ია-იები, ფურისულები, ნაცარა, თავშავა, ჭინჭარი, მოლოქა, თიკნისყურა, ნაცარქათამა, ჯიჯილაყა, დანდური გაზაფხულის მახარობლებს მოჰყვება, ბაღ-ბოსტნები და მდინარის ნაპირები ამ სასარგებლო ბალახეულით ივსება. ზამთარგამოვლილი ორგანიზმი ყველაზე მეტად სწორედ ამ უგემრიელეს კერძს ელოდება, ჩვენმა წინაპრებმა რომ გამოიგონეს და მინდვრის ფხალი დაარქვეს. ის საქართველოს ბევრ კუთხეში კეთდება, მაგრამ იმერეთისთვის ყველაზე ემბლემურია. ხევში მას ხიმხალს, თუშეთში საწებელს, ხოლო იმერეთში ფხალს უწოდებენ.
ეს კერძი ზოგჯერ ცხრაზე მეტ სამკურნალო მცენარეს შეიცავს, მაგრამ აუცილებელია ჭინჭარი და ჯიჯილაყა (ამარანტი), ასევე: მოლოქა, ნაცარა, თიკნისყურა, ხარიკბილა, ფურისულა, ნაცარქათამა, იის ფოთლები და დედაფუტკარა. ბევრი დიასახლისი ნივრის ფოჩებს, ვაზის ნორჩ თავებს, ჭარხლის ფოთოლს, თოთო ჭლაკვსა და დანდურსაც შეურევს ხოლმე.
ერთად მოგროვებული ამდენი მცენარე ქართული კულინარიის ტრადიციებს გახსენებს, რომელიც ძირითადად მცენარეულ კულტურაზე იყო დაფუძნებული და ბევრ საიდუმლოს ინახავს. ამ ბალახებს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე ფიტოთერაპიაში სამკურნალოდ იყენებენ, ჩვენმა წინაპრებმა კი საკვებ პროდუქტად აქციეს.
ჭინჭრის სასარგებლო თვისებებზე ბევრმა უკვე იცის, ჯიჯილაყას (ამარანტი) კი მსოფლიოს ბიოლოგებმა „საუკუნის აღმოჩენა“, „აწმყოსა და მომავლის კულტურა“ უწოდეს. გაეროს სასურსათო კომისიამ, მასში შემავალი ნივთიერებების გამო, ის XXI საუკუნის პროდუქტად შეაფასა და კაცობრიობისათვის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარის ჩამონათვალში შეიყვანა. ამარანტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკვები და სამკურნალო პროდუქტი იყო ძველი ინკებისა და მაიას ტომისათვის. ბერძნულად ის უჭკნობ, მარადმოყვავილეს ნიშნავს და ძველი ბერძნები მას უკვდავების სიმბოლოდ მიიჩნევდნენ.
მინდვრის ფხლის თითოეულ კომპონენტზე ბევრი საინტერესო დახასიათება მოიპოვება, მაგრამ, მთლიანობაში, ესაა ძალიან სასარგებლო, ჯანსაღი ბალახოვანი მცენარეების ნაკრები, რომელიც ორგანიზმისთვის ვიტამინებისა და უნიკალური ნივთიერებების ნამდვილი წყაროა.
ინგრედიენტები:
მინდვრის ფხალი – 1 კგ;
წყალი – 2 ლიტრი;
მწვანე ხახვი – 250 გრ;
შერეული მწვანილი – 300 გრ;
კაკალი – 200 გრ;
მარილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
მინდვრის ფხალი გავასუფთაოთ, კარგად გავრეცხოთ გამდინარე წყალში. მოვხარშოთ. თუ ბევრი წვენი აქვს ნახევარი გადავწუროთ, დარჩენილი მასა კი ჩავკეპოთ.
შემდეგ დავუმატოთ მწვანე ხახვი, ქინძი, ოხრახუში, კამა, ტარხუნა და ავურიოთ. ბოლოს დავაყაროთ გატარებული კაკალი და მარილი გემოვნებით.
მინდვრის ფხალს ყვლა თავისებურად, სასურველი ბალახეულითა და საკმაზით ამზადებს, თუმცა ჩვენი დედებისა და ბებიების მიერ მომზადებული ფხლის გემო, ალბათ, ყველასთვის დაუვიწყარია. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ნახავთ, როგორ ამზადებენ მას იმერეთში და როგორ უნდა დაიკეპოს ფხალი;