შსს-ის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე 692 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ამასთან, ფიზიკური ძალადობის 140, სექსუალური ძალადობის - 38, ხოლო ფსიქოლოგიურის - 646 შემთხვევა დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში კანონმდებლობა გამკაცრდა და საერთაშორისო მიდგომებს უფრო დაუახლოვდა, ქალთა მიმართ ძალადობა საქართველოში მაინც ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ექსპერტთა ნაწილი ამის მიზეზად ერთი მხრივ, მიმართვიანობის და მეორე მხრივ, აღსრულების პრობლემას ასახელებს. ამასთან, გენდერული ნიშნით ძალადობის მნიშვნელოვანი პრევენციული მექანიზმია ცნობიერების ამაღლება, რომელიც კვლავ გამოწვევაა ჩვენს ქვეყანაში.
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა მიმართ ძალადობა თანამედროვეობის ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც, საქართველოში ეს საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას. წელი არ გავა, რომ ფემიციდის საზარელი შემთხვევების შესახებ არ შევიტყოთ. ზოგიერთ შემთხვევაში, მოძალადეები არ ერიდებიან არც საჯარო სივრცეებს და არც არასრულწლოვან შვილებს, ისე სჩადიან დანაშაულს.
USAID სამართლის უზენაესობის დაფინანსებით ჩატარებულ კვლევაში „ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვა საქართველოში“ ნათქვამია, რომ კანონმდებლობის საერთაშორისოდ დადგენილ სტანდარტებთან ჰარმონიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, გამოცდილებამ აჩვენა რომ „დღის წესრიგში კიდევ კიდევ დგას ისეთი საბაზისო გამოწვევები, რომლებიც უკავშირდება, ერთი მხრივ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციასა და შემდგომი რეაგირებისას სამართალდამცავი უწყებების უმოქმედობას ან არაეფექტიან მუშაობას, ხოლო მეორე მხრივ, დანაშაულის კვალიფიკაციისას გენდერული მოტივის გამოკვეთას, დაზარალებულის სტატუსის მინიჭებასა და საქმის მასალების ასლების მოპოვების შესაძლებლობას“.
მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
კანონმდებლობა ქალთა მიმართ ძალადობის გამოვლენის და აღკვეთის მიზნით ითვალისწინებს სისხლისსამართლებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ და ადმინისტრაციულ-სამართლებრივ მექანიზმებს.
საქართველოს მთავრობას მიღებული აქვს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი ჩარჩოს, შესაბამისი სერვისის უზრუნველყოფისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე მიმართული ღონისძიებების გაუმჯობესებას ემსახურება.
გეგმა გამოკვეთს გენდერული ნიშნით ძალადობის მაპროვოცირებელ ფაქტორებსაც:
„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტივობები, რის შედეგადაც შემცირებულია გენდერულ უთანასწორობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ გენდერული როლების არასწორი აღქმა და დამოკიდებულებები ჯერ კიდევ ფართოდ არის გავრცელებული საზოგადოებაში. წლების განმავლობაში ითვლება, რომ სახლი ქალის სივრცე და კომპეტენციაა, ხოლო კაცს პოლიტიკასა და ზოგადად პროფესიულ არენაზე უფრო ეხერხება საკუთარი თავის წარმოჩენა და წარმატების მიღწევა“, - ნათქვამია გეგმაში.
აქვე ვკითხულობთ, რომ ბოლო ათწლეულში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური „ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული კვლევა საქართველოში 20173“ გვაჩვენებს, რომ სტერეოტიპულ დამოკიდებულებასთან ერთად, მოსახლეობაში ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მაღალი მიმღებლობა აღინიშნება. გამოკითხულთა შორის ქალების თითქმის ერთ მეოთხედსა (22%) და კაცების ერთ მესამედს (31%) მიაჩნია, რომ გარკვეულ გარემოებებში ცოლის ცემა გამართლებულია.
როგორც ოფიციალური სტატისტიკა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები და მთავრობის სამოქმედო გეგმაც გვიჩვენებს, რომ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დაცვისა და რეაბილიტაციისთვის ქვეყანაში ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო როგორც ცნობიერების ამაღლების, ისე არსებული კანონმდებლობის აღსრულების კუთხით.