ახლა კი მეტისმეტი მოუვიდა ნანას. ამდენი წელი გადახვეწილი იყო. რა გარანტია ჰქონდა, რომ მისი შვილი კარგ გზას დაადგებოდა? ბავშვი უპატრონოდ მიაგდო, ისე წავიდა საქართველოდან, შვილი არც კი გააფრთხილა და მას შემდეგ ერთხელაც არ მოუკითხავს თავისი „ზური“, რას აკეთებდა და რითი სუნთქავდა. მინდოდა შევპასუხებოდი, მაგრამ მოულოდნელად ისევ გააგრძელა:
_ სულ ვკითხულობდი შენს ამბავს. ლეილას ყოველკვირა ვურეკავდი, ჩვენს მეზობელს. იმისგან ვიგებდი, რაც აქ ხდებოდა. ვიცოდი, რომ ამათ ოჯახში გადმოხვედი საცხოვრებლად. მერე ისიც გავიგე, მამაშენი რომ გამოვიდა ციხიდან და უკრაინაში წაგიყვანა. ნათესავმა ბინა რომ გაჩუქათ და გაყიდეთ, ესეც მითხრეს. ჩემს ჩამოსვლას რა აზრი ჰქონდა? სად უნდა მეძებნე? უკრაინაში ჩამოვსულიყავი? ხომ მომკლავდა მამაშენი? ის რომ გვერდით გვყოლოდა, დღეს ყველა ერთად ვიქნებოდით. შენი დაც ცოცხალი იქნებოდა და არ დაემართებოდა ის, რაც დაემართა, თუმცა შენ აზრზეც არ ხარ, მას რა დაემართა!
იმწუთასვე ამომიტივტივდა გონებაში ეპიზოდი, როცა მე და ზურიკო ბავშვთა სახლში მივედით მისი დის ამბის გასაგებად. თითქოს ზარივით ჩამესმოდა ყურში ერთ-ერთი თანამშრომლის ხმა, საწყალი, სუსტი იყო, სულ ხაოდა, ფილტვები ჰქონდა სუსტი, საჭმელს ვერ ჭამდაო. ისიც გამახსენდა, დედამისმა გაშვილების უფლება არ მოგვცაო თუ რაღაც ამდაგვარი. ზამთარში გარდაცვლილა თურმე, მე კი ზურიკო მოვატყუე მაშინ, გააშვილეს-მეთქი. მინდოდა ბავშვისთვის ზედმეტი სტრესი ამეცილებინა თავიდან.
_ რა დაემართა? _ ზურიკოს სახე მოექცა, მექანიკურად ფეხზე წამოდგა და მე შემომხედა. პასუხს ჩემგან ელოდა. ის ხომ დარწმუნებული იყო, რომ მისი და ვიღაცამ შვილად აიყვანა.
_ ის დაემართა, რომ მოკვდა, _ აქვითინდა ნანა და სახეზე ხელები აიფარა, _ რა უბედური ვარ, ნეტავ იცოდეთ! _ დაიწყო მოთქმა.
_ მოკვდა? ეგ როგორ? როდის?
_ როდის და მალევე. ერთი წელიც არ იყო გასული, რომ მივედი მოსაკითხად და ცოცხალი აღარ არისო, მითხრეს.
ზურიკოს ქვედა ყბა აუკანკალდა. სასაოწარკვეთილი მზერა მომაპყრო:
_ ნატა, აკი კარგ ოჯახში მოხვდაო?
პირი მოვმუწე და თვალები დავხარე. აი, სად დამიხვდა ჩემი უწყინარი ტყუილი.
_ სიმართლე დაგიმალე, შვილო. მაშინ შენთვის ეს ამბავი რომ მეთქვა, ინერვიულებდი. მე კი არ მინდოდა შენი განერვიულება.
_ თქვენ… თქვენ იცოდით ეს ამბავი? _ გაოცებული ნანა მე მომაჩერდა.
_ ვიცოდი, კი. მე და ზურიკო მივედით ამბის გასაგებად და იქ გვითხრეს. უფრო სწორად, მე მითხრეს, ეს შიგნით არ შევიყვანე. როცა გავიგე, გარდაიცვალაო, ზურიკოს დავუმალე და ვუთხარი, გაუშვილებიათ-მეთქი.
ზურიკო ისევ დაჯდა და თავი ხელებში ჩარგო.
ირაკლი ადგა, მაგიდას შემოუარა, ზურიკოს უკან დადგა და მხრებზე დაადო ხელები. არაფერი უთქვამს, მხოლოდ ამ ჟესტით გაამხნევა. ტიდამ კი ლოყა მიადო მკლავზე და მისი თითები ჩაბღუჯა.
