- ამდენ ხანს იმისთვის ვიმტვრიე თავი მანუსკრიპტის გაშიფვრით, რომ ეს შენობა მეპოვა, მერე ცხრა სიმბოლო მომეძებნა, თანმიმდევრობით დამელაგებინა და შენთან დავბრუნებულიყავი?
სალის ნათქვამზე მძღოლს გაეცინა. - რა მიიღე გაშიფვრით?
- " სიახლოვეს ტრიალებს, რამდენჯერმე გინახავს... ჰკითხე, - იქნებ რაიმე საიდუმლოს ინახავს!" - პასუხი შენ ხარ! ჩემს სიახლოვეს ტრიალებ, რამდენჯერმე მინახიხარ... მისი პირადი მძღოლი ხარ. პირადმა მძღოლებმა კიდევ, უნდა იცოდნენ თავიანთი უფროსის საიდუმლოებები...
მძღოლმა საყვარლად გაიღიმა.
- პირდაპირ მეტყვი თუ გითხრა კოდური სიტყვა?
- გეტყვი! მომისმინე... თუ გინდა, ჩაიწერე...
- მოიცა, ჩავიწერ!
- თამაშში მხოლოდ ორი ფერია!
ბნელის და ნათელის ბრძოლა ძნელია...
გამარჯვებისთვის მთავარი ფიქრია!
რიგითი იცავს! - ცხენები მიქრიან...
- და ეს უნდა გამოვიცნო?
- კი! - გაუღიმა მძღოლმა და მანქანისკენ დაიძრა.
- როდისთვის?
- რა როდისთვის?
- როდისთვის უნდა მქონდეს პასუხი?
- მე რა ვიცი... მე რაც მევალებოდა, გავაკეთე... ახლა სახლში უნდა წაგიყვანო! შენი დღევანდელი მისია დასრულებულია... წარმატებით! გილოცავ!
- მადლობა...
სალი მძღოლს უკან გაჰყვა და თან ბლოკნოტში ჩაწერილ გამოცანაზე ფიქრობდა.
- შენს სახელს ვერ მეტყვი, ხო?
- რატო ვერ გეტყვი? - არასოდეს გიკითხავს და... - შოთიკო მქვია!
- ვითომ?
მძღოლმა გაუღიმა და აღარაფერი უპასუხა. საღამოს სალი სახლში დაბრუნდა.
იმ შენობაში მარტო სიარული და გაფანტული სიმბოლოების ძებნა ძალიან უცნაური იყო... თავიდან ცოტა ეშინოდა, მაგრამ მერე ძალიან აზარტში შევიდა... თავს სათავგადასავლო ფილმის გმირივით გრძნობდა.
ყოველ ნაპოვნ სიმბოლოს ქვეშ ერთი სიტყვა ჰქონდა მიწერილი და მათი თანმიმდევრობით დალაგებით ცხრასიტყვიანი წინადადება ეწყობოდა.
შხაპი მიიღო, ლუკასთან ერთად ივახშმა, გაკვეთილები ჩაიბარა და როგორც იქნა, კომპიუტერამდეც მიაღწია.
- დავალება შევასრულე, ბოსს!
- ძალიან კარგი...
- შენ სულ ონლაინ როგორ ხარ? აქ ხომ არ ცხოვრობ?
- შეიძლება... გამოცანის პასუხი გაქვს?
- ჯერ არ მქონდა დრო, რომ მეფიქრა! ღამე ჩავუჯდები... პასუხი როდის გჭირდება?
- მე არა, შენ გჭირდება! მომდევნო კვირას... მართლა, მე რამდენიმე დღით მივდივარ ქვეყნიდან და არ ვიქნები... შაბათს დავბრუნდები და მოგწერ!
- კარგი... კეთილი მგზავრობა!
- ძალიან კარგი ტემპებით მიდიხარ და ეს მომწონს! ასე გააგრძელე, ქერა
- ვეცდები!
ძილის წინ სალი გამოცანაზე ფიქრობდა. ის იყო, უნდა დაეძინა, რომ უცებ მობილურმა დარეკა.
- გამარჯობა, სალომე, მეგი ვარ... ხომ არ გაგაღვიძე?
- არა, არა... - გისმენ!
- ნინის ტელეფონის ნომერი გავიგე და იმ სახელოსნოს მისამართიც ვიცი, სადაც მუშაობს...
- მითხარი! - მოიცა, ჩავიწერ...
სალიმ სახელოსნოს მისამართი და ტელეფონის ნომერი ჩაიწერა.
