"ძალიან კარგი რამეა ეს „ტიკ-ტოკი“. ადამიანებს შეუძლიათ პირდაპირ დაგიწერონ რასაც ფიქრობენ, მოურიდებლად... შენც ძალიან ჩვეულებრივად შეგიძლია პასუხი გასცე. გავბრაზდი? არა, რაც ლოგიკურია.
36 წლის ვხდები დეკემბერში. ისე აღარ გამოვიყურები, როგორც 16 წლის ან 25 წლის ასაკში. გეთანხმებით, 2019 წლის ფოტოებსა და ვიდეოებს რომ ვუყურებ, აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ. ჩამომეწია ქუთუთოები, ეს გამოიწვია ბევრმა ტირილმა, 2020 წლის შემდეგ ასე მაქვს თვალები, ჩამოწელილი და ჩამოღვენთილი, მოწყენილი, გავჭაღარავდი 2020 წლის შემდეგ. ღმერთმა ყველამ გაშოროთ, რაც მე გავიარე.
პანდემიის დროს ვიყავი ამერიკაში, როცა ორივე მშობელი ერთმანეთის მიყოლებით გარდამეცვალა. მამის პანაშვიდზე ვერ ჩამოვედი, დედა ვერ ვნახე გარდაცვალებამდე, რადგან საავადმყოფოდან გამოგვატანეს შავი პარკით. ბავშვი დამრჩა მანდ და რამდენიმე თვის განმავლობაში ვცდილობდი, რომ წამომეყვანა. ამ ყველაფერს გავუძელი მედგრად, წელიწად-ნახევარი ვიყავი ანტიდეპრესანტებზე, ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, საკმაოდ გავსუქდი კიდეც, დამერღვა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია…
ახლა რაც შეეხება საშუალებას, თქვენ რა იცით, მე რისი საშუალება მაქვს?! თუ უბრალოდ ცნობილი რომ ვარ, ამიტომ გგონიათ, რომ ბევრი ფული მაქვს, ან ამერიკაში რომ ვცხოვრობ? მეც ჩვეულებრივი რიგითი ემიგრანტი ვარ, როგორც ყველა. არც სხეული გამიყიდია, არც სული გამიყიდია, არც ღირსება და არც მორალი ჩემი კეთილდღეობისთვის. თუ რამეს მივაღწიე, მივაღწიე სუფთად, ჩემი ნიჭიერებისა და შრომის ხარჯზე და ამით ძალიან ვამაყობ.
რაც შეეხება ფილერებსა და ბოტოქსებს, არ ვიკეთებ, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ბუნებრიობა და ბუნებრივად დაბერება არ „ტეხავს“.
ვფიქრობ, ასაკის კვალი ნორმალურიცაა. აწი დავბერდები, არ გავახალგაზრდავდები. თუ მოგწონვართ როგორიც ვარ და მიმიღებთ, ძალიან გამიხარდება…", - ამბობს მომღერალი ნინი შერმადინი ვიდეომიმართვაში, რომელიც მან ერთ-ერთი კომენტარის საპასუხოდ ჩაწერა - "რაღაც დაქალებულა, მოტეხილა, არადა აქვს საშუალება, რომ კარგად გამოიყურებოდეს", - წერდნენ მომღერლის ვიდეოზე.
ნინი შერმადინი 1987 წელს თბილისში დაიბადა. 2003 წელს მონაწილეობა მიიღო პროექტში „ნუცას სკოლა“. 2005 წელს გაემგზავრა იურმალაში „ახალ ტალღაში“ მონაწილეობის მისაღებად. ნინი გახდა პირველი მომღერალი დამოუკიდებელი საქართველოდან, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ კონკურსში და იქვე ფესტივალის მუზის ალა პუგაჩოვას პრიზი მიიღო.
2007 წელს გახდა „იმედის ტალღის“ წამყვანი. 2008 წელს იმავე პროექტში მიიღო მონაწილეობა და გამარჯვებული გახდა. 2010 წელს მიიღო მონაწილეობა ბერძნულ X Factor!-ში, სადაც მე-2 ადგილი დაიკავა და საბერძნეთში საკმაოდ პოპულარული გახდა.
ნინი შერმადინი იმყოფებოდა ქორწინებაში, ჰყავს ერთი ქალიშვილი, მარიამ ციცაგი, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს.