მე და ტიდამ ერთდროულად შევიჭმუხნეთ წარბები, ბიჭებმა კი მოლაპარაკებულებივით ერთად ატეხეს ხარხარი და ხელიც დაურტყეს ერთმანეთს დასტურის ნიშნად.
_ თქვენი გამოსწორება არ იქნება! _ თვალები დავაბრიალე, _ ამისთვის გცხელათ ახლა? დროზე მორჩით და გავიდეთ, უამრავი საქმე გველოდება დღეს!
ამის თქმა და ჩემს შვილს თვალები გაუშტერდა. რამდენიმე წამის განმავლობაში ერთ წერტილს მიშტერებოდა. გული მომეწურა _ ბოლოდროინდელი ტკივილიანი დღეები ახსენდებოდა აშკარად.
_ რა იყო, დედა, ცუდად ხომ არ ხარ? _ მხარზე ფრთხილად შევეხე.
_ არა, _ თქვა და წამში დაუბრუნდა რეალობას, _ უბრალო სიტყვებისგან შედგენილ ღრმა შინაარსის მქონე ლექსს ვთხზავ. _ მთელი სერიოზულობით თქვა და როცა ჩემს გაოგნებულ სახეს შეხედა, სიცილი აუტყდა.
_ ოჰ! მშვენიალური აზრია. მიდი, დაიწყე და მეც მოგეხმარები, _ აჰყვა ზურიკო, _ მეც მეხერხება ლექსების წერა. ყველაზე მაგარი უკრაინელი პოეტი ვარ!
_ აუფ! გაიხსნა პოეზიის საღამო, _ ჩაიფხუკუნა ტიდამ.
_ თუ არ გაიხსნა, აგერ ნახავ. ჰა, ზურია, ვაჩვენოთ ამას კლასი?
_ ბაზარი არაა, _ ხელები გაშალა ზურიკომ, ხელსახოცით პირი მოიწმინდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ირაკლის მიაჩერდა.
_ მე დავიწყებ, შენ გააგრძელე, ოკეი? არ დამაღალატო, იცოდე!
_ „აბეჟაეშ!“ ასე მიცნობ? _ თავი გამოიდო ჩემმა შვილობილმა.
ირაკლიმ ჯერ ცალი თვალი მოჭუტა, მერე ჩაახველა და დაიწყო:
_ „მზვერავს შავი შური“…
ზურიკომ თვალები აატრიალა და ნახევარი წუთიც არ გასულა, რომ გააგრძელა:
_ „ბოღმით, შარიშურით“…
_ „სულ რაღაცას ვნატრობ“… (ირაკლი)
_ „და სულ არ ხარ მარტო“. (ზურიკო)
_ „ვახ, ნეტავი რატომ?“ _ ჩემდა უნებურად წამომცდა, მეც ავყევი ამათ თამაშს.
_ ეეე, ნატას უყურე, რა დღეშია! _ აღტაცებით შესძახა ზურიკომ.
_ შენ დედაჩემს ეგრე ნუ უყურებ, ეგ ყველაზე მაგარი პოეტია, ოღონდ ქართველი! _ შაყირით შემაქო ჩემმა ბიჭმა.
_ რა ეშველება ამდენ პრიმიტიულ პოეტს, _ ისევ ჩაიფხუკუნა ტიდამ, ბლინს მურაბის წვენი დაასხა და პირისკენ გააქანა.
_ მიდი, შენც ჩაასტრიქონე შენებურად, _ სთხოვა ზურიკომ.
_ თქვენ ჩემი დონე არ ხართ, ბატონო. თქვენნაირებთან არ ვპაექრობ.
_ ხო, კარგი ახლა, რას გვახვეწნინებ, თქვი.
_ ა-რა! _ ხაზგასმით იუარა ტიდამ.
_ რატომ ვითომ?
_ იმიტომ, რომ „მოვედი, ვნახე, გადავიფიქრე!“ დაბალი დონის მელექსეები ხართ სამივე.
_ შენ კი აშკარად უმცირესობაში მოყევი, _ ხელი ჩაიქნია ირაკლიმ, _ ხომ ასეა, ზურია?