_ მოდი, აღარ ვილაპარაკოთ ამაზე. ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი. ანგელოზი იყო და ანგელოზად დარჩა, _ ისევ ვცადე ნანას დაცვა, _ ალბათ, ეს იყო მისი ბედისწერა. თავიდანვე სუსტი ჩვილი ყოფილა, როგორც მითხრეს.
_ სუსტი იქნებოდა, აბა რა, რძე მე არ მქონდა, რომ მეწოვებინა, ხელოვნურ კვებას კიდევ იმდენი ფული უნდოდა, ვინ მომაშავებდა? მაგიტომაც გავწირე ბავშვთა სახლისთვის. ვიფიქრე, ცოტას მომაგრდება იქ, მანამ მეც რაღაცას მოვახლაფორთებ და მერე გამოვიყვან-მეთქი.
_ შენ ორივე შვილი ასე მოიშორე თავიდან! _ კბილებში გამოცრა ზურიკომ და მუშტად შეკრული ხელები მაგიდაზე ჩამოდო. თან ისეთი მრისხარებით შეხედა დედამისს, ჩვენი ხათრი რომ არა, ალბათ, ფიზიკურადაც შეეხებოდა.
ნანა დაფრთხა. ასეთ რამეს თუ მიახლიდა შვილი პირში, არ ელოდა. დაბნეულმა ზურიკოს ბრალდებას პასუხი ვერ გასცა.
_ მამაჩემიც ბევრ რამეშია დამნაშავე, მაგრამ მიტოვებით მაინც არ მივუტოვებივარ. გამოვიდა თუ არა, მომკიდა ხელი და თან წამიყვანა. იმ ბავშვის ამბავი არც მითქვამს, იმიტომ, რომ იმაშიც არ ვიყავი დარწმუნებული, მეორე ბავშვი მისგან გყავდა თუ სხვისგან. გესმის? შენში მეპარებოდა ეჭვი, დედა! _ უეცრად ბოლო ხმაზე იყვირა და… ატირდა.
მისმა ნათქვამმა „დედა“-მ ბოლო მომიღო. ასე მეგონა, დანა ჩამცეს გულში. როგორი სიმწრით და, ამავდროულად, სიყვარულით იყო ნათქვამი ეს ერთი სიტყვა. ჰო, ასე იყო თუ ისე, ზურიკოს დედამისი ახლაც უყვარდა.
_ მაგას როგორ მეუბნები, ზური… _ ამოიხრიალა ნანამ და ისე შემომხედა, თითქოს შველას ჩემგან ელოდა.
_ გეუბნები, ხო, გეუბნები, რადგან შენ მაიძულე, ეჭვი შემპარვოდა შენს სიყვარულში. ხან ვინ მოგყავდა სახლში და ხან ვინ. შეგნებულად გვიან მოვდიოდი, რომ შენთვის ხელი არ შემეშალა.
_ ღმერთო, რას ამბობ! _ აღშფოთდა ნანა, _ ღმერთი, ხატი, რჯული… სახლში იმიტომ კი არ მომყავდა ვინმე, რომ… რომ… უბრალოდ, სტუმრად მოდიოდნენ და მერე ისევ მიდიოდნენ. ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ, მეხმარებოდნენ. ოდესმე რამე შეგიმჩნევია? ოდესმე უხერხულ სიტუაციაში გამოგიჭერივარ?
_ მორჩა, მორჩა! დავამთავროთ ამ უსიამოვნო რაღაცების გახსენება, გთხოვთ, რა! _ აღვმართე „თეთრი ბაირაღი“, _ რაც იყო, იყო. ზურიკო, შვილო, მე თუ მკითხავ, არ გეწყინოს, მაგრამ ამ უბედურების პირველწყარო მაინც მამაშენია. ის რომ ციხეში არ მოხვედრილიყო, იქნებ სხვანაირად წარმართულიყო თქვენი ოჯახის ცხოვრება. რა ვქნა, ეს ჩემი აზრია და როგორც გინდა, ისე გაიგე. მე დარწმუნებული ვარ, რომ დედა ისევ გიყვარს. ბოლოს და ბოლოს, ადვოკატი ხარ და მიტევების უნარი უნდა გაგაჩნდეს. ეჭვიც არ მეპარება, რომ გაგაჩნია. შენ ისეთი თბილი ადამიანი ხარ, სხვანაირად ვერც წარმომიდგენია. ახლა ერთი თხოვნა მექნება. არ მინდა ნანას აქ დაკითხვები მოვუწყო და მისი ცხოვრება გამოვიკვლიო. ეს ჩემი საქმე არ არის. ეს შენი და დედაშენის საქმეა. ამიტომ ჩაჰკიდეთ ახლა ერთმანეთს ხელი, წაიყვანე შენთან, დასხედით, მშვიდად დაილაპარაკეთ, ერთმანეთს მოუსმინეთ და მერე ისევ დაბრუნდით. ნანა ამაღამ ჩვენთან დავტოვოთ, მერე კი მოვიფიქროთ, რა როგორ გავაკეთოთ. კარგი? ხომ ხედავ, რა დღეშია დედაშენი? რომ უჭირს, შენც ხომ ხვდები? დალხენილი ცხოვრება რომ არ ჰქონია ეს წლები, ძნელი მისახვედრი არაა. ამიტომ დედაშვილურად გთხოვ, გააკეთე რაც გითხარი. ტიდაც გამოგყვებათ. მას აქვს უფლება, ყველაფერი იცოდეს. არა, ტიდა?
