21 აგვისტოს ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას და მის მეუღლეს, ნიცა თავაძეს შვილი შეეძინათ – წყვილმა ვაჟიშვილს დამიანე დაარქვა და მეგობრებისა თუ გულშემატკივრებისგან უამრავი მილოცვაც მიიღო. ნიცა თავაძე შვილთან ერთად მალევე გემგზავრა იტალიაში.
"ხვიჩა კვარაცხელიამ 23 წლის ასაკში ბევრს მიაღწია. ქართველმა გარემარბმა საკუთარი გუნდიც და კლუბიც ახალ ეტაპზე გადაიყვანა. ის ოცნებობს, რომ "რაღაც განსაკუთრებულს" მიაღწიოს მსოფლიო ჩემპიონატის 26-ე საკვალიფიკაციო ეტაპზე.
კვარასტელა, კვარადისიაკო, კვარადონა - ეს სახელები მას ხალხმა დაარქვა. ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიაში გადასვლის შემდეგ მრავალი მეტსახელი შეიძინა, ამით კი ხალხი მის მიართ პატივისცემას გამოხატავს.
მან ხომ 2022 წელს, ჩამოსვლიდან სულ რამდენიმე თვეში, მიიყვანა ნაპოლი ისტორიულ მესამე სკუდეტომდე და შემდეგ საქართველოსთან ერთად UEFA EURO 2024-ზე კვალიფიკაციაც მიიღო. ამ მიღწევებმა 23 წლის ფეხბურთელი კლუბისა და ქვეყნის გმირად აქცია, მაგრამ გარემარბს მეტის გაკეთება სურს - მისი ოცნებები უფრო დიდია", - წერს FIFA ქართველი ფეხბურთელის შესახებ და მის ინტერვიუს აქვეყნებს.
ხვიჩამ ინტერვიუში კარიერასთან ერთად პირად ცხოვრებასა და ახალ ამპლუაზე - მამობაზეც ისაუბრა:
"ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა! უცებ ვიგრძენი დიდი პასუხისმგებლობა - გავხდი მამა. ჩემი შვილის დაბადებამ უდიდესი ბედნიერება მომიტანა და ახლა სხვანაირად ვუყურებ ყველაფერს. ყოველ დღე ბედნიერად ვიღვიძებ და ვიმედოვნებ, რომ ყველას მიეცემა შესაძლებლობა, განიცადოს ეს ბედნიერება ცხოვრებაში", - თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ.
ხვიჩა კვარაცხელიამ ბოლონიასთან მატჩზე და გატანილ გოლზეც ისაუბრა, რომელიც პატარა დამიანეს მიუძღვნა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რო ახლა ყველაფერს შვილისთვის აკეთებს:
„უცებ თავი კიდევ უფრო მოტივირებული ვიგრძენი. ადამიანი უფრო მეტს შრომობს, როცა იცის, რომ გვერდით შვილი ჰყავს. ვიცი, რომ ჩემი შვილი ამ ყველაფერს დაინახავს, როცა გაიზრდება და ეს ძალიან მახარებს და ძნელია ამის სიტყვებით გადმოცემა. ეს ემოციები მაძლიერებს. ვცდილობ, ეს გრძნობა მოედანზე გადავიტანო და ამიტომ ჩემს გოლებს ვუძღვნი მას, იმედი მაქვს, რომ ისიც მომავალში ფეხბურთელი გახდება.
უპირველეს ყოვლისა, მინდა ვასწავლო მას, რომ იყოს ძლიერი. ცხოვრება სავსეა სირთულეებით, მაგრამ მან უნდა იპოვოს გზა დაბრკოლებების გადასალახად და ყოველთვის აწიოს თავი, როცა დაეცემა. მე მინდა, რომ მან გამოწვევები ღირსეულად დაძლიოს. მე არ მაქვს სხვა კონკრეტული რჩევა, რასაც მას მივცემდი. ჩემი გზა საკმაოდ რთული იყო და მიზანმიმართულად და მონდომებით გავუმკლავდი თითოეულ გამოწვევას. ბედნიერი ვარ იმ გზით, რომელიც ჩემს ცხოვრებაში აქამდე გავიარე”, - ამბობს ხვიჩა შვილის შესახებ.
კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის საქართველო, ფეხბურთელმა ასეთი პასუხი გასცა:
„მინდა რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. როცა ვშრომობ, ვიცი რომ ამით საქართველოს დავეხმარები, საქართველო კი მე დამეხმარება. უზომოდ ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. მე ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი ქვეყანა იყოს ამაყი”.