_ ანრი, არ მეცეკვები? ამაზე მაინც არ მითხრა უარი, _ მეორე წინადადებას ხაზი გაუსვა.
ისე ვიყავი აღლვებული, გაღიმებაც კი არ გამომივიდა წესიერად. სიტყვის უთქმელად წავავლე ხელი, ჩავიხუტე და ვალსის რიტმს ავყევით.
_ ქეთი, მალე უნდა წავიდე, იცი? _ დავიწყე…
_ რას ამბობ! ჯერ არ მოსულხარ და უკვე წასვლას აპირებ? _ შეიცხადა.
_ ახლა ისეთმა პაციენტმა დამირეკა, მიუსვლელობა არ იქნება. ხომ იცი, უყურადღებობა არ მიყვარს.
_ გეტყობა, როგორ არ გიყვარს! _ გაბრაზდა ქეთინო, _ რაღა მაინცდამაინც მაშინ იქცევა ქვეყანა, როცა საქმე მე მეხება? ისე არ მიკარებ, არ მიკარებ და დაბადების დღე მაინც შემარგე ადამიანურად, არ შეიძლება?
_ მაპატიე… ხომ ხედავ, რა დონის ვიგინდარა ვარ… რად გინდა ჩემნაირი კაცი, მითხარი ერთი… _ ამოვიხვნეშე და ჩემს მხარზე დადებულ მის ხელს ვაკოცე.
_ შენ მე სიცოცხლე გამინახევრე… _ სევდიანად გააგრძელა, _ ცოლობაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, საყვარლადაც კი დამიწუნე.
_ კარგი, რას ამბობ! _ დავიზაფრე ამის გაგონებაზე, _ ქეთი, მეორედ არ გამაგონო მსგავსი ფრაზა, გესმის? რა დაგიწუნე, საიდან მოიტანე? უბრალოდ, არ მინდოდა გული გტკენოდა. საყვარლობა შეღავათი არ არის, ეს ერთი და მეორეც… ხომ იცი, რომ მე საყვარლები არ მყავს… არ ვარ ის კატეგორია…
_ ნუ, შენ ხომ საერთოდ არ ხარ `კატეგორია~… _ მთლად მომიღო ბოლო, _ არაფერში არ ჯდება შენნაირი ტიპი. კაცი ვერ გაიგებს, რა გინდა და საითკენ მიექანები!
რა უნდა მეპასუხა? გაღიმების ნაცვლად დავიჯღანე. ვიმსახურებდი მისგან გაკიცხვას და მშვიდად მივიღე საყვედურები. ქეთის კი არა, ყველას უკვირდა, რატომ არ შედგა ჩვენი ტანდემი. კარგი გარეგნობის ქალი, წესიერი, ჭკვიანი, გავლენიანი… მეტი რა უნდოდაო? ასე ლაპარაკობდნენ ჩემს ზურგს უკან. ყველა სიკეთესთან ერთად, თავადიც! ამ მხრივ რანგით ჩემზე მაღლა იდგა. სად აზნაური და სად თავადი?
ქეთიმ უეცრად გაითავისუფლა თავი ჩემი მკლავებიდან და გაბრაზებული ხმით მითხრა:
_ წადი, გადაშენდი!
ასეთ ქცევას ჩემს თვალში ქალური ისტერიკა ჰქვია. ჰოდა, ეს ქალური ისტერიკა ისტერიაში რომ არ გადაზრდილიყო, დავიხურე ქუდი, დავემშვიდობე თანამშრომლებს და წამოვედი.
ცოტა ხანს ვიხეტიალე ვაკის პარკის გვერდითა ჩასასვლელთან, სადაც მანქანა დავაყენე და დრო რომ მოვიდა, მთავარ შესასვლელთან დავერჭვე.
ნინიმ არ მალოდინა, ზუსტად დანიშნულ დროს მოვიდა, ანუ საღამოს ცხრა საათზე. ისე, ცხრა საათი საღამოა თუ ღამე? პირველად გამიჩნდა ეს შეკითხვა და სიმართლე გითხრათ, ჭეშმარიტი პასუხი არ ვიცი. ზაფხულში ალბათ საღამოა, რადგან ცხრაზე არ არის დაღამებული, ზამთარში კი _ ღამე, რადგან ექვს საათზე იწყებს შებინდებას. და რადგან ახლა არც ზაფხულია, არც ზამთარი და მხოლოდ და მხოლოდ შემოდგომაა, სასიამოვნო ოქტომბერი, ალბათ ცხრა საათზე ღამე უფრო ითქმის, რადგან კარგა ხანია, ცა ვარსკვლავებით გაივსო და ირგვლივ ლამპიონები ანათებს.
_ დიდი ხნის მოსული ხართ? _ სუსხისგან ნინის ღაწვები შეფაკლოდა.
_ ამწუთას მოვედი, _ სახეგაბადრულმა მივუგე და მის გამოწვდილ ხელს ჩემი შევაგებე.
თითები ცივი ჰქონდა.
_ შეგცივდათ? ხელი გაგყინვიათ… _ მზრუნველობა გამოვიჩინე.
_ არა, არ მცივა. უბრალოდ, ასე ვარ სულ. ხელები და ფეხები მუდამ ცივი მაქვს… ზამთარ-ზაფხულ.
_ სად წავიდეთ? აქ ხომ არ ვიდგებით?
_ რა ვიცი, სადმე ხომ არ დავმსხდარიყავით?
_ შეგცივდებათ… ჩავიდეთ ფალიაშვილზე, რამე კაფე იქნება, ან ბარი, ან რამე ეგეთი.
უსიტყვოდ დამიქნია თავი. პარკი გადავჭერით და ფალიაშვილზე გავედით. მართლაც ვიპოვეთ პატარა, მყუდრო ბარი და შევედით. წყნარი, სასიამოვნო მუსიკა უკრავდა. კუთხის მაგიდასთან დავსხედით, სადაც სინათლე ყველაზე ნაკლებად ურტყამდა.
კოქტეილი შევუკვეთეთ. სასუსნავზე ნინიმ სასტიკი უარი გამომიცხადა. მეც სუფრიდან მოვდიოდი და ჭამა ნამდვილად არ მინდოდა. მიწის თხილი და შოკოლადი მაინც მოვატანინე, ცუდ ტონად რომ არ ჩამთვლოდა.
_ მაპატიეთ, ანდრია, ასეთ დროს, ამ სიცივეში გარეთ რომ გამოგიყვანეთ… _ დაიწყო ნინი-ლელიმ.
_ ბოდიშები არ გვინდა, გთხოვ. და კიდევ ერთ რამეს ვითხოვ _ იქნებ შენობით მივმართოთ ერთმანეთს? მგონი, უკვე აღარ ვართ უცხოები.
სახეზე სიწითლემ გადაურბინა.
_ თანახმა ვარ. ჩემი აზრით, დროულიც კი არის, ისეთ საქმეზე ვარ მოსული.
_ აბა, გისმენ. დაიწყე შენი `ისეთი საქმე~.
არადა, მე უკვე შემზადებული ვიყავი. ხომ ვიცოდი, რაზეც უნდა ელაპარაკა. ამიტომაც წინასწარ ყველაფერი გავთვალე _ რა მეთქვა, როგორ დამეჭირა თავი.
_ მე დედას ამბავი მაღელვებს… ბოლო დროს ვერ ვცნობ. რაც თქვ… შენ შეგხვდა, თავის თავს აღარ ჰგავს. არ ვიცი, ეს სიყვარულია თუ უბრალოდ, წარსულის გახსენებით აფორიაქებული ძველი ტკივილი, მაგრამ რაც უნდა იყოს, კარგი ნამდვილად არ არის. ზედმეტად ინფანტილური გახდა. არაფრის გაკეთება არ უნდა, სახლის დალაგებაც კი ეზარება. სადილებს რომ არ ამზადებს, ყველაზე მეტად ეს მაოცებს.
