ნათია ფანჯიკიძე ფსიქოლოგი, არტთერაპევტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელია.
იგი 1971 წელს, ცნობილ ოჯახში დაიბადა. მამამისი მწერალი გურამ ფანჯიკიძე გახლდათ, დედა - დალი ფანჯიკიძეა, მთარგმნელი.
1988-1993 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიის ფაკულტეტზე, 2004-2006 წლებში კი გახდა ამავე უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი. 2003-2006 ბავშვთა (-16 წლის) აღმზრდელი, ფსიქოლოგი; თბილისის N1 ბავშვთა სახლი; 2008-2010წწ. კლინიკური ასისტენტი ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულ პირთა ღია დაწესებულების ფსიქიატრიული განყოფილებაში, ბელვიუ ჰოსპიტალი; 2010-2017წწ. მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი „მენტალვიტა“ს ფსიქოთერაპევტი, 2010წ. ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის „კამარას“ დამფუძნებელი და თერაპიის პროგრამის ხელმძღვანელი.
პირადი ცხოვრება
ნათიას მეუღლე საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანიაა.
"რაც თავი მახსოვს, სულ დაოჯახებული ვარ, მაგრამ ირაკლი ჩემზე უარეს დღეშია. ორი წლით ჩემზე უმცროსია და 18 წლის იყო, როცა მისი ცოლი გავხდი. ხშირად ვეუბნები, ირაკლი, როგორ შევდივარ შენს მდგომარეობაში, ოცი წელი გავიდა ჩვენი თანაცხოვრებიდან და რამდენჯერაც თვალს გაახელ, სულ მე გხვდები.
უნივერსიტეტში დავინახე და მალევე გამეცნო. როგორც მერე მითხრა, თავად უფრო ადრე, ერთ კაფეში შემამჩნია. პირველად ზოოპარკში გავისეირნეთ, ოღონდ იმიტომ არა, რომ ვინმეს ვემალებოდით, უბრალოდ, უნივერსიტეტთან ახლოს იყო.
საერთოდ, ძალიან ცოტას ლაპარაკობს, მაგრამ ყოველთვის ზუსტი იყო და რაც უნდოდა, იმას ამბობდა. მეც ძალიან სწრაფად, პრანჭვის გარეშე გავუმხილე გრძნობები. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ დედები სხვანაირად გვარიგებდნენ. ერთხელ მახსოვს, ქუჩაში მე და დედა მივდიოდით და ვიღაცამ შემომხედა. პატარა ვიყავი და დავეჯღანე. დედამ მითხრა, რომ ნორმალური გოგონები ქუჩაში ყველაფერზე არ რეაგირებენ, არც პირველ დაპატიჟებაზე მიჰყვებიან ბიჭს კინოში. მოკლედ, თავი გამოტენილი მქონდა თავშეკავების პრინციპებით, მაგრამ ყოველთვის შინაგანად ვიცოდი, რომ როდესაც მოგწონს, უნდა თქვა. ხშირად ადამიანები თავშეუკავებლები არიან ზიზღის გამოხატვაში, მაგრამ ასევე უხვად არ გასცემენ სიყვარულს. თუ გრძნობ, რომ გიყვარს, ამას რა სჯობს, თქვი!