საკმარისია, ახსენო ხატია ნოდარ დუმბაძის მოთხრობიდან "მე ვხედავ მზეს", ყველას თვალწინ უმშვენიერესი ლეილა ყიფიანი წარმოუდგება.ის ფილმის რეჟისორმა ლანა ღოღობერიძემ ასეულობით კანდიდატს შორის გამოარჩია და ამ პერსონაჟის განსახიერება ანდო. პირველივე როლმა უსაზღვრო პოპულარობა და ულამაზეს ქართველ ქალთა სიაში მნიშვნელოვანი ადგილი მოუტანა.
ლეილა ყიფიანი 1947 წლის 16 ივლისს, ლანჩხუთში დაიბადა. მამა, გიორგი ყიფიანი, ცნობილი ქირურგი იყო. დედა, ნინო ჯავახიშვილი - დიასახლისი. 9 წლის ასაკში მშობლებმა ვახტანგ ჭაბუკიანის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში მიიყვანეს, სადაც მომდევნო ხუთი წელი სწავლობდა.
"ბალერინა ან ძალიან კარგი უნდა იყო, ან საერთოდ არ უნდა შეეჭიდო ამ პროფესიას. ცეკვა ძალიან მიყვარდა, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ დიდი ბალერინა ვერ გავხდებოდი. მშობლებიც ატყობდნენ, რომ სათანადო მონაცემები არ მქონდა, ამიტომ ცდილობდნენ, ცეკვას რაც შეიძლებოდა უმტკივნეულოდ ჩამოვშორებოდი. ბალეტი ძალიან მიყვარდა, ამიტომ მასთან განშორება ჩემთვის ძალიან მტკივნეულ რომ არ ყოფილიყო, ფიგურულ სრიალზე მიმიყვანეს."
ცეკვა კინოთი ჩაანაცვლა - ჯერ "მე ვხედავ მზეში" გამოჩნდა, შემდეგ "ღიმილის ბიწებში" და "ლონდრეში".
"მე და ლეილა ყიფიანს არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა გადაღებისასაც და მერეც. ეგეთი საყვარელი გოგო არა მგონია, კიდევ დაიბადოს. სულ პირმცინარი, თბილი და ლამაზი იყო. ძალიან საყვარელი ადამიანია... იმხანად ყმაწვილი ვიყავი, ასეთ ლამაზ და კარგ გოგონასთან რომ გათამაშებდნენ, შეუძლებელია, არ შეგყვარებოდა. ჰოდა, მეც შემიყვარდა, მაგრამ ლეილას არ ვუყვარდი. გადაღებისას გამოვუტყდი სიყვარულში და იმდენი იცინა, მეწყინა და გავებუტე - ნახევარი ფილმი ისე გადავიღეთ, ხმა არ გამიცია, თუმცა ეს ამბავი არავის გაუგია. მერე მოსკოვში, ფესტივალზე შევრიგდით... ახლაც მერიდება ამაზე ლაპარაკი, მაგრამ... ეს ყველაფერი იმდენი ხნის წინ იყო!..." - იხსენებდა "მე ვხედავ მზეში" სოსოიას როლის შემსრულებელი გელა ჭიჭინაძე ლეილა ყიფიანს.
ნუგზარ ბაგრატიონი და ლეილა ყიფიანი სამეფო სტატუსის გარეშეც კარგად ნაცნობი სახეები არიან ქართველი ხალხისთვის. წყვილმა ერთმანეთი გადასაღებ მოედანზე გაიცნო. "ღიმილის ბიჭებში" შესრულებული როლებით მაყურებელმა მალე შეიყვარა ისინი,
"ფილმის გადაღების პერიოდმა ყველანი დაგვამეგობრა, მერე კი... არ ვიცი, რა მოხდა... არასოდეს მიფიქრია მის სამეფო წარმოშობაზე, უბრალოდ, შეგვიყვარდა ერთმანეთი. ლექსებს მიკითხავდა ხშირად, სამაგიეროდ, დამჩაგრა და მხოლოდ ერთ სპექტაკლში მათამაშა" - იხსენებს ლეილა ყიფიანი ერთ-ერთ ინტერვიუში.
დღეს წყვილს ორი ქალიშვილი ჰყავს - ანა და მაია ბაგრატიონები.
"ნუგზარი არ აღუზრდიათ ჩაგონებით, შენ ტახტის მემკვიდრე ხარო. არც ჩვენ აღვზარდეთ ასე ჩვენი შვილები. მაშინ ამაზე საჯაროდ არ ლაპარაკობდნენ. დარწმუნებული ვარ, შინაგანად არც ჩემი შვილები შეიცვლებიან და მით უფრო - არ შევიცვლებით მე და ნუგზარი. ნუგზარს არ უყვარს ზედმეტად ყურადღების მიპყრობა, თავის გამოჩენა, ბატონი პეტრეც ასეთი იყო - ეგეთები ვართ და დანარჩენი თქვენ განსაჯეთ", - ამბობდა ლეილა ყიფიანი.