თემურ ჩხეიძე, მაკა მახარაძე, მედეა ჩახავა და ივიკო მახარაძე - ჟურნალ "საქართველოს ქალის" ყდაზე. მედეა ჩახავა მართლაც იყო ქართველი ქალის მაგალითი. მისი ცხოვრების შესახებ ეკრანზე და ეკრანს მიღმა ამ სტატიაში მოგიყვებით.
რუსული ენის პედაგოგს, მარო გაწერელიასა და კიევის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტ ვასო ჩახავას ერთმანეთი შეუყვარდათ და იქორწინეს. 1921 წლის 17 მაისს აბაშაში ქვეყანას მოევლინა მედეა ჩახავა. როგორც ამბობენ, პატარა მედიკოს ცეკვა უყვარდა თავდავიწყებით.14 წლის იყო, მამა ლენინგრადში რომ მიავლინეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად, იქაც დადიოდა ქორეოგრაფიულ სასწავლებელში...
1936 წელს ოჯახი თბილისში გადმოსახლდა. პირველ სკოლაში მიყვანილ მედიკოს ჰკითხეს, რა იციო, ცეკვა ვიციო - უპასუხია მას. გაეცინათ, აბა იცეკვეო. იცეკვა და აღაფრთოვანა ყველა. მერე ჯანო ბაგრატიონის სტუდიაშიც ცეკვავდა, ნინო რამიშვილსა და ილიკო სუხიშვილსაც მოეწონათ თვალებხატულა მედეა, მაგრამ მედეას ცეკვისთვის აღარ ეცალა, სკოლას ამთავრებდა და, რაკი თეატრალური ინსტიტუტი ჯერაც არ არსებობდა, უნივერსიტეტში შევიდა ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ინგლისური ენის განხრით.
მედეამ და მამამისმა თეატრალურ ინსტიტუტს მიაშურეს, მაგრამ დაგვიანებით - მისაღები გამოცდები უკვე ჩავლილი იყო. აკაკი ხორავამ და აკაკი ფაღავამ, როგორც ვასო ჩახავას ბავშვობის მეგობრებმა, გამონაკლისი დაუშვეს - საგანგებო კომისია მოიწვიეს. შავთვალა, ნაწნავებიანმა მედეამ იროდიონ ევდოშვილის "განკიცხულის" წაკითხვა რომ დაიწყო, კომისიას ხარხარი აუტყდა. მედეას ეწყინა, აღელდა და ტექსტი დაავიწყდა. მერე ისევ შემართებით შესძახა სიტყვები "განკიცხულიდან: "მე ვარ მეძავი"... ისევ ხარხარი ატყდა... მედეა ატირდა. სიტუაცია აკაკი ვასაძემ განმუხტა. ემოციური გოგონა ჩანს, იანვრამდე თავისუფალ მსმენელად დავსვათ და ვნახოთ, რას იზამს, უნივერსიტეტს ჯერ თავს ნუ დაანებებსო.
ჯგუფის პედაგოგის, გიორგი ტოვსტონოგოვის ვერდიქტით კი, იანვარში მედეამ უნივერსიტეტს თავი დაანება... ინსტიტუტში ომის მძიმე წლებში უწევდა სწავლა, ოჯახს რომ დახმარებოდა, ქუდებს ქსოვდა... მაგრამ მაინც1943 ბედნიერი წელი იყო მედეა ჩახავას ცხოვრებაში, სწორედ ამ წელს, სწორედ მედეას დაბადების დღეზე, ინსტიტუტს მოსკოვიდან ევაკუირებული ნემიოროვიჩ-დანჩენკო, კაჩალოვი, კნიპერ-ჩეხოვა და სხვები ეწვივნენ, ნახეს ტოვსტონოგოვის დადგმული სტუდენტური სპექტაკლი. "ეს გოგონა პირდაპირ სასწაულია, გაუფრთხილდით მას", - თქვა კაჩალოვმა მედეა ჩახავაზე. იმ დღეს მედეას არანაკლები სიხარული ელოდა - ომიდან დაბრუნდა მამა, რომელიც ყველას დაღუპული ეგონა... სწორედ 1943 წელს მიიღეს რუსთაველის თეატრში და სწორედ იმ წელს შეეძინა თემურ ჩხეიძე.
ნოდარ ჩხეიძეს და მედეა ჩახავას ერთმანეთი ინსტიტუტში შეუყვარდათ: "ინსტიტუტში ერთად ვსწავლობდით. შევედი თუ არა ინსტიტუტში, თვალი დამასო. ის ჩვენზე უფროსი იყო, სამედიცინო ინსტიტუტიდან გადმოვიდა, გოგონების დიდ ყურადღებას იმსახურებდა, მეც მომწონდა... კარგად კითხულობდა ლექსებს. სახალხო პოეტის, გიორგი ქუჩიშვილის ვაჟი იყო. ბობოქარი და ბოჰემური პიროვნება იყო და მეც მსიამოვნებდა, პოეტის ვაჟს რომ მოვწონდი. ისიც შემომანათებდა ხოლმე თვალებს. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა... მერე უკვე გამაცილა, გამომაცილა. თქმით არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ ხშირად საქციელი უფრო მეტს ამბობს. მერე, ალბათ, მითხრა კიდეც, ეს დიდი ხნის ამბავია..."
ისინი მალე დაშორდნენ ერთმანეთს. ვიდრე ნოდარ ჩხეიძეს გაშორდებოდა, ლამის რუსთაველის თეატრსაც გაშორდა გულნატკენი და დამარცხებული. პირველმა როლმა ვერ მოუტანა წარმატება - მღელვარებისგან ათრთოლებული მედეას ხმა დარბაზის ბოლომდე ვერც აღწევდა, მაგრამ დოდო ალექსიძემ იცოდა, რა პოტენციალიც ჰქონდა მედეას და, ამ მარცხის მიუხედავად, მთავარი როლი არგუნა "ღრმა ფესვებში". მედეამ მთელი ძალით იფეთქა სცენაზე. მალე ახალი სიყვარულიც ეწვია - კოტე მახარაძე.
კოტეს დედას, ვარიას ჯერ კიდევ სკოლიდან იცნობდა. ვარია ბიბლიოთეკარი იყო და ერთხელაც, როცა მედეამ ბიბლიოთეკის წიგნი დაკარგა, გვარიანად დატუქსა კიდეც მომავალი სარძლო. მედეამ იხტიბარი არ გაიტეხა - რად გინდოდათ ის წიგნი, მაინც არაფრად ვარგოდაო, მე უკეთესს მოგიტანთ, მამაჩემი სულ კითხულობსო. მიუტანა - მამამისის სამაგიდო წიგნი "გინეკოლოგია".
გამოხდა ხანი და მედეა ბიბლიოთეკარის დონჟუანი ვაჟის მეუღლე გახდა. ქვეყანას მოევლინნენ მაკა მახარაძე და ივიკო მახარაძე. მედეა აპროტესტებდა კოტე მახარაძისთვის მიკერებულ "დონ ჟუანის" იარლიყს: "დიახ, ხალხი კოტეს ასე იცნობდა, მაგრამ არც მთლად ასეა საქმე. დონ ჟუანი ქალებზე ნადირობდა, ეძებდა ქალებს. კოტეს არასოდეს უაქტიურია, პირიქით, ქალები იყვნენ მოხიბლულნი მისით და ისინი აქტიურობდნენ. კოტეც, თავის მხრივ, უარს არ ამბობდა ლამაზ ქალებზე. ჩვენ კონფლიქტი ამაზე არც მოგვდიოდა. მე ჩემი ადგილი ვიცოდი, კოტე შემდეგ თავად მიყვებოდა იმ ისტორიებს და მეც მჯეროდა, რომ ეს მართლა ისე იყო. ეჰ, კოტე იყო ინტელექტით სავსე, განათლებული და მრავალმხრივი ადამიანი, არაჩვეულებრივი მოსაუბრე, ორატორი... ხოლო ის, რომ ლამაზ ქალებზე უარს არ ამბობდა, უბრალოდ, ნებისყოფის ამბავია, ზოგი ასეთი შემოთავაზებებით არ ინტერესდება. მაგალითად ივიკო, ჩემი ვაჟი, ის უერთგულესი მეუღლეა..."
