ზურაბ გეწაძე დაიბადა 1971 წლის 6 თებერვალს, თბილისში. 1992 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობია 1992 წლიდან. დრამის რეჟისურაში მომზადება გაიარა რობერტ სტურუას სამაგისტრო ჯგუფში 2008–2010 წლებში.
დიდი ეზო ჰქონდა სახლს, რომელშიც რამდენიმე მეზობელი სახლის ბავშვები იყრიდნენ თავს. ძალიან, ძალიან უყვარდა თამაში, სულ ახსოვს, როგორ ეძახდნენ ფანჯრიდან და სახლში მისვლას მოითხოვდნენ, ხან სადილის, ხან ძილისა და ხან მოსამზადებელი გაკვეთილების გამო. გადაჭრით ვერ იტყვის, რომ ცელქი ბავშვი იყო, თუმცა ხანდახან...
ღიმილით იხსენებს, როგორ აკეთებდა ე.წ. შტაბს, მაგრამ ყველაზე საინტერესო ის არის, როცა მან და მისმა მეგობრებმა გადაწყვიტეს პარაშუტი გაეკეთებინათ და მეოთხე სართულიდან გადმომხტარიყვნენ. თავიდან უფროსები მათ წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამდნენ.
ითხოვეს დიდი თოკი, მოიტანეს, ითხოვეს ზეწრები, მოუტანეს. ცხრა წლის ზურა იმდენად სერიოზულად უდგებოდა საკითხს, რომ შეისწავლა პარაშუტის გაკეთების ტექნოლოგია. მშობლები მიხვდნენ, რომ ბავშვური ახირება შეიძლება ცუდად დასრულებულიყო, ამიტომაც ყველაფერი დაუმალეს და აუხსნეს, რომ სახიფათოა ხელნაკეთი პარაშუტით მეოთხე სართულიდან გადახტომა.
პირველად სცენა ოპერაში, მაყურებლის სტატუსით იხილა. გადიოდა ”დაისი”. მესამე მოქმედებაზე კი ჩაეძინა, მაგრამ მაინც ახსოვს ძლიერი ემოცია, ბავშვზე იმოქმედა იმ ჯადოსნურმა სამყარომ, მით უფრო, რომ ნათესავი ოპერის მომღერალი იყო, პატარა ზურა კულისებშიც კი შეიყვანეს .
თავიდან კოსმონავტობა უნდოდა, შემდეგ მეხანძრეობა, მხატვრობაზეც ფიქრობდა, ნიჭიც ჰქონდა და ხატავდა კიდეც... თუმცა მოგვიანებით მიხვდა, რომ კინო ძალიან, ძალიან აინტერესებდა და ამიტომაც მსახიობი უნდა გამოვიდეს.
ამ გადაწყვეტილებას თავიდან ოჯახში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება მოჰყვა. თავიდან მცდელობაც იყო: ზურა, იქნებ გადაიფიქრო, იქნება სხვა რამე გეცადა... თუმცა ვერაფერმა მოახდინა ზემოქმედება. ეს მისი თვისებაა: დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და საკუთარი აზრის ბოლომდე გატანა.
ზურა გეწაძის მეუღლე ასევე მსახიობი ნანუკა ლითანიშვილია. ნანუკა თეატრალების ოჯახში დაიბადა, მისი ბებია სალომე ყანჩელი იყო, მამა ოთარ ლითანიშვილი გახლავთ, რა გასაკვირია, რომ ნანუკა ლითანიშვილსაც ეს პროფესია აერჩია, მით უმეტეს, რომ მსახიობ ბებიას ძალიან უნდოდა, შვილიშვილი მის გზას გაჰყოლოდა.
ნანუკა სკოლის დამთავრების შემდეგ მიშა თუმანიშვილის ჯგუფში სწავლობდა, მეორე კურსზე გაიცნო ზურა გეწაძე და ცოლადაც გაჰყვა, წყვილს 4 შვილი ჰყავს.
"მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც მე და ზურას ერთმანეთი შეგვიყვარდა, განსაკუთრებული ისტორია არ გვქონია, ბანალურად მოხდა ყველაფერი, ჩემს ოჯახთან ყოველთვის ძალიან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, მათ იცოდნენ ჩემი სიყვარულის შესახებ და გაგებით მოეკიდნენ ყველაფერს, მათ შორის ჩვენს გაპარვასაც, რომელსაც მხოლოდ ფორმალური სახე ჰქონდა....ამდენწლიანი თანაცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულზეა დაფუძნებული. მე როგორც მიყვარდა ჩემი ქმარი თავიდან, დღემდე ისე მიყვარს და მეტადაც კი. წლები რომ გემატება, ადამიანი შეიძლება, უფრო მეტად დააფასო და აღიქვა, მისი სიყვარული წლებთან ერთად შეიძლება, უფრო მემატებოდეს. არ ვიცი, რას ნიშნავს გრძნობის განელება ან ადამიანთან მიჩვევა. როცა 22 წელი ადამიანის გვერდით კომფორტში ხარ, ე.ი. ის კარგია, თორემ ცუდთან ხომ ვერ გაძლებდი? ჩემთვის ის იდეალურია, ამიტომაც ვარ მასთან."