გული დამითუთქა მისმა აღსარებამ. მართალს ამბობდა. დედამისი მართლა არ იყო ღირსი, შვილი ენახა, თუმცა სადღაც მაინც მეცოდებოდა. მთლად ბავშვი იყო მაშინ, ბევრი შეცდომაც დაუშვა, მაგრამ ყველაფერი მისი ბრალი როდი იყო. მის გაუბედურებაში, იმაში, რომ გზას ასცდა, უდიდესი წვლილი დიდ ზურიკოსაც მიუძღოდა. მას რომ პატიოსნად ეშოვა ლუკმაპური, არ დაიჭერდნენ და ცოლიც გვერდით ეყოლებოდა.
_ ბოღმა არასდროს ჩაიდო გულში, შვილო, მითუმეტეს, მშობლების მიმართ, _ დავმოძღვრე შვილობილი, _ შეხვდი, დაელაპარაკე. იქნებ ნანობს თავის საქციელს და ბოდიშს გიხდის. ამაში მიუღებელი არაფერია. ვინ იცის, როგორ ათრია ცხოვრებამ. დაელაპარაკე. მეც დაველაპარაკები. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეს შეხვედრა. თუ შეცვლილია და ყველაფრის თავიდან დაწყება მოისურვა, ხელი შევუწყოთ. დედაა, ბოლოს და ბოლოს. რა იცი, იქნებ მამაშენსაც კი მოუბრუნდეს გული.
_ კარგი რა, ზღაპრებია ეგ ყველაფერი, _ ხელი აიქნია ზურიკომ და დივანზე ტიდას გვერდით ჩამოჯდა, მისი ცალი მხარი კი მკლავში მოიქცია.
_ ზღაპარია თუ სინამდვილე, მალე გამოჩნდება. ტიდა, გამოიძახე შვილო, ტაქსი! _ დავავალე ჩემს ქალიშვილს და ტანსაცმლის გამოსაცვლელად ჩემს საძინებელში გავედი…
***
დაბლა ჩავედი ტაქსის დასახვედრად. ტიდას კი სუფრის შელამაზება დავავალე.
ლოდინმა დიდხანს არ მომიწია. როგორც კი მანქანა კორპუსთან გაჩერდა, წინ წავიწიე. ტაქსის წინა კარი გაიღო და ნანა გადმოვიდა. შევეცადე გაოცება სახეზე არ შემტყობოდა. სად იყო ის ლამაზი გოგო, ორი ათეული წლის წინ რომ გავიცანი. გალეული, ჩხირს დამსგავსებული ქალი იდგა ჩემ წინ, თმაშეუღებავი, მხრებში მოხრილი, მოტეხილი, ასაკით ზედმეტად დახუნძლული.
_ გამარჯობათ! _ დაძაბული მომესალმა.
გული მომეწურა. სხვა „სიკეთესთან“ ერთად, ნანას რამდენიმე კბილიც დაეკარგა. მართალია, არ ჩლიფინებდა, მაგრამ შემზარავი შესახედავი იყო, უკბილო დედაბერს დამსგავსებოდა. განა რამდენი წლის უნდა ყოფილიყო? ჩემზე ბევრად უმცროსი იქნებოდა, ეგ ზუსტად ვიცოდი. ასე როგორ უნდა დაეჯაბნა ცხოვრებას? ამისთანა რა ტანჯვა უნდა გამოევლო?
_ გაგიმარჯოს, ნანა! _ რაც შეიძლებოდა თბილად მივმართე, ხელი მოვხვიე და ვაკოცე, _ გამიხარდა, რომ დამთანხმდი. წამო, ავიდეთ. ყველაფერი კარგად იქნება, არ ინერვიულო! _ ბანალური სიტყვებით ვცადე მისი დამშვიდება და მასთან ერთად ლიფტისკენ გავემართე…
დედა-შვილის ასეთი ცივი შეხვედრა არასდროს მინახავს. ზურიკო დივანზე იჯდა და არც წამოწეულა. ნანა ჰოლში გაშეშდა, დაბნეულმა ჩაიჩურჩულა, გამარჯობათო და უმწეო მზერით მე მომაჩერდა.
_ მოდი, მოდი, ნუ გერიდება. თავი ისე იგრძენი, როგორც საკუთარ სახლში. აგერ დაბრძანდი, გენაცვალე! _ მაგიდასთან მივიყვანე და სკამზე დავსვი.
