ელზა სამოცდაათზე მეტის იქნებოდა, შეიძლება ოთხმოცისაც. როგორც ჩანს, ადრე თმას იღებავდა, რადგან თმის ძირები ერთიანად გასთეთრებოდა, დანარჩენი კი ჯერაც შავად შერჩენოდა.
_ სტუმრები არიან, ლილი? _ შეეკითხა შვილიშვილს, თან ჩვენ გვათვალიერებდა.
ხმა რომ ამოიღო, უფრო მხნე გამოჩნდა და იმედი მომეცა, ლაპარაკი შესძლებია-მეთქი.
_ ჰო, ბებო, შენს სანახავად მოვიდნენ. აი, ეს ქალბატონი თურმე შენს ხელში დაიბადა.
ელზა ბებომ ჩამქრალი მზერა ევას მიაპყრო.
_ რომელ წელს დაიბადე, შვილო? _ ოდნავი ღიმილით ჰკითხა.
_ 1990 წლის 22 მაისს.
_ ჩვენს სამშობიაროში? _ ქალს სახეზე ნაკვთიც არ შერხევია, რომ გვეფიქრა, ამ თარიღმა საიდუმლო გარიგება გაახსენაო.
_ დიახ, თქვენს სამშობიაროში.
მოხუცმა ამჯერად ფართოდ გაიღიმა და მე შემომხედა.
_ აი, როგორი შვილი მიჩუქებია თურმე თქვენთვის. მამა ხართ, არა?
_ მმმ… ჯერ არ ვიცი, _ დამძიმებულად ამოვთქვი.
მოულოდნელად ეს ავადმყოფი ქალი ლამის წამოიმართა ლოგინში, ორივე ხელს დაეყრდნო და წამოწევა ააპირა.
_ ბებო, რას აკეთებ, გაგიჟდი? _ მივარდა ლილი.
_ წამოჯდომა მინდა, ბალიშები დამიდე ზურგს უკან, _ მკაცრად მიმართა შვილიშვილს.
ლილიმ თხოვნა შეუსრულა და მოხერხებულად დასვა.
_ 22 მაისი… 1990… მახსოვს… _ ძალიან ხმადაბლა თქვა და შუბლი შეეჭმუხნა.
_ სწორედ მაგის გასაგებად მოვედით, ქალბატონო, _ ტონი შევარბილე, უცებ არ გადაიფიქროს-მეთქი და `კეთილი მზერა~ ვესროლე.
_ მაგ ცოდვამ მიწია, ბავშვებო, სწორედ მაგ ცოდვამ. ვის შერჩენია, რომ მე შემრჩენოდა. აი, მაგიტომაც ვეწამები ახლა.
მე და ევამ ყურები ვცქვიტეთ. აშკარა იყო, საშინელ საიდუმლოს ფარდა ეხდებოდა და ამისთვის უნდა მოვმზადებულიყავით.
_ გახსოვთ ის დღე? _ ფრთხილად შევაპარე.
_ რა დამავიწყებს… დღე კი არა, ღამე იყო. თორმეტის ნახევარი. მთელი ცხოვრება არ დამვიწყებია 22 მაისი. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი ცუდი საქციელი, მაგრამ რა მექნა, ისეთმა ადამიანმა მთხოვა, უარს ვერ ვეტყოდი. არც სამსახურის დაკარგვა მინდოდა.
_ ხომ მოგვიყვებით? _ ევა თავთან დაუჯდა და სკამი ახლოს მიაჩოჩა ელზასთან, თითქოს ამ სიახლოვეზე თუ მოუსმენდა, უფრო მეტს გაიგებდა.
_ ჩემთვის უკვე სულერთია, მაინც ორი დღის სიცოცხლე დამრჩენია. ცოდვა იმის კისერზე იყოს, ვინც ამისკენ მიბიძგა, თუმცა მაგათაც ვერ გაიხარეს…
დაძაბულები ვისხედით და ხმას ვერ ვიღებდით იმის შიშით, ქალს ამბის მოყოლა არ გადაეფიქრებინა.
_ ყავას ხომ არ ინებებთ? _ ლილი დაფაცურდა.
