"ამ წიგნზე ხუთი თვე ვმუშაობდი. წიგნში მოთხრობილია ილია თოფურიას დედის, ინგა ბენდელიანი-თოფურიას დაუჯერებელი ცხოვრების ისტორია, რომელიც აფხაზეთიდან იწყება და ილიას ისტორიული გამარჯვებით გვირგვინდება. ეს არის ერთგვარი მოკლე საგა დიდი და დრამატული ამბებით - სოხუმი-ჭუბერი-რუსთავი-ჰალე-რუსთავი-ალიკანტე-კალიფორნია...
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არდანებების, ფსკერის მოსინჯვისა და მწვერვალზე ასვლის ამბავია, რომელიც ერთი მხრივ ჩვენს მეხსიერებას გააღვიძებს და მეორე მხრივ, არაერთ ადამიანს მისცემს ძალას," - აღნიშნავს გიორგი კეკელიძე.
13 ოქტომბერს, Biblusi • ბიბლუსი-ში გაიმართება საჯარო წარდგენა წიგნისა #დედადაილია და ასევე შეხვედრა წიგნის მთავარ გმირთან - ინგა ბენდელიან-თოფურიასთან. პროექტის ოფიციალური პარტნიორია „ბიბლუსი," მხარდამჭერია - SMH Sports-ი. წიგნი მხოლოდ „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. მანამდე კი, ვეცდებით გაგაცნოთ ამ ძლიერი ქალის საოცარი პორტრეტი, რომელიც საქართველოს უახლესი ისტორიის ფონზეა წარმოდგენილი და ახალი თაობისთვის და არა მხოლოდ მათთვის, კარგი მაგალითის მიმცემია.
- ახლა 53 წლის ვარ, მაგრამ 21 წლის ვიყავი, აფხაზეთიდან რომ წამოვედი. მაშინ მართლა არ ვიცოდი, რომ ადამიანში უდიდესი რესურსი არსებობდა, რომლის შესახებაც თვითონაც არაფერი იცის. ასე რომ არ ყოფილიყო, სხვანაირად ხალხი იმ უდიდეს ტკივილს ვერ გაუძლებდა... დედაჩემს 19 წლის ბიჭი აფხაზეთის ომში დაეღუპა, მე ორსული და დაქვრივებული დავრჩი... მისთვის ეს უდიდესი ტრაგედია იყო, მაგრამ მთელი ძალა მოიკრიბა და წინ გაგვიძღვა. როცა დედას ვუყურებდი, ისეთ სიმტკიცეს ავლენდა, მრცხვენოდა, რომ მეტირა. ასე ერთმანეთის პატივისცემით, ანგარიშის გაწევით დედაჩემშიც ის საოცარი ძალა მოვიდა, თორემ შვილის გარდაცვალება, ეს ხომ საშინელებაა?! მინახავს სიმწრისგან იატაკზე გაწოლილი დედა, ადგომაც რომ არ უნდოდა და არც ის, ვინმეს იმ მდგომარეობაში ენახა, მაგრამ დგებოდა, ძალას მოიკრებდა და დედობას აგრძელებდა...
საქართველოში შაოსანი დედები უდიდეს ტკივილს უძლებენ, განსაკუთრებით ომში დაღუპული შვილების. ეს კიდევ სხვა მასშტაბის ტკივილია, მით უფრო, რომ ამის შემდეგ ქვეყანას დღემდე დაკარგული აქვს ტერიტორიები და მაინც ოკუპირებულია... ასეთ დედებს, ოჯახებს სამმაგად მეტად სტკივათ. ამასთან, ჩემი ძმის საფლავიც დაკარგულია... დედა ახლა 70 წლისაა, მაგრამ 8 თვეა, რაც დემენცია დაემართა, 6-ჯერ ნაინსულტარია და ხვალაც რომ დაბრუნდეს სოხუმი, ალბათ ამის აღქმას ვეღარც შეძლებს. მასში ჩუმმა და დაფარულმა ტკივილმა ეს შედეგი მოიტანა... 31 წლის წინ, წარმოიდგინეთ როგორი ახალგაზრდა იყო... ჩემი ძმა სამხედრო ოპერაციის შესრულებისას ჩემს მეუღლესთან ერთად დაიღუპა. მეუღლე 24 წლის გახლდათ... ისინი ერთად დაკრძალეს... როდესაც ამ თემაზე ვსაუბრობ, ნერვიულობისგან სპაზმები მეწყება, რაც აფხაზეთმა დამიტოვა... 5 თვის განმავლობაში გიორგი კეკელიძესთან წიგნზე მუშაობისას, ეს ყველაფერი სულ გამიახლდა. იმ ეპიზოდების, დეტალების გახსენება ჩემთვის საოცრად მტკივნეული აღმოჩნდა. იმას, რასაც საკუთარ თავში ვბლოკავ და ვცდილობ, სიღრმეებში არ ჩავიდე, წიგნზე მუშაობისას მომიწია.
- რა პროფესიის ბრძანდებით?
- აფხაზეთში სამედიცინო ტექნიკუმი მაქვს დამთავრებული, ფსიქოლოგია-სოციოლოგიაზე უნდა ჩამებარებინა, მაგრამ ამ დიპლომს ვეღარ მოვესწარი... შემდეგ ცხოვრებამ სხვანაირად განმავითარა, სხვა პროფესიები შევიძინე (რამდენიმე ენაზე თავისუფლად ვლაპარაკობ), თუმცა ფსიქოლოგიას მაინც მივყევი და შეიძლება ვთქვა, რომ შტატგარეშე ფსიქოლოგი ვარ. თან, როდესაც, სახლში 2 პროფესიონალი სპორტსმენი გყავს, 4 შვილის დედა ხარ, გამოვლილი გაქვს ტრაგედია, ავტომატურად მომიწია ბევრ საკითხში ჩაწვდომამ.
- ომის დროს აფხაზეთში იყავით?
- 1992 წლის აგვისტოში ომი რომ დაიწყო, 5 დეკემბერს ჩვენი ბიჭები დაიღუპნენ, ამ ტრაგედიამ ფეხმძიმე უმძიმეს მდგომარეობაში ჩამაგდო - საჭმელს არ ვჭამდი, ფსიქოლოგიურადაც ცუდად ვიყავი. გარდა იმისა, რომ ადამიანები დავკარგეთ, იმ ადგილას ცხოვრება, სადაც ყველაფერი იბომბებოდა, ურთულესი იყო. ყველანაირად ვაკუუმში აღმოვჩნდი მეც და ჩემ გარშემო ყველა... ექიმებმა დედას უთხრეს, - პრაქტიკულად განწირულია, ვერ გადარჩება... იძულებულები გავხდით, დეკემბერში ქუთისში წამოვსულიყავით, სადაც თქვეს, - თბილისში წაიყვანეთო... მარიამი თბილისში, 1993 წლის მარტში დაიბადა... უფროსი შვილი მაშინ 2 წლის მყავდა... მარიამი სამი თვის იყო, როდესაც 1993 წლის ზაფხულში ხელშეკრულება დაიდო, ე.წ. „პერემირიე“ (შერიგება). სოხუმში დავბრუნდით, ჩავთვალეთ, რომ ომის კოშმარი დასრულდა.