_ შენი აზრით, ჩემ გამო ხდება ეს ყველაფერი?
_ რატომღაც, ასე მგონია… არ მინდა დედაჩემს ჩრდილი მივაყენო, მაგრამ აჯობებს, სიმართლე ითქვას. რომ არ უყვარდე, ასეთ დღეში არ ჩავარდებოდა. სხვა დროსაც შეხვედრია თავისი წარსულიდან ვიღაც-ვიღაცებს, მაგრამ ასე არასდროს განუცდია. პირველად ვხედავ ასეთ ნანას. მე ვიცი თქვენი ურთიერთობის ამბები. ბევრჯერ მოუყოლია. ვიცი, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი. რატომ არ შეუღლდით, ეგეც მიამბო. შენ გარდა მგონი, არც ჰყვარებია არავინ. მამაჩემს რომ უსიყვარულოდ მისთხოვდა, ნამდვილად ვიცი.
_ და რატომ მისთხოვდა უსიყვარულოდ, ამაზე არასდროს ულაპარაკია?
_ ოჯახი მსურდა მქონოდაო, შვილები მყოლოდაო…
_ ოჯახი… არა მგონია, ეს ყოფილიყო მიზეზი, ნ… _ კინაღამ ნინი წამომცდა. კიდევ კარგი, მოვასწარი ენაზე კბილის დაჭერა, _ ლელი… ჩემი აზრით, უკვე მობეზრებული ვყავდი და ჩემთან ურთიერთობის გაგრძელება არ უნდოდა. ჩვენ არასდროს გვისაუბრია ოჯახის შექმნაზე. ეს თემა განსახილველად არასდროს წამოგვიჭრია. მართალია, მე ყოველთვის მშიშარა ვიყავი და სიტყვა ოჯახი ჩემი ცხოვრების ყოველ ეტაპზე მაშინებდა, მაგრამ მას თუ ჰქონდა ამის სურვილი, უნდა ეთქვა… ერთხელ მაინც… იქნებ მეც გამეგო და საერთო აზრამდე მივსულიყავით?
_ მართლა გიყვარდა დედა?
_ ძალიან, ძალიან მიყვარდა.
_ და ცოლად რატომ არ გინდოდა მისი შერთვა? როცა სიყვარულია, შიში და სიძნელეები, ჩემი აზრით, არ უნდა არსებობდეს. მაპატიე, ეს ჩემი აზრია. რა უნდა მოხდეს, რომ სიყვარულის გამო რამეზე უკან დავიხიო? ოღონდ მის გვერდით ვიყო, ვინც მიყვარს და ოჯახური ცხოვრების შიშმა როგორ უნდა შემიშალოს ხელი?
არ ვუპასუხე, მხოლოდ ამოვიხვნეშე, მაგრამ ისე ამოვიხვნეშე, ჩემი ვეებერთელა გული მთლიანად ამოვაყოლე. ხომ არ ვეტყოდი, სინამდვილეში რა მიზეზიც მქონდა. შეიძლება თვითონ არც იცოდა ამის შესახებ და მე ხომ არ ვახარებდი?
_ ნანა რას ამბობს ამაზე? რატომ არ მირთავდა ცოლადო? _ გავიღიმე, მაგრამ ვაი, ამ გაღიმებას.
_ მე მისი წრის არ ვიყავი და უტყდებოდაო.
_ რაო?! _ ისეთი შეყვირე, ირგვლივ ყველამ ჩემკენ გამოიხედა, _ რა სისულელეა! ლ… ლელი, ეს აბსურდია! რას ნიშნავს, ჩემი წრის არ იყოო? განა რა წრიდან ვიყავი ასეთი? ჩვეულებრივი ბიჭი, უბრალო, ნორმალური ოჯახიდან. დედ-მამა თუ პროფესორი მყავდა, ამის გამო რა, ზემოდან დავყურებდი? ოდესმე რამე მიგრძნობინებია? ეგრე დეიდამისიც თანამდებობის მქონე ქალი იყო, მთელი თბილისი იცნობდა… ასე არ არის? არა, არა, ეს ნამდვილად არ იყო ჩემი… ჩემი… როგორ ვთქვა… ამის გამო არ მითქვამს უარი მის ცოლად მოყვანაზე, გესმის? _ აღვშფოთდი. არ მესმოდა, რატომ ცდილობდა ნანა, რომ ყველაფერი ჩემთვის გადმოებრალებინა? ერთგვარი შურისძიება? თავის მართლების მომენტი? შვილს სიმართლეს ვერ ეტყოდა და განტევების ვაცად მე ამირჩია? მაგრამ ნინის რატომ უნდა დარჩენოდა ჩემზე ცუდი წარმოდგენა?
_ ანდრია, შენი განერვიულება სულაც არ მინდოდა. მეგონა, თუ დავილაპარაკებდით, რაღაც გამოსავალს ვიპოვიდით, მაგრამ როგორც ვატყობ, მთლად გავაფუჭე საქმე.
_ არა, არა, შენ რა შუაში ხარ… უბრალოდ, არ მინდა, ისეთი რამე დამწამონ, რაშიც ბრალი არ მიმიძღვის. არა აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება ბრალმდებელი _ დედაშენი, დედაჩემი, პეტრე თუ პავლე… პასუხისმგებლობას ნამდვილად არ გავურბივარ. შეცდომაც ბევრი მქონია ცხოვრებაში და ბევრჯერ მინანია კიდევაც, რაღაც ისე რომ ვერ გამიკეთებია, მაგრამ რაც არ ჩამიდენია, იმას ვერ დავიბრალებ. მას მე აღარ ვუყვარდი და ამიტომაც წავიდა ჩემგან. ეს იყო მიზეზი, სხვა არაფერი! მინდა შენც იცოდე. ამას მასაც ვეტყვი, როცა ვნახავ. ბოლო შეხვედრაზე მაშინ, იმ წლებში, მაგრად ვიჩხუბეთ. პარალელურად სხვასაც ხვდებოდა თურმე და მიმალავდა, რამაც წონასწორობიდან გამომიყვანა. შენ შეიძლება დედაშენი ყველაზე წმინდა გგონია ამქვეყნად, მაგრამ არის რაღაცები, რაზეც თვალს ვერ დავხუჭავ…
_ ანდრია… არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ახლობლად მიმაჩნიხარ გაცნობის წუთებიდანვე, მაგრამ დედა ჩემთვის ყველფერია. მის გარეშე ცხოვრება ვერც წარმომიდგენია. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ცხოვრებაში არაფერი დამკლებოდა. ფაქტობრივად, უმამოდ გამზარდა.
_ აკი სულ რამდენიმე წელია, რაც დავქვრივდიო?
_ ეგ კი, მაგრამ იქამდე უკვე გაშორებულები იყვნენ… კარგა ხნის… 13 წლის ვიყავი, როცა მამას გაეყარა. მერე ის ბინა აყიდვინა, ახლა სადაც ვცხოვრობთ, ვერაზე. ბევრი წვალება გამოიარა დედამ. სხვისი განსჯა ადვილია. წლობით საზღვარგარეთ მუშაობდა, ვიღაცების მომვლელად. ახლა მე აღარ ვუშვებ იქით, ეყო უკვე. მინდა, რომ ჩემ გვერდით იყოს. რამდენჯერაც ვიღაც გაიცნო, არც ერთხელ არ გაუმართლა… სამჯერ გათხოვდა და გამოთხოვდა…
_ სამჯერ? _ წარბები ავზიდე, ეს რაღაც ახალი იყო ჩემთვის.
_ ჰო. არ უთქვამს? მე კი მითხრა, ყველაფერი მოვუყევიო.
_ არა, არ უთქვამს. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს…
_ მეც ასე მგონია, რომ ამას არანაირი მნივშნელობა არა აქვს.