მედეა ჩახავას წარმატება სწორედ კოტე მახარაძესთან თანაცხოვრების ბედნიერ წლებს უკავშირდება. მედეა ჩახავა იყო ერთადერთი ქალი თუმანიშვილის ლეგენდარულ "შვიდკაცაში", დაკავებული იყო ყველა მის წარმატებულ სპექტაკლში, პარალელურად, დოდო ალექსიძის სპექტაკლებში ქმნიდა მაღალმხატვრულ სახეებს. შემდეგ მოხდა ისე, რომ დოდო ალექსიძე თეატრიდან სწორედ შვიდკაცამ განდევნა. შემდეგ თუმანიშვილთან ურთიერთობაშიც გაჩნდა ბზარი, თუმანიშვილი უკვე მის გარეშე ქმნიდა სპექტაკლებს... ეს დრამატული პერიოდი დაემთხვა მსახიობის პირად დრამას - ოჯახშიც გაჩნდა ბზარი - კოტე მახარაძე და მედეა ჩახავა დაშორდნენ...
მაკა მახარაძე იხსენებდა: "ეს ძალიან დიდი დარტყმა იყო ჩვენთვის, შვილებისთვის. მე მაშინ ფეხმძიმედ ვიყავი ნატოზე და, პრაქტიკულად, ცხრა თვე ტირილში გავატარე. ფაქტობრივად, მშობლები დამეღუპნენ, მე მყავდა ახლა ცალკე დედა და ცალკე მამა. ოჯახი დაიღუპა. ძალიან განვიცადე, ივიკო 13 წლის იყო, ძალიან რთულ ასაკში იყო და შეიძლება ყველაზე ცუდად სწორედ მასზე იმოქმედა. კარგა ხანს დედა და მამა ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ, თუკი სადმე შეხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ გაიარა დრომ და მერე ყველაფერი დალაგდა თავის ადგილზე...
მამას დედას შემდეგ კიდევ ჰყავდა მეუღლე, ვიდრე სოფიკოს შეირთავდა, დაც მყავს მე - ბაიკო. მერე სოფიკო შეირთო და ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ დედას და მედიკოს. მეც ვმეგობრობდი სოფიკოსთან. კი, ეს ყველაზე იყო დამოკიდებული, სოფიკოზეც, მამაზეც, მაგრამ ამას რომ დედა შეეწუხებინა, ან შემეტყო, რომ ეს აღიზიანებდა, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვექნებოდა ასეთი ურთიერთობა სოფიკოსთან. როდესაც ერთი მსახიობის თეატრი დარეჯანის სასახლიდან სახლში გადმოიტანეს, სოფიკომ დიდი სუფრა გაშალა, მედიკო მივიდა სოფიკოსთან - ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო, ახლა ჩემი ქმარი რომ ყოფილიყო კოტე, ასეთი თეატრი არც ექნებოდაო, იჯდებოდა ბახტრიონზე, მეშვიდე სართულზე, სიცივეში, გათბობის გარეშე, ძალიან დიდი მადლობაო..."
თბილისში მიხეილ ლავროვსკის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. საღამოს დამთავრების შემდეგ, ფოიეში კოტე მახარაძემ მიიხედ-მოიხედა, სოფიკო ჭიაურელი ვერ დაინახა, სამაგიეროდ, იქვე იყო მედეა ჩახავა და დიდი კომენტატორის კომენტარიც გაისმა: "აი, რა კარგია ორი ცოლი რომ გყავს, სოფიკო ვერ ვნახე, მედიკო აგერაა!"
მედეა ჩახავას ბოლო წუთამდე გადასარევი ურთიერთობა ჰქონდა სოფიკო ჭიაურელთანაც და, როგორც თავად ამტკიცებდა, ეს სულაც არ იყო "უბრალოდ პოზა": "იცით რა, ჩემი და კოტეს დაშორებაში არანაირი წვლილი არ მიუძღოდა სოფიკოს, ჩვენ რომ დავშორდით, მათ შემდეგ შეუყვარდათ ერთმანეთი და ვითომ რატომ არ უნდა მქონოდა კარგი ურთიერთობა სოფიკოსთან და რატომ უნდა მებღვირა? კოტე რომ უყვარდა?" - კითხულობდა მედეა ჩახავა...
დათა თავაძე იხსენებდა: "კოტეს იუბილეზე, რესტორანში, 75 წლის რომ გახდა, ნამდვილი საცირკო ნომერი ჰქონდათ მედიკოს და სოფიკოს, ვითომ ქიშპობდნენ კოტეზე და კოტეც ვითომ განიცდიდა ამას. მედიკო ამბობდა, მე რომ მყავდა, კარგი ბიჭი იყო, ახლა შენ გყავდეს, რაღად მინდა 75 წლისო... ისედაც სულ ხუმრობდნენ ამ თემაზე. სოფიკოს წასვლა ტრაგედია იყო მედიკოსთვის. ძალიან რთულად გადაიტანა... მე ძალიან ცოტა ხანს მომიწია კოტესთან ურთიერთობა, მანამდე კოტე იყო მაკას მამა, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ ვერ ვაფიქსირებდი მის სიმაღლეს. საერთოდ, ვერ ვხვდებით ხოლმე, რამდენად დიდები არიან ჩვენ გვერდით ოთახში მცხოვრებნი, ვერ ვაფიქსირებთ მათ რანგს... ჩემი ბავშვობა მასთან ასოცირდება, ჩემი ბავშვობის დრო, პრინციპში, კოტეს დროა..."
მედეა ჩახავამ ოჯახურ დრამასაც გაუძლო, შემოქმედებით პაუზასაც... მედეას მედეა დაეხმარა - კუჭუხიძე და ტენესი უილიამსის "შუშის სამხეცეში" ამანდა უინგფილდის როლი მისცა. ქმრისგან მიტოვებული ქალის როლი. მერე კი შვილი მოევლინა მხსნელად. იყო კნეინა ჩიტუნია "გუშინდელნში" და მარია ხოსეფა "ბერნარდა ალბას სახლში".
"ქალბატონო დედა" - ასე მიმართავდა თემურ ჩხეიძე რეპეტიციებზე დედას. მერე კი "ქალბატონი დედა" როლიდან მოხსნა...
"ბევრჯერ მისაყვედურეს, რომ მე დედაჩემი მიხეილ ჯავახიშვილის "ქალის ტვირთში" როლიდან მოვხსენი, მოხსნა ნიშნავს რომ ერთ მსახიობს მეორე მსახიობით შეცვლი. მე კი მოვხსენი ის როლი საერთოდ. ვგრძნობ, რომ როგორც დედამ, მე ეს მაპატია, თუმცა როგორც მსახიობმა არა და არა! ეს მის მაღალპროფესიულობაზე მეტყველებს", - _ აღნიშნავდა თემურ ჩხეიძე.
"დედამ მართლაც საოცარი, ულამაზესი, ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრა. პრობლემები მასაც ჰქონდა, როგორც ყველა ადამიანს, მაგრამ იყო ბედნიერი, როგორც მსახიობი, როგორც ქალი, როგორც დედა, ბებია, დიდი ბებია, როგორც ქართველი... როგორც უსაყვარლესი მსახიობი. დედას და მამას იმდენი სიყვარული აქვთ ნათესი, რომ ჩვენ, ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ფერხთით გვეფინება მათ მიერ გაკეთებული სიკეთე. საოცრად ოპტიმისტი იყო, არაერთი ქარტეხილი გამოიარა, დაიბადა პოსტრევოლუციურ, გასაბჭოებულ საქართველოში, მერე იყო 1937 წელი, ომი, მერე 9 მარტის ამბები, არ მთავრდებოდა... ყოველთვის მესმოდა ფრაზა, რა გვეშველებაო და ყოველთვის გვეშველა და ახლაც გვეშველებაო, გვარწმუნებდა ჩვენ. თვითონ ხანდახან მაინც უყვარდა სიტუაციის გამუქება, წინასწარ ნერვიულობა, თუ რომელიმე შვილი, ან შვილიშვილი აგვიანებდა, საშინლად ნერვიულობდა, ალბათ რაღაც ცუდი მოხდა, აბა რატომ აგვიანებსო... ემოციური იყო საერთოდ. ფეთქებადი იყო, მაგრამ, როგორც ასანთის ღერი, იფეთქებდა და უცებ ჩაქრებოდა. მიიხედავდა, მოიხედავდა და აღარ ახსოვდა წყენა, უფრო სწორედ, არ იმახსოვრებდა, გულში არ იდებდა...