_ არა, გმადლობთ, ნუ შეწუხდებით, _ ორივემ ერთდროულად ვიუარეთ.
ლილი გავიდა და მოხუცთან მარტო დაგვტოვა.
ელზამ ჯერ ევას შეხედა, მერე მზერა ჩემზე გადმოიტანა და თქვა:
_ ახლაც ყურში ჩამესმის ნანას სიტყვები… ხომ ნანა ჰქვია? იმედია, არ მეშლება… ეგ ქალი ცხოვრებაში არ დამვიწყებია. ჩემმა შეყვარებულმა რომ გაიგო, ორსულად ვიყავი და თანაც ტყუპს ველოდებოდი, იმ დღესვე მიმატოვაო. ტიროდა… ცხარე ცრემლით ტიროდა… ძალიან შემეცოდა.
_ ანუ, იცოდა, რომ ტყუპი ჰყავდა? _ ჩავეძიე.
_ როგორ არა, იცოდა, _ თავი დააქნია მოხუცმა, _ აბა, სხვას რას ვამბობ? ის კაცი თქვენ ხართ? მისი შეყვარებული?
მწარედ გამეცინა.
_ არ ვიცი, რომელ შეყვარებულზე გელაპარაკათ, ქალბატონო. ჩემთვის არ უთქვამს, ორსულად ვარო, მით უფრო _ ტყუპს ველოდებიო. შეიძლება სხვა იგულისხმა.
_ შეიძლება… მაგდენი არ ვიცი… მერე გულიკო იყო ერთი, კარგი მეანი, ჩვენთან მუშაობდა. ჰოდა, იმან გასინჯა, ექოც გადაუღო და გოგო და ბიჭი ჰყავდა მუცელში.
_ გოგო და ბიჭი? _ ლამის ერთდროულად ვიყვირეთ მე და ევამ.
_ გოგო და ბიჭი, _ დაგვიდასტურა ელზამ, _ ეჰ, ხალხნო, მაშინ იმდენი რამ მოხდა, მაგის მოსაყოლად ერთი დღე არ მეყოფა ალბათ.
_ არა უშავს, ჩვენ არსად გვეჩქარება, ქალბატონო, ოღონდ კი სიმართლე გავიგოთ, _ ევამ საბანი მზრუნველად შემოუკეცა ქალს და მუდარით სავსე მზერა მიაპყრო.
_ ბევრი რომ არ გავაგრძელო, იმ დღეს ორი ქალი მშობიარობდა. ჩვენი საავადმყოფოს დირექტორი, ლალი ქვარიანი და ეგ ნანა. გვარიც კი მახსოვს მისი, მელიქიშვილი… ოხ, რა ლამაზი გოგო იყო. სულ მინდოდა, რომ მეყურებინა, თვალს ვერ ვაშორებდი. ვიფიქრე, ამას ულამაზესი ბავშვები ეყოლება-მეთქი და არც შევმცდარვარ. სანამ იმშობიარებდა, ამ ნანამ მთხოვა, იქნებ ვინმე იყოს ისეთი, ვინც ბიჭს იშვილებს, მარტო ორივეს ერთად ვერ გავზრდიო. ამ ჩვენს დირექტორს, ლალის, ნათესავი ჰყავდა, რომლის რძალსაც ცხრა თვის ბავშვი დაეღუპა და ქმარმა, ანუ ამ ქალის ძმამ არაფერი იცოდა, რადგან იმ დროს პატიმარი იყო. ამიტომ ცოლს სასწრაფოდ უნდოდა ბავშვის აყვანა, რომ ქმრის ყურამდე არ მიეღწია ბავშვის დაღუპვის ამბავს. უფრო სწორად, მულს უნდოდა. ამის გამო, ამ ქალმა მერე, ბავშვი რომ იშვილა, თბილისში სახლ-კარი გაყიდა და სამტრედიაში გადასახლდა. კი არ გადასახლდა, წარმოშობით იქიდან იყო და სახლიც ჰქონდა იქ. ჰოდა, დაუბრუნდა მშობლიურ მხარეს. ახლა მაგის ამბავი აქ რა მოსატანია, მაგრამ ამის გარეშე ყველაფერს ზუსტად ვეღარ გადმოვცემ.
გესმით ალბათ, როგორი ჩახლართული ისტორია გამოვიდა, ხომ? ჩვენი სამშობიაროს დირექტორს ბიჭი უნდოდა, რადგან ექვსი გოგო ჰყავდა და ქმარმა უთხრა, სახლიდან წავალ, კიდევ გოგო რომ გაგიჩნდესო. სპეციალურად არ გაიკეთა ექოსკოპია, ისევ გოგო რომ დაიბადოს, გული გამისკდებაო და ელოდებოდა, ღმერთი რისხვას მოუვლენდა თუ გადაარჩენდა. ჰოდა, თითქოს ტუზი დაგვეცა. როგორც კი მელიქიშვილმა მიხსენა, ერთის გაშვილება მინდაო, თანაც ბიჭისო, ლალისთან სხვათა შორის ვახსენე, ასე და ასეა საქმე და ის თქვენი ნათესავი ხომ არ იშვილებს-მეთქი. არადა, დირექტორს ვერ შევბედე, თორემ მისთვის მინდოდა საქმის მოგვარება. თუ მეშვიდეც გოგო დაიბადებოდა, გავცვლიდით ბიჭში და მორჩა, ამით მოგვარდებოდა საქმე. ჩემს ნათესავს ბიჭი კი არა, გოგო უნდაო, უკმეხად მომახალა და ხელით მანიშნა, პალატიდან გადიო. რა თქმა უნდა, როგორც დირექტორი, ცალკე პალატაში იწვა. ის იყო, კარი გამოვიხურე, რომ მეძახის: ელზა, ელზაო. ისევ შევედი. წეღან რომ გარეთ გამისტუმრა, სწორედ იმ ხელით მიმიხმო, ახლოს მოდი და საწოლზე ჩამომიჯექიო. დავჯექი და ჩურჩულით მეუბნება:
_ ვინ არის ის გოგო, საიდანაა, როგორი ოჯახიდანაა?
მეც ვაქე და ვადიდე. ისიც ვუთხარი, დეიდამისი თანამდებობის ქალია, კარგი ოჯახი ჩანს-მეთქი. მამა ვინ არისო. შეყვარებული ჰყოლია და იმისგანაა ორსულად, იმას კიდევ შეშინებია და მიუტოვებია-მეთქი. ისეთი დახატული გოგოა, შვილებიც დახატული ეყოლება, ამას ფიქრიც არ უნდა-მეთქი. წამითაც არ შეყოყმანებულა, მაშინვე გულიკო ექიმს დაუძახა და სამივემ დავგეგმეთ, თუ ლალის გოგო გაუჩნდებოდა, ბავშვებს გავცვლიდით, ბიჭს ლალის მოვუყვანდით, გოგოს კიდევ _ ნანას. მაგრამ რჩებოდა ერთი ძალიან რთული საკითხი _ ნანას ერთის გაშვილება უნდოდა და არ იტყოდა, ეს მეორე გოგო საიდანო? ვეღარ მოვატყუებდით, თურმე მუცელში გოგო და ბიჭი კი არა, გოგოები გყოლიაო. სკანდალი რომ აეტეხა, შარში გავეხვეოდით. და უცებ გულიკოს მოუფრინდა აზრი თავში _ იმ შენი დეიდაშვილისთვის ხომ დაეძებთ გოგონას, ჰოდა, იმან წაიყვანოს, ამას კიდევ ფული გადავუხადოთ და ვუთხრათ, ვითომ ბიჭი გავყიდეთო. ამის გაგონებაზე ლალი შეშინდა. ჯერ ერთი, არ უნდოდა, თავისი შვილი საკუთარი დეიდაშვილისთვის გადაელოცა. გული გამისკდება, მაგათთან ჩემი შვილი რომ გაიზარდოს და ამას ყოველდღე ვუყუროო. ამან სამივე შეგვაფიქრიანა. ბოლოს ისევ გულიკომ მოძებნა გამოსავალი. ლალის გოგო ნანასთვის დაგვეტოვებინა, ნანასი კიდევ გაგვესხვისებინა.