_ ნინი, გულახდილად მითხარი, ჩემთან რის სათქმელად მოხვედი? _ საჭიროზე უფრო ცივად გამომივიდა, რადგან ძალიან ვიყავი აღრენილი ნანაზე.
_ რის და… _ დაიბნა, თითები ერთმანეთში გადახლართა და ჩაახველა, _ თუ დედასთან ურთიერთობის გაგრძელებას არ აპირებ, იქნებ აღარ გააღრმაო მაინც… რომ მერე უარესი შედეგი არ მივიღოთ… ხომ გესმის… ჯობია, აქედანვე იცოდეს სიმართლე, ვიდრე მერე დეპრესიაში ჩავარდეს. მეც ცოდო ვარ… მთლად დალხენილი ცხოვრება არც მე მაქვს და გართულებები არ მინდა. ხომ შეიძლება, ამ მხრივ მაინც მქონდეს სიმშვიდე.
_ საერთოდ არ ჰგავხარ დედაშენს… _ გამეღიმა, ამჯერად მთელი სითბო ჩავაქსოვე ჩემს ღიმილში.
_ ჰო, დედაც მაგას მეუბნება, მთლად მამაშენს გავხარ, ჩემი სრულიად არაფერი გამოგყვაო.
_ სილამაზე…
_ სილამაზე? არა მგონია, დედას ვგავდე…
_ რაღაცით გავხარ… იერით, მიხრა-მოხრით… გამოხედვით…
_ შეიძლება, არ ვიცი… _ ისევ გაწითლდა.
_ დედაშენი ძალიან შეცვლილა… სულ სხვანაირს ვიცნობდი, ახლა სულ სხვანაირია…
_ დაიტანჯა და იმიტომ…
_ სამაგიეროდ, შენ ხარ ძალიან რბილი, მსუბუქი და კომფორტული საურთიერთოდ, _ შევაპარე.
_ დიდი მადლობა, _ დაიმორცხვა და თვალები დახარა.
_ შეყვარებული გყავს?
_ არ ვიცი… _ პირდაპირ პასუხს თავი აარიდა, _ უფრო სწორად, არ ვიცი, ვარ თუ არა შეყვარებული…
_ ააა. არა უშავს, ასეთ რამეებში სწრაფად ხდება გარკვევა. მთავარია, რომ ვიღაც არსებობს…
_ ჰო… დიდი ხანია, უკვე… მაგრამ ჯერაც გაურკვევლობაა… ხანდახან მგონია, რომ დედაჩემის ცხოვრების გზას ვიმეორებ…
მისმა მოულოდნელმა აღიარებამ გული შემიკუმშა. ჩემზე უკეთ ვინ მიხვდებოდა, რას გულისხმობდა. რა იცოდა, რომ მის წინ ამწუთას სწორედ ის ადამიანი იჯდა, ვისაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა… ის ადამიანი, ვინაც ასე გააწამა…
ჩემი თავი შემეზიზღა… ძალიან, ძალიან ცუდი კაცი ვიყავი… მხოლოდ მე შემეძლო ასეთი რამეები მეკეთებინა, ასე უგულოდ მოვქცეოდი ჩემთვის საყვარელ ადამიანებს…
არ ვიცი, თავის დროზე ნანას ხელიდან გაშვება შეცდომა იყო თუ არა, მაგრამ ახლა, ამ ასაკში ნამდვილად არ მქონდა შეცდომის დაშვების უფლება, ამიტომ სიმართლე უნდა მეთქვა.
_ ლელი… რადგან ასეთი გულწრფელი ხარ ჩემთან და ბოლომდე მენდე, მეც მინდა გულწრფელი ვიყო. დედაშენი მართლა მიყვარდა, სიგიჟემდე მიყვარდა-მეთქი შემიძლია გითხრა. მაგრამ ახლა სულ სხვა გრძნობა მაქვს მის მიმართ, რასაც სიყვარულს ვერ დავარქმევ. არ ვიცი, ხვალ და ზეგ რა მოხდება, შეიძლება გალღვეს ეს ყინული, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვეცნობიერში ვერ ვაპატიე წარსულში მოყენებული ტკივილი. მე შემიძლია მისთვის ვიყო ძალიან კარგი მეგობარი, ახლობელი, გვერდით მდგომი, მაგრამ ამაზე მეტს ვერ შეგპირდები.
