თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
"შეგრძნება არ მაქვს, რომ რაღაც დასრულდა, წარსულში დარჩა, პირიქით, რაღაც ახალი და კარგი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში", - ამბობს ფოტომოდელი თამო ვაშალომიძე და ვენეციის კინოფესტივალზე გატარებულ დღეებს იხსენებს. შეცვლიდა თუ არა რამეს საკუთარ ცხოვრებაში, რა არის მისთვის ბედნიერება, რას მიიჩნევს ყველაზე დიდ სისუსტედ და ვინ არის ადამიანი, ვინც მას თავდაჯერება შესძინა? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...12.07.1991.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ჟურნალისტი. ყველას კარგად გვახსოვს, იმ წლებში ქვეყანაში როგორი მძიმე მდგომარეობა იყო და როდესაც ვუყურებდი, ტყვიების ზუზუნში როგორ აშუქებდნენ ამბებს ქალი ჟურნალისტები, მინდოდა, მეც ეს პროფესია ამერჩია.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გულუბრყვილოა.
- ეთანხმები?
- ადამიანებს მარტივად ვენდობი, მართლა გულუბრყვილო ვარ. ჩემს თავს ვეუბნები ხოლმე, - თამო, უკვე 33 წლის ხარ, ხომ უნდა გაიზარდო და მიხვდე, რომ ყველას ნდობა არ შეიძლება?!
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არაფერს შევცვლიდი, ყველა ეტაპს თანამიმდევრულად გავივლიდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...საკუთარ თავს. ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...მყავს შვილები. ამაყი დედა ვარ.
- შვილები ამ წარმატებულ დღეებზე რას გეუბნებიან?
- მითხრეს: დე, წითელ ხალიჩაზე ძალიან ლამაზი იყავიო. სოფია ჩემი ფეხსაცმელებით დადის და ამბობს, წითელ ხალიჩაზე ვარო. სულ ვარიგებ, ვუხსნი, რომ კარგად უნდა ისწავლოს, რომ ყველა დღე მნიშვნელოვანია და საკუთარი ცოდნით ბევრი რამის მიღწევას შეძლებს. ვეუბნები, მე რომ თავის დროზე ძალიან კარგად მესწავლა, ენები შემესწავლა, უფრო მეტს მივაღწევდი.
- ჩემი სავიზიტო ბარათია...
- ...მიზანდასახულობა, სიმტკიცე, ძლიერი ხასიათი, თუმცა ხანდახან დაღლილობისგან ვტირი. 1 წელია არ დამისვენია. ჩემი კომპანიის ყველა დეტალში ჩართული ვარ. ვიღაცას ჰგონია, გამიმართლა. მე ასე არ ვფიქრობ. ბევრი თუ არ იშრომე, ხარისხზე თუ არ გააკეთე სწორება, ისე წარმოუდგენელია, შედეგს მიაღწიო. ამ ბრძოლაში გული ბევრჯერ მტკენია. ისიც ვიცი, როგორი ტკივილია, ადამიანებს რჩევას რომ ეკითხები და ხმასაც არავინ გცემს.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...უფრო მეტი გავაკეთო. ახლახან ჩემმა მეგობარმა აღნიშნა, ასეთი გრანდიოზული ფესტივალიდან ჩამოხვედი და იმ წამიდანვე შრომა გააგრძელეო. მე ეს წარმატება ჩვეულებრივად მივიღე. რასაც უნდა მივაღწიო, ზემოდან არავის არასდროს დავხედავ. სარკეში რომ ვიხედები, ჩემს თავსაც ვერ ვუბედავ თქმას: "თამო, რა მაგარი ხარ!" ვიცი, ტკბობას კი არ უნდა მივეცე, უფრო მნიშვნელოვან ამბებზე უნდა დავიხარჯო.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...მებრძოლი ხასიათი.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...ზედმეტი ემოციურობა, ყველაფერი მაფორიაქებს. სადღაც ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე შეიძლება 2 კვირა ვიდარდო. ყველას რომ ვენდობი, ეგეც არ მომწონს.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...ძალიან ბევრი რამ. ადრე მამა ამბობდა, სხვის შეცდომაზე რომ ისწავლი, ბრძენი ხარო. მე კი ვფიქრობ, სხვისი დაშვებული შეცდომა გვერდიდან მაინც სხვაგვარად ჩანს, საკუთარ თავზე განცდილი კი სულ სხვაა. სანამ შენ არ დაგემართება, სიმძაფრეს ვერ შეიგრძნობ.
- პატიება შემიძლია...
- ...ყველაფრის, ღალატის გარდა. უპატივცემულობა, დამცირება, ცემა-ტყეპის ატანა წარმოუდგენელია.
- ვნანობ...
- ...ყველა პატარა წვრილმანსაც კი განვიცდი, რაც ოდესმე შემშლია. შეიძლება ემოციურ ფონზე ახლობელს რაღაც ვუთხრა ან ბავშვს დავუყვირო. საერთოდ ბავშვებს არ ვუყვირი, ძალიან ბუნჩულა დედა ვარ.