"სენსიტიური თემაა ჩემთვის ჩემი შვილი. შაის უყვარს საქართველოში ყოფნა, მამა ენატრება ხოლმე, მაგრამ ბავშვებთან ერთად ერთობა. როცა ვარჯიშიდან ვბრუნდები და სახლში არავინ მხვდება, ცუდად მოქმედებს. შაი როცა სახლშია, გამორბის, მეხუტება, მომენატრეო, რა მომიტანეო, მეუბნება. ძალიან დიდ ენერგიას მაძლევს, მაგრამ მერე მართმევს კიდეც, არ იღლება, სულ თამაში და გართობა უნდა.
ვარჯიშის მერე სულ ერთად ვართ. ის რომ ბაღიდან მოდის, მე ვარჯიშიდან ვბრუნდები, ერთად ვისვენებთ და ვიძინებთ. ისე არ დაწვება, თუ არ მივუწექი. ერთად გვძინავს, ერთად ვთამაშობთ, პარკშიც და გასართობ ცენტრშიც დამყავს. ბატუტზე ხტომა უყვარს ძალიან.
შაის დაბადებამ ბევრი რამ შეცვალა. პირველ რიგში ის, რომ მარტო ჩემს თავს აღარ ვეკუთვნი, მყავს ცოლი და შვილი. როცა გადაწყვეტილებას ვიღებ, მარტო ჩემი თავისთვის არ ვიღებ. თუნდაც გუნდის გამოცვლაზე, ყოველთვის ოჯახს ვეკითხები, როგორ იქნება უკეთესი, ბავშვისთვის როგორ აჯობებს. მარტო როცა ვიყავი, მარტივად ვამბობდი კის. ცხოვრებასაც სხვა თვალით შევხედე, უფრო სერიოზული გავხდი, მეტი პასუხისმგებლობა მაქვს როგორც მამას, როგორც მეუღლეს", - ამბობდა ბუდუ ზივზივაძე ქალიშვილის, შაი ზივზივაძის შესახებ.
ბუდუ ზივზივაძის ოჯახი
ბუდუსთან ერთად, მთელმა საქართველომ გაიცნო და შეიყვარა მისი ოჯახიც. სოციალურ ქსელში ბუდუს მშობლების არაერთი ინტერვიუ გამოქვეყნდა. გადაცემებში იწვდენდნენ მის მეუღლეს, უმშვენიერეს ნინი კვერნაძესაც, რომელიც ამბობდა, რომ თავად ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვარს, თუმცა მეუღლის წარმატების გამო მზადაა, ეს კომფორტი დათმოს.
განსაკუთრებული სიყვარული დაიმსახურა ბუდუსა და ნინის ქალიშვილმა. ხალისიანი, მოსიყვარულე და პოზიტიური შაი ყოველთვის იმსახურებს უცნობი ადამიანების დიდ სიყვარულსა და დადებით კომენტარებს. გამონაკლისი არც მისი მშობლების მიერ ბოლოს გამოქვეყნებული ვიდეოა, სადაც შაი ამბობს, რომ როცა დაიძინებს მულტფილმის გმირი - ელზა და მასთან ერთად ხვიჩა კვარაცხელიაც დაესიზმრება.