თამაშის რეზიუმე: ანონიმური პროფილის მქონე უცნობი უკავშირდება ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულ სამ გოგონას და უცნაურ თამაშში ჩაითრევს, სადაც მათ სხვადასხვა ყოფითი სიტუაციიდან თავის დაძვრენა, საიდუმლოებების ამოხსნა და გარკვეული მინიშნებების პოვნა მოუწევთ, იმისთვის, რომ მოძებნონ თამაშის მთავარი ინიციატორი - ტრიქსტერი.
მოთხრობის გმირების მსგავსად, ნებისმიერ მსურველ მკითხველს ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთოს ის, რასაც აკეთებენ მოთხრობის მთავარი გმირები... - ანუ ითამაშოს!
მკითხველისთვის განკუთვნილი დავალებები ეპიზოდებს P.S.-ის სახით დაერთვება.
* * *
სალი თავის უზარმაზარ საწოლში მარტო იწვა და ფიქრობდა. გონებაში თანამიმდევრობით დაალაგა თავისი განვლილი ცხოვრება: სკოლის პერიოდი, მერე ქორწინება, რომელიც საკმაოდ მოკლე ხანში გაუფერულდა და გაჩვეულებრივდა. პირველად ჩაუღრმავდა საკუთარ თავს და ბევრ რამეს სხვა თვალით შეხედა...
საერთოდ, ადამიანები ცდილობენ, რომ დამნაშავედ არ სცნონ საკუთარი თავი და პრობლემების მოგვარების ნაცვლად, ისეთ გარემოებებს ეძებენ, რომლებიც ამ პრობლემებს დაავიწყებთ...
სალიმ კარგად გააცნობიერა, რომ ზოგადად, ყველა ადამიანის მდგომარეობა განპირობებულია მათივე ხასიათით, ქცევით, პრობლემების აღქმის და გაანალიზების უნარით... საკუთარ ცხოვრებას ყველა ადამიანი თავად ქმნის და არა გარშემომყოფები... იმისთვის, რომ ჩაკეტილი წრე გაარღვიო, პრობლემების გადაწყვეტა საკუთარ თავში უნდა ეძებო.
ის, რაც სალიმ ტრიქსტერის ხმის გაგონებისას განიცადა, ათასჯერ აღემატებოდა იმას, რასაც საბასთან სიახლოვის დროს გრძნობდა... უფრო სწორად, - აღარ გრძნობდა!
და მაინც, რატომაა ასე ძნელი ჩაკეტილი წრიდან გამოსვლა?.. ვინ იცის, რამხელა ბედნიერებას კარგავენ ადამიანები იმის გამო, რომ ათასი ადამიანის აზრს ითვალისწინებენ... ის რას იფიქრებს, ეს რას გეტყვის... და რაც მთავარია, ცვლილებების შიში, რომელიც ძალიან ძლიერია!
ტრიქსტერმა ძლიერი ბიძგი მისცა სალის... ის მყარი ბარიერები, რომლებიც მას აქამდე გააჩნდა, ფაქტობრივად, გაარღვია! სალის ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს შიგნით დაგროვილმა ენერგიამ იფეთქა, ერთბაშად ამოხეთქა... ყველაზე მეტად ახლა შეიგრძნო, რომ ქალია! რომ მიმზიდველია... ვიღაცისთვის საინტერესოც და ალბათ საჭიროც...
მას ახლა მიეცა შანსი იმისა, რაზეც ბევრი გათხოვილი ქალი ოცნებობს, - საკუთარი თავის რეალიზაციის!
ჭადრაკის თამაშის დროს მოჭადრაკის ყოველ მოძრაობას აკვირდებოდა. სავსებით შესაძლებელი იყო, რომ მის წინაშე სწორედ ტრიქსტერი იდგა. მოჭადრაკეს ერთი თვისება განსაკუთრებით მოხვდა თვალში. ის, თითქმის ყოველი სვლის დროს, ფიგურას ხელში კი არ იღებდა, არამედ ფეხით გააცურებდა ხოლმე... მოჭადრაკეები ასე არ თამაშობენ. მათი ყოველი მოძრაობა სპეციფიკურია...
სალი თითქმის დარწმუნებული იყო, რომ მოჭადრაკე არ იყო სინამდვილეში "მოჭადრაკე"...
ბავშვობაში სალი ბაბუას ხშირად მიჰყავდა ხოლმე თავის მეგობართან სახლში, სადაც სულ ჭადრაკს თამაშობდნენ. თავიდან ყურებით დაიმახსოვრა სვლები, შემდეგ უკვე ბაბუამ ასწავლა თამაში... სტრატეგია, ყველაფერი... მოკლედ, სალი საკმაოდ ძლიერი მოთამაშე იყო...
თამაში საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სალის გამარჯვებით დამთავრდა, რამაც საბოლოოდ დაარწმუნა, რომ მისი მოწინააღმდეგე არ იყო ნამდვილი მოჭადრაკე...
სალი მინიშნების ჩასაწერად მოემზადა. მოჭადრაკემ საქაღალდე გახსნა და რაღაც ფურცლები ამოიღო.
- იმისთვის, რომ მოხვდე საიდუმლო ოთახში, დაგჭირდება გასაღები, რომლის სამი დუბლიკატი არსებობს! სამივე ტრიქსტერმა დამალა... მე მოგცემ იმ ადგილის მინიშნებას, სადაც გასაღების პოვნას შეძლებ!
- მზად ვარ!
სალი მის ხმას აკვირდებოდა. თითქოს ძალიან ჰგავდა იმ ხმას, რომელიც ტელეფონში მოისმინა...
- შენს სახელს ვერ მეტყვი?
- რატო ვერ გეტყვი? - მიშკა ვარ! მოკლედ, პირველი მინიშნება არის ეს...
მიშკამ ლადო გუდიაშვილის გრაფიკული ნამუშევრის ერთ-ერთი ილუსტრაცია ამოიღო და სალის აჩვენა. ნახატზე ეკლესია ეხატა და მუხლებზე დამხობილი ადამიანები, რომლებიც ეკლესიას გარს უვლიდნენ.
დანარჩენი სამი მინიშნება იყო ფურცელზე ამობეჭდილი სიტყვები: - "სიახლოვეს", "ნანგრევები" და "ასტვაც! ინჩუ ჰამარ!"
ამის შემდეგ მოჭადრაკე სალის დაემშვიდობა და წავიდა. სალიც მანქანასთან დაბრუნდა. მძღოლმა სახლამდე მიიყვანა.
მთელი დღე რაღაცნაირად მოუსვენრად იყო... ტრიქსტერი კონტაქტზე აღარ გამოსულა. ნეტა საიდან გაიგო, რომ იმ შავგვრემანი გოგოს სანახავად წავიდა? იქნებ იმ დამლაგებელ ქალთან აქვს კონტაქტი და მან უთხრა?.. საინტერესოა, ტრიქსტერის მთავარი კრედო ხომ წესების და საზღვრების დარღვევაა და მოთამაშეებს წესები დაუწესა? - ის ხომ წესების მტერია?.. ან იქნებ თამაშის მთავარი არსიც იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეები მიხვდნენ, რომ წესების მიხედვით არ იმოქმედონ და დაარღვიონ?
ამაშიც იყო რაღაც ჭეშმარიტების მარცვალი... სალის ცნობისმოყვარეობა კლავდა... აინტერესებდა ყველაფერი: - სულ რამდენი ადამიანია თამაშში, ვინ არიან, როგორები... რის მიხედვით აარჩია ისინი ტრიქსტერმა და ა.შ... მის თავში ათასნაირი ფიქრი ტრიალებდა.
- "თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნინიც მოთამაშეა, მისი სოციალური სტატუსი - განქორწინებული - შეიძლება არ იყოს შემთხვევითი"... - გაიფიქრა სალიმ და რატომღაც
უცებ ის მრბოლელი გაახსენდა და გადაწყვიტა, რაიმე გაერკვია.
ჯერ ინტერნეტში ეძება, ვიღაცეებს დაუკავშირდა და ასე გაკითხვა-გამოკითხვით გაარკვია, რომ რეზი კვესელავა BMW-ეს მრბოლელთა კლუბში ყოფილა გაწევრიანებული...
მისი მონაცემებიც კი იპოვა, უბრალოდ, სურათი არ ედო, სხვა მოთამაშეებისაგან განსხვავებით...
