გამორჩეული სამსახიობო გარდასახვა და თვალის უჩვეულოდ ლურჯი ფერი - ასე ახასიათებენ კრიტიკოსები კილიან მერფის, მსახიობს, რომლის მიერ განსახიერებულმა როლებმა იგი თანამედროვე კინოს უკვდავ ლეგენდად აქცია.
ბევრმა არ იცის, რომ კილიანმა კარიერა მუსიკით დაიწყო, მოგვიანებით კი კრისტოფერ ნოლანთან კოლაბორაციით ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად მსახიობად იქცა.
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელ მსახიობს გასული ათწლეულების არაერთ გახმაურებულ ფილმსა და სერიალში აქვს მონაწილეობა მიღებული, მისი ხილვა წითელ ხალიჩებსა და გლამურულ ღონისძიებებზე ძალიან რთულია. 2013 წლიდან, ტომას შელბის პერსონაჟის როლის მორგების შემდეგ, კილიანის პოპულარობა დღითიდღე უფრო იზრდებოდა, თუმცა მსახიობის მოკრძალებული ცხოვრება და ჰოლივუდისგან მოშორებით ცხოვრების სურვილი არ შეცვლილა.
კილიან მერფი 1976 წლის 25 მაისს, ირლანდიაში დაიბადა. დედა ფრანგულის მასწავლებელი იყო, მამა კი განათლების დეპარტამენტში მუშაობდა. მისი ბაბუა, დეიდა და ბიძები ასევე მასწავლებლები იყვნენ.
მერფი კათოლიკეების ოჯახში იზრდებოდა და განათლებაც კათოლიკურ სასწავლებელში მიიღო.
10 წლის ასაკიდან იყო დაინტერესებული მუსიკით, თინეიჯერობის პერიოდში კი მონაწილეობას იღებდა ძმასთან ერთად სხვადასხვა მუსიკალურ პერფორმანსში. მას შემდეგ, რაც გული აიცრუა იურისტობაზე, მერფიმ იხილა თეატრალური წარმოდგენა A Clockwork Orange, რომლის შემდეგაც მისმა მასწავლებელმა ურჩია სამსახიობო კარიერის დაწყება. კილიანმა რჩევა მიიღო და Disco Pigs-ის ქასთინგზე მივიდა,დამწყებმა მსახიობმა როგორც სპექტაკლში, ასევე მასზე დაფუძნებულ ფილმშიც მიიღო მონაწილეობა.
მოგვიანებით მან აღიარა, რომ იმ დროს მისი მთავარი მოტივაცია არა სამსახიობო კარიერის გაგრძელება, არამედ წვეულებებზე სიარული და ქალების გაცნობა იყო.
"ვთვლი, რომ ხელოვნება ჩემს გენებშია. სურვილი, რომელიც მიბიძგებს ვასიამოვნო და გავართო ხალხი ჩემი პერფორმანსით, ძალიან დიდია. არსებობს ნიჭი, რომელსაც ბავშვობიდანვე უნდა მისცეთ გასაქანი. სწორედ ასეთია სპორტი, მუსიკა, ან კულინარიის სიყვარული, მათ შორისაა სამსახიობო მისწრაფებაც, რომელსაც ვთვლი,რომ ადამიანებმა ბავშვობიდანვე უნდა მიაქციონ ყურადღება.
ჩვენს სახლში ყოველთვის იყო საინტერესო წიგნები და ისმოდა კლასიკური მუსიკა. ჩემი ოჯახური ცხოვრება თანამედროვე და ტრადიციული მუსიკის ირგვლივ ტრიალებდა და ვითარდებოდა. ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ ჩემი საქმე იყო ხელოვნება. შეიძლება ძალიან არტისტული ოჯახი არ მყავდა, მაგრამ ისინი ყოველთვის მაძლევდნენ შანსს, გამეკეთებინა ის, რაც მსურდა".
მერფიმ მიიღო მთავარი როლი დენი ბოილის საშინელებათა ფილმში 28 Days Later. ფილმი საკმაოდ წარმატებულო გამოდგა და ახალგაზრდა მსახიობი მასობრივი აუდიტორიის წინაშე პირველად დააყენა.
2005 წელს კრისტოფერ ნოლანმა "ბეტმენის" როლისთვის მსახიობის ძიება დაიწყო - ერთ-ერთ ვარიანტად განიხილებოდა კილიან მერფიც. თავად მსახიობი არასდროს თვლიდა, რომ სუპერგმირის განსახიერებისთვის საჭირო ფიზიკური მონაცემები ჰქონდა, თუმცა ნოლანთან შეხვედრის შანსის ხელიდან გაშვებასაც არ აპირებდა.