ჩემმა გოგომ დაიმორცხვა. მხრები შეათამაშა და ზურიკოს შეხედა. ნანას თვალები კითხვის ნიშანს დაემსგავსა. აინტერესებდა, ამ ყველაფერში ტიდა რა შუაში იყო. მეც არ დავახანე:
_ ნანა, ტიდა ჩემი ქალიშვილია. მას და ზურიკოს ერთმანეთი უყვართ. მინდა ეს შენც იცოდე, _ ღიმილით გავუმხილე „ოჯახური საიდუმლო“.
_ მართლა? რა კარგი ამბავია, _ ნანამ ცრემლიანი თვალები ხელისგულებით ამოიწმინდა, _ შემოგევლოთ ჩემი თავი, ბედნიერები ყოფილიყავით! აი… _ უცებ დაფაცურდა და კალთაში ჩადებულ ხელჩანთას ეცა. კარგა ხანს აფათურა შიგნით ხელები, მერე ნაჭერში გახვეული რაღაც შეკვრა ამოიღო, _ აქ ექვსი ათასი დოლარია. შენთვის მქონდა მოგროვებული, ზური. ხელი არ მიხლია, კაპიკიც არ დამიხარჯავს. სულ ვამატებდი და ვამატებდი. ეს ჩემგან, ქორწილისთვის გამოგადგება.
_ ფული არ მჭირდება, _ თავი გააქნია ზურიკომ, _ არაა საჭირო, არ მჭირდება! _ დაბნეულმა ისევ გაიმეორა.
_ აბა, მე რად მინდა. მე სულ არ მჭირდება. ჩემთვისაც მაქვს, ბინის ქირის გადახდა სულაც არ მიჭირს. ცოტა კიდევ მაქვს მოგროვებული, ცალკე, შეიძლება ბინა დავიგირავო კიდევაც. აბა, სულ ნაქირავებში ხომ არ ვიქნები. _ დაბნეული ალაპარაკდა ნანა, სიტყვებს ძლივს უყრიდა თავს, ცდილობდა, როგორმე რაღაცით მაინც გამოესყიდა თავისი დანაშაული. იმედი მიეცა, რომ შვილი წარსულის არეულ ნაბიჯებს აპატიებდა, _ ვიგირავებ და მერე შენც არ მოგიწევს ქირის გადახდა. გადახვალ იმ ბინაში და თუ მეც მიმიღებ, ხომ კარგი, თუ არადა, შენი იყოს, მე სხვა რამეს მოვახერხებ, _ ანერვიულებული ქალი ისე ჩქარ-ჩქარა ლაპარაკობდა, თითქოს გარკვეულ დროში უნდა ჩატეულიყო და სათქმელი უთქმელი არ დარჩენოდა.
_ მე ჩემი ბინა მაქვს, ნაქირავებში არ ვცხოვრობ, _ ამოილუღლუღა ზურიკომ.
ნანა გახევდა.
_ ა, ბინა? _ ანგარიშმიუცემლად დასვა შეკითხვა.
_ კი, ნანა, ზურიკომ ბინა იყიდა. ნამდვილად არ უჭირს. კარგი სამსახური აქვს, შენი შვილი უკვე ცნობილი ადვოკატია, პატივს სცემენ, _ დავიწყე.
_ ჰო, ვიცი, ეგენი მეც გავიგე, მაგრამ ბინის ამბავი არ ვიცოდი. არ მეგონა, ამხელა ხელფასი თუ ექნებოდა.
_ ჩემი ხელფასით არ მიყიდია, მამაჩემი დამეხმარა და ბანკიც. _ ხაზგასმით წარმოთქვა ჩემმა შვილობილმა.
_ ახ… გასაგებია. მაშინ… ისა… ხო, აი, ეს ფული ბანკის ვალის დაფარვაში დაგეხმარება. ცოტას მაინც ხომ წაგეშველება, თუ მთლიანად არა, _ ქალს აქეთ-იქით გაურბოდა თვალები, ძირითადად, მე მაპყრობდა მზერას, დამეხმარეო.
გამეღიმა. შემეცოდა ნანა, საშინლად უმწეოდ გამოიყურებოდა.
გაგრძელება იქნება