ამერიკელი მსახიობი, მწერალი პოლიტიკური აქტივისტი და ყოფილი მოდელი. ცნობილია ვიეტნამის ომისა და ერაყის ომის საწინააღმდეგო აქტივობებით, ასევე ბირთვულ შეიარაღებასთან ბრძოლით. არის ლიბერალი და ფემინისტი. გამოცემული აქვს ორი ავტობიოგრაფია 2005 და 2011 წლებში.
ჯეინ სეიმურ ფონდა დაიბადა ამერიკაში, ქალაქ ნიუ იორკში 1937 წლის 21 დეკემბერს. დედა, ფრანცეს ფორდ ბრაკოვი (1908-1950) წარმოშობით კანადიდან იყო, მამა, ჰენრი ფონდა (1905-1982) ამერიკელი მსახიობი გახლდათ. ფონდას გვარი წარმოშობით იტალიიდან არის. მას სახელი ჰენრი VIII-ს მეუღლის, ჯეინ სეიმურის პატივსაცემად დაარქვეს, რომელთანაც ფონდას შორეული ნათესაობრივი კავშირი აქვს დედის მხრიდან.
1950 წელს, როდესაც ჯეინი 12 წლის იყო, დედამისი სუიციდის შედეგად გარდაიცვალა ნიუ იორკის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში Beacon, New York. მოგვიანებით ჰენრი ფონდამ მეორე ცოლი შეირთო 23 წლის სუსან ბლანჩარდი. წყვილის ქორწინება საბოლოოდ განშორებით დასრულდა.
სანამ სამსახიობო კარიერას დაიწყებდა, ჯეინ ფონდა დაკავებული იყო მოდელობით რის შედეგადაც ის ორჯერ აღმოჩნდა ჟურნალ ვოგის გარეკანზე.
ჯეინ ფონდა სამსახიობო საქმიანობით თინეიჯერობის პერიოდში დაინტერესდა, მაშინ, როდესაც მამასთან ერთად ერთ-ერთ საქველმოქმედო ღონისძიებაზე თეატრალურ წარმოდგენაში მიიღო მონაწილეობა. ვასარის ლიბერალური ხელოვნების კოლეჯის დასრულების შემდეგ, ჯეინი 6 თვით პარიზში გაემგზავრა ხელოვნების შესასწავლად.
დაბრუნების შემდეგ, 1958 წელს, ფონდა ლი სტრასბერგს შეხვდა. ამ შეხვედრამ მისი ცხოვრება სრულიად შეცვალა. ფონდა იხსენებს: „მე სამსახიობო სტუდიაში დავდიოდი და ლი სტასბერგმა მითხრა, რომ მე ნიჭი მაქვს, ნამდვილი ნიჭი, ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც მამაჩემის გარდა, სხვამაც გაამახვილა ყურადღება ჩემს შესაძლებლობებზე.“
1963 წელს ფონდამ მონაწილეობა მიიღო რომანტიკულ კომედიაში „კვირა დღე ნიუ იორკში“. ფონდას სამსახიობო კარიერის მნიშვნელოვანი მომენტი იყო 1965 წელს ფილმ “კეტ ბალუ”-ში მონაწილეობა. აღნიშნულ ფილმში ჯეინი სკოლის დამრიგებლის როლს ასრულებდა. კომედიური ვესტერნი ხუთჯერ იყო ნომინირებული ამერიკის კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდოს „ოსკარების“ ცერემონიალზე.
1971 წელს ჯეინ ფონდამ მონაწილეობა მიიღო კრიმინალური თრილერში „კლუტი“. ფილმში ფონდა მეძავის როლს ასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ფილმი არაერთხელ გამხდარა კრიტიკის ობიექტი, მან ჯეინს ფართო საზოგადოებრივი აღიარება მოუპოვა. 1972 წელს მან ამერიკული კინო აკადემიის უმაღლესი ჯილდო „ოსკარი“ დაიმსახურა როლის საუკეთესო შესრულებისთვის. 1971-1972 წლებში ჯეინ ფონდა დომინირებდა კინო ინდუსტრიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ჯილდოს ცერემონიალზე.
ჯეინ ფონდამ სამჯერ იქორწინა. მისი პირველი მეუღლე ფრანგი კინო-რეჟისორი როჯერ ვადიმი იყო, რომელზეც 1965 წლის 14 აგვისტოს იქორწინა ლას ვეგასში, სასტუმრო „Dunes Hotel“-ში პირველი ქორწინებიდან ფონდას ქალიშვილი, ვანესა ვადიმი შეეძინა 1986 წლის 28 სექტემბერს, პარიზში. გოგონას სახელი ცნობილი მსახიობისა და პოლიტიკურ აქტივისტის ვანესა რედგრეივის პატივსაცემად დაარქვეს.
1973 წლის 19 იანვარს, მას შემდეგ რაც ჯეინ ფონდამ მიიღო განქორწინების დოკუმენტი ვადიმისგან, მან მეორედ იქორწინა პოლიტიკურ აქტივისტ ტომ ჰეიდენზე. ცერემონია ოჯახის ვიწრო წრეში, პირად სახლში გაიმართა “Laurel Canyon”-ში. წყვილს საერთო ვაჟი ტროი გერეტი 1973 წლის 7 ივლისს, ლოს ანჯელესში შეეძინათ.
1982 წელს ფონდამ და ფეიდენმა აფრო-ამერიკელი თინეიჯერი გოგონა იშვილეს სახელად მერი ლუანა უილიამსი. გოგონას ბიოლოგიური მშობლები სოციალისტურ-პოლიტიკური მოძრაობა „შავი პანტერების“ მიმდევრები იყვნენ. ფონდა და ჰეიდენი განქორწინდნენ 1990 წლის 10 ივნისს, სანტა მონიკაში.
ჯეინ ფონდას მესამე ქმარი ამერიკული საინფორმაციო არხის CNN-ის დამფუძნებელი ტედ ტერნერი იყო, რომელზეც მან 1991 წლის 21 დეკემბერს ფლორიდაში იქორწინა. წყვილი განქორწინდა 2001 წლის 22 მაისს ატლანტაში.
2009 წელს ფონდამ დაიწყო პირადი ურთიერთობა პროდიუსერ რიჩარდ პერთან. 2017 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა.