მაკა ზამბახიძე 1983 წლის 16 მარტს, თბილისში დაიბადა. 2005 წელს დაამთავრა სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტის (ახლანდელი ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტი) საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. სიმღერა 7 წლიდან დაიწყო, ჯილდოც დაიმსახურა - „ოქროს მართვე”, რომელიც ცნობილმა მომღერალმა ნუგზარ კვაშალმა გადასცა სიმღერისთვის „ამ პატარას, იმ პატარას“.
2007 წელს გაიმარჯვა პროექტში „იმედის ტალღა“. 2008 წელს წარმატებული აღმოჩნდა მისი მონაწილეობა პროექტში „ნუცას სკოლა“. 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ერთად შექმნა „დუეტი ჯორჯია“ და ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს.
ბოლო წლებია სოლო-კარიერით დაკავდა, თუმცა „დუეტი ჯორჯია“ ნამდვილი ტრამპლინი იყო. ერთ-ერთ წარმატებულ სინგლად სიმღერა „ესა-მესას“ ასახელებს. 2015 წელს წამყვანის ამპლუაშიც მოგვევლინა და ცნობილ ტელესახე და მსახიობ დუტა სხირტლაძესთან ერთად მიჰყავდა შოუ „ორი ვარსკვლავი“. დაწყებული აქვს მზადება სოლო-ალბომისთვის, ასევე ჩამოაყალიბა ბენდი „მაკა ზამბახიძე და ნონსტოპი“. აღსანიშნავია, რომ ბენდში ბექვოკალი მისი ქალიშვილი სალომე ჩიტაძეა. ბენდის პროდიუსერი კახა მამულაშვილია.
მაკა ზამბახიძემ ჟურნალ "თბილისელებთან" საკუთარი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ ისაუბრა. გთავაზობთ ინტერვიუს საინტერესო ფრაგმენტებს:
- რა მიგაჩნია შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდ წარმატებად?
- ბავშვობიდან ოცნებად მქონდა დიდ სცენაზე დავმდგარიყავი და ცნობადი მომღერალი ვყოფილიყავი. რაც შეეხება დიდ წარმატებებს, ეს იყო კონკურსი „იმედის ტალღა“, შეუდარებელი განცდითა და სიხარულით და „იურმალა“, რომელმაც დიდი მასშტაბები მოიტანა ჩემს ცხოვრებაში და საიდანაც დაიწყო ჩემი მუსიკალური აღმასვლა და ოცნებების ახდენა. სხვათა შორის, ბავშვობაში რაც მინდოდა და რა ოცნებებიც მქონდა, ყველაფერი ამიხდა.
- ხომ არ ფიქრობ, რომ ადრეულ ასაკში დედობამ კარიერაში ხელი შეგიშალა?
- 18 წლის ასაკში გავხდი დედა და მიმაჩნია, რომ ამან არანაირად არ შემიშალა ხელი კარიერაში. დედა სულ ჩემ გვერდით იდგა და მეხმარებოდა. უბრალოდ, მაშინდელი ოჯახური მიზეზები იყო, რის გამოც ვერ ვმღეროდი. ძალიან ბედნიერი დედა ვარ და უბედნიერესი განცდაა ახალგაზრდა ასაკში ბებიობა. შვილიშვილმა ჩემს ცხოვრებაში ყველა ფერი შემოიტანა. რასაც არ უნდა ვაკეთებდე, სულ მასზე ვფიქრობ და მის ენაზე ვლაპარაკობ. რატი დურგლიშვილი მეხუმრება: შენ, მგონი, უკვე გააფრინეო. მართლა მაფრენინებს ეს ბავშვი. ზოგადად, ყველაფერში გამიმართლა და მათ შორის, პირადშიც, რომ გვერდით მყავს საყვარელი მამაკაცი, რომელიც მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ჩემს მეუღლეს ჩემზე მეტად სიამოვნებს ჩემი წარმატება.
ზოგადად, ვფიქრობ, რომ ბედში გამართლება ლატარიაში ჯეკპოტის მოგებას ჰგავს. ანუ, პირადი ცხოვრება ლატარიას ჰგავს – ან გაგიმართლებს, ან – არა. მე, ამ მხრივ, ჯეკპოტი მოვხსენი იღბალში, ჩემმა ბედის ლატარიამ გაამართლა და გვერდით უსაყვარლესი მამაკაცი მიდგას. ასე რომ, ვერ დავიწუწუნებ, ნამდვილად იღბლიანი ვარ, თუმცა, ვერ ვიტყვი, წარმატება ჩემს ცხოვრებაში მარტივად მოდის-მეთქი. ერთია, როცა ხარ პოპულარული და მეორე – როცა ხალხს უყვარხარ, რასაც სულ ვგრძნობ. ბევრი ადამიანი მღერის და შრომობს და რაც მე მოვიპოვე, ანუ ხალხის სიყვარული, ეს ყველაზე მძაფრი და მნიშვნელოვანია ჩემთვის და ამას თუ გავითვალისწინებთ, ნამდვილად იღბლიანი მომღერალი ვარ.