რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ იმისათვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
მიამ მოჭადრაკესთან თამაში წააგო და სახლში სასოწარკვეთილი დაბრუნდა. განადგურებული იყო. იმის გაფიქრებაც კი არ უნდოდა, რომ თამაშს გამოეთიშებოდა...
რამდენიმე დღე ტრიქსტერი არ გამოჩენილა. მიას იმედი ბოლომდე გადაეწურა, რადგან არცერთ მესიჯზე არ მოსვლია პასუხი. ბოლოს ისღა მოიფიქრა, რომ ეთო ენახა და თევზის ამბავი დეტალურად გამოეკითხა... იქნებ ასე მაინც მიმხვდარიყო რამეს...
ეთოსთან დარეკვას აზრი არ ჰქონდა, საღამოს რვა საათზე პირდაპირ სახლში მიადგა. ეთო მარტო ცხოვრობდა. კარი თვითონ გააღო და გაოცებისაგან ყბა ჩამოუვარდა.
- შეენ?
- სალაპარაკო მაქვს შენთან!
- პრინციპში, მეც... შემოდი!
მიამ კორიდორი გაიარა და მისაღებ ოთახში შევიდა. პირველი, რაც თვალში მოხვდა - დიდი აკვარიუმი იყო, რომელშიც ერთი ცალი თევზი დაცურავდა.
- ეს ის თევზია, ცუდად რომ იყო?
- ჰოო... ნაომია! - დაჯექი...
- კიდევ ფიქრობ, რომ მე რაიმენაირად გარეული ვარ მაგ თევზის და სპექტაკლის ამბავში?
- არა... უბრალოდ, ყველაფერი ისე უცნაურად წაეწყო... ის გოგო, არარსებული კომპანიიდან...
- რომელი გოგო?
- შავგვრემანი, გრძელთმიანი გოგო იყო მოსული, რაღაც კოსმეტიკური ფირმიდან ვითომ... საჩუქარი აირჩიეო! დაჯდა აქ... მერე ტელეფონმა დარეკა, სანამ ვლაპარაკობდი, ნაომი ამოუყვანია და ჩუმად გაიძურწა. მერე დარეკა და მისამართი მითხრა, მოდი და წაიყვანეო...
- გეფიცები, მე საერთოდ არანაირი კავშირი არ მაქვს მაგ ამბავთან... რა გავაკეთო, რომ დამიჯერო?
- არაფერი, მია! ვიცი, რომ შენ არაფერ შუაში ხარ... უბრალოდ, მაშინ ძალიან გაგიჟებული ვიყავი...
- იმ გოგოს სახელი გახსოვს?
- არა, სახელი არ მახსოვს, - ლამაზი გოგო იყო... იმ მისამართზე გამოცარიელებული ბინა დამხვდა. რომ შევედი, გარედან ჩამკეტეს და კარგა ხნის მერე გააღეს კარი...
- და რომ უნდა გაგერკვია, ვის სახელზე იყო ბინა?
- ჩემს "ექსს" გაუქირავებია! ეგ გავიგე... დავურეკე და ველაპარაკე კიდეც, მაგრამ ყველაფერი უარყო, - გონზე არ ვარო... მე არ მჯერა! ჩემზე ძაან აკრეფილი ჰქონდა მაგას...
- გასაგებია...
- და შენ ამაზე სალაპარაკოდ მოხვედი?
- ფაქტობრივად, კი... იცი, რა მინდა გკითხო?.. რო თქვი, ვიღაცამ დამირეკა და ვლაპარაკობდიო, თუ გახსოვს, ვინ დაგირეკა?..
- მაშინ?.. კი, როგორ არ მახსოვს! ამას წინათ ერთი ტიპი გავიცანი... და რატო მეკითხები?
- დარწმუნებული ხარ, რომ სპეციალურად არ დაგირეკა იმ ვიღაცამ იმისთვის, რომ იმ შავგვრემანს დრო ჰქონოდა თევზის მოსაპარად?
ეთო ჩაფიქრდა...
- არაა.. რა ვიცი... არა მგონია...
სახეზე ყოყმანი შეეტყო.
- შეგიძლია მითხრა, ვინ არის ის ტიპი, ვინც დაგირეკა?
- ბიზნესმენია! რაღაც ბანკთან აქვს, მგონი, კავშირი... ბევრი ფული აქვს აშკარად... მაგრამ მაგას ვითომ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა? - არაა, არა მგონია!
