მკვახე პომიდვრის საცივი - სწრაფად და გემრიელად: ანა მითაიშვილის ვიდეორეცეპტი - Marao

მკვახე პომიდვრის საცივი - სწრაფად და გემრიელად: ანა მითაიშვილის ვიდეორეცეპტი

2024-10-16 15:45:28+04:00

პომიდორი უამრავ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც, უნიკალური პროდუქტია. ხარობს მარტივად, შესაძლებელია არაერთი ჯიშის მოყვანა და მისგან სხვადასხვა კერძის, გარნირისა თუ სოუსის მომზადება. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ალბათ, ყველაზე საყვარელი მაინც კიტრისა და პომიდვრის სალათაა, რომელიც ზაფხულის განუყოფელი ნაწილია. 

  • რეცეპტი: "ვინ არ სცადა, მისნაირი არავის გამოსდის... დედაჩემი ხშირად შეუძლოდაა, მაგრამ კუხე პომიდვრის სეზონზე ცოცხლდება და იმდენს ამზადებს, გამვლელ-გამომვლელსაც რომ ეყოფა " - მკვახე პომიდორი ნიგვზით ზურა შევარდნაძისგან 

შემოდგომისთვის გთავაზობთ პომიდვრის განსხვავებულ რეცეპტს, რომელსაც ანა მითაიშვილი გვიზიარებს და რომელსაც, ვფიქრობთ, თქვენც დიდი სიამოვნებით მოამზადებთ: 

მკვახე პომიდვრის საცივი

ინგრედიენტები: 

  • მკვახე პომიდორი - 3 კგ.
  • ნიგოზი - 2 მუჭა;
  • ხახვი - 2 დიდი თავი;
  • ნიორი - 3 კბილი;
  • ხმელი ქინძი - 1,5 ჩ/კ.
  • ზაფრანა ან ყვითელი ყვავილი -1 ჩ/კ;
  • უცხო სუნელი 1/2 ჩ/კ;
  • მარილი და წიწაკა - გემოვნებით;
  • ძმარი 4-5 ს/კ;
  • ნიგვზის ზეთი 4 ს/კ.

მომზადება:

  • დავჭრათ პომიდორი სასურველ ზომებად, დავაყაროთ მარილი ბლომად, კარგად ამოვურიოთ და დავაყოვნოთ 1,5-2 საათით.
  • პომიდორი რომ შეიყენებს წყალს, კარგად გავრეცხოთ და გავწუროთ ორჯერ.
  • პარალელურად მოვშუშოთ ნახევარ რგოლებად დაჭრილი ხახვი ზეთში.
  • გავატაროთ ნიგოზი წვრილ პირზე ორჯერ. მეორე გატარებისას დავუმატოთ ნიორი და სუნელები.
  • შევურიოთ ერთმანეთს ნიგოზი და ხახვი. დავუმატოთ ძმარი და წიწაკა, შემდეგ პომიდორი.
  • კარგად ავურიოთ ერთმანეთს, გემოვნებით მოვაყაროთ მარილი.

 

  • "ვიტამინების თაიგული, სასწაული" - დაკეპილი ფხალი - იმერელი ბებოს ვიდეორეცეპტი 

ასევე, თუ მიგაკლდათ სუნელები, გემოვნებით დაუმატეთ. თუ მასა გესქელებათ, ან ძმრით გაათხელეთ, ან ადუღებული წყლით.ბოლოს მოასხით ნიგვზის ზეთი, თუ არ გაქვთ არა უშავს, მაინც ძალიან გემრიელი გამოვა!

გემრიელად მიირთვით!