- რეზი ხომ არ გინახავს შემთხვევით?
- არა ჯერ, მაგისთვის არ მეცალა! მაგრამ აუცილებლად ვნახავ ამ დღეებში...
- კარგი! თუ რამეს გაიგებ, მეც მითხარი რა...
- კარგი, გეტყვი!
- და კიდევ ერთხელ ბოდიში... მაპატიე რა... ის ამბავი...
- დავივიწყოთ ეგ თემა! ასე ჯობია...
- ჩემ გამო არ გაშორდე საბას! ჩვენ შორის მართლა არაფერი ყოფილა, მსუბუქი ფლირტის გარდა! ეს არ არის მიზეზი, რომ ოჯახი დაანგრიო...
- როგორღაც თავად მივხედავ ჩემს ცხოვრებას... თუ რამეს გავიგებ, დაგირეკავ!
- კარგი... აბა, დროებით...
- დროებით!
სალის თვითონვე გაუკვირდა თავისი ასეთი გარდაქმნა. ადრე, თუ რამე იყო, რაღაცნაირად დაბეჩავდებოდა ხოლმე და ჩუმდებოდა... ახლა კი როგორ თამამად ლაპარაკობს და იქცევა. თითქოს მასში "მეორე მემ" გამოიღვიძა. - ძლიერმა "მემ", რომელსაც ამდენი ხნის მანძილზე ეძინა.
დილით ლუკა სკოლაში გაისტუმრა და სახელოსნოს მისამართს დახედა. დარეკვას პირდაპირ მისვლა ამჯობინა, რადგან არ იცოდა, ტელეფონში რა ეთქვა იმ გოგოსთვის...
სალიმ გეგმა წინასწარ მოიფიქრა. - ნინისთან მივა, როგორც კლიენტი... რომელსაც ნახატის შეკვეთა სურს და ფასებს ჰკითხავს... დააკვირდება, რაღაცას "წაუნამიოკებს" და მისი რეაქციიდან გამომდინარე მიხვდება, ღირს თუ არა რამის თქმა თამაშზე...
მთელი გზა ღელავდა. სახელოსნოს კართან რამდენიმე წუთით შეყოვნდა, დაკაკუნებას ვერ ბედავდა. ბოლოს, როგორც იქნა, გადაწყვიტა და დააკაკუნა. კარი არავინ გაუღო, არადა, შიგნიდან რაღაც ხმები გამოდიოდა.
კიდევ დააკაკუნა, ახლა უფრო ძლიერად... როგორც იქნა, ნაბიჯების ხმა მოისმა და კარი დაახლოებით 60 წლამდე ჩაფსკვნილმა ქალმა გააღო.
"იმედია, ეს არ იქნება მოთამაშე"... - გაიფიქრა სალიმ და ქალს გაუღიმა.
- ნატურა ხარ?
- უკაცრავად?..
- ნატურა ხარ? - დასახატად მოხვედი?
- აა, არა, არა... ერთ გოგოს ვეძებ! - მხატვარია... ნინი ჰქვია...
- ნინიკო ეს წუთია, გავიდა. - არ შეგხვდა?
- არაა... - დაიბნა სალი.
- რაღაც წუთებში ასცდით... გნებავდათ რამე?
- კი, დალაპარაკება მინდოდა... თქვენ მისი დედა ხართ?
- არა, მე დამლაგებელი ვარ! თუ გინდა, დაუცადე, მაგრამ ასე თქვა, გვიან დავბრუნდებიო... მაგისას ვერ გაიგებ! შეიძლება საერთოდ არ მოვიდეს დღეს...
- გასაგებია! - მადლობა, ქალბატონო...
- რამე გადავცე?
- იყოს, არაფერი... სხვა დროს მოვალ...
- კარგი, შვილო!
სალიმ კიბეები ჩაირბინა და გარეთ გამოვიდა. რა უცნაურია, რამდენიმე წუთით ადრე რომ მოსულიყო, მოუსწრებდა... არადა, როგორ აინტერესებდა მისი ნახვა!
გაჩერებასთან მიდიოდა, როდესაც მობილურზე დაურეკეს... ნომერი დაფარული იყო. სალის უცნაური გრძნობა დაეუფლა... ზარს უპასუხა...
- გახსოვს, ადრეც გითხარი - სულსწრაფი ხარ, ქერა! ეს თვისება ერთდროულად ცუდიც არის და კარგიც; უბრალოდ, გააჩნია, სად და როდის გამოიყენებ! ამჯერად გადააჭარბე! - წესების დარღვევა მოგინდა?
