მთავრობა 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების კრიტიკა, საპროტესტო აქციები და დაპირისპირება მოჰყვა. 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ საქართველოს დედაქალაქი საპროტესტო ტალღამ მოიცვა. სპეცრაზმის მხრიდან ადგილი ჰქონდა მშვიდობიანი მოქალაქეების ცემისა და დაკავების ფაქტებს.
შექმნილი ვითარების შესახებ კომენტარები არაერთმა ცნობილმა ადამიანმა გააკეთა:
მოცეკვავე და მსახიობი მაკა მახარაძე საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„მე, მაკა მახარაძე მხარს ვუჭერ საქართველოს ახალგაზრდობას, გამარჯვება თქვენია!!!” – წერს მაკა მახარაძე სოციალურ ქსელში.
კოტე მახარაძისა და მედეა ჩახავას ქალიშვილი მაკა მახარაძე პროფესიით მსახიობი არ არის. მან დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1968 წელს. 60-იან წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დიდ თეატრთან არსებულ ქორეოგრაფიულ სასწავლებელში, იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის სოლისტი.
"პატარა რომ ვიყავი, დღისით ექიმობა მინდოდა, საღამოს – ბალერინობა. ბაბუა, დედას მამა, ვასილ ჩახავა, გახლდათ მეან-გინეკოლოგი. ეტყობა, ძალიან მომწონდა, ექიმი რომ იყო, თან თეთრ ხალათში და, გადაწყვეტილი მქონდა, მეც აუცილებლად ექიმი გავხდები-მეთქი. ბაბუას თავის კლინიკაში დავყავდი ხოლმე ანალიზებზე და ვამჩნევდი, ყველა როგორი დიდი სიხარულით მხვდებოდა, თვალები უბრწყინავდათ ჩვენ დანახვაზე და ამას მიჩვეული ვიყავი, თუმცა ეს არ იყო მხოლოდ ბაბუასთან დაკავშირებული, ასე იყო მამას, დედას, ბებიას (მამაჩემის დედის) გვერდით, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა პირველი სკოლის ბიბლიოთეკის გამგედ. ჩვენს ოჯახში ბალეტის კულტი იყო. მამაჩემმა საბალეტო სტუდია დაამთავრა, მაგრამ მერე თეატრალურმა გადასძლია და მსახიობი გახდა. დედაც, თურმე, ყოველთვის ბალეტზე ოცნებობდა, მაგრამ ოცნება ვერ აისრულა. მე 9 წლისა მიმიყვანეს საბალეტო სკოლაში. სკოლა რომ დავამთავრე, ოპერისა და ბალეტის თეატრში დავიწყე მუშაობა', - ამბობდა მაკა.
საბალეტო კარიერის დასრულების შემდეგ მაკა თბილისის I საშუალო სკოლასთან არსებული საბავშვო სკოლა-სტუდიის ხელმძღვანელი გახდა, მოგვიანებით კი "მაკა მახარაძის საბალეტო სტუდია" შექმნა და დღემდე მას ხელმძღვანელობს.
„38 წლის ასაკში დავანებე თავი ბალეტს, გავედი პენსიაზე. გააზრებული მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ძალიან იღლები... სადღაც 34-35 წლისთვის უკვე ძალა არ გაქვს. ძალიან დიდი დატვირთვა და იზოლაციაა გარე სამყაროსგან", - ამბობდა ის.
„ჩვენი ეზო”, „საბუდარელი ჭაბუკი”, „მოცურავე”, „ქალაქი ანარა”, „იყო შაშვი მგალობელი”, „დანაშაული მოხდა”, „მაცივარში ვიღაც იჯდა” - ეს მაკა მახარაძის ფილმოგრაფიის მხოლოდ ნაწილია, თუმცა თავად ამბობს, რომ მისი ცხოვრების მთავარი საქმიანობა მაინც ბალეტი იყო. "ბევრ ფილმში მითამაშია, მაგრამ ბალეტს მსახიობობას ვერ შევადარებ", - ამბობდა მაკა.