- გამორიცხული არაფერია, ხომ იცი?
- ეგ კიი... მაგრამ რა ვიცი... შენ სულ დამაბნიე...
- როდის გაიცანი?
- პრემიერამდე სადღაც ერთი თუ ორი კვირით ადრე... ზუსტად არ მახსოვს.
- გაქვს მაგის საკონტაქტო ინფო?
- ფეისბუქზე გავიცანი... ნომერი მთხოვა და მივეცი. რამდენჯერმე სახლში დამირეკა. თვითონ არ მოუცია თავისი და არც მე გამოვიჩინე ინიციატივა, თავის დაფასების პონტში...
- ჰო...
- დაგილინკავ ამ საღამოს... რაღაც ეჭვები გაქვს შენ... გატყობ!
- კი, ჩემთვისაც უცნაურია ეს ყველაფერი... კოტე მელაპარაკა ამას წინათ და... თურმე ჩვენთან თავისი ნებით არ მოსულა! ვიღაც დაკავშირებია და ფული გადაუხდია იმისთვის, რომ დასში შემოსულიყო...
- არ გამაგიჟო!
- ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს რა... სანამ არ გავარკვევ რა ხდება, ასე დავტოვოთ ეს ამბავი! შენს გარდა, მეც მეხება ეს ყველაფერი... ასე მგონია, ვიღაც გაისარჯა იმისთვის, რომ მე მთავარი როლი მეთამაშა; ან იმისთვის, რომ შენ არ გეთამაშა... მოკლედ, ამ ორიდან ერთ-ერთია!
- გეთანხმები...
ეთო ძალიან შეცვლილი ჩანდა. მშვიდად და აუღელვებლად ლაპარაკობდა.
- იმ მრბოლელზე რისი თქმა შეგიძლია?
- რავი... ადრე ვხვდებოდით ერთმანეთს, მერე მე გავწყვიტე მასთან კავშირი და ძაან იყო გაგიჟებული... მემუქრებოდა! და ის ბინა, სადაც ნაომი წაიღეს, მას გაუქირავებია. ახლა ჩემს ზარებს არ პასუხობს... საერთოდ არ გამოდის კონტაქტზე...
- გასაგებია...
- და რას ფიქრობ შენ?
- არ ვიცი... უნდა ვიფიქრო, რისი გაკეთება შეიძლება! კაი, წავალ ახლა... ძაან გვიანია...
- აუ, ყავა რო არ შემოგთავაზე?..
- არა, არ მინდა მართლა...
- მოკლედ, ირაკლის გვერდს მოგილინკავ მოგვიანებით...
- კაი!
მია ეთოს გამოემშვიდობა და სახლში დაბრუნდა. წყალი გადაივლო, ორი ლუკმა შეჭამა, საწოლში ჩაწვა და ჩვეულებისამებრ, მუხლებზე ლეპტოპი დაიდო. ფეისბუქზე შევიდა, რომ ენახა, ეთომ გამოუგზავნა თუ არა იმ ბიზნესმენის ლინკი და...
- წაგებული წითური... რაღაც კარგად ხვდება ყურს... ცუდია, რომ მხოლოდ ყურს ხვდება კარგად და გულს არა!
- მეგონა, აღარ მომწერდი, ფისო.
- გახსოვს, რომ გითხარი, თუ პარტიას წააგებ, თამაშს გამოეთიშები-მეთქი?
- კიი, მახსოვს...
- მოგატყუე
- რაა?
მია მოულოდნელობისაგან კინაღამ საწოლიდან გადმოვარდა.
- ანუ არ გამოვეთიშე თამაშს?.. თუ მატყუებ? რომელს მატყუებ? - რო გამოვეთიშე, თუ რო არ გამოვეთიშე... მოკლედ... მპატიობ?
- რა არის საპატიებელი? მინიშნებას გიგზავნი! დააკვირდი...
ტრიქსტერმა ლადო გუდიაშვილის ილუსტრაცია გამოუგზავნა და მერე კიდევ სამი სიტყვა: - "სიახლოვეს", "ნანგრევები" და "ასტვაც! ინჩუ ჰამარ!"
- ღმერთო, რისი გულისთვის თუ რაღაც... ეკლესიაა ნახატზეც... ესე იგი, რაღაც რელიგიური თემაა... ნანგრევები... ეკლესიის სიახლოვეს ნანგრევები?.. გუდიაშვილის სურათი ვერ დავაკავშირე...
- პირობას არ მოისმენ?
- აა, კიი
- თუ გინდა, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, შენ დაგჭირდება გასაღები, რომელიც დავმალე... და ეს მინიშნებები მიგიყვანს იმ ადგილამდე, სადაც შეძლებ გასაღების პოვნას!
- აა... მოიცა... გუდიაშვილი, სიახლოვეს... გუდიაშვილის მოედანთანაა რაღაც ნანგრევები... სომხური ეკლესია რომ დაინგრა... ეგ არის, ვითომ?
- არ ვიციი
- დავუშვათ, გამოვიცანი... მერე რას ვაკეთებ?
- კვირას, ჩვეულებრივ, 3 საათისთვის წაგიყვანს მძღოლი... შოთიკო... იპოვი გასაღებს... დანარჩენი მერე იყოს
- რა საიდუმლო ოთახია?
- არ ვიცი... მანამდე კიდევ ერთი დავალება უნდა შეასრულო!
- აბა?
- საცოლის როლის შესრულება მოგიწევს... ხვალ, საღამოს 7 სთ-ზე, მანქანით გამოგივლის ერთი ახალგაზრდა მამაკაცი... რესტორანში წაგიყვანს, სადაც საქმიანი ვახშამი აქვს! იქ იქნებიან მისი კომპანიონები, თავიანთი ცოლ-შეყვარებულებით... შენც ვითომ საცოლე ხარ... კოცნა-პროშტნა არ მოგიწევს, მაქსიმუმ, თავზე გაკოცოს...
- და ვინ არის ის ახალგაზრდა მამაკაცი?
- მაგას ხვალ ნახავ, წითურო ახლა დაიძინე! 7-ზე შენს სადარბაზოსთან იყავი! არ ალოდინო... ზედმეტად პუნქტუალური ბიჭია!
- კარგი, კარგი მადლობა, რომ არ გამომაგდე თამაშიდან!
- ახლა ფულს გადმოგირიცხავ, რომ ხვალ კაბა და ფეხსაცმელი იყიდო! ლამაზი უნდა იყო
- ვაიჰ... მადლობა
მიამ სიხარულისაგან კიდევ დიდხანს ვერ დაიძინა. მოგვიანებით ეთომ იმ ბიზნესმენის გვერდის ლინკი გამოუგზავნა. დახურული პროფილი ჰქონდა, მხოლოდ პატარაზე ჩანდა მისი ავატარი.
მეორე დღეს მიამ მაღაზიები მოიარა და ბარათზე ჩარიცხული ფულით შაბიამნისფერი კაბა და ფეხსაცმელი იყიდა. 7 საათზე მზად იყო. თმა მაღლა აიწია, მაკიაჟიც გაიკეთა, გამოეწყო და ქვემოთ ჩავიდა.
სადარბაზოს წინ შავი "მერსედესი" იდგა. უკანა კარი გაიღო და შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ბიჭი გადმოვიდა. მიამ აქეთ-იქით გაიხედ-გამოიხედა. კიდევ კარგი, მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ სახლში და არც მეზობლები ჩანდნენ სიახლოვეს, თორემ განხილვის თემად აქცევდნენ მიას "ნაირ-ნაირ, მანქანებიან თაყვანისმცემლებს"...
- საღამო მშვიდობისა!
მიამ მზერა თავის "საქმროზე" გადაიტანა, რომელიც ამასობაში მოუახლოვდა და მოულოდნელობისაგან კინაღამ იქვე ჩაიკეცა...
- მე ირაკლი ვარ! - ხელი გაუწოდა მიას ეთოს ნაცნობმა ბიზნესმენმა და თავაზიანად გაუღიმა.
გაგრძელება იქნება პარასკევს
P.S. მკითხველს:
იმისათვის, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, უნდა მოიპოვო გასაღები, რომლის სულ 3 დუბლიკატი არსებობს!
კვირას, 3 სთ-ზე... მინიშნებების მიხედვით გაშიფრულ ადგილზე შეძლებთ გასაღებების პოვნას! ის მოთამაშეები, რომლებიც წინა დავალებებს ესწრებოდნენ, ისარგებლებენ უპირატესობით და პირველები შევლენ სათამაშო ლოკაციაზე! ფორა - 5 წუთი იქნება!
ვითამაშოთ?
Trickster
თამაში - წესი თუ უწესობა? (თავი მეცხრამეტე)