მიტკლისფერი დაედო სახეზე, თვალებში კი ძრწოლისმაგვარი რაღაც გაუკრთა. მაშინვე შევნიშნე ეს, არ გამომპარვია.
_ კი… ვარ, _ შეშინებულმა მომიგო, საწოლში ჩაცურდა და საბანი ნიკაპამდე აიფარა.
_ ანუ… არ ვიცი, როგორ გითხრა… სექსი არ გქონია არავისთან?
პაუზა გაიწელა, მის თვალებში ჩაბუდებული შიში კი უფრო გაიზარდა, თვალებში ვეღარ ჩაეტია და სახეზე გადმოვიდა. ნანას აშკარად დასცხა, რადგან საბანი კვლავ ჩამოწია და მკლავები ზემოდან დააწყო, შუბლზე კი ოფლის წვეთები დაასხდა.
_ რა ხდება, ანდრია ექიმო, რატომ მეკითხებით? _ გაბზარული ხმით მკითხა.
მიმძიმდა იმის დაჯერება, რომ ასეთი მორცხვი, მოკრძალებული და სათნო გოგო შეიძლებოდა წამხდარი ქალი აღმოჩენილიყო.
_ იმიტომ, რომ შენს სისხლში ოთხი ჯვარი აღმოჩნდა. _ როგორც იქნა, მთავარ სათქმელს მივადექი.
_ ოთხი ჯვარი? ეგ რას ნიშნავს?
_ არ იცი ოთხი ჯვარი რას ნიშნავს? _ გავოცდი.
_ არა… პირველად მესმის.
აი, სასწაული პირდაპირ! გოგოს გაქანებული ათაშანგი ჰქონდა და ოთხი ჯვარი რას ნიშნავდა, არ იცოდა.
_ ეს იმას ნიშნავს, რომ ათაშანგით ხარ დაავადებული.
_ ათაშანგი რა დაავადებაა? _ იმდენად გულწრფელად მეკითხებოდა, ვერ დავიჯერებდი, რომ თამაშობდა.
_ ეს იგივეა, რაც… სიფილისი.
ალბათ ასე გამოიყურება ადამიანი, რომელსაც მოულოდნელად თავზარი დაეცემა. მეგონა, გული გაუსკდებოდა. უცებ წამოჯდა, თითქოს რაღაცას მიაყურადა, გაირინდა, მერე მომჩვარდა, თვალები დახუჭა და სუნთქვა გაიჩერა. მხოლოდ ცხვირის ნესტოები უთრთოდა უცნაურად. შემდეგ თვალები გაახილა და დავინახე, როგორ ევსებოდა ისინი ნელ-ნელა ცრემლით.
_ ის არ რჩება, ხომ? სულ მექნება?
თავი გავაქნიე და კიდევ ერთხელ ამოვიხვნეშე, დღეს უკვე მეორედ.
_ შენ ის მითხარი, საიდან შეიძლებოდა აგეკიდებინა ეს დაავადება. რამეს მიმალავ? სიმართლე უნდა მითხრა. ეს სერიოზული ამბავია, გესმის? ჩვენ იძულებული გავხდებით, ინსპექტორი გამოვიძახოთ.
_ არა! _ უღონოდ შესძახა, _ დამიჭერენ?
_ სიმართლე მითხარი, არავინ არ დაგიჭერს. _ უკვე მოთმინებას ვკარგავდი.
_ მე… მე გამაუპატიურეს. _ თქვა და მოწყვეტით დავარდა საწოლზე. დავარდა და დაიკვნესა, ისევ ეტკინა ჭრილობა.
ალბათ სადღაც იქვე, ერთ მეტრში ბომბი რომ აფეთქებულიყო, ასე ვერ შემახტუნებდა. სკამიდან წამოვხტი და განზე გავდექი, თითქოს კეთროვანს უნდა გავრიდებოდი.
გონებას გუგუნი გაუდიოდა, მიხურდა ყველაფერი, გული საშინელი დარტყმებით აწყდებოდა ოთხივე საკანს.
_ როდის? ვინ? სად? _ ამჯერად მხოლოდ მოკლე-მოკლე შეკითხვების ჯერი დავაყარე.
პასუხი არ გამცა. ვიფიქრე, რაღაცას იგონებს-მეთქი და მივვარდი, მაჯაში ჩავავლე ხელი და მოვუჭირე:
_ რას ფიქრობ ამდენს? მითხარი, რომ გეკითხები! _ თავს ძლივს ვიკავებდი, რომ არ მეყვირა. ერთიანად მიცახცახებდა სხეული. როგორ მინდოდა, ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილიყო და გამღვიძებოდა!
ხელი გამომტაცა და შუბლშეკრულმა ამომხედა. მტრული იყო ეს ამოხედვა. თითქოს მეუბნებოდა, რა შენი საქმეაო. გამწარებული გამოვვარდი პალატიდან და საპროცედუროს კარი შევაღე. ვერა ყავას სვამდა.
_ ვერა, გინეკოლოგი მჭირდება, გამოიძახე პოლიკლინიკიდან.
_ რა ხდება? _ ვერამ პირისკენ წაღებული ფინჯანი ლამბაქზე დადგა.
_ სწრაფად! _ ნანას ჯავრი მასზე ვიყარე და ვუღრიალე. წყობილებიდან გამოვედი, თავს ვეღარ ვაკონტროლებდი.
გინეკოლოგი ათ წუთში მოვიდა.
_ რა ხდება, ანდრია? _ კაბინეტში შემოსვლისთანავე სათვალე თავზე დაიკოსა ქალმა.
_ მედეა, მეცხრე პალატაში ერთი პაციენტია. თუ შეიძლება, შეამოწმე, ქალწულობის აპკი ხელუხლებელია თუ არა, _ ამის თქმაზე ცივმა ოფლმა დამასხა.
_ ახლავე, _ როგორც ჩანს, ჩემმა ხმამ შეაშფოთა მედიკო, რადგან არც უკითხავს, რაში მჭირდებოდა პაციენტის ქალწულობის დადგენა, ეგრევე გატრიალდა და ოთახიდან გავიდა…
8 8 8
ბევრი რომ არ გავაგრძელო, ნანა ქალწული აღმოჩნდა. მე ხომ ჩემს თავს აღარ ვგავდი და ალიკა მთლად გადაირია. ასეთი ბავშვისგან ამას როგორ ველოდიო. მერე დაფიქრდა, იქნებ მართლაც შეცდომაა და ტყუილად ვაბრალებთ ასეთ რამესო, მაგრამ უკვე მჯეროდა, რომ ასე იყო. ხომ მითხრა, გამაუპატიურესო.
დავიბარეთ კაბინეტში. ძლივს შემოვიდა. სახე ჩათეთქვოდა. რამდენიმე საათში თითქოს წლები მომატებოდა, იმ პატარა გოგოს აღარ ჰგავდა. ტირილისაგან ქუთუთოები დასივებოდა, გუგები ერთიანად ჩასწითლებოდა.
ალიკამ დივანზე ჩამოსვა, რომ მოხერხებულად დამჯდარიყო. ჯერაც უჭირდა ნორმალურად ჯდომა.
_ ნანა, უნდა მოგვიყვე, რა მოხდა, _ დამრიგებლური ტონით მიმართა ალიკამ.
ერთხანს ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა. თავი ჩაეღუნა და კალთაში ჩადებულ თავის მომუშტულ ხელებს დასჩერებოდა.
_ ნანა! ეს მნიშვნელოვანია. შენი ოპერაცია სწორედ ამ დაავადებით იყო გამოწვეული, იცი? შენ შანკრები გქონდა და არა სწორი ნაწლავის ნახეთქები, რომელიც მკურნალობის შემდეგ უოპერაციოდაც გაგიქრებოდა. ნუ გვაიძულებ, ინსპექტორი გამოვიძახოთ და დაკითხვა მოგიწყოს. _ გააგრძელა ალიკამ.