_ ფაქტი სახეზეა. _ დაუდასტურა იმანაც.
და უეცრად ტიდამაც მოიღერა ყელი:
_ „ღამე გავიდა, ვერც გავიგე, იყო თუ არა“…
უცებ სიჩუმე ჩამოვარდა.
_ ჰე, გააგრძელეთ ახლა, თუ მაგრები ხართ! _ პატარა ბავშვივით აჭყლოპინდა.
_ „მზემ დედამიწას სიზმარივით შემოუარა“, _ გარითმა ზურიკომ ნაცნობი სტრიქონები.
_ „და გრძელმა ჩრდილმა ტიდას სახეს გადაუარა“, _ მიაყოლა ირაკლიმ.
ყველას გაგვეცინა.
_ ნატა, შენი ვერსია? _ მე მომიბრუნდა ირაკლი.
_ „სიმართლეაო, თქვა ნატამ და არ იუარა“, _ დავასრულე მე და ყველას სიცილი წაგვსკდა.
დიდხანს ვიცინოდით. ისე ჩავბჟირდი, ცრემლით ამევსო ორივე თვალი. რა მექნა, უკეთესი ვერაფერი მოვიფიქრე.
_ მორჩა, გვეყოფა ახლა, ავდგეთ და საქმეს მივხედოთ, _ როგორც იქნა, მოვისხიპე ტუჩებიდან სიცილი.
_ წავედით, წავედით, მძიმე დღე გველის, _ თქვა ზურიკომ და პირველი წამოდგა.
ტიდა მაშინვე გვერდით ამოუდგა.
_ „მძიმე დღეს ჩვენი ზურია შველის“, _ მაშინვე გალექსა მისი ნათქვამი ჩემმა გოგომ.
_ „ეგ რომელია, „ჩელას“ რომ მღერის?“ _ ეგრევე მიაშველა ირაკლიმ.
_ „კარგი ბიჭია, ნიჭი აქვს ფრენის“, _ ისევ ავყევი, გამიტაცა ამ უაზრო თამაშმა.
_ დედაჩემს ორმაგი ლექსი გამოუვიდა: „კარგი ბიჭი _ ფრენის ნიჭი“. ეგეც ხომ შენს ლექსშია, ნატა?
ამაზე ისევ ავხარხარდით.
ასე გაგრძელდა, სანამ სახლიდან გავიდოდით. ერთი დაიწყებდა, მეორე აგრძელებდა… მხოლოდ ქუჩაში გასულებმა შევძელით სახეების დალაგება…
დილა კარგად დაიწყო, ირაკლი ნელ-ნელა იწყებდა სტრესთან გამკლავებას…
***
ტიდა გოგის კაბინეტში დავტოვეთ, რათა კამერების ჩანაწერები კიდევ ერთხელ შეემოწმებინა და მცირედი წვრილმანიც კი ჩაენიშნა, რაც საეჭვოდ მოეჩვენებოდა, ნებისმიერ ნიუნსს მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის. მამუკა ჩვენთან ერთად წამოვიდა სადმირას ბინის კიდევ ერთხელ დასათვალიერებლად. თან ლაბორატორიიდანაც გამოიძახა ექსპერტი, თითის ანაბეჭდების ასაღებად. გასვლისას ლაშას დაურეკა, უთხრა, სადაც მივდიოდით, რისთვისაც და სთხოვა, შენც გამოდიო. სადმირას დედ-მამას არ გააგებინა, ირაკლის დანახვაზე რა რეაქცია ექნებათ, კაცმა არ იცისო.
იქ მისულებს ის ვაჟბატონი მოსული დაგვხვდა, კართან ატუზულიყო. ბინა დალუქული იყო, მისი გაღების უფლება მხოლოდ გამომძიებელს ჰქონდა.
_ ხელი არაფერს ახლოთ, _ გაგვაფრთხილა მამუკამ, როცა კარის გაღებას შეუდგა, _ მათ შორის არც სახელურს.
ჰოლში შესვლისთანავე უცნაური სუნი მეცა, მძაფრი, მძიმე. თითქოს რაღაც დალპა ბინაშიო. მივხვდი, სისხლის სუნით იყო იქაურობა გაჟღენთილი.