დაზაფრული ვუსმენდი ამ ჩახლართულ ისტორიას და მეგონა, საშინელ სიზმარს ვხედავდი. საბოლოო ჯამში გამოდიოდა, რომ ნანას ღვიძლი შვილი ევა იყო და არა ნინი და ქალმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ქალბატონმა ელზამ ხელით ანიშნა ევას, წყალი დამალევინეო, მერე კი, როცა წყალი მოსვა და სული მოითქვა, გააგრძელა:
_ ყველაფერს შეიძლება გამართლება მოეძებნოს ამქვეყნად, ხალხო, ყველაფერს, მაგრამ დედას ღვიძლი შვილი წაართვა და სხვისი შეაპარო გასაზრდელად, მოუნანიებელი დანაშაულია. იმ საწყალ ქალს ალბათ ჰგონია, რომ თავის პირმშოს ელოლიავება, ამ დროს სრულიად სხვა ადამიანის შვილი ჰყავს გვერდით. არ ვიცი, ამ საქციელს რა ჰქვია, მაგრამ ღმერთმა მაპატიოს ჩემი შეცოდება.
რაღა ბევრი გავაგრძელო და, ლალიმ იმ ღამეს ისევ გოგო გააჩინა. ლალის მერე ეგრევე ნანამ იმშობიარა. ცოტა კი გაუჭირდა, მაგრამ არც ერთი ბავშვი არ დაზიანებულა. ჯერ ბიჭი დაიბადა, მერე გოგო. ორივე ძალიან კარგი ბავშვი იყო. რა თქმა უნდა, როგორც დავთქვით, ისე მოვიქეცით. ბიჭი სასწრაფოდ ლალის შევუყვანეთ, ლალის გოგონა კი ეგრევე მივუწვინეთ ნანას, ხოლო ნანას გოგო მაშინვე ხელოვნურ კვებაზე გადავიყვანეთ და მეორე დღეს ცისანას მულს ჩავაბარეთ. ასე ერქვა იმ ქალს, ვისაც უნდა ეშვილა. ამ გაცვლა-გამოცვლით მე კარგა გვარიანად ვიხეირე. ნანას თანხიდანაც მერგო წილი და ლალიმ კიდევ ცალკე გადამიხადა საიდუმლოს შენახვისთვის. ერთი სიტყვით, ყველაფერი ისე ჩავატარეთ, არავის არაფერი გაუგია და ყველანი კმაყოფილი დარჩნენ. რა თქმა უნდა, ნანას დეიდამაც იცოდა ჩვენი საიდუმლოს ამბავი და ისიც საქმის კურსში იყო, ოღონდ იმანაც იმდენი იცოდა, რამდენიც მისმა დისშვილმა. ისე, დეიდამისს არც სცოდნია თურმე, თავისი დისშვილი ტყუპს რომ ელოდებოდა. მაგიტომაც გადაწყვიტა გაყიდვა, დეიდა მაინც ვერაფერს მიხვდებაო, ჩვენ კი დავიბარეთ დეიდამისი და იმ დღესვე ყველაფერი ვუთხარით. ჯერ გადაირია ის ქალი, არავითარ შემთხვევაში, ორივე ბავშვს წავიყვანთ და ჩვენ თვითონ გავზრდითო, მაგრამ მე და გულიკო ისე შევუჩნდით, რომ გადავაფიქრებინეთ. დავაჯერეთ, რომ თუ ბიჭს გაყიდდნენ, აღებული ფული მეორის გასაზრდელად გამოადგებოდათ. ნანამაც თავი გაიგიჟა, შვილები ჩემია და როგორც მინდა, ისე მოვექცევიო. თუ უარს მეტყვი, შენ მოგიგდებ იმ ბიჭს და თავად გაზარდეო. სხვა რა გზა ჰქონდა, შეშინდა ქალი, სამსახური არ მიმატოვებინოს ამ ჩემმა დიასშვილმა თავისი პრიციპების გამოო და დაგვნებდა.
გაგრძელება იქნება