მსოფლიოს მოდის ინდუსტრია არაერთ ქართველ დიზაინერს იცნობს. კრიტიკოსები, ბლოგერები და საერთაშორისო გამოცემების ჟურნალისტები მოდის კვირეულის ფარგლებში წელიწადში რამდენჯერმე სტუმრობენ თბილისს, ქართული ბრენდების დასათვალიერებლად ბოლო დროს შოპინგ-ტურებიც ეწყობა. ერთ-ერთ ასეთი დიზაინერია გიორგი ქებურია:
გიორგი ქებურია
გიორგი ქებურიას დიზაინით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი საკმაოდ პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც. საერთაშორისოდ აღიარებული ვარსკვლავები ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილ სამოსს, აქსესუარებსა თუ ფეხსაცმელებს მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის, ისევე, როგორც ფოტოსესიებისთვის ხშირად ირჩევენ.
ქებურიას დახვეწილი დიზაინითა და ორიგინალური სტილით შექმნილი სამოსი თუ აქსესუარი არაერთხელ მოირგეს ისეთმა ვარსკვლავებმა, როგორებიც არიან: რიანა, ჯიჯი ჰადიდი, კაია გერბერი, კენდალ ჯენერი და სხვები.
თვითნასწავლი ქართველი დიზაინერი გიორგი ქებურია 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურეალისტური კოლექციით წარდგა თბილისის მოდის კვირეულზე, სადაც “საუკეთესო დამწყები დიზაინერის” ჯილდო მიიღო. მას შემდეგ დიზაინერზე არაერთ ცნობილ ჟურნალს დაუწერია.
"ბავშვობაში სახლში გვქონდა ძალიან ბევრი ჟურნალი, ძირითადად Otto-ს კატალოგებს ვათვალიერებდი, ასევე Vogue-ის რამდენიმე ძველი გამოშვება იყო ჩემი მთავარი გასართობი. სკოლის ასაკშიც უმეტესად სულ ვხატავდი რვეულის უკანა მხარეს, უფრო - ფეხსაცმელებს, არ ვიცი რატომ.
თუ იდეა მაქვს, ვიწყებ ამ იდეის ირგვლივ მუშაობას, თუმცა, თუ არ მაქვს კონკრეტული წარმოდგენა კოლექციის შესახებ, ვათვალიერებ ქსოვილებს და ვცდილობ მაქსიმალურად ვიპოვო შთაგონება, რომელსაც შემდგომ საინტერესო ხაზით ვავითარებ.
დიზაინერებს ეკითხებიან, “როგორი ქალი გყავდაო”... მე მგონია, რომ ეს სწორედ ის ქალია, რომელიც არ მოიზიდავს მომხმარებელს. ის არის ფსიქიკურად შეშლილი, გაბურდული, ცოტა ასაკოვანიცაა, ყველგან ეჩქარება, ძალიან ნერვიულობს, იკეტება ოთახში მარტო, ჩუმად, ნევროზიც აქვს.
ციფრულმა საუკუნემ საკმაოდ დააჩქარა მოვლენები და შესაბამისად, ეს აისახება კრეატიულობაზე, ხარისხსა და ფასსზე. არიან დიზაინერები, ვინც ჩვენებას არ აკეთებს და მხოლოდ სოციალურ ქსელში, კერძოდ, ინსტაგრამზე აქვეყნებს კოლექციას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მოდის კვირეულმა გადაინაცვლოს სოციალურ ქსელებში, მაგრამ ასე დარწმუნებით ვერ ვიტყოდი, რადგან კვირეული მოდის უფრო ბოროტი მხარეა, გჭირდება მოსაწვევი, რათა კონკრეტული დიზაინერის ჩვენებას დაესწრო, სხვა პრესტიჟია, და სხვა სისტემაა, რომელიც რეალიზაციას უკავშირდება" - ამბობდა დიზაