მსახიობი ანი ბებია სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: როგორც ანი აღნიშნავს, მას და ილო ბეროშვილს ერთად ყოფნის 6 წელი შეუსრულდათ:
"ხანდახან ძალიან შემომაწვება ხოლმე ამ ბიჭის სიყვარული მისი ყველა მინუსით. ჰოდა, ერთ-ერთი მომენტი ახლაა... კარგი 6 წელი გამოგვივიდა, კიდევ ბევრი კარგი გამოვა, ჩემო სუპერ ბიჭო" - წერს ანი ბებია.
ანი ბებია და ილო ბეროშვილი
"მეც, როგორც ბევრი სხვა, ილოს ეკრანიდან ვიცნობდი. ერთხელ რადიოში მიმიწვიეს, სადაც თანაწამყვანი ილო იყო. საუბრის თემა ეხებოდა სილამაზესა და ჯანსაღ ცხოვრებას. იქ გავიცანით ერთმანეთი, მაგრამ ეს ყველაფერი ნაცნობობით შემოიფარგლა, რადგან მე იმ დროს მყავდა ოჯახი. მახსოვს, პირველი შეხვედრისას უზრდელის შთაბეჭდილება დატოვა, რადგან სტუდიაში რომ შევედი, ტელეფონით იყო დაკავებული, ერთი ამომხედა და ისევ ტელეფონში ჩარგო თავი.
მეუღლეს მალევე გავშორდი, რადგან ურთიერთობაში უკვე გვქონდა პრობლემა. ეს ისე მოხდა, რომ ილო არაფერ შუაში იყო. გადაცემის შემდეგ მომწერა, მადლობა გადამიხადა სტუმრობისთვის და აღნიშნა, რომ ფოტოებზე მეუღლესთან ერთად ბედნიერად გამოვიყურებოდი. ამის მერე ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გაგრძელდა, როგორიც შეიძლება კარგ ნაცნობთან გქონდეს.
ოჯახის დანგრევის შემდეგ საერთოდ არ მინდოდა არავითარი ურთიერთობა. ორიენტირებული ვიყავი საქმეზე. ამიტომაც ილომ მეგობრობის სტრატეგია აირჩია და შემდეგ შემაყვარა თავი.
"მე და ილომ ერთად იმდენი რამე გავიარეთ, რომ ასე მგონია, 10 წელია ერთად ვართ. ილო ჩემთვის გმირია, რადგან ისეთი რაღაცები შეძლო, რაც ბევრს არ შეუძლია. ამაზე ლაპარაკის უფლება არ მაქვს. თვითონ ილოს როცა მოუნდება და მზად იქნება, თვითონ ისაუბრებს საჯაროდ. მე სრულიად გაცნობიერებულად ვამბობ, რომ ეს ადამიანი არის გმირი. ვთვლი, რომ ურთიერთობაში ერთი მხრიდან არასდროს უშვებენ შეცდომას. როცა ერთი უშვებს შეცდომას, ეს გარკვეულწილად გამოწვეულია მეორის მხრიდანაც. არ მინდა პრობლემებს ჩავუღრმავდე, მაგრამ ჩვენ ყველა ეტაპზე შევძელით ყველაფერი გადაგველახა და ბედნიერები ვყოფილიყავით. რა თქმა უნდა, შეცდომები ყველას მოსდის და მერე ჩვენ ამ შეცდომებს ერთმანეთს ვაპატიებთ თუ არ ვაპატიებთ, ეს უკვე ცალკე თემაა. ურთიერთობაში რთული პერიოდიც გვქონია, მაგრამ დღეს ეს ყველაფერი გადავლახეთ.
რა თქმა უნდა, შეგიძლია მეუღლის გარეშეც იცხოვრო, მაგრამ როდესაც ადამიანი დარწმუნებული ხარ, რომ ამ სამყაროში მეორე ნახევარი გყავს, ხვდები, ის ან შეგხვდება, ან არა. თუ შეგხვდა, ძალიან გაგიმართლა, ანუ უკვე ერთი მთლიანობა ხართ; სხვა შემთხვევაში, ნახევარი ხარ, "ნახევრად" ცხოვრება კი ძალიან რთულია. ზოგჯერ ჰგონიათ, მეორე ნახევარი ნაპოვნი ჰყავთ, მაგრამ ასე არ არის..." - ამბობდა ანი ბებია ერთ-ერთ ინტერვიუში.
ილო ბეროშვილსა და ანი ბებიას პირველი შვილი, ჯერი, ორი წლის წინ შეეძინათ. სულ ცოტა ხნის წინ მეორე ბიჭის მშობლები გახდნენ, რომელსაც სემი დაარქვეს.