ნინო სურგულაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ნინოს წარმატების შესახებ ხშირად წერენ არა მხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო გამოცემებიც. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი და თაყვანისმცემელი ჰყავს.
ნინო სურგულაძე დაიბადა თბილისში. დაასრულა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. ბარსელონაში, Francisco Viñas-ის სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე გამარჯვების შემდეგ, მან მიიღო სტიპენდია ლა-სკალის თეატრის აკადემიაში, სადაც სწავლობდა ლეილა გენჯერთან და ლუჩანა სერასთან.
საოპერო დებიუტი შედგა 2002 წელს და მას შემდეგ გამოჩნდა მსოფლიოს მრავალ საოპერო თეატრში. ითამაშა იტალიურ სატელევიზიო ფილმში Rigoletto a Mantova (2010) და ქართულ ფილმებში ვალსი პეჩორაზე და მეტიჩარა.
ნინო სურგულაძე არის საქველმოქმედო ფონდის Desire Tree-ის დამფუძნებელი, რომლის მიზანია სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე ბავშვების დახმარება.
"იტალია არის საოპერო აკვანი და როდესაც ჩავედი იტალიაში, მაშინვე ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა, პირველ რიგში, მისი მსგავსებით საქართველოსთან, ტრადიციებით, სტუმართმოყვარე ხალხით, არაჩვეულებრივი ენით, კულტურით, ისტორიით, ყველაფრით მოვიხიბლე და მას შემდეგ ჩემს გულშია. იტალიამ ძალიან ბევრი რამ მომცა, მასთან მაკავშირებს ჩემი საქმე და ყოველთვის მადლიერი ვიქნები ამ ქვეყნის, თუმცა სამშობლო მხოლოდ ერთია და ეს არის საქართველო, იტალია კი ჩემი მეორე სახლია. მე მიხარია, რომ შემიძლია, იტალიაში ბევრი ვისაუბრო საქართველოზე და პირიქით, როდესაც ჩამოვდივარ საქართველოში, შემიძლია, ბევრი ვისაუბრო იტალიაზე. ჩემი სიყვარული ამ ქვეყნის მიმართ მარადიულია და არ ქრება" - ამბობდა მომღერალი.
ბავშვობიდან სულ გადაღებებსა და რეპეტიციებზე უწევდა ყოფნა, თუმცა კლასელებთან დღემდე აქვს კარგი ურთიერთობა. 7 წლიდან ხელოვნების სკოლაში დადიოდა. სწავლობდა პირველ ექსპერიმენტალურ სკოლაში. მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში ხშირად ვერ დადიოდა, გაკვეთილებს ყოველთვის სწავლობდა.
ქართველმა მაყურებელმა ნინო სურგულაძე გაიცნო ფილმიდან ,,მეტიჩარა”.
,,სკოლაში გაკვეთილზე ვიყავი, როდესაც საკლასო ოთახში უცხო ქალი შემოვიდა და გოგონები ფეხზე აგვაყენა. ეტყობა ძალიან მონდომებული სახე მქონდა. იმ ქალმა თავისთან მიხმო- სახელი, გვარი, ასაკი მკითხა და ნომერი გამომართვა. მახსოვს მთელი დღე ვნერვიულობდი. სახლში აქეთ-იქით დავდიოდი, ბოლთას ვცემდი და ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ, თუ დამირეკავდნენ და როლზე დამამტკიცებდნენ, ეს მთლიანად შეცვლიდა ჩემს ცხოვრებას. დამირეკეს. გადაღებებზე 350 ბავშვი იყო, მაგრამ მე და დელფინი ,,ადიდასი” დაგვამტკიცეს. ძალიან საყვარელი დელფინი იყო, მაგრამ მალევე დაგვეღუპა და ეს ძალიან განვიცადე. პატარას ყველა მეფერებოდა, მაგრამ მე ამ როლს სერიოზულად ვეკიდებოდი. ცურვა არ ვიცოდი და შემცვლელი მოიყვანეს წყალში ეს გადახტებაო. გავგიჟდი, რას ჰქვია ეს გადახტება-მეთქი და ცურვაზე შევედი.” ,,მეტიჩარას” 2 წელი გაგრაში იღებდნენ.”
ნინოს თქმით, ეს ორი წელი მის ცხოვრებაში საუკეთესო იყო და ამ ფილმმა მართლაც ბევრი რამ შეცვალა. ,,მეტიჩარას” მოჰყვა ფილმები ,,მარტივი პასიანსი” და ,,ვალსი პეჩორაზე”. სწორედ ამ უკანასკნელ ფილმში მთავარი როლის შესრულებისათვის ჟენევის კინოფესტილავზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.
21 წლის იყო, როდესაც ამ კონკურსზე თავისი მონაცემები გააგზავნა. სასწაული ის იყო, რომ ჯერ თბილისის ოპერის სცენაზეც კი არ ჰქონდა ნამღერი, როდესაც ბარსელონაში არიების შესასრულებლად გაემგზავრა. უნდოდა საკუთარი თავი გამოეცადა და ჩაკეტილი სივრცისათვის თავი დაეღწია.
,,გავრისკე. რისკი ჩემთვის აუცილებელიც იყო. ჟიურის თავმჯდომარედ უდიდესი მომღერალი ჯოან საზერლენდი რომ დავინახე, უბრალოდ გავგიჟდი. მუხლები მიკანკალებდა, პირველ ტურზე გული ამოვარდნაზე მქონდა. გასვლის წინ ჩემ თავს ვუთხარი-რაც გაგაჩნია ყველაფერი- ენერგია, სურვილი, გრძნობა შენს ნამღერში უნდა ჩადო! მერე რა, რომ შენ ასეთი აუდიტორიის წინაზე არ გიმღერია, შენ ამას შეძლებ!”
ჟიურის თავმჯდომარემ ქართველი მომღერლის მიმართ აღფრთოვანება ვერ დამალა და მხურვალე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა. ამას მოჰყვა სამივე ტურში გადასვლა და პრიზები. პრიზებს შორის იყო ლა სკალას ორწლიანი აკადემია.