ფოტომოდელ თამო ვაშალომიძეს ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს, მან საზოგადოების ყურადღება წლების წინ, თამამი ფოტოსესიით მიიქცია. სამოდელო საქმიანობის გარდა, თამო სოციალურ ქსელშიც საკმაოდ აქტიურია და გამომწერებს მისი ცხოვრების შესახებ სიახლეებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად თამო რადიო „ფორტუნას” ობიექტივში მეუღლეზე, შვილებზე და შოუბიზნესზე საუბრობს:
„სულ გაქვს შეგრძნება, რომ ბავშვებს რაღაცას აკლებ, ალბათ ყველა ასეა. ჩემს მეუღლეს არ აქვს ფეისბუქი, ინსტაგრამი. მხარში მიდგას ყველანაირად, ის ჩემი უდიდესი ძალაა.
მიჩვეული ვარ შოუბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან ცინიკურად ყურებას. მე არ ვფიქრობ, რომ შოუბიზნესში მეგობრობა იციან” - ამბობს თამო.
თამო დაქორწინებულია ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.
ცოტა ხნის წინ, მოდელმა ყურადღება ვენეციის კინოფესტივალზე მიიქცია:
თამო ვაშალომიძე ვენეციის კინოფესტივალზე
მაშინ, როცა ყველა დეა კულუმბეგაშვილის ფილმის, "აპრილის" წარმატებაზე საუბრობდა და საზოგადოება აქტიურად აზიარებდა ფილმის მთავარი გმირების, მერაბ ნინიძის, კახა კიწურაშვილისა და ია სუხიტაშვილის ფოტოებს, თამო ვაშალომიძემ ფესტივალის წითელ ხალიჩაზე გადაღებული კადრები გამოაქვეყნა და ყურადღებაც მიიპყრო. თამოს 2011 და 2019 წლებში ფილმებში "მხატვრის ტურფა" და "გარეკილები" მონაწილეობა მიღებული აქვს, თუმცა ამჯერად ამ პრესტიჟულ ღონისძიებაზე მსახიობის ამპლუაში არ იმყოფებოდა.
ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის თამო ვაშალომიძე ფოტოგრაფთან, ვიზაჟისტსა და დიზაინერთან ერთად მოემზადა. სპეციალურად წითელი ხალიჩისთვის მან თეთრი კაბა მოირგო, რომელსაც დამატებით აქსესუარად დიდი ზომის შლეიფი ჰქონდა. კაბა დახვეწილი და სადა დიზაინით გამოირჩევა.