გულში გავივლე, ჩემი ნება რომ იყოს, ყოველდღე ჩემ გვერდით, ჩემს საწოლში დაგაძინებდი-მეთქი, მაგრამ ხმამაღლა სხვა რამე ვთქვი:
_ არა, დაძინებით არ დაგაძინებთ. ეს არ არის რთული ოპერაცია, ადგილობრივი ანესთეზიაც საკმარისი იქნება, მაგრამ თქვენ ვერაფერს გაიგებთ, საერთოდ არ გეტკინებათ, დამიჯერეთ.
_ ღმერთო, არ შემიძლია! _ წვრილი ხმით წამოიძახა და უეცრად ისეთი ტირილი ამოუშვა, კინაღამ გული გამიჩერდა.
მივუახლოვდი, მხარზე ხელი მოვხვიე და დამშვიდება დავუწყე.
_ რა გატირებთ? საშიში არაფერია. პატარა ხომ არ ხართ? ყველაფერი კარგად იქნება.
ხუთი წუთი კი მოვუნდი მის დამშვიდებას. ჩემი ცხვირსახოცი მივეცი, რომ ცრემლები მოეწმინდა. ტირილისგან ცხვირიც კი გასწითლებოდა.
როგორც იქნა, გავაცილე და საოპერაციოში შევვარდი, დრო აღარ იცდიდა…
8 8 8
მთელი დღე გაბრუებული ვიყავი. ოპერაციაზეც კი სულ ნანაზე ვფიქრობდი. უკვე დავაწყვე მომავლის გეგმები. ამ გოგოს ხელიდან გაშვებას არ ვაპირებდი. თუ ოდესმე ცოლს შევირთავდი, მხოლოდ და მხოლოდ მას და სხვას არავის. ობოლი რომ იყო და დეიდა ზრდიდა, ეს კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდიდა ჩემს გადაწყვეტილებას. ასეთ გოგოს პატრონი სჭირდებოდა, პატრონი მამაკაცის სახით, თორემ ვინ იცის, რა ფათერაკს გადაეყრებოდა თავისი სილამაზის გადამკიდე.
ღამითაც არ მიძინია წესიერად. დილით ერთიანად დათეთქვილს გამეღვიძა. ვიბანავე და საგანგებოდ კოხტად ჩავიცვი, რომ მისთვის და დეიდამისისთვისაც თავი მომეწონებინა. გასვლის წინ, როგორც ყოველთვის, სარკეში ჩავიხედე. შევყურებდი სარკეში არეკლილ ანდრიას და კმაყოფილება მიპყრობდა. აბა, ვინ დაიწუნებდა ასეთ `სიმპატიაგას~. საკუთარი გარეგნობით ნასიამოვნებს გული დამიმშვიდდა…
ნანას დეიდა, ქალბატონი კლარა (ნეტავ ვინ დაარქვა ეს სასწაული სახელი?) ერთობ მომხიბვლელი მანდილოსანი აღმოჩნდა. ოცდაცხრამეტი წლის იყო და ისეთი შენახული, თვითონ რომ არ ეთქვა, ოცდაათისაც არ გეგონებოდათ. მაღალი, თხელი ქალი იყო, მკერდსავსე და წვრილწელიანი. დეიდა-დისშვილი იერით ჰგავდნენ ერთმანეთს. რომ არ მცოდნოდა, დედა-შვილადაც კი აღვიქვამდი. ალბათ დებიც ჰგავდნენ ერთმანეთს, რადგან ნანა დეიდას გამოემგვანა. მისნაირი სხეული ჰქონდა, სახის ნაკვთებიც, მხოლოდ თვალების ფერში იყო განსხვავება და ღიმილში. ნანას თბილი ღიმილი ჰქონდა, კლარას _ ცივი და ოფიციალური. აშკარად ჩანდა, თანამდებობის პირი უნდა ყოფილიყო, თითქოს ზემოდან გადმოგვყურებდა. ცხვირის კეხზე წამოსკუპებულ სათვალეს წარამარა მაღლა სწევდა, თანაც _ ნეკით, თითქოს საჩვენებელი თითის ხმარება უზრდელობაში ჩაეთვლებოდა.
_ ეს ბავშვი ობლადაა გაზრდილი, _ გულგრილი სახით გვიყვებოდა მე და ალიკას, თან მბრძანებლური ტონით, როგორც დირექტორი თავის ხელქვეითებს, _ სამი წლის იყო, რომ ჩავიბარე. დედამისი მეორე ბავშვის მშობიარობას გადაჰყვა. ჩემი სიძე კი ნარკოტიკებს მიეძალა და სამ წელიწადში უკან მიჰყვა ჩემს დას. ამის მეტი ქვეყნად არავინ მყავს. მე ვიღაც არ ვარ, საკმაოდ სერიოზული ადგილი მიჭირავს საზოგადოებაში, ამიტომ გთხოვთ, ყურადღება არ მოაკლოთ. იმედია, ზარი ზემოდან საჭირო არ იქნება, _ ლამის დაგვემუქრა.
_ ქალბატონო კლარა, სხვა თუ არაფერი, თქვენნაირ მშვენიერებას ვერ გავუბედავთ, რამე ვაწყენინოთ და გული ვატკინოთ. ჩვენ ჩვენი საქმის პროფესიონალები ვართ. იცით, დღეში რამდენ ასეთ ოპერაციას ვაკეთებ? აუუ, ბევრს, _ ხელი აიქნია ალიკამ და თავის ქებით აშკარად გაეპრანჭა ნანას დეიდას, _ ასე რომ, დამშვიდდით, დაწყნარდით და თქვენს დისშვილს ერთ კვირაში საღ-სალამათს ჩაგაბარებთ…
ნანა იმ დღესვე დაწვა ჩვენთან. ორკაციან პალატაში მოვათავსებინე, რომ თავი ამითაც მომეწონებინა. დეიდამისს, ჩანდა, რომ კარგი შთაბეჭდილება დარჩა ჩემზე. ისე მათვალიერებდა, როგორც გასაყიდ საქონელს, რომლითაც აღფრთოვანებული არიან და აუცილებლად შეიძენენ. მეც ეს მინდოდა.
იმ დღეს უკვე დაგვიანებული იყო და ანალიზების აღება მეორე დილისთვის გადაიდო. დილით უჭმელი უნდა ყოფილიყო, რომ ლაბორანტს თავისი საქმე გაეკეთებინა.
ძალიან აღტყინებული ვიყავი. მთელი დღის განმავლობაში ერთი სული მქონდა, მის პალატაში შემეხედა და კიდევ ერთხელ, ვინ იცის, მერამდენედ, თვალი მისთვის შემევლო. ყოველ კარის შეღებაზე ვეკითხებოდი, აბა, როგორ ხარ, ხომ არ გეშინია, რამე ხომ არ გინდა, ხომ არ მოიწყინე და ა.შ. მეორე პაციენტი, სამი შვილის დედა, რომელიც იმავე პალატაში იწვა და ბუასილის ოპერაცია წინა კვირას გავუკეთეთ, ჩემს ყოველ დანახვაზე ეშმაკურ ღიმილს გადაიფენდა სახეზე, თითქოს მეუბნებოდა, მიგიხვდი, ასე წარამარა აქ რატომაც შემორბიხარო.
ერთი სიტყვით, თავი რომ არ შეგაწყინოთ, ნანას ანალიზები აუღეს, პასუხები საღამოს მაგიდაზე დამიდეს და საოპერაციოდაც გავამზადეთ.
გათენდა ხუთშაბათი და შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ალიკა თან მუშაობდა, თან ხუმრობდა. ნანა განაბული იწვა, ხანდახან თუ შეეცვლებოდა სახის ნაკვთები, მაგრამ ეს უფრო უსიამოვნო შეგრძნებისგან იყო, ვიდრე ტკივილისგან, რადგან იმდენი ნემსი ჰქონდა გაკეთებული, რომ ნამდვილად არ უნდა სტკენოდა. ფაქტობრივად, წელს ქვემოთ მოწყვეტილი იყო.
იმ ღამეს სამორიგეოდ დავრჩი, გიგის გავუცვალე მორიგეობა, რათა ნანასთან მე დავრჩენილიყავი. სწორედ იმ დღეს გაწერეს პალატაში მწოლიარე მეორე პაციენტი და იგი ახლა მარტო იწვა. ლამის მის საწოლთან გავატარე ღამე. როცა ძალიან შეაწუხებდა ტკივილი, გამაყუჩებელს ვუკეთებდი, რომ ზედმეტად არ გატანჯულიყო. ძირითადად, მთელი ღამე ძილში გაატარა, ოღონდ მშფოთვარე ძილში. კარგა ხანს მეჭირა მისი თლილი თითები ხელში და სიამოვნებისგან ჟრუანტელი მივლიდა. ძალიან რბილი და საყვარელი თითები ჰქონდა, რომელიც უმწეოდ, ლამის უსიცოცხლოდ ესვენა ჩემს ხელში.
მეორე დღეს ცოტათი გამოცოცხლდა. დეიდამისმაც ინახულა, ჩვენ დიდი მადლობა გადაგვიხადა, ფული ჩუმად ჩაგვიცურა ხალათის ჯიბეებში ორივე ექიმს და საიდუმლოდ გვიჩურჩულა, თუ დამატებით რამე იქნება საჭირო, უკან არ დავიხევო.
იმის აღებაც არ მინდოდა, რაც მომცა, მაგრამ უარის თქმაც არ გამოდიოდა. ისეთი კმაყოფილი და სავსე ვიყავი ნანას გაცნობით, რომ საკუთარ სხეულში ვერ ვეტეოდი, მაგრამ რას ვიფიქრებდი, ასე ხანმოკლე თუ გამოდგებოდა ჩემი სიხარული, ვინ წარმოიდგენდა, წინ საშინელი დღეები თუ მელოდა…
ოპერაციიდან მესამე დღე გათენდა. ადრიანად მივედი სამსახურში, რომ ნანა მენახა და მომეკითხა. წინა საღამოს ტემპერატურა ჰქონდა, ღამით კი უფრო აუწია და, ცოტა არ იყოს, შევშფოთდი, პერიტონიტი არ განუვითარდეს-მეთქი. სკალაზე წითელი ხაზი ოცდაცხრამეტს რომ მიაღწევს, ყველა ექიმს ექმნება შეშფოთების საფუძველი. ალიკა კი იყო მშვიდად, ისეთი ყოჩაღი და ჯანმრთელია, არაფერი ემუქრებაო, მაგრამ მე ჩემი დამემართა. სამსახურში მისული კაბინეტშიც კი არ შევედი, პირდაპირ მის პალატას მივადექი. ღამით დავრეკე და მითხრეს, ექვსი ხაზით დაუწია სიცხემო, მაგრამ ეს მთლად სანუგეშო სიტუაცია არ იყო.
მშვიდად იწვა, ფანჯრისკენ მიებრუნებინა ლამაზი სახე. ჩემს დანახვაზე ოდნავ წამოიწია საწოლში.
_ იწექი, იწექი, _ ხელით ვანიშნე, _ როგორ ხარ, აბა?
_ კარგად. სიცხე აღარ მაქვს, _ მორიდებულად გამიღიმა და დიდრონი თვალები შემომანათა.
სადღაც, სულის ყველაზე ღრმა კუნჭულში შეაღწია ამ მზერამ და იქაურობა გაანათა. არათუ გაანათა, გაათბო კიდევაც. ასეთი სასიამოვნო ჟრუანტელი ჯერ არ მახსოვდა ცხოვრებაში.
_ ჩვენ კი გვარიანად შეგვაშინე და… _ მეც გავუღიმე და ხელი ავწიე, რომ თმაზე გადამესვა, მაგრამ მაინც შევიკავე თავი, ჯერ ნაადრევია ასეთი გაშინაურება-მეთქი.
_ როდის გამწერენ? _ ხმა ჯერაც მისუსტებული ჰქონდა.
_ მალე. ასე ძალიან გინდა აქედან გასვლა?
_ მინდა, _ პატარა ბავშვივით სხარტად მიპასუხა.
_ არაფერი გაჩერებს აქ? სულ არაფერი? _ დავაწვრილმანე კითხვა, რომ მიმენიშნებინა, რასაც ვგულისხმობდი.
გაწითლდა. მიმიხვდა. თვალები მინაბა და ჩურჩულით თქვაა:
_ რაც აქ მაჩერებს, იმას გარეთაც ვნახავ, მაგრამ რაც გარეთაა, იმას აქ ვერ ვპოულობ, _ ფილოსოფიური პასუხი გამცა.
_ მართლა? მათ შორის მეც… მნახავ გარეთ? _ ჩავაცივდი.
მზერა ამარიდა, თან არაფერი არ თქვა.
საოცარი სანახავი იყო. ირიბად იცქირებოდა, თითქოს რაღაც საინტერესოს მიშტერებიაო, წამითაც არ დაუხამხამებია თვალი. ამწუთას ფაიფურის თოჯინას ჰგავდა.
_ მიპასუხე… _ გავუმეორე.
_ ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული, _ ჩურჩულით თქვა და გამშრალი ტუჩები ენით მოილოკა.