ამან რაღაცნაირად დააეჭვა. კლუბის ტელეფონის ნომერზე დარეკა და რეზის კოორდინატები იკითხა. პასუხად მიიღო, რომ რეზი უკვე ერთი კვირაა, რაც ბულგარეთში წავიდა და გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო მისი დაბრუნება შეფერხდა...
ამ ინფორმაციამ სალი ძალიან ააღელვა. რეზის და ტრიქსტერის გამგზავრება დროში ზუსტად ემთხვევა. ნუთუ სწორ კვალს ადგას?..
ტრიქსტერის "ფეისბუქის" გვერდი კიდევ ერთხელ, საფუძვლიანად დაათვალიერა და იმ სიმბოლოს დააკვირდა, რომლის ფოტოც რამდენჯერმე ედო... დიდი თვალი, შიგნით ხელი - გაშვერილი თითით და ხელში კიდევ პატარა თვალი...
სალიმ თავისი მედალიონი მოიხსნა, ხელისგულზე დაიდო და კარგად დააკვირდა. ადამიანის თვალი იყო... ამოატრიალა და უკანა მხარესაც შეხედა. მედალიონს შუაში პატარა ჩაღრმავება ჰქონდა... სალიმ ძლივს იპოვა გამადიდებელი შუშა და სინათლეზე კარგად დაათვალიერა. პატარა ხვრელში აშკარად რაღაც კბილანებივით მოჩანდა...
"იქნებ ეს მედალიონის მხოლოდ ერთ-ერთი ნაწილია"... - გაიფიქრა და გააჟრჟოლა. კიდევ ერთხელ გაადიდა სიმბოლოს სურათი... სიმბოლო სამი ნაწილისაგან შედგებოდა: - პატარა თვალი, ხელი და დიდი თვალი... სალის მედალიონი პატარა თვალის ზუსტი ასლი იყო...
- დავუშვათ, სწორად მივხვდი და მედალიონი სამია... და ეს მედალიონები ერთმანეთში იწყობა... თუ ეს სიმართლეა, მაშინ თამაშში მხოლოდ სამი მოთამაშეა! და თუ მედალიონები იწყობა, გამოდის, რომ... ჩვენ მართლა უნდა დავარღვიოთ წესი და... ერთმანეთი ვიპოვოთ!
უკვე საკმაოდ გვიანი ღამე იყო, როდესაც სალი ამ დასკვნამდე მივიდა...
"სამი გასაღებიც... თითომ თითო უნდა ვიპოვოთ ალბათ..."
სალიმ მინიშნებებზე დაიწყო ფიქრი... რა კავშირი უნდა ჰქონდეს ერთმანეთთან გუდიაშვილის ნახატს, "სიახლოვეს", "ნანგრევებს" და "ასტვაც! ინჩუ ჰამარ!"-ს?..
როგორც მოჭადრაკემ უთხრა, ყველა ეს მინიშნება ერთმანეთს უკავშირდება და იმ ადგილზე მიუთითებს, სადაც ტრიქსტერმა გასაღები დამალა...
-"ასტვაც! ინჩუ ჰამარ!" - ასეთი სათაურით ნოდარ დუმბაძის მოთხრობაა, სადაც სწორედ ჭადრაკის თამაშის დროს ამბობს ამ სიტყვებს მოთხრობის გმირი და კვდება...
საიდუმლო ოთახის გასაღები... - რას ნიშნავს "საიდუმლო ოთახი" ან რა საიდუმლო შეიძლება ყოფილიყო იმ ოთახში...
სალი ისე იყო შესული აზარტში, რომ თავზე დაათენდა...
მას აღარც საბას არგამოჩენა უკვირდა და აღარც არაფერი... ამ მომენტში მისი ერთადერთი მიზანი მინიშნებული ადგილის გამოცნობა და საიდუმლო ოთახის გასაღების პოვნა იყო.
მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ როგორც კი გასაღებს ხელში ჩაიგდებდა, მაშინვე ენახა თავისი ერთ-ერთი მოწინააღმდეგე - შავგვრემანი ნინი.
გაგრძელება იქნება ოთხშაბათს
P.S. მკითხველს:
დაეხმარეთ სალის მინიშნების გაშიფვრაში. გამოიცანით ადგილი, სადაც ტრიქსტერმა გასაღებები დამალა.