მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა, მათ შორისაა ლიზა ყენია:
"სიყვარულსა და სინათლეს ვუგზავნი საქართველოს" - წერს ის.
ლიზა ყენია
ლიზა ყენია მაია ჯაბუასა და არჩილ ყენიას ქალიშვილია. ცნობილი ოჯახიდან გამომდინარე, ის ბავშვობიდან მოექცა ყურადღების ცენტრში, თუმცა ლიზა მედიისთვის საკუთარი ინდივიდუალიზმითაც მალევე გახდა საინტერესო პერსონა. ლიზა ყენია მუსიკოსია, ის თავადაც წერს მუსიკას და ბოლო დროს მსმენელს ახალი სიმღერებითაც ხშირად ანებივრებს. გარდა მუსიკისა, ლიზა გატაცებულია ხატვით და საკუთარი ბრენდი friskystyle შექმნა. ის მობილურის აქსესუარებს საკუთარი დიზაინით ქმნის.
ლიზა ყენია პატარა ასაკიდან გამოირჩეოდა თავისუფლებითა და დამოუკიდებლობით. ის საქართველოში არაერთ ცნობილ შოუში მონაწილეობდა და არაერთი გულშემატკივარიც ჰყავდა, თუმცა, საბოლოოდ, საცხოვრებლად ამერიკა არჩია და ახლა საკუთარ კარიერას იქ აგრძელებს.
ლიზა ყენიას დედა
მაია ჯაბუა საზოგადოებასა და მედიაში ხშირად ჩნდება. მომღერალი 1962 წლის 8 მაისს დაიბადა. ბევრმა არ იცის, რომ მაია ჯაბუა პროფესიით ინგლისური ენის სპეციალისტია, თუმცა უნივერსიტეტში მიღებული დიპლომი არასდროს გამოუყენებია.
6 წლის ასაკიდან მღერის. "მზიურში" მისი პირველი გამოჩენა საზოგადოებას კარგად ახსოვს - მაია ჯაბუას მიერ შესრულებული სიმღერა "მეორე ლეგენდა" თითქმის ყველამ ზეპირად იცოდა.
მომღერალი სულ სამჯერ იყო დაქორწინებული - პირველი მეუღლე მსახიობი ლევან ბერიკაშვილი იყო. წყვილმა ერთად 6 წელი იცხოვრა. წყვილს საერთო შვილი, თორნიკე ჰყავს.
"ოჯახის დანგრევაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. თუკი ისე არ აეწყო ყველაფერი, როგორც ორივეს გვინდოდა და როგორც გვეგონა, იქნებოდა, მერე რა მოხდა?! როცა ხვდები, რომ ძალით ვეღარ შეაწებებ ურთიერთობას, უნდა დაშორდე. თან, ეს მანამდე უნდა მოახერხო, ვიდრე მტრად გადაეკიდები. ასეთ დროს ოჯახს კი არ ანგრევ, არამედ ნანგრევებში ცხოვრება აღარ გსურს.
რაც შეეხება შვილს: არც ის უნდა აცხოვრო ნანგრევებში, მაგრამ ისე უნდა მოიქცე, რომ მამა არ შეაძულო. თორნიკე პატარა იყო, როცა ლევანს დავშორდი. მოვახერხე, რომ იუმორით მიმეწოდებინა მისთვის ყველაფერი. ჰოდა, ამიტომაც არ იქცა ჩემი და ლევანის დაშორება თორნიკესთვის ტრაგედიად. მას მამასთან დღესაც მშვენიერი ურთიერთობა აქვს.“ - ამბობდა მაია ჯაბუა ერთ-ერთ ინტერვიუში.
მაია ჯაბუას მეორე მეუღლე აჩიკო ყენია იყო - მომღერალს მეორე ქორწინებაში ლიზა ყენია შეეძინა. მესამე მეუღლე კი უშიშროების ყოფილი მინისტრი, ვახტანგ ქუთათელაძე იყო, რომელთანაც ერთი ვაჟი ჰყავს.