_ ფანჯრებს გამოვაღებ, თქვენ აქ დარჩით! _ თქვა მამუკამ და ყველა ოთახში გამოაღო თითო ფანჯარა. მას ხელთათმანები ეკეთა და ისე მოქმედებდა, რომ თავისი თითის ანაბეჭდები არ დაეტოვებინა.
_ თითს ანაბეჭდებს ახლა იღებთ, ბატონო მამუკა? _ ვერ მოვითმინე და ენამ წინ გამისწრო.
_ არა, ქალბატონო ნატა, აღებულია, მაგრამ ყოველ შემთხვევისთვის, თავს ვიზღვევ, იქნებ ახალი რამე აღმოვაჩინოთ, _ ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე განგვიმარტა გამომძიებელმა.
_ ახლა აგერ, მაგიდის გარშემო დასხედით და დავიწყოთ, _ თქვა ბოლოს და ყველას სკამებზე მიგვითითა.
დავსხედით. სადმირას ახალი შეყვარებულის ატანა არ მქონდა, რადგან ირაკლის დაკავება სწორედ მისი ბრალი იყო, მაგრამ მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, არაფერი წამომცდენოდა. ახლა ყველა ჩემი ნაბიჯი მკაცრად უნდა გამეკონტროლებინა.
_ აბა, ირაკლი ფაღავა, გვაჩვენეთ კიდევ ერთხელ, როგორ შემოხვედით ბინაში, რომელი ოთახები დაიარეთ, დაზარალებულს სად მიაგენით, რა მდგომარეობაში და მერე რა მოიმოქმედეთ. ზუსტად აღიდგინეთ სურათი და არაფერი გამოტოვოთ. ოღონდ, აგერაა ხელთათმანი და მოირგეთ, თუ შეიძლება, ზედმეტი თითის ანაბეჭდები არ გვჭირდება.
ირაკლიმ შუბლი შეიჭმუხნა და ისე ამოიხვნეშა, ასე მეგონა, გულიც თან ამოაყოლა.
„მოგიკვდეს დედა!“ _ გავიფიქრე გულში.
ლაშამ არ იცოდა, მე ვინ ვიყავი. მამუკამ გზაშივე გამაფრთხილა, ჩემი ვინაობა არ გამემჟღავნებინა. აჯობებს, პოლიციის თანამშრომელი ეგონოო, ამიტომ ოფიციალური გამომეტყველებით ვიჯექი ტელეფონმომარჯვებული და რაც ხდებოდა, ყველაფერს ვიდეოთი ვიღებდი.
ჩემმა შვილმა დამძიმებული ხმით დაიწყო მოყოლა, თან ადგა, კართან მივიდა და იქიდან დაიწყო მოძრაობა.
_ რომ მოვედი, კარი ოდნავ იყო შეღებული, მაგრამ ზარი მაინც დავრეკე და რომ არავინ გამომეხმაურა, კარს ხელი ასე გაშლილად მივადე, ბოლომდე გავაღე და შემოვედი. რომ შემოვედი, კარი მაშინვე მივხურე. ამჯერად სახელურს მოვკიდე ხელი. სადმირას დავუძახე, მაგრამ ხმა არავინ გამცა. ჯერ აქ შემოვედი, სასტუმრო ოთახში. აქ არ იყო. მერე სამზარეულოში შევიხედე, იქაც არავინ დამხვდა. სააბაზანოს სახელურიც მოვსინჯე, არ ბანაობდეს-მეთქი, მაგრამ ის ღია იყო და თან ცარიელი. ბოლოს საძინებელში გავედი. კარი გავაღე და… იატაკზე იწვა, სულ გასისხლიანებული. თავთან სისხლის გუბე იდგა. ვიყვირე, სადმირა-მეთქი და მივვარდი, რომ მენახა, რა სჭირდა. ჯერაც თბილი იყო, თუმცა პულსი არ ესინჯებოდა. მაინც ამოვიღე ტელეფონი სასწრაფოს გამოსაძახებლად. ამ დროს ფეხებში ვაზა გამებლანდა.