უხერხულმა სიჩუმემ თითქოს ქარივით გადაუარა ოთახს. გეგონებოდა, იქაურობა სუსხით გაივსოო. რაღაც უნდა მეღონა, თორემ ნანა ნამდვილად გაიქცეოდა.
_ აბა, მოდით აქ ყველანი, სუფრას შემოუსხედით. დროზე! _ გავეცი „განკარგულება“ და ნანას გვერდით დავჯექი.
ყველანი უსიტყვოდ შემოგვიერთდნენ. ზურიკო წამით შეყოვნდა, მაგრამ მერე ზლაზვნით წამოდგა და ტიდას დაუმშვენა მხარი.
_ ირაკლი, ჭიქები შეავსე, შვილო! _ ვთხოვე ჩემს შვილს და ნანასთვის განკუთვნილი ჭიქა გავუწოდე.
ირაკლიმ ჯერ ნანას ჭიქა შეავსო ღვინით, მერე დანარჩენებიც.
_ ნანა, შენს მოსვლას და ჩვენს დახვედრას გაუმარჯოს! კეთილი ყოფილიყოს შენი ფეხი ჩვენს ოჯახში! _ ტრადიციული სადღეგრძელო წარმოვთქვი და ზურიკოს დედას მივუჭახუნე.
_ კეთილი იყოს, _ თქვა მანაც და სასმელი ოდნავ მოწრუპა.
_ ეს ჭიქა ბოლომდე დავლიოთ, კარგი? _ თითქოს ერთობ სასარგებლო რჩევას ვაძლევდი, ისეთი ტონით ვუთხარი.
დაძაბულმა დამიქნია თავი და ღვინო ბოლო წვეთამდე დაცალა. მეც სხვა რა გზა მქონდა, სტუმარს მივბაძე და ჩემს ჭიქას ძირი გამოვუჩინე.
ირაკლიმაც ადღეგრძელა ზურიკოს დედა და ტიდამაც, ჩვენი „მთავარი გმირი“ კი თავჩაღუნული იჯდა და ოდნავადაც არ გარხეულა.
_ ზურიკო, შენი ჯერია, ადღეგრძელე სტუმარი! _ გავეცი შემდეგი „განკარგულება“.
ჩემმა შვილობილმა თავი ასწია და საყვედურით სავსე მზერა შემომანათა.
_ მიდი, შენ გელოდებით! _ არ დავთმე.
_ გაგიმარჯოს, _ ჩაიბურტყუნა ზურიკომ და აწეული ჭიქა მაგიდაზე დადგა.
_ ეგ უნდა დალიო! _ აშკარად „ზეწოლას“ ვახდენდი დედაქალაქის საუკეთესო ადვოკატზე.
_ ვერ დავლევ, ნატა. ხომ იცი, როცა ვმუშაობ, არ ვსვამ, _ თავი იმართლა.
_ ეს უნდა და-ლი-ო! _ დამარცვლით წარმოვთქვი და გამჭოლი მზერა ვესროლე.
ზურიკომ უკმაყოფილოდ გააწკლაპუნა პირი და დალია. ჩემი მამაძაღლი ბიჭი! ხათრი არ გამიტეხა.
_ ნანა, დიდი ხანია თბილისში ხარ? _ რაც შეიძლებოდა უშუალოდ მივმართე, რომ თავი უცხოდ არ ეგრძნო.
_ თვეზე მეტია, რაც ჩამოვედი. _ ხმადაბლა წარმოთქვა.
_ და სად ცხოვრობ?
_ ნაქირავებში. ისევ იმ უბანში, სადაც ადრე მე და ზური ვცხოვრობდით.
_ იმავე ბინაში?
_ არა, არა, ცოტა მოშორებით… ზური, „ლახანკა“ გახსოვს? დიდპირა ბიჭი რომ იყო, იმის დეიდამ მომაქირავა.
_ „ლახანკა“? _ ჩავეკითხე.
_ ხო, ასე ეძახიან დიდი პირის გამო. ნამდვილი სახელი არ ვიცი. უბანში ძველბიჭობდა ადრე, ახლა გაუბედურებულია, ფეხი მოუჭრიათ და ძლივს დაღოღავს ცალი ფეხით.
_ ფეხი მოუჭრიათ? რატომ? _ როგორც იქნა, ზურიკომ ხმა ამოიღო.
_ განგრენა მეწყებოდაო. ეგ ხომ წამალზე იჯდა და ეტყობა, რაღაც სისაძაგლე შეიშხაპუნა ვენაში. მგონი, სისხლი მოეწამლა თუ რაღაც ეგეთი.