დედას ძალიან უნდოდა, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩამებარებინა. მაგრამ შევეწინააღმდეგე. ბალეტის მოცეკვავე ვიყავი, უკვე ნატო მყავდა და სწავლას ნამდვილად ვერ მოვახერხებდი, ხათრით დიპლომის აღება კი არ მინდოდა. დედას გული სწყდებოდა, მიაჩნდა, რომ ნიჭი მქონდა და ბალეტს რომ ჩამოვშორდებოდი, შემეძლო დრამატულ სცენაზე გამეგრძელებინა, მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ კინოშიც ამოვყავი თავი, 15-მდე ფილმში ვარ გადაღებული და დედას ვამშვიდებდი, რა გინდა, ზოგი თეატრალურდამთავრებული საერთოდ არაა კინოში გადაღებული, მე ამდენ ფილმში მიღებენ-მეთქი....
დედას ტრაბახი არ უყვარდა, მაგრამ ბოლოს ამბობდა ხოლმე, აბა ერთი მითხარით, ვინ დგას ან ვინ იდგა ჩემი ხნის სცენაზეო?! სულ იმას ევედრებოდა ღმერთს, ლოგინად ნუ ჩამაგდებ, ნუ დამაუძლურებო. უსმინა ღმერთმა... თვალებზე ცრემლი მაწვება, მაგრამ მაინც ისეთი განცდა მაქვს, თითქოს არც წასულა - ეტყობა ისეთი სინათლის ნაკადი დატოვა, იმდენად იყო თვითონ ამ სინათლეში და სიყვარულში გახვეული, ყველას აჩუქა თავისი სული და გული..."
"ძვირფასი ხარ ქართული ხელოვნებისთვის და დიდხანს უნდა ბრწყინავდე" - ეუბნებოდა მედეას ვერიკო ანჯაფარიძე და ისიც ბრწყინავდა დიდხანს. იმდენად დიდხანს, რომ თავად ვერიკო ანჯაფარიძის რეკორდიც მოხსნა - ვერიკო ანჯაფარიძე 87 წლის ასაკში დაკარგა საქართველომ, მედეა 88-ის მოიყარა და თან, ვერიკოსგან გასხვავებით, სიცოცხლის ბოლომდე იდგა სცენაზე. "მედიკო მაინც სულ სხვა იყო" - ასე მისტიროდა მას დიდი მაესტრო, მიხეილ თუმანიშვილი. მედიკო მართლაც სულ სხვა იყო. როგორც არტისტული გაქანებით, მგზნებარე ტემპერამენტით, დრამატიზმით, უჩვეულო ლირიკულობითა და ეშხით, ისე მისთვის ჩვეული ადამიანურიობით, უშუალობით, უბრალოებით, სიხარულისა და ცხოვრებით ტკბობის დიდი ტალანტით. მას უყვარდა სიცოცხლე და სწორედ ეს ატანინებდა არცთუ ისე ფრაგმენტულ დრამატულ ეპოპეებს ცხოვრებაში...
"მედეა ჩახავა - ცვილივით დამყოლი და ელასტიური, აღსავსე ლირიზმით, იუმორითა და უსაზღვრო ქალურობით. მისი ქალურობა აჯადოებდა მაყურებელს, აიძულებდა აღფრთოვანებულიყო და განეცადა. ეს დიდი ნიჭია", - წერდა მიხეილ თუმანიშვილი.
მხოლოდ მას, მედეა ჩახავას შეეძლო ათეული წლობით ეტარებინა დიდი თეატრის დიდი რეპერტუარი, ექადაგა სიყვარული სცენიდან და თავადაც ყოფილიყო მუდამ მგზნებარედ შეყვარებული, ყოფილიყო მუდამ ფორმაში.
ტექსტი: რეზო შატაკიშვილი