საბოლოოდ, "ბეტმენი" კინოეკრანებზე 2005 წელს გამოვიდა, მთავარ როლს ფილმში ოსკაროსანი მსახიობი კრისტიან ბეილი ასრულებდა, კილიანმა კი ანტაგონისტის, ჯონათან კრეინის როლი მოირგო.
New York Times-ის კინოკრიტიკოსი მანოლა დარგისი ამტკიცებდა, რომ მერფიმ "იდეალური ბოროტმოქმედი" შექმნა.
შთამბეჭდავი კარიერის მიუხედავად, კილიან მერფის ფართო საზოგადოება მაინც "ალესილი კეპებიდან" იცნობს. მის მიერ განსახიერებული ინგლისელი განგსტერი, ტომი შელბი ტელევიზიის ისტორიაში მართლაც გამორჩეული პერსონაჟია.
რეჟისორი სტივენ ნაიტი როლზე კილიანის დამტკიცების წინააღმდეგი იყო, რადგან თვლიდა, რომ მსახიობში ტომი შლები ვერ დაინახა. მოგვიანებით, მან კილიანისგან შეტყობინება მიიღო: "გახსოვდეს, მე მსახიობი ვარ" - და მთავარი როლის შემსრულებელიც მალე დამტკიცდა.
“მე ძალიან ვისიამოვნე ჩემი პერსონაჟის ევოლუციით, ძალიან კარგი შემოქმედებითი ჯგუფისა და შესანიშნავი მწერლების წყალობით ტომას შელბის პერსონაჟი სასიამოვნოდ განვითარდა. მიყვარს უნიკალური, გამომწვევი სიტუაციები. ჩემი მიზანია გავიზარდო, როგორც მსახიობი და დავინახო პერსონაჟის მაქსიმალური შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ტომას შელბის როლმა დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს განვითარებაზე.
მნიშვნელოვანია აიღოთ შესვენებები პერსონაჟებს შორის, რათა შეძლოთ მათთან სწორი პერსპექტივიდან მიახლოება. როგორც მსახიობს, დაახლოებით სამი თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გამოვსულიყავი როლიდან და შემძლებოდა ახალი პერსონაჟის ახლოს გაცნობა. მე არ ვეკუთვნი იმ მსახიობთა კატეგორიას, რომლებიც რჩებიან ერთ როლში მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა ჩემზე ახდენს პერსონაჟები გარკვეული პერიოდის განმავლობაში ზეგავლენას. ამიტომაც, საჭიროა დისტანცია, რომ შევძლოთ როლების ერთმანეთისგან გამიჯვნა” - ამბობდა მსახიობი.
მერფიმ განასახიერა რობერტ ოპენჰაიმერი ბიოგრაფიულ თრილერში Oppenheimer. ფილმი ნოლანისა და მერფის მეექვსე თანამშრომლობაა. როლისთვის მოსამზადებლად, მერფიმ მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში, საფუძვლიანად გამოიკვლია ოპენჰაიმერის ცხოვრება და შთაგონება მიიღო დევიდ ბოუის გარეგნობიდან 1970-იან წლებში.
2023 წელს გამოსულმა ფილმმა მსოფლიო მასშტაბით 975 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაგროვა და კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. თავად მერფიმ კი კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, "ოსკარი" დაიმსახურა.
2004 წელს მერფი დაქორწინდა თავის დიდი ხნის შეყვარებულზე ივონ მაკგინესზე, რომელიც მისი როკ ჯგუფის ერთ-ერთ შოუზე გაიცნო. დღემდე ერთად არიან, ორ ვაჟს ზრდიან და როგორც კილიანთან დაახლოებული ადამიანები ამბობენ, კილიანი სამაგალითო მამაა. თუმცა რამდენჯერაც წითელ ხალიჩაზე გამოჩნდება მეუღლესთან ერთად, იმდენჯერ აკრიტიკებენ მის ცოლს "არაჰოლივუდური" გარეგნობის გამო. მით უმეტეს, რომ ცისფერთვალება კილიანს მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს.
ივონი ირლანდიაში ცნობილი მხატვარია. მისი ნამუშევარი ფოკუსირებულია საკითხზე, რომელიც ეხება ადგილს, დროსა და საზოგადოებას.