავდა. აი, გარეთ კი დამერხა.
სახლში შევედი და მთელ სამყაროს მივუხურე კარი. ირგვლივ ისეთი სიჩუმე გამეფებულიყო, როგორც სამარეში. არც იყო გასაკვირი, მე ხომ ცოცხლებში აღარ ვეწერე. იმის იმედიც არ მქონდა, რომ საპროცესო გარიგებით გამოუშვებდნენ. აშკარად ჩანდა, ზურიკოს უწყებაში დიდად არ სცემდნენ პატივს. ადვოკატები ხომ ისედაც არ უყვართ და უკრაინიდან „ჩამოთრეულს“ რატომ დააფასებდნენ, მით უფრო, რომ თავის საქმეს ათიანზე აკეთებდა? ეჭვიც არ მეპარებოდა, შურით სკდებოდნენ.
გაგრძელება იქნება