თეა გვასალიას ქართულ ტელევიზიაში, შეიძლება ითქვას, საკუთარი ეპოქა ჰქონდა. გადაცემა "ამბობენ" იმ დროისთვის გამორჩეული პროექტი იყო, რომელიც უცხოეთისა და საქართველოს შოუბიზნესის სიახლეებს გვაცნობდა. ალბათ, პოპულარული ფრაზები ამ გადაცემიდან დღემდე ბევრ თქვენგანს ახსოვს. მათ შორის, ახალი თაობისთვისაც განსაკუთრებით საყვარელი - "ავთო ცქვიტინიძისა და ბადრი პატარკაციშვილის დისშვილის, ხათუნა თოთლაძის რომანტიკულ ურთიერთობას ლოგიკური გაგრძელება - ქორწილი მოჰყვა, სადაც ჩვენც აღმოვჩნდით..."
თეა გვასალია
თეა გვასალია 10 წლის განმავლობაში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გადაცემის წამყვანი იყო. წაყვანის თავისებური და გამორჩეული სტილი ჰქონდა, მაყურებელს უყვარდა თეა გვასალიაც, მისი გადაცემაც და წლების განმავლობაში ერთგულად უყურებდა. მაგრამ ყველაფერს დასაწყისი და დასასრული აქვს და "ამბობენიც" დასრულდა...
დღეს თეა გვასალია ტელევიზიიდან ძალიან შორს, საყვარელ საქმეში მთლიანად ჩაფლულია - პროფესიით ესპანური ენის სპეციალისტი ცოდნას ახალ თაობას უზიარებს, რაც დიდ სიამოვნებას ანიჭებს.
"ტელევიზიის ნოსტალგია საერთოდ არ მაქვს. იქ მისვლის პირველივე დღიდან ვიცოდი, რომ ცხოვრების ეს ეტაპი ოდესმე დამთავრდებოდა. თითქმის 10 წელი გადიოდა „ამბობენ“ ეთერში. ძალიან მინდოდა, იმ ბნელ და გაყინულ ქვეყანაში ფერები, ხალისი და პოზიტივი შემეტანა. მეჩვენებინა, როგორ ცხოვრობდნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები, ევროპელი პრინცები და პრინცესები, რა ხდებოდა მოდის სამყაროში…" - იხსენებდა თეა ვასალია.
ამჯერად თეა გვასალიამ ოჯახზე, შვილებზე და მათთან ურთიერთობაზე დათო გორგილაძის გადაცემაში "გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე" ისაუბრა:
„ჩემს შვილებს ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ოჯახი არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ეს არ არის ის, რომ დავინახე მომეწონა გავგიჟდი, რადგან მე ვფიქრობ, რომ ისეთი ადამიანი უნდა ეძებო, რომელიც შენი ინტერესების არის და არა ის, რომ დაინახე და მუცელში პეპლები აფრინდა, თუ გინდა რომ მასთან გაატარო მთელი ცხოვრება, მართლაც საერთო ინტერესები უნდა ჰქონდეთ, იმიტომ , რომ მერე შენ რომ აქ ხარ და ის იქ არის შემდეგ იწყება კონფლიქტი“, - ამბობს თეა გვასალია.