1954 წლის 15-16 სექტემბრის ღამეს ნიუ-იორკში, ლექსინგტონის გამზირისა და 52-ე ქუჩების კვეთასთან უამრავი ადამიანი იყო შეკრებილი. მიმდინარეობდა ფილმის „შვიდი წლის თავზე“ გადაღებები, სადაც მერლინ მონრო მონაწილეობდა. თეთრ კაბაში გამოწყობილი ლამაზმანი ტროტუარზე ჩაშენებულ ცხაურზე იდგა და მის კაბას მიწიდან ამომავალი ჰაერის ნაკადი აფრიალებდა.
ფილმმა „შვიდი წლის თავზე“ მსახიობის კიდევ ერთი წარმატება მოუტანა და მის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. არა, საქმე პოპულარობის ზრდაში კი არა, ქუჩაში გადაღებულ წარუმატებელ კადრებშია.
კაბის ეპიზოდის გადაღების ღამეს მამაკაცების ჯგუფში ბეისბოლის ყოფილი ვარსკვლავი ჯო დიმაჯიოც იდგა (ისინი 1954 წლის იანვარში დაქორწინდნენ), მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, მერილინის აფრიალებული ქვედაკაბით აღფრთოვანებულს არ ჰგავდა. ეს გასაკვირი არ არის, რადგან ის მსახიობის პათოლოგიურად ეჭვიანი მეუღლე გახლდათ.
მიუხედავად გულშემატკივრების მოწონებისა, დიმაჯიო ნაკლებად კმაყოფილი იყო სცენით. ფოტოგრაფმა ჯორჯ ზიმბელმა გაიხსენა, რომ ყველაფერი მშვიდად მიმდინარეობდა, როდესაც მონროს უკმაყოფილო ქმარი გადასაღებ მოედანზე შეიჭრა და საჯაროდ დატოვა სცენა. კალიფორნიაში დაბრუნების შემდეგ, მონრომ განქორწინება მოითხოვა.
კაბა ცოტა ხნის წინ 4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა.
1962 წლის აგვისტოს დასაწყისში მერილინ მონრო საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. რამდენიმე დღით ადრე, ყოფილმა ქმარმა, ჯო დიმაჯიომ მეორე ქორწინება შესთავაზა.
მათი ურთიერთობა 1952 წელს დაიწყო. ჯო, 38 წლის ბეისბოლის ლეგენდა იყო, მერლინი კი ჰოლივუდში პირველ ნაბიჯებს დგამდა. დიმაჯიომ მერლინის ფოტო პირველად გაზეთში ნახა და პაემანი ნაცნობების დახმარებით დანიშნა. ჟურნალისტები ვერ იგებდნენ, რა საერთო უნდა ჰქონოდათ მათ ერთმანეთთან, მონრო კი ამტკიცებდა, რომ ჯერ არ შეხვედრია ადამიანს, რომელიც სულით ასე ახლოს იყო მასთან.
„სიმართლე ის არის, რომ ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს." დიმაჯიომ მსახიობისადმი წარმოუდგენელ მიჯაჭვულობაზეც ისაუბრა. მალევე დაიწყეს ქორწილზე საუბარი. „ვიცოდით, რომ ქორწინება ადვილი არ იქნებოდა. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ ვერ დავრჩებით სამუდამოდ შეყვარებულებად, ამას შეიძლება გავლენა მოეხდინა ჩვენს კარიერაზე, ”- იხსენებდა მერილინი.
გარდა ამისა, მსახიობიც და ბეისბოლისტიც ოჯახზე და შვილებზე ოცნებობდნენ. 1954 წლის 14 იანვარს მონრო და დიმაჯიო დაქორწინდნენ. მერილინის მოგონებების თანახმად, ქორწილი სპონტანური აღმოჩნდა - მათ უბრალოდ ხელი მოაწერეს, შემდეგ კი იაპონიაში გაფრინდნენ, სადაც სპორტსმენს ადგილობრივი ბეისბოლის ლიგის წარმომადგენლები ელოდნენ. ასე რომ, მივლინება დაუგეგმავ თაფლობის თვედ გადაიქცა.
ოჯახური ცხოვრება თავიდანვე არ აეწყო. დიმაჯიო იმედოვნებდა, რომ აღმოსავლეთში მოგზაურობა მათ მცირეოდენ მოსვენებას მისცემდა პრესის ყურადღებისგან. სამაგიეროდ, ჰოლივუდის პოპულარული მსახიობს უკვე ტოკიოს აეროპორტის პანდუსზე ელოდნენ ფოტოგრაფები და თაყვანისმცემლები. ზოგიერთი ცნობით, ბეისბოლის მოთამაშე ცოლზე ეჭვიანობდა მისი ცხოვრების წესის გამო - მისთვის უკიდურესად რთული იყო მერილინის ყურადღების გაზიარება თითქმის მთელ მსოფლიოში.
1956 წელს მერილინი ხელახლა დაქორწინდა დრამატურგ არტურ მილერზე, რომელსაც მაშინ კომუნისტურ შეხედულებებში ადანაშაულებდნენ, მერლინი საზოგადოების აზრს ყურადღებას არ აქცევდა, მეტიც, არტურთან ქორწინების შემდეგ იუდაიზმი მიიღო. მონრო და მილერი ერთად ოთხი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. 1961 წელს წყვილი დაშორდა.
ეს პერიოდი მონროს კარიერაში წარუმატებლობას დაემთხვა - წარუმატებლობები ერთმანეთს მიყოლებით მიჰყვა, რამაც ცუდად იმოქმედა მსახიობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. მან რამდენიმე კვირა გაატარა კლინიკაში, დეპრესიის სამკურნალოდ. ჯო დიმაჯიო მერლინის ცხოვრებაში ისევ დაბრუნდა - მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსახიობის გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე ბეისბოლის მოთამაშემ მას ცოლობა კვლავ შესთავაზა. მერლინის გარდაცვალების შემდეგ კი, 20 წლის განმავლობაში, მის საფლავზე ყვავილებს აგზავნიდა.