_ რა ვაზა? _ გაიკვირვა მამუკამ.
_ საყვავილე ვაზა, მაღალი, ეგერ, ტუმბასთან რომ დევს, _ საძინებლის ღია კარისკენ გადაიხარა ირაკლი, _ მე დავდე იქ, იატაკზე გორავდა. ალბათ, წინააღმდეგობას თუ უწევდა სადმირა მკვლელს და რომელიღაცამ ააყირავა.
_ ერთი წუთით! ეს ვაზა აქამდე არ გიხსენებია! _ მამუკა ადგა და სწრაფი ნაბიჯით შევიდა გამოღებულ საძინებელში, თან მანიშნა, გავყოლოდი და ლარნაკი ვიდეოზე დამეფიქსირებინა. მერე ხელი დაავლო, სასტუმრო ოთახში გამოიტანა და მაგიდაზე შემოდგა.
_ რა მძიმეა, _ შეფიქრიანებულმა ჩაილაპარაკა.
_ ზუსტად რა ადგილას ეგდო ეს ვაზა, ფაღავა?
_ მმმ… ზუსტად? მგონი… აქ… არა, აი აქ! _ ირაკლი საძინებელში შევიდა, დაღუპულის სხეულის პოზის ცარცით შემოხაზულ ადგილს ორიოდე ნაბიჯით გასცდა და სადაც დადგა, იმ ადგილზე საჩვენებელი თითით მიანიშნა.
მამუკა ერთხანს თვითონაც დააჩერდა იმ ადგილს, მერე ნელა შემოტრიალდა და ისევ სასტუმრო ოთახში გამოვიდა.
_ ლაშა გუმბერიძე, ეს ვაზა გეცნობათ?
_ კი, როგორ არა, _ ოდნავ გაბზარული ხმით უპასუხა სადმირას „მეორე სიყვარულმა“, წამლისგან გაბრუებულს მზერა რომ დაბინდვოდა, _ მაგაში სადმირა ყვავილებს დებდა ყოველდღე.
_ ყოველდღე?
_ კი.
_ რა, ყოველდღე ყიდულობდა ყვავილებს?
_ არა, არა, მე მომქონდა მისთვის თაიგულები და იმას დებდა.
_ ანუ დიდი ხანია ეს ვაზა ამ ბინაშია, ხომ?
_ არც ისე დიდი ხანია. მარიამობაზე ვაჩუქე.
_ თქვენ აჩუქეთ?
_ კი, მე. საჩუქარს ვარჩევდი მისთვის და მობილურით ვუგზავნიდი სურათებს, რომ თვითონ შეერჩია. ეს მოეწონა და ვუყიდე.
_ აჰა… _ მამუკამ ქვედა ტუჩი ცერსა და საჩვენებელ თითს შუა მოიმწყვდია და იატაკს დააცქერდა.
_ უკაცრავად, _ ზურიკო ჩაერთო საუბარში, _ თქვენ თუ ჩაგიდიათ ამ ვაზაში ყვავილები? თუ მხოლოდ სადმირა დებდა?
_ არა, როგორ არა, მეც მიქნია, როცა სადმირას არ ეცალა.
_ წყალს ასხამდით შიგნით?
_ არა, არა. ისეთი თაიგულები მომქონდა, ქვემოთ დამატენიანებელი რომ აქვს მიმაგრებული…
_ სველი ღრუბელი, _ შეაშველა ზურიკომ.
_ ხო, ხო. სპეციალურად ვუკვეთდი ასეთს, რადგან ვაზა ისედაც მძიმე იყო და კიდევ წყალი ზედმეტი იქნებოდა. რა ვიცი, სადმიმ ასე გამაფრთხილა.
„სადმი და ჭირი შენ!“ _ გაგულისებულმა ჩემთვის გავიფიქრე.
_ ბოლოს როდის შეეხეთ, ხომ არ გახსოვთ? _ ჩაეძია ზურიკო.
_ ალბათ, სადღაც სამი-ოთხი დღით ადრე, სანამ ის ამბავი მოხდებოდა.
_ და იმ დღესაც იყო ვაზაში ყვავილები?
