ამ სტატიაში ქართული კინოს ყველაზე კაშკაშა წყვილების შესახებ მოგიყვებით. ბევრი მათგანი დღეს ცოცხალი აღარ არის, თუმცა მათი სახელები და სიყვარულის ამბავი - უკვდავია.
ბევრმა არ იცის, რომ "ვერის უბნის მელოდიების" არსებობას სოფიკო ჭიაურელის და გიორგი შენგელაიას შვილს, სანდროს უნდა ვუმადლოდეთ.
"ოლივერით" გატაცებულმა სანდრო შენგელაიამ მამას ასეთი კითხვა დაუსვა, შენც ხომ რეჟისორი ხარ, ასეთ ფილმს ვერ გადაიღებო?! ეს კითხვა შენგელაიამ სათავისოდ გაიხადა და გადაიღო მიუზიკლი, რომლის გარეშეც ჩვენთან ახალი წელი და შობა არ დგება... მსოფლიოს სხვადასხვა კინოფესტივალზე ხანგრძლივი მოგზაურობისას გიორგი თურმე გულმოდგინედ ხსნიდა, ეს ფილმი სოფიკოს გამოხატავს, ყველა ის თვისება, რაც სოფიკოშია თავმოყრილი, ვარდოში ერთიანდებაო.
ოთარ კობერიძეს ბევრი ლამაზმანი შეხვედრია ცხოვრებაში, მრავალ კაშკაშა ვარსკვლავთან ერთად უთამაშია, მაგრამ...
"ბაში-აჩუკს" იღებდნენ მაშინ. კობერიძემ იცოდა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ქალი, საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი, ერთ-ერთ მთავარ როლზე იყო დამტკიცებული, თუმცა ჯერ ნანახი არ ჰყავდა. ბუნებრივია, აინტერესებდა, ვისთან ერთად მოუხდებოდა გადასაღებ მოედანზე ყოფნა...
და აი, ის დღეც დადგა, რომელსაც ოთარ კობერიძე ასე იხსენებს: "მშვენიერი დარი იდგა. მე უკვე ბაში-აჩუკის ტანსაცმელში ვიყავი გამოწყობილი და ველოდებოდი სხვა მსახიობების გამოჩენას. ლია რომ დავინახე, დავმუნჯდი, თითქოს მუცელში ჩამივარდა ენა. იგი ისეთი მშვენიერი იყო, თვალი ვერ მოვწყვიტე, მზესავით ანათებდა."
არიადნა შენგელაიამ მომავალი მეუღლე, ელდარ შენგელაიაც იმ სასწავლებელში გაიცნო, სადაც სწავლობდა. "მესამე კურსზე ვიყავი, როცა ერთ დღეს შესვენებაზე დერეფანში გამოვედი და ძალიან ლამაზი გოგონა შემეჯახა. არ ვიცოდი, ვინ იყო. როგორც ამბობენ, ერთი ნახვით შემიყვარდა... შემდეგ შეუღლება გადავწყვიტეთ... ზუსტად მეცხრე თვეზე დაიბადა ჩვენი პირველი შვილი... არას კარიერა ლენინგრადში დაიწყო. იქ გადაიღეს "ევგენი ონეგინი“, - მან საკავშირო ფესტივალზე ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის პრიზი აიღო. ეს მისი პირველი გამარჯვება იყო. მერე რამდენიმე საინტერესო ფილმში მიიწვიეს...
1924-26 წლებში სესილია თბილისის აკაკი ფაღავას დრამატულ სტუდიაში სწავლობდა. იქ გაიცნო მომავალი მეუღლე, ვასო გოძიაშვილი. როცა ვასოს სესილია პირველად დაუნახავს, მაშინვე მოხიბლულა. მერე, ერთ საღამოს, სახლში გაუცილებია: „მეუბნებოდა, ამ ცას, ამ ვარსკვლავებს, ყველაფერს შენ გჩუქნიო. უცებ ეზოდან ფინია გამოვარდა ყეფით, ვასო ამომეფარა და ყვირილი დაიწყო... მე სიცილი ამივარდა და ვუთხარი, წეღან ყველაფერს მჩუქნიდი და ახლა ქუჩის ფინიამ შეგაშინა-მეთქი?!“ - იხსენებდა სესილია თაყაიშვილი.
სესილიას ვასოსთან ერთადერთი შვილი - დავითი შეეძინა. 6-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი სესილია მეუღლეს დაშორდა. "მეორე სართულიდან გადმოყარა ჩემოდნები. ქალებში ვინ არ წასულა, ჩემი რომ გაუკვირდა? კინაღამ არ მამკლა, კაცო, ძლივს გამოვასწარი!" - იხსენებდა ვასო გოძიაშვილი წლების შემდეგ.
რეზო თაბუკაშვილმა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი წარმატებით დაამთავრა, დაბრუნდა თბილისში და მედიკო ცოლად შეირთო. სადაც კი გამოჩნდებოდნენ, უმალ ყველას ყურადღებას იპყრობდნენ - ორივეს საოცარი ხიბლი და მიმზიდველობა ჰქონდა. თითქოს ასხივებდნენო. მათი დიდი ხნის მეგობარი და შვილის - ლაშას ნათლია, ჯაბა იოსელიანი, იხსენებდა: "ერთხელ მოსკოვში ვარ, ჯერ კიდევ არ ვიცნობ რეზოს და მედიკოს. ვზივარ რესტორანში მეგობრებთან ერთად. დარბაზი ხალხითაა სავსე, უკრავს მუსიკა, ლხენა ზენიტშია და უცებ... დუმდება მუსიკა, ხალხი ირინდება, შემოსასვლელისკენ იმზირება... ისეთი სიჩუმეა, როგორიც სასწაულის წინ შეიძლება იყოს. შევტრიალდი იქით, სადაც ყველას მზერა იყო მიმართული... დარბაზში იდგა ულამაზესი წყვილი, რომელიც თავისუფალ ადგილს თვალებით ეძებდა. მათთან მივიდნენ და მოწიწებით გზა გაუკვალეს კუთხეში მდგარ ორადგილიან მაგიდასთან. სანამ არ დასხდნენ, სანამ მუსიკა კვლავ არ აჟღერდა, წყვილს ვერავინ მოსწყვიტა თვალი. ესენი ჩემი რეზო და მედიკო იყვნენ..."
