"ყოველ ჯერზე ვეუბნები - დედა, არ წახვიდე, მე აქ მჭირდები" - ანდრია ფუტკარაძის სიმღერა ემიგრანტ დედას და გამარჯვება "საბავშვო ევროვიზიაზე" - Marao

"ყოველ ჯერზე ვეუბნები - დედა, არ წახვიდე, მე აქ მჭირდები" - ანდრია ფუტკარაძის სიმღერა ემიგრანტ დედას და გამარჯვება "საბავშვო ევროვიზიაზე"

2024-11-16 23:06:46+04:00

"საბავშვო ევროვიზია 2024"-ის გამარჯვებული ქართველი ანდრია ფუტკარაძე გახდა. ეს ამ სცენაზე საქართველოს მეოთხე გამარჯვებაა. 

საქართველომ უმაღლესი, 12 ქულა დაიმსახურა იტალიისგან, ესტონეთისგან, ალბანეთისგან, სომხეთისგან, კვიპროსისგან, ესპანეთისგან, ნიდერლანდებისგან, სან მარინოსგან, უკრაინისგან, პორტუგალიისგან, ისლანდიისა და მალტასგან.

ანდრია ფუტკარაძე 2024 წლის "საბავშვო ევროვიზიის" გამარჯვებულია 

ანდრია ფუტკარაძე მაყურებლის წინაშე სიმღერით To My Mom წარდგა, რომელიც გიგა კუხიანიძემ დაწერა, მასთან ერთად ტექსტზე მაკა დავითაიამ იმუშავა. ვიდეორგოლი საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გადაიღო; კოსტიუმი კი იზა ნადარეიშვილს ეკუთვნის.

საბავშვო ევროვიზია 2024 ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში გაიმართა, რომელშიც 17 ქვეყანა მონაწილეობდა.

  • „გრანპრი საქართველოში მოგვაქვს. არ იყო ადვილი, ძალიან რთული გზები გავიარეთ" - ოთო ბაზერაშვილის დიდი წარმატება 

სიმღერა სახელწოდებით To My Mom (დედას) დედასთან განშორებას, ემიგრაციასა და მის სირთულეებს ეძღვნება. ანდრიას დედა, შორენა აბაშიძეც ემიგრანტია - ის ბრუკლინში, ნიუ-იორკში ცხოვრობს: "ყოველ ჯერზე ვეუბნები, დედა, არ წახვიდე, აქ მჭირდები-მეთქი, მაგრამ ვიცი, რომ ასეა საჭირო და ჩემთვის აკეთებს ყველაფერს", -ამბობდა ანდრია. მან ისიც აღნიშნა, რომ როცა ძალიან სჭირდება, დედა ყოველთვის მის გვერდითაა და ევროვიზიისთვის მზადების ამ მნიშვნელოვან ეტაპსაც სწორედ დედასთან ერთად გადიოდა. 

  • „სანამ ვაჩესნაირები იბადებიან ჩვენს სამშობლოში, საქართველოს გადაშენება არ უწერია" - ვაჩე ღვინიაშვილი საკუთარი სიყვარულის, შემოქმედებისა და ემიგრანტების შესახებ 

ანდრია აღნიშნავს, რომ მის ცხოვრებაში ორი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი დედა და ბებია არიან. "მინდა, საქართველო ღირსეულად წარვადგინო და ჩემს გამოსვლას, რა თქმა უნდა, დედას და ბებიას ვუძღვნი", - ამბობდა პატარა მომღერალი. 

"ყველა მომდევნო განშორება უფრო რთულია, ყოფილა მომენტი, როცა აეროპორტში ცრემლებით დამიტოვებია და ისე წავსულვარ... ანდრია ყოველთვის თავს იკავებს და არ მაგრძნობინებს, რომ უჭირს", - ამბობდა ანდრიას დედა, შორენა აბაშიძე, რომელიც უკვე 4 წელია, რაც ემიგრანტია. 

andria_putkaradze

ანდრია ფუტკარაძე "რანინაში"

"საბავაშვო ევროვიზიამდე" ანდრია ფუტკარაძე მაყურებელმა პროექტიდან "რანინა" გაიცნო. ის სწორედ "რანინას" მეშვიდე სეზონის გამარჯვებული გახდა. 

  • "ეს არის საქართველო, ერთიანი, თავისუფალი და მრავალხმიანი" - გაიცანით უფრო ახლოს სანდრო გურგენიძე, რომელმაც "რანინაში" ფურორი მოახდინა 

საქართველო "საბავშვო ევროვიზიაზე"

საქართველოსთვის ეს "საბავშვო ევროვიზიაზე" მეოთხე გამარჯვებაა. მანამდე გამარჯვებულები გახდნენ: 

  • 2008 წელს - ბზიკები სიმღერით "ბზზ..."
  • 2011 წელს - Candy სიმღერით Candy Music
  • 2016 წელს - მარიამ მამადაშვილი სიმღერით "მზეო"