"შუა ქალაქით" მოსული დიდი წარმატება, ოჯახი და შვილი" - როგორია ანა ქურთუბაძე ეკრანს მიღმა - Marao

"შუა ქალაქით" მოსული დიდი წარმატება, ოჯახი და შვილი" - როგორია ანა ქურთუბაძე ეკრანს მიღმა

2024-12-04 13:55:23+04:00

ანა ქურთუბაძეს კლასიკურ თეატრში დიდი გამოცდილება აქვს და მას მაყურებელი ეკრანიდანაც კარგად იცნობს. დაუვიწყარია მისი როლი ყველასთვის ცნობილ სერიალში "შუა ქალაქში" - თეკლას პერსონაჟი, რომელიც ბარში მუშაობს, ბევრისთვის დღემდე საყვარელი სახეა.

ამჟამად ანა "თეატრის" დასის შეუცვლელი წევრია და სხვადასხვა წარმოდგენაში იღებს მონაწილეობას. ანა ასევე "ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის" მსახიობია და მისი ნახვა არაერთ შთამბეჭდავ სპექტაკლში შეგიძლიათ. გარდა ამისა, ის ტელეწამყვანის ამპლუასაც წარმატებით ითავსებს. 

  • უარი პრეზიდენტის საყვარლობაზე, წარმატებული კარიერა და პირადი ცხოვრება - ჯულიეტ ბინოში 
  • ალენ დელონის ბნელი ქარიზმა: რატომ განსაზღვრა ფრანგმა მსახიობმა ანტიგმირი 

ბიოგრაფია

ანა ქურთუბაძე დაიბადა 1988 წლის 7 ივნისს. 2010 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამსახიობო ფაკულტეტი, 2009 წლიდან კი თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.

ana

როლები

ანა ქურთუბაძე ეკრანსა თუ თეატრის სცენაზე დღემდე არაერთ გამორჩეულ პერსონაჟს ქმნის. მათი სრულად ჩამოთვლა, ალბათ, შორს წაგვიყვანს, თუმცა გთავაზობთ მის რამდენიმე როლს: 

  • ლიზელი - "მუსიკის ჰანგები" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მრეცხავი - "ვერის უბნის მელოდიები"– რეჟ: დავით დოიაშვილი
  • თუთიყუში - "იყო და არა იყო რა ანუ საშობაო ზღაპარი"– რეჟ: დავით დოიაშვილი
  • დედა - მ.მეტერლინკი "ლურჯი ფრინველი" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მარწყვა - ჯ. როდარი "ჩიპოლინო" – რეჟ: მაია ჩართოლანი
  • კარი - "ინტროსპექცია, ამბავი ჩვენზე" – რეჟ: დავით დოიაშვილი
  • მონაწილე - "ეგზერსისი" – რეჟ: მანანა ბერიკაშვილი
  • თეკლა - "შუა ქალაქში" – რეჟ: გოჩა კორხელაური
  • თამთა - "დიდი შესვენება" – რეჟ: დავით ჭაბაშვილი
  • გვანცა - "ცოლები და ქმრები" – რეჟ: ბაჩო ქაჯაია
  • ეკა - "ხელოვნური სუნთქვა" – რეჟ: გიორგი ლიფონავა 
  • დონა - "მამა მია" – რეჟ: ზაალ ჩიქობავა
  • როქსი - “ჩიკაგო” – რეჟ: ზაალ ჩიქობავა

ბავშვობა და ოჯახი 

"როდესაც პატარა ვიყავი, დედას ძალიან ხშირად დავყავდი თეატრში. პარტერში ჯდომისას, სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა კულისებში, რა თქმა უნდა, იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ შევსულიყავი და ჩემი თვალით მენახა ყველაფერი. სულ ვნატრობდი, რომ ნეტა ოდესმე იქ მოვხვდე-მეთქი და, აი, მოვხვდი კულისებშიც და სცენაზეც.

თეატრში უცნაურად, მოულოდნელად აღმოვჩნდი. მეორე კურსზე ვიყავი, დავით დოიაშვილმ, რომ ამიყვანა თეატრში. რომ ამბობენ, სწორ დროს, სწორ ადგილას უნდა იყოო, აი, მართლაც ესე მოხდა ჩემს შემთხვევაში. შემდეგ უკვე ტელევიზიაშიც ასე მოვხვდი", - იხსენებდა მსახიობი.

ანა

ოჯახი

"მყავს ძალიან დიდი ოჯახი, რომელსაც მეც შევმატე ჩემი პატარა ოჯახი, სადაც თავს ყველაზე მშვიდად ვგრძნობ. მყავს გოგონა, თინა, ერთი და და სამი დისშვილი. და ჩემზე 11 წლით უფროსია. ბოლო წლებში ჩვენ შორის თითქოს ასაკობრივი სხვაობა შემცირდა და მეგობრობა დავიწყეთ. მანამდე დედაშვილური დამოკიდებულება გვქონდა. სამწუხაროდ, მამაჩემი 2008 წელს გარდაიცვალა. მყავს მსოფლიოში ყველაზე კარგი დედა და მინდა, რომ იმის ნახევარი მაინც გავუკეთო ჩემს შვილს, რაც დედამ ჩემთვის გააკეთა", - ამბობდა ანა. 

ანასთვის, ისევე, როგორც ყველა დედისთვის, ეს ამპლუა განსაკუთრებულია: 

"თუნას დედობა ძალიან დიდი ბედნიერებაა. დაბადებიდან ჩემი მეგობარია. მის გარეშე ერთი ღამე არ გამითენებია, თითქოს, ყოველთვის ხელს მიწყობს, მაბედნიერებს. არაფერი გაუკეთებია ისეთი, რომ დავღლილიყავი. ალბათ, უენერგიობასაც არ ვუჩივი (იცინის). სამსახურიდან რომ დაღლილი ვბრუნდები, მაინც მთელი ენერგიით ვთამაშობთ ერთად და კი არ ვიღლები, პირიქით, ენერგიით ვივსები. ისეთ რამეებს ხვდება, მგონია, რომ სამის კი არა, 23 წლის არის. რაც შვილი გამიჩნდა, მას შემდეგ თვითშეფასება საოცრად მომემატა. მანამდე ძალიან დაბალი წარმოდგენის ვიყავი საკუთარ თავზე და ჩემი მეგობრები სულ მსაყვედურობდნენ, იქნებ გამოიხედო თვალებიდანო. სამყაროს რომ ახალი ადამიანი შევძინე, ისე გავიმართე წელში, რომ თავი ავწიე სანამდეც შემეძლო და ჩემი თავის ვირწმუნე. ვიღაცამ შეიძლება თქვას, რა შუაშიაო, მაგრამ შვილის გაჩენის შემდეგ დავიჯერე, რომ ნიჭიერი ვარ, დავიჯერე, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და ეს ყველაფერი ჩემი თუნას დამსახურებაა", - ამბობდა მსახიობი.