_ არა, იმ დღეს არ ყოფილა, _ ლაშამ თავი გააქნია.
_ კი მაგრამ რა იცით, რომ არ იყო? თქვენ რა, აქ იყავით?
ბიჭი აშკარად დაიბნა, ყველამ შეატყო, როგორ მსხვილად გადააგორა ნერწყვი სასულეში, მაგრამ მალევე აღიდგინა წონასწორობა, _ ბოლო დღეებში თაიგული აღარ მომიტანია, ფული გამომელია და… _ შერცხვენილივით აიწურა მხრები.
_ გასაგებია. მადლობა, _ თქვა ზურიკომ და ლაბორატორიის თანამშრომელს მიუბრუნდა, _ დათიკო, ეს ვაზა იმ დღეს არავის გახსენებია. არც კი დაინტერესებულან მისით. იქნებ ულტრაიისფერით დავათვალიეროთ და თითის ანაბეჭდებიც ავიღოთ?
_ რა თქმა უნდა, _ დათიკომ მაშინვე გახსნა თავისი სამედიცინო ჩემოდანი და საჭირო ხელსაწყოების გადმოლაგებას შეუდგა, _ თქვენი თითის ანაბეჭდების აღებაც დამჭირდება, _ მოულოდნელად ლაშას მიმართა.
_ როგორც იტყვით, _ რიხიანად მიუგო გუმბერიძემ და მაგიდას მიუახლოვდა.
ექსპერტმა ჯერ ლაშას თითის ანაბეჭდები აიღო, მერე კი ვაზის დათვალიერებას შეუდგა.
_ არაა გამორიცხული, ეს იყოს მკვლელობის იარაღი, _ თქვა მოულოდნელად დათიკომ, _ ეს, სავარაუდოდ, სისხლის ლაქაა, _ და თითი ვაზის სადგამს დაადო, _ ანუ მკვლელმა ზემოთ მოჰკიდა ხელი, თავში, მოიქნია და… ზემოდან დაუშვა, _ ამ სიტყვებით ხელები აამოძრავა და მოქმედების იმიტაციაც მოახდინა.
მერე წებოვანი ქაღალდით ვაზიდან ანაბეჭდებიც აიღო და როცა ყველა პროცედურა ჩაამთავრა, მამუკას უთხრა, კიდევ ვიქნები საჭირო თუ წავიდეო.
_ ხუთი წუთიც მოიცადე და გაგიშვებ. სულ ხუთი წუთი, _ მარჯვენა ხელის ყველა თითი გაფშიკა გამომძიებელმა ხუთიანის გამოსახატად.
_ კი ბატონო, აქ ვარ, მე არსად მეჩქარება, თუ თქვენ არ გეჩქარებათ ამის პასუხები, _ მხრების აჩეჩით თქვა და დაჯდა.
_ გუმბერიძე, თქვენ როგორ შემოხვედით ოთახში და რა დაინახეთ? დეტალურად, თუ შეიძლება.
_ დიახხხ… _ ისევ ჩაახველა ლაშამ, ისევ გაებზარა ხმა, _ მე რომ მოვედი, კარი დაკეტილი იყო, მაგრამ ზარი არ დამირეკავს, რადგან მე ჩემი გასაღები მქონდა. ვეწვალე და რომ ვერ გავაღე, სახელური ჩამოვწიე და კარი ღია აღმოჩნდა, ამიტომ ჩვეულებრივად შემოვედი.
_ რას ნიშნავს ჩვეულებრივად? _ გააწყვეტინა ზურიკომ, _ მაჩვენეთ, როგორ შემოხვედით. აიღეთ ხელთათმანები.
ლაშამ ხელთათმანები გაიკეთა და ორივენი გარეთ გავიდნენ. ლაშამ ჯერ გასაღები შეარჭო კარის კლიტეში, თან ლაპარაკობდა, _ აი, ასე შევდე გასაღები და არ გადატრიალდა. მერე სახელურს მოვკიდე ხელი და ჩამოვწიე. კარი გაიღო. შემოვედი და უცებ რას ვხედავ…
გაგრძელება იქნება