ისე ამოვიხვნეშე, მეგონა, გულიც თან ამოვაყოლე, როცა მისი ენისა და ტუჩების მოძრაობას ვუცქეროდი. იმხელა ნერწყვი გადავაგორე, სასულეში გადამცდა. ამიტყდა ხველა და ვერ გავჩერდი. ავიფარე პირზე მუშტი, სახე შევაბრუნე და ვახველე და ვახველე. ნანამ ზურგზე რამდენჯერმე დამკრა ხელი, ბებიებმა რომ იციან ისე.
_ გაცივებული ხართ? _ მკითხა, როცა ცოტა მომეშვა.
_ არა, ნერწყვი გადამცდა სასულეში, _ გავუღიმე და ამ ღიმილით მივეფერე.
_ ცუდია, _ ისევ ჩურჩულზე გადავიდა და მოულოდნელად მკითხა, _ ცოლი გყავთ?
ლამის სიცილი ამიტყდა. ესე იგი, მოვწონვარ. სხვა შემთხვევაში ამ შეკითხვას არ დასვამდა.
_ ჯერ არა, მაგრამ მეყოლება. _ ცოტა არ იყოს, მეხამუშა ჩემი პასუხი და შევიშმუშნე, ეს კი იმით გამოვხატე, რომ საჩვენებელი თითი ცხვირის ნესტოებთან გავისვ-გამოვისვი.
_ როდის? _ ახლა ის ჩამეძია.
_ მალე.
_ ისა… _ უეცრად შემომხედა, თავისი ლამაზი მზერით მოეპარა ჩემს თვალებს და ცალი წარბი უცნაურად აწკიპა მაღლა, ძალიან მაღლა. პირველად ვნახე, ასე მაღლა აზიდულიყო ადამიანის წარბი, _ ეს `მალე~ აქ მოდაშია? ყველაფერზე მალეს მეუბნებით, _ და გაიცინა. ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, რადგან უცებ დაიჭყანა, ჭრილობას არ მოუხდა სიცილი.
_ მე ყველაფერი მალე მიყვარს, _ ავუხსენი ჩემი `მალეს~ `მოდურობის~ მიზეზი. _ მეც, _ მომიგო და ისე კმაყოფილმა გაიღიმა, თითქოს აღმოჩენა გაეკეთებინოს.
_ აი, ხომ ხედავ, რაღაც საერთო გვქონია, _ საზეიმო ხმით წარმოვთქვი და ხელის ზურგზე ხელისგული შევახე. შევახე და დარჩა ჩემი ხელი მის ხელზე.
არ გაუწევია. არც არაფერი უთქვამს, მრავალმნიშვნელოვანი მზერით გამომხედა მხოლოდ. ოდნავ მოვუჭირე თითები. რეაქცია ნოლი. კიდევ მოვუჭირე. კვლავ გამომხედა. ამჯერად მაგრძნობინა, ყველაფერი გასაგებიაო.
ამ დროს გარედან ხმაური მოისმა. სასწრაფოდ წამოვდექი და გარეთ გამოვედი, ვერც კი მოვასწარი, რამე მეთქვა.
თანამშრომლები იყვნენ, სამუშაო დილა იწყებოდა.
კაბინეტში გავედი, ალიკა ჯერაც არ მოსულიყო. ერთიანად აღგზნებული ვიყავი. საოცარ სიმსუბუქეს ვგრძნობდი. მეც ერთი სული მქონდა, როდის გავწერდით, რომ გარეთ რაც შეიძლება მალე შევხვედროდი და ურთიერთობა გამეგრძელებინა. ვგრძნობდი, უკვე ვეღარ ვძლებდი მის გარეშე. მაინტერესებდა, ყველა კაცს ასე ემართებოდა მის დანახვაზე, თუ მე ვიყავი გამონაკლისი? მინდოდა, მხოლოდ მე ვყოფილიყავი გამონაკლისი, ეს იმის ნიშანი იქნებოდა, რომ ჩემთვის იყო გაჩენილი, თან უფრო მშვიდადაც ვიქნებოდი, თუ სხვა მამაკაცები შლეიფივით არ ეყოლებოდა აკიდებული.
თორმეტი საათი იქნებოდა, ვერიკო რომ შემოვიდა. ცენტრალური ლაბორატორიიდან პაციენტთა ანალიზის პასუხები შემოიტანა და მაგიდაზე დამიდო.
_ ალიკა არ გამოჩენილა? _ ვკითხე და პასუხების შეკვრა ჩემკენ მოვაჩოჩე.
_ არა, ორ საათში მოვალო, დარეკა.
_ მადლობა, ვერიკო.