„სისაძაგლე“ მომეწონა. ახლა იშვიათად იყენებენ ამ სიტყვას, არადა, მშვენიერი სიტყვაა.
_ სხვათა შორის, სწორედ მან მითხრა შენი ამბები, ტელევიზორში ვხედავ ხოლმეო. შენი სამსახურის მისამართიც მან გამიგო. _ გააგრძელა ნანამ.
ზურიკო კვლავ დადუმდა.
_ ნანა, გადაიღე რამე, მოშივებული იქნები. _ სალათის თეფში ავიღე და შევთავაზე.
_ არა, დიდი მადლობა, არ მშია, _ როგორც იქნა, გაიღიმა.
_ მიდი, მიდი, ნუ გერიდება, აქ ყველანი შინაურები ვართ.
ის, იყო, ორი კოვზი გადაიღო, რომ მოულოდნელად ზურიკოს ხმა გაისმა:
_ რატომ მეძებდი?
გამაბრაზა მისმა რეპლიკამ. შუბლი შევიჭმუხნე და დედამისის ნაცვლად მე გავეცი პასუხი:
_ იმიტომ, რომ დედაა შენი! რა კითხვაა ეს, ამას გასწავლიდი?! _ სიმკაცრე გავურიე ხმაში.
_ იყო… ოდესღაც, _ გაისმა ზურიკოს უკმაყოფილო ტონით ნათქვამი.
_ იყო და არის კიდევაც. რა, სხვა დედა გყავს თუ როგორაა შენი საქმე? _ ტონს არ ვარბილებდი.
ჩემს შვილობილს პასუხი არ გაუცია, ისევ ჩაღუნა თავი.
ნანა გაშრა. პირმოკუმული მისჩერებოდა თავის შვილს და თვალები ცრემლით ავსებოდა.
_ ალბათ, სამუშაოდ იყავი წასული, არა? _ ისევ ნანას მივუბრუნდი, რომ სიტუაცია როგორმე დამეთბო.
_ კი, ერთხანს თურქეთში ვიყავი, მერე საბერძნეთში, ბოლო ოთხი წელია, იტალიაში ვარ. ვმუშაობდი, ცოტა ფული დავაგროვე და ჩამოვედი.
_ უჰ… კარგი გიქნია, _ მისი გამხნევება ვცადე, _ მარტო ხარ თუ… _ ვერ ვკითხე, ხომ არ გათხოვდი-მეთქი, ზურიკოს ნერვებს მოვუფრთხილდი.
_ კი, მარტო ვარ. სხვა ვინ უნდა მყავდეს, ამის მეტი, _ სიმწრით გაიღიმა და თვალებით შვილზე მანიშნა.
_ მე შენ არასდროს გყოლივარ, ისე. ვატყობ, ბევრი რაღაც დაგვიწყებია. აქამდე სად იყავი, ახლა რომ გაგახსენდი? _ უეცრად აბობოქრდა ზურიკო, სახე გაუწითლდა და თვალები ბრაზით გაევსო.
_ ზურიკო! _ ერთი ტონალობით ავიმაღლე ხმა.
_ ბუბი, დამშვიდდი, გთხოვ, _ ტიდამ ხელკავი გამოსდო შეყვარებულს და მხრით მიეკრა, _ არ გინდა, ეგრე ნუ იქცევი.
_ როგორ ეგრე! _ ალმაცერად გახედა ტიდას, _ ძალიანაც ჩვეულებრივად ვიქცევი! ეს ბუნებრივი რეაქციაა, გესმის? სრულიად ბუნებრივი! თითქმის ოცდახუთი წელია არ მინახავს. გზად რომ გადამყროდა, გვერდს ავუვლიდი! ამას ჰქვია დედა? დააკვირდით, რა დაემართა, როცა შემოვიდა? ვერ მიხვდა, მე ვიყავი მისი შვილი თუ ირაკლი! ვერ შეამჩნიეთ? მე შევამჩნიე, იმიტომ, რომ ეგეთ დეტალებს ყოველთვის ვამჩნევ! მორჩა, მე წავედი! _ თქვა და ეგრევე წამოხტა.
_ აბა, ახლავე დაჯექი! _ ფეხზე წამოვდექი და მაგიდას მუშტებით დავეყრდენი, _ ფეხს ვერ გაადგამ აქედან! რა დიდ გულზე ხარ? ჯერ დაელაპარაკე ადამიანს, იქნებ რა აქვს სათქმელი!
ზურიკო ჩემს რეაქციაზე გაფითრდა, მიხვდა, რომ თუ წავიდოდა, მაწყენინებდა. იმასაც მიხვდა, რომ მისმა ნათქვამმა და „ნაქნარმა“ ჩემი გაბრაზება გამოიწვია და სინდისმა შეაწუხა.
პასუხი არ გაუცია, ისე დაჯდა. ტიდა კვლავ მიეხუტა.
ნანას გავხედე. საწყალს ადამიანის ფერი არ ედო ისედაც უფერო სახეზე. ნიკაპი უკანკალებდა. ცოტაც და ტირილი წასკდებოდა.
_ ახალგაზრდობაში ყველანი ვუშვებთ შეცდომებს. უშეცდომო არავინაა ამქვეყნად. ამხელა ქალი ვარ და მეც მომდის შეცდომები. _ დავიწყე „ლექცია შეცდომის თემაზე“, _ გაგიგონიათ ოდესმე სიტყვა „დიდსულოვნება“? არსებობს ასეთი ცნება და იგი შემწყნარებლობას, პატიებას, თანაგრძნობას ნიშნავს. ჰოდა, იყავით დიდსულოვნები. ცუდი პერიოდი იყო. ტიდას არ ახსოვს, მაგრამ თქვენ ხომ გახსოვთ, რა დღეებიც გამოვიარეთ? სიგუას ნამცხვარს ვჭამდით და ათქვეფილი კვერცხის ფხვნილით გიკეთებდით ყიყლიყოებს, თქვე საძაგლებო! _ მეც მომადგა ცრემლები, _ გამურული ქვაბების ხეხვას ვერ ავუდიოდი, რომ თქვენთვის სუფთად გამეკეთებინა საჭმელი. დაგავიწყდა, პურის რიგში სათითაოდ რომ ვიდექით და ღამეს ვათენებდით? ჰა, ზურიკო, არ გახსოვს? გაყინულ ფეხებს რომ გითბობდით ორივეს ღამით ლოგინში, ოდესმე გაქრება შენი მეხსიერებიდან? მე, ასე თუ ისე, სამსახური მქონდა და რაღაც შემოსავალიც, მაგრამ ამ ქალს რა უნდა ექნა? რითი უნდა ერჩინე? როგორც შეეძლო, ისე ირჯებოდა! სხვისი დანაშაულის დანახვა ძალზე ადვილია, მაგრამ მის უკან რა იმალება, იმაზე ფიქრით თავს არ ვიწუხებთ! ეს ქალი დედაა შენი! მოუსმინე, ბოლომდე მოუსმინე და დასკვნა მერე გამოიტანე! ეს ჩემი რჩევა იქნება, შვილო! _ ბოლოს, როგორც იქნა ტონი შევარბილე.
ნანას გული მოეცა, მისი დაცვა რომ ვიკისრე. უეცრად თავი ასწია, ზურიკოსკენ გადაიხარა და ტირილნარევი ხმით წარმოთქვა:
_ მე ვიყავი ცუდი დედა, ამის თქმა გინდა, არა? და მამაშენი? ის რა, კარგი მამა იყო? რატომ გვიჭირდა მე და შენ, ერთხელ მაინც გიფიქრია? რატომ გამუშავებდი პატარა ბავშვს ან მე რატომ დავეთრეოდი აღმა-დაღმა, როგორ გგონია? კარგი ცხოვრების გამო? დალხენილი ვიყავი და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა? ეს მამაშენმა ჩაგვაგდო ამ დღეში! მისი ბრალია ყველაფერი, მაგრამ შენ ამის აღიარება არ გინდა! სიმართლე ეს არის, ზური!
ზურიკომ შეკრული შუბლით გახედა.
_ ნუ მიყურებ ასე. ვიცი, ბევრი დავაშავე, მაგრამ გვერდით არავინ მყავდა ისეთი, ვინც დამეხმარებოდა. როგორც შემეძლო, ისე გამქონდა თავი. ვხედავდი, რომ შენ ჩემზე ძლიერი იყავი, დამოუკიდებლად შეგეძლო თავის გატანა, ამიტომაც არ შემშინებია, როცა დაგტოვე და აქედან გავიქეცი. ვიფიქრე, უკეთეს ქვეყანაში ვიმუშავებ, ფულს დავაგროვებ, დავბრუნდები და ჩემს შვილს ცხოვრებას ავუწყობ-მეთქი. მაგრამ რა? სულ ტყუილად, თურმე!
გაგრძელება იქნება