უნივერსიტეტში სწავლის დროს გაიცნო მომავალი მეუღლე, ოთარ მეღვინეთუხუცესი. მაშინ გურანდა 19 წლის იყო, ოთარი - 27-ის. ორი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს.
"მე პირველ კურსზე ვიყავი, ოთარი – მეოთხეზე. რაღაცას ვღიღინებდი და ინსტიტუტის ფოიეში მივაბიჯებდი. გამაჩერა ჩემმა მეგობარმა, ნუგზარ გაჩავამ და გამაცნო თავის გვერდით მდგომი ჭაბუკი. გავოგნდი, რომ შევხედე, ისეთი ლამაზი იყო. ქართველს არ ჰგავდა, მაღალი იყო, ღია ფერებით და დიდი ლურჯი თვალებით. პირდაღებული შევყურებდი.
მერე კიბეები ავირბინე, ლექციები მქონდა. რამდენიმე საათის შემდეგ ოთარი ისევ სასწავლებლის ვესტიბიულში დამხვდა. მომიახლოვდა და მითხრა: “მე გაგაცილებთ”. რაღაც ძალიან იოლად გამოვიდა. მთელი გზა გაუჩერებლად ვლაპარაკობდი, მას კი ხმა არ ამოუღია, ზოგჯერ თუ ჩაურთავდა თითოოროლა სიტყვას. ორი წელი გაგრძელდა ჩვენი შეხვედრა-გაცილებები, მერე დავქორწინდით."
აი, როგორ აღწერს კახი კავსაძე ბელას გარდაცვალების ამბავს:
„ამბობენ, ადამიანებს სიკვდილის წინათგრძნობა აქვთო და ამის მჯერა. ჩემმა ცოლმა ბოლო სიტყვები რუსულად მითხრა: „ასტავ მენია ვპაკოე, ნე ლიშაი ბლაჟენსტვა" (თავი დამანებე, მომასვენე, ნუ მომაკლებ ნეტარებას). ჩემი ცოლი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულზე გარდაიცვალა, დაიძინა და წავიდა. ძალიან მისუსტებული იყო და მინდოდა გამერთო, რაღაცას ველაპარაკებოდი, ვართობდი ჩემი ჭკუით. მითხრა: „ია ჩუსტვუიუ სუბსტანციუ". არ გრცხვენია, როგორ გეკადრება, რაებს ლაპარაკობ-მეთქი, ისევ დავიქოქე და გაუჩერებლად ვლაპარაკობდი. უცბად: „ასტავ მენია ვპაკოიე", მითხრა და გავჩუმდი. მივხვდი, რომ მიდიოდა. არადა, ჩემი აქტიურობით ხელს ვუშლიდი. მინდოდა, მდგომარეობიდან გამომეყვანა, მაგრამ თავი დამანებეო, ბელამ მითხრა. ვერც კი მივხვდი, როდის წავიდა. პულსი ჰქონდა ძალიან ნელი.
ვიცი, რომ როცა ადამიანი მიდის, ყვირილი და წივილი მას გარდაცვალებაში ხელს უშლის. ნოდარ დუმბაძეს აქვს ჩემთვის მოყოლილი. ერთხელ მოვკვდიო, მითხრა; ჩემმა ცოლმა დაიწყო კივილი; თავი არ მქონდა, თორემ ისე ჩავცხებდი თავში, რომ მეორედ აღარ ამოეღო ხმაო.
როცა ადამიანი მიდის, დაწრეტილი არ არის და ხმამაღალი კივილი მას აწუხებს. როცა ორგანიზმი დაიწრიტება, დაკარგავს გონებას და ფიზიკაც აღარ არის, მერე შეგიძლია, ხმა ამოიღო და რაღაც თქვა. ბელასთან დიდხანს ჩუმად ვიჯექი. მერე გამოვედი და ვთქვი, რომ ბელა გარდაიცვალა. ასეთი რაღაცები რომ არსებობს, განა სასწაული არ არის? თუმცა ხანდახან უფრო მგონია, რომ ამაში განსაკუთრებული და სასწაული არაფერია. მთავარია, ადამიანმა სწორად განსაზღვროს ყველაფერი და მეტად გააანალიზოს სიტუაცია."
რეჟისორმა გიგა ლორთქიფანიძემ და ქეთევან კიკნაძემ ერთმანეთი თეატრალური ინსტიტუტის ბანკეტზე გაიცნეს, ერთ თვეში დაქორწინდნენ. წყვილს სამი ქალიშვილი შეეძინათ – ნინო, ნანა და მაია. მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის ასაკობრივი სხვაობა დიდი იყო, ამას, მათ ცოლქმრულ ურთიერთობაში ხელი სულაც არ შეუშლია. გიგა, როგორც რეჟისორი, სცენასა თუ კინოში, მეუღლის მიერ შესრულებული მიზანსცენების მთავარი წამქეზებელი იყო. ერთ-ერთ სპექტაკლში თურმე ცოლს მთელი სიმკაცრით, დაჟინებით სთხოვდა, მისი პარტნიორისთვის უფრო ვნებიანად ეკოცნა, ვიდრე ამას აკეთებდა.