ექთანმა კარი გაიხურა, მე კი ანალიზის პასუხების გადათვალიერება დავიწყე. რა თქმა უნდა, ყველაზე მეტად ნანასი მანტერესებდა, მაგრამ მაინც გულდასმით, ნელა ვავლებდი თვალს თითოეულ ფურცელს, რამე საეჭვო არ გამომპარვოდა.
აი, ისიც… ნანა მელიქიშვილი… რაო?.. ფურცელი ახლოს მივიტანე თვალებთან. ეს რა წერია? არ არსებობს! ეს შეუძლებელია! უეცრად თვალწინ ყველაფერი ერთბაშად აყირავდა, მათ შორის მეც და სადღაც ჰაერში დავრჩი გამოკიდებული.
შიდა ტელეფონს ვეცი და ვერიკო ვიხმე.
_ ვერა, მელიქიშვილს როდის აუღე სისხლის ანალიზი?
_ ოპერაციის წინა დღეს, რა იყო? _ მხრები აიჩეჩა გაკვირვებულმა.
_ ტემპერატურა ხომ არ ჰქონდა მაშინ?
_ არა მგონია… რა ვიცი, არ უთქვამს.
_ იმედია, არაფერი შეგეშლებოდა.
_ რას ნიშნავს, შემეშლებოდა?
_ ანუ… სხვისი სისხლი ხომ არ გაგზავნე შემთხვევით ცენტრალურში…
_ არა, ანდრია, რას ამბობ! _ ისეთი ტონით მომიგო, ეგ როგორ მაკადრეო, მაგრძნობინა.
_ კარგი, მადლობა.
ვერა გაბუტული გავიდა კაბინეტიდან, მე კი ჭკუაზე არ ვიყავი. გაოგნებული და დაბნეული მუშტებს ვურტყამდი მაგიდის ზედაპირს, რა თქმა უნდა, მსუბუქად. ისევ ვიხმე ვერა.
_ ვერიკო, მელიქიშვილს კიდევ ერთხელ აუღე სისხლი, სანამ უსაუზმია, რამე შეცდომა არ გაგვეპაროს.
_ კარგი, _ ექთანი ვერაფერს მიმხვდარიყო, გაოცებული შემომცქეროდა, _ რამე ცუდია?
_ ჰო, _ ცივად მივუგე და შუბლი მოვისრისე, _ რატომღაც, მგონია, რომ ასე არ უნდა იყოს.
ცოტა ხანს შევიცადე, დაახლოებით იმდენ ხანს, რამდენსაც ვერა ვენიდან სისხლის აღებას მოანდომებდა, მერე კი ნანას პალატაში შევაბიჯე.
ისევ ის მზერა… დამბანგავი, გამაბრუებელი… ხელი მაჯაში მოეხარა და თითები მოემუშტა. ვერიკოს თავისი საქმე უკვე გაეკეთებინა.
სკამი მოვწიე და წინ დავუჯექი.
_ წესით, ახლა კაბინეტში უნდა დამებარებინე და იქ გველაპარაკა, მაგრამ გადავიფიქრე, არ მინდა ჩვენს საუბარს ვინმე დაესწროს.
_ დიახ, _ მოსწავლესავით მიპასუხა.
_ აგიღეს სისხლი, ხომ?
_ დიახ.
ჩავახველე, მიჭირდა ლაპარაკის დაწყება.
_ ნანა, შენ მითხარი, რომ გათხოვილი არ ხარ და არც ყოფილხარ.
_ დიახ.
_ შეყვარებული? გყავს შეყვარებული?
_ არა. _ სახე ღიმილმა გაუნათა, ეგონა, სიყვარულის ახსნას ვაპირებდი და იმიტომ მიჭირდა თავისუფლად ლაპარაკი.
_ ისე მამაკაცი? _ ყველაზე ძნელი შეკითხვა დავსვი და თან დავაშტერდი, მზერით გავბურღე.
ჭარხლისფერი გაუხდა სახე, თვალები უეცრად ჩაუქრა და გაუქვავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, ცოცხალ ადამიანს კი არა, ნახატს მივჩერებოდი.
_ არა, _ რამდენიმე წამის შემდეგ ძალიან ხმადაბლა მიპასუხა, ძლივს გავიგონე.
_ მომისმინე… შეიძლება ეს შეცდომაა, მაგრამ… იმ დღეს, აქ რომ დაგაწვინეთ, სიცხე ხომ არ გქონდა?
_ არა. რატომ მეკითხებით? რა მოხდა?
_ ქალწული ხართ? _ ჭირის დღესავით მეჯავრებოდა ხოლმე ამ შეკითხვის დასმა, მაგრამ სხვა გზა რომ არ იყო?
გაგრძელება იქნება