_ თქვენ ხომ მაინც გამოიძახებთ… _ თავი ასწია და ჯერ ალიკას შეხედა, მერე მე.
_ ჰოდა, რომ გვეცოდინება, რა როგორ იყო, სხვანაირად მოვიქცევით.
ხელები აიფარა და ატირდა. გულამოსკვნილი ტიროდა. არც ერთს არ გვიცდია მისი დამშვიდება. ალიკამ მიმიკებით მანიშნა, აცალე, იტიროსო.
როდის-როდის დაწყნარდა, ამოისლუკუნა და დაიწყო:
_ ჩემს ჯგუფელთან მივედი ერთხელ სახლში, გამოცდები ახლოვდებოდა და ერთად უნდა გვემეცადინა. იმას ბებია მოკვდომია და სოფელში გაჰყოლია მშობლებს. სახლში მისი ძმა დამხვდა, რომელიც იმ დღეს ვეღარ წასულა საქმეების გამო და მეორე დღისთვის გადაუდვია გამგზავრება. შემიპატიჟა, მერე რა, რომ ირა არ არის, ყავა დავლიოთო. მომერიდა და უარი ვერ ვუთხარი. მერე… _ ისევ აიფარა სახეზე ხელები და ასლუკუნდა.
_ მერე? ცუდად მოგექცა? ძალა დაგატანა?
_ ჰო. ლამაზი ხარო, შენთან მინდაო… ვეხვეწებოდი, გამიშვი-მეთქი. ვუთხარი, ქალიშვილი ვარ და გთხოვ, ამას ნუ გააკეთებ-მეთქი…. იმანაც ნუ გეშინია, შენს ქალიშვილობას ხელს არ ვახლებო… შემომახია ტანსაცმელი… უკნიდან მომადგა…
_ კარგი, გასაგებია… ეს მხოლოდ ერთხელ იყო? _ შეეკითხა ალიკა.
_ ჰო, მხოლოდ ერთხელ. მერე ირას ტანსაცმელი გამომიტანა და იმით წამოვედი შინ.
_ როდის მოხდა ეგ?
_ ერთი თვის წინ.
_ შენი ჯგუფელის მისამართი გვითხარი.
_ რატომ? არა! არავის არ უთხრათ, გთხოვთ!
_ ნუ გეშინია, არავის ვეტყვით. შენ გესმის, რომ ის ბიჭიც დაავადებულია და შეიძლება სხვა გოგოებსაც გადასდოს?
_ არა, არა! _ მთელ ხმაზე გაჰყვიროდა, _ არ გინდათ, გემუდარებით! მომკლავს!
_ ბიჯოს! _ აღშფოთდა ალიკა, _ ხომ გითხარი, არ ვეტყვით-მეთქი. ისე გავაკეთებთ, რომ ის ვერაფერს გაიგებს. ვითომ სხვა გოგომ გვითხრა. რა, შენ გარდა სხვასთან არ ექნებოდა სექსი?
_ კი, როგორ არა, სულ გოგოებში დადის, _ როგორც იქნა, მიხვდა, რომ გამოსავალი არსებობდა.
_ ჰოდა, გვითხარი. სახელი, გვარი და მისამართი.
ჩაგვწერინა მისამართი. ალიკა კაბინეტიდან გავიდა, რომ მილიციაში დაერეკა იმ ვიგინდარის ასაყვანად და სამკურნალოდ გასაგზავნად.
მე და ნანა მარტონი დავრჩით.
_ ახლა რა იქნება? _ ცრემლიანი მზერით მომაჩერდა.
_ აქედან რომ გაგწერთ, ვენდისპანსერში წახვალ და მკურნალობის კურსს ჩაიტარებ. ნუ გეშინია, არ მოკვდები.
_ მოვრჩები?
_ ალბათ. სისხლი ბოლომდე ვერ გასუფთავდება, მაგრამ ეს შენს ჯანმრთელობაზე გავლენას არ მოახდენს. მანამდე კი დეიდაშენთან მოგვიწევს ლაპარაკი.
_ იმასაც უნდა უთხრათ?
_ აუცილებლად. დამალვის უფლება არ გვაქვს. სხვა შემთხვევაში უამრავი პრობლემა შეგექმნება, რომელსაც მარტო ვერ აუხვალ.
_ რამდენ ხანს მომიწევს მკურნალობა?
_ დიდხანს… წლების განმავლობაში, _ ნიშნის მოგებით მივუგე, თითქოს რამეში დამნაშავე ყოფილიყო.
თან მეცოდებოდა, თან მებრაზებოდა. რას გაუჩერდა მარტო იმ ბიჭს? მაგრამ მეორე წამს ვამართლებდი. მერე რა, მე რომ და მყავდეს და მისი მეგობარი მესტუმროს, ჩემთან მარტო დარჩენის უნდა შეეშინდეს? ერთი თუ ნაძირალა გამოდგა, ყველა ერთნაირი ხომ არ იქნება?
აღარ ვიცოდი, რა გზას დავდგომოდი. მისატოვებლად არ მემეტებოდა, მაგრამ დასარჩენადაც არ მინდოდა. მით უმეტეს, რომ საავადმყოფოში ყველამ გაიგო მისი ამბავი. ენაზე ვის რა დაადგებოდა? ამის მეტი საჭორაო არაფერი ჰქონდათ.
ყველაზე მეტად მე ვიტანჯებოდი. კიდევ კარგი, არავის გაუგია, რომ მომწონდა, თორემ სირცხვილით თავს ვეღარ გამოვყოფდი. ალიკასი არ მერიდებოდა, მასთან სხვა ურთიერთობა მქონდა და ვიცოდი, გამიგებდა. თანაც, არ იყო ლაქლაქა, კრინტს არ დაძრავდა სხვასთან, არიქა და ანდრიას ის გოგო თავისთვის უნდოდაო.
დავურეკეთ დეიდამისს, დავიბარეთ და ყველაფერი მოვუყევით. ეს მედიდური ქალი წამში დაპატარავდა და თხუნელას დაემსგავსა. მისთვისაც ისეთივე შოკი აღმოჩნდა ეს ამბავი, როგორიც ჩემთვის.
განმეორებითმა ანალიზმა იგივე შედეგი აჩვენა… ოთხი ჯვარი… ნანა ათაშანგით იყო დაავადებული.
განადგურებული ვიყავი. გულში სიყვარული გიზგიზებდა, სულში _ ზამთარი…
მინდოდა დამერწმუნებინა ჩემი თავი, რომ ეს სულაც არ იყო სიყვარული. მინდოდა დამეჯერებინა, რომ თავიდანვე იმდენად დიდი იყო მისი დაუფლების სურვილი, რომ მორეული ჟინი სიყვარულს უტოლდებოდა. ამის დამტკიცებას კი დრო სჭირდებოდა. ამწუთას მასთან დაახლოების სიტუაცია არ იყო. მას უნდა ემკურნალა.
ყველანაირად დავეხმარე, რაც შემეძლო. შესაძლებელზე მეტიც გავაკეთე. ვენდისპანსერში ჩემი კურსელი მუშაობდა და იმას ჩავაბარე. რამდენიმე კვირა იქ დაწოლა და სამკურნალო კურსის ჩატარება მოუწევდა. უკვე აყვანილი იყო აღრიცხვაზე. რამდენიმე წლის განმავლობაში პერიოდულად უნდა გამოცხადებულიყო იქ და სისხლი გაესინჯა. ეს საზიზღარი პროცედურა იყო. მესმოდა ყველა ადამიანის, ვისაც ამის გავლა უწევდა. როგორიც უნდა ყოფილიყავი, მაინც ძნელი იყო. ვენერიული სენით დაავადებულებს მაშინ განსაკუთრებით ცუდი თვალით უყურებდნენ. ახლანდელი გადასახედიდან ათაშანგი მთლად შიდსს არ უტოლდებოდა, მაგრამ მაინც საშინელი დაავადება იყო. აუცილებლად ბოლომდე უნდა გემკურნალა, თორემ შედეგი შიდსისგან არაფრით განსხვავდებოდა. მოწამლული სისხლი საბოლოოდ მაინც კლავდა ორგანიზმს.
ნანა ძალიან შეიცვალა. თვალები ჩაუქრა, აღარ იღიმოდა, ჩემთან ლაპარაკსაც გაურბოდა. თვალებში აღარ მიყურებდა, როცა სანახავად მივდიოდი. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ დაავადებამ დამთრგუნველად იმოქმედა მასზე, სიცოცხლე აღარ უნდოდა. ამ გასხივოსნებული გოგოსგან აღარაფერი დარჩა, დარდით ამოღამებული მზერის გარდა.
არც დეიდამისი იყო უკეთეს დღეში. ჩემგან განსხვავებით, ის სანახავად არ მისულა. ეშინოდა, ვინმე ნაცნობმა ამ შენობაში რომ დამინახოს, რა პასუხი გავცეო. თითქოს დისპანსერში მხოლოდ ათაშანგიანები დადიოდნენ. არ მესმოდა მისნაირი ადამიანების, მაგრამ ყველას აქვს თავისი სიმართლე. ალბათ სადღაც მართალიც იყო. მე კი, როგორც ექიმს, ვერც ვერავინ დამიშლიდა მასთან მისვლას და არც არავის გაუკვირდებოდა, იქ თუ მნახავდა. შეიძლება ამიტომაც არ შემეძლო სხვების გაგება.
როგორც იქნა, გამოწერეს. ნანემსრები ისე სტკიოდა, სიარული უჭირდა. აბა, როგორია, დღის განმავლობაში ოცზე მეტ ნემსს რომ დაგარჭობენ, თანაც მთელი სამი კვირა.
მე მივიყვანე სახლში. დეიდამისი გამოგვეგება. იმდენი მადლობა მიხადა, თავი უხერხულად ვიგრძენი.
_ საშინელ დღეში კი ჩავცვივდით, ბატონო ანდრია, მაგრამ რას ვიზამთ, ასეთი იყო ალბათ ჩვენი ბედისწერა.
_ არა უშავს, ქალბატონო, სამიოდე წელი და მორჩა, ყველაფერი კარგად იქნება. გათხოვდება, შვილებსაც გააჩენს და ყველას ყველაფერი დაავიწყდება.
_ ამის დავიწყება ასე ადვილია როდია, ექიმო, _ მწუხარებით გააქნია თავი ქალმა და ჩაიზე მიმიპატიჟა.
დარჩენას აზრი არ ჰქონდა. ნანა თავის ოთახში შეიკეტა და გამოსვლას აღარ აპირებდა. დეიდამისთან რა მქონდა სალაპარაკო? უნდა ეწუწუნა და მისი წუწუნისთვის მესმინა?
წამოვედი. ახლა უარესად გულდამძიმებული ვიყავი. იქ, ვენდისპანსერში, სანახავად მისვლის საბაბი მაინც მქონდა. ახლა რა უნდა მექნა? რისთვის უნდა მივდგომოდი სახლში, რა მეთქვა? მომწონს თქვენი დისშვილი და ვერ ველევი-მეთქი? ასე არ გამოვიდოდა.
ვიფიქრე, საერთოდ აღარ შევეხმიანები და იქნებ დავივიწყო-მეთქი. ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა. ასეც მოვიქეცი.
სამი დღის განმავლობაში წრეგადასულ ქეიფზე გადავედი. ხან ერთ ქალს ვიბარებდი სახლში, ხან მეორეს, რომ გული გადამეყოლებინა. ქალებს ძალიან მოვწონდი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სიმპათიური ექიმი ვიყავი, არამედ იმიტომაც, რომ ინტიმურ საკითხებშიც მქონდა დიდი გამოცდილება. ლოგინში ისევე არ მეშლებოდა არაფერი, როგორც ოპერაციების დროს.