სალი ადგილზევე გაქვავდა. მოულოდნელობისაგან კინაღამ ხელიდან ტელეფონი გაუვარდა. ყურში მისი ხმა ჩაესმა... პირველად! - ძალიან სასიამოვნო ხმის ტემბრი ჰქონდა... სალის ძალიან გაუჭირდა სიტყვის დაძვრა, მაგრამ როგორც იქნა, ამოილუღლუღა...
- ტრიქსტერ?..
- თამაშში მხოლოდ ორი წესია! ნუთუ მისი დამახსოვრება გაგიჭირდა?
- არა, არა... უბრალოდ...
- ცნობისმოყვარეობამ დაგძლია! მესმის... ძნელია, ცდუნებას წინ აღუდგე... მაგრამ, თუ გინდა რომ ძლიერი იყო, ვერც ცნობისმოყვარეობამ და ვერც სხვა შეგრძნებებმა და ემოციებმა ვერ უნდა გმართონ! პირიქით, ძლიერი მაშინ იქნები, როდესაც შენ თვითონ შეძლებ მათ მართვას! დაიმახსოვრე, - თუ ადამიანი საკუთარ თავს მოერევა, იმას წინ ვერავინ და ვერანაირი ძალა ვერ აღუდგება! ყველაზე რთული საკუთარი თავის კონტროლი და მართვაა!..
- თამაშიდან გავვარდები?..
- არა... ამ ერთხელ გპატიობ და თვალებს დავხუჭავ, მაგრამ, თუ ისევ ეცდები იმ გოგოს მოძებნას, მაშინ...
- გასაგებია! - მის არსებობასაც დავივიწყებ! აი, ახლავე დავხევ იმ ფურცელს, რომელზეც მისი ტელეფონი და მისამართი მიწერია!
- ჰო, კიდევ რა... ბანკში ანგარიში გაგიხსენი. მოგვიანებით გამოგიგზავნი! მაგ ანგარიშზე თანხა ჩაგერიცხება ხოლმე. ახლა უნდა დაგემშვიდობო! როგორც გითხარი, შაბათამდე ვერ მნახავ! - დროებით, ქერა...
- დროებით...
სალიმ მობილური ჩანთაში ჩააგდო და მხოლოდ ახლა შეამჩნია, რომ გაჩერებას საკმაოდ გასცდა...
P.S. დაეხმარეთ სალის გამოცანის გამოცნობაში.
P.P. S. მანუსკრიპტის გასაღები (ნოველა)
მზიანი დღე იყო. გასეირნება მომინდა.
სახლიდან გამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. ხიდზე რომ გადავდიოდი, ნალი ვიპოვე. - წარმატების ნიშნად ჩავთვალე და გზა გავაგრძელე.
ჯიბეში ხელი რომ ჩავიყავი, რამდენიმე მონეტა აღმოვაჩინე. მოედნის შუაგულში გავჩერდი, თვალები დავხუჭე და რატომღაც გმირებზე დავიწყე ფიქრი.
მათ ხომ არაფრის ეშინოდათ და ყოველთვის ბოლომდე იბრძოდნენ?! - მიყვარს მებრძოლი ხალხი, მაგრამ სადღა არიან რაინდები...
ცეცხლი ენთო. აღმართს გავუყევი. - რაღაცის ყიდვა მინდოდა...
სამი გოგო გამახსენდა, რომელიც ამოვარჩიე და გადავწყვიტე, მათთვის მეყიდა საჩუქრები.
ამ ფულით სამი "ნაჭერი" აბრეშუმი მომივიდოდა.
კვირა დღე იყო.
ჭიშკარში შევედი და ეზო გავიარე. შემდეგ კიბეებზე ავედი და მარცხნივ შევუხვიე...
შენობა დიდი იყო და რომ არ დავკარგულიყავი, კედელზე ჩემი ხელისგულის ანაბეჭდი დავტოვე.
9 მეტრი აბრეშუმი მომივიდა. თითოს სამი მეტრი შეხვდება...
მთავარია, ეს 9 მეტრი სწორად გადანაწილდეს...
შენობა დავტოვე.
იმედია, ყველაფერი თანმიმდევრობით მოგიყევით...
Trickster
გაგრძელება იქნება ოთხშაბათსთამაში - ყოფილი ქმრის მეორე ცოლი შენს სამსახურში (თავი მეთხუთმეტე)