დარეჯან ხაჩიძე 1975 წლიდან თუმანიშვილის თეატრის მსახიობია. არაერთ სპექტაკლში უთამაშია. განსაკუთრებულად გამორჩეულია მის მიერ შესრულებული მაყვალას როლი ფილმში "სიყვარული ყველას უნდა".
1980 წელს ეკრანებზე გამოსულმა ამ მუსიკალურმა კომედიამ არაერთი მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა. ამ ფილმს არაერთი სიუჟეტი, სტატია და გადაცემა მიეძღვნა. ცნობილია, რომ მიხეილ თუმანიშვილმა დარეჯან ხაჩიძეს საცხოვრებლად საკუთარი ბინა დაუთმო. მანამდე მსახიობი რუსთავში ცხოვრობდა. თბილისში ბინა არ ჰქონდა.
"ახლა რომ ბატონი მიშა ცოცხალი იყოს, მოერიდებოდა ამაზე საუბარი. როგორია, როცა შენი პედაგოგი, პროფესორი რომ მოგკიდებს ხელს და წაგიყვანს თავის სახლში. მის მეუღლეს ბინა ჰქონდა კალანდაძეზე, თავად ბარნოვზე ცხოვრობდნენ მთელი ოჯახი, მიმიყვანეს ბინაში, რომელიც კანდელაკზე მდებარეობდა და 5 წელი მაცხოვრეს იქ. არაჩვეულებრივი მეზობლები მყავდა. არაჩვეულებრივი საღამოები იმართებოდა იმ ბინაში. ცოტა უცნაური ბინა იყო. რაღაც ტრიალებდა იქ, ჩემს გარდა თითქოს ვიღაც ცხოვრობდა. ერთხელ სპექტაკლში უნდა მეთამაშა და სპექტაკლის წინ ყოველთვის ვიძინებდი ხოლმე. ჩემი საწოლის თავზე იყო ჩამოკიდებული წმინდა გიორგის ჩარჩოში ჩასმული ნახატი, ძილ ბურანში ვარ და მესმის ხმა, "ეს სურათი ახლა ჩამოვარდება, ფრთხილად იყავი". თვლემაში წავედი და მესმის ჭახანის ხმა, გადავიხედე საწოლის უკან და ჩამოვარდნილი იყო ნახატი. 2 საათი შეშინებული დავდიოდი. მოკლედ, ჩემი ბიოლოგიური მშობლების შემდეგ ბატონი მიშა და მისი მეუღლე ჩემი მეორე მშობლები და პატრონები იყვნენ."
შვილები
"2 ქალიშვილი მყავს. უფროსმა ქალიშვილმა ჩააბარა თეატრალურ ინსტიტუტში და სწავლობდა რეჟისურასა და მონტაჟზე. თეატრში არ გვყავდა დასის მმართველი და იქ დაიწყო მუშაობა. მშვენივრად გაართვა თავი საქმეს. მეორე ქალიშვილი 13 წლის იყო, როცა ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკიმ დადგა სპექტაკლი და მოიპატიჟა. მთავარი როლი ანდო ანა-მარიას. მე მათ არჩევანში არ ჩავრეულვარ. თავად გადაწყვიტეს, რომ ამ სფეროს გაჰყოლოდნენ".
მძიმე დიაგნოზი
"წლების წინ ცუდი დიაგნოზი მქონდა, მაგრამ გავიკეთე ოპერაცია და ახლა კარგად ვარ. სიმსივნის დიაგნოზი დამისვეს. როცა გავიგე ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ მაქსიმალურად ვეცადე, თავი შემეკავებინა და არ გამომეხატა არაფერი. ვთქვი, რომ მე ამას უნდა შევებრძოლო. ვიბრძოლე და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის. ოპერაცია წარმატებით გაკეთდა. ამ დიაგნოზის დამარცხება შეიძლება მაგრამ შიგნიდან უნდა მოძებნო ძალა".