_ მე კი არა, იმას უთხარი ეს… მე რა შუაში ვარ, _ ჩურჩულით შემეპასუხა. ჩემმა ნათქვამმა ისე დაამწუხრა, წარბი რომ შეკრა, აღარ გაუხსნია, _ ოღონდ ცოტა რბილად, თუ შეიძლება… მეშინია, გული არ გაუსკდეს… და ამ დღეებში აუცილებლად შემოიარე, წესია ასეთი. მგონი, ჩემგან არ უნდა გესწავლებოდეს! _ ამ სიტყვებით ხელოვნურად გამიღიმა, ჩანთას ხელი დაავლო და გამოუმშვიდობებლად გავარდა ბარიდან.
ახლაც სწორედ ისეთი ჩხვლეტა ვიგრძენი გულში, როგორიც მაშინ, როცა ნანამ მიმატოვა… ნინი წავიდა, მარტო დავრჩი და თითქოს აცივდა ირგვლივ… მისი წყენინებაღა მაკლდა… როგორც ჩანს, დღეს ცუდ ფეხზე ავდექი…
ცუდი დღეები დამიდგა. გუნებამოშხამული დავდიოდი. როგორ გამომესწორებინა სიტუაცია? უფრო სწორად, რა უნდა გამეკეთებინა, რომ სამივე კმაყოფილი დავრჩენილიყავით? ნანასთან ძველ ურთიერთობას ვერ აღვადგენდი, ეს გამორიცხული იყო _ იგი როგორც ქალი, აღარ მიზიდავდა, მაგრამ მეგობრობა შემეძლო. მართლა სულით და გულით დავუდგებოდი გვერდით. სამაგიეროდ, ნინისთან ყოფნა მწადდა. მწადდა მთელი არსებით, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ ფაქტობრივად, ესეც შეუძლებელი იყო. გადაგვარებული უნდა ვყოფილიყავი, ჩემი ყოფილი საყვარლის შვილთან რომანი გამება… მაგრამ… არსებობდა ერთი `მაგრამ~… სანამ ნანა გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე, მე მანამ ვიცნობდი ნინის და ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდა. მართალია, იგი არ მიცნობდა და სინამდვილეში მირაჟი იყო მისი მხრიდან ჩემი შეყვარება, მაგრამ მაინც…
არ მიყვარს ადამიანებზე ცუდის თქმა, მით უფრო იმათზე, ვისთანაც კარგად ვგრძნობდი ერთ დროს თავს… ამბობენ, ეს ძლიერების საუკეთესო თვისებააო. ჩემს ძლიერებაში ეჭვი არასდროს შემპარვია, მაგრამ საკუთარ თავთან მარტო დარჩენილს ჩემი გონებრივი ტყუპისცალისთვის ყველაფრის თქმა შემეძლო. მასთან ნანა ხშირად მიგინებია. ანდრია ერთი და ანდრია ორი ხშირად კამათობენ. აი, მაგალითად, ახლაც. ანდრია ერთი ამტკიცებს, რადგან ნანა ასეთი ტყუილებით ცდილობს შენთან დაახლოებას, არ ღირს მასთან გაშინაურება და დაახლოება, დისტანციური ურთიერთობა აჯობებსო. ანდრია ორი კიდევ უმტკიცებს, ეგ იმიტომ, რომ ნანას ჯერაც უყვარხარ და არ უნდა კიდევ ერთხელ დაგკარგოსო. არადა, არ მესმის, რა არის აქ საკამათო. არც ანდრია ერთს და არც ადრია ორს არ აღელვებს ნანა… აი, ისე, კაცი რომ აღელდება ქალის დანახვაზე ან შეხებაზე. ჰოდა, რატომ კამათობენ, ვერ გამიგია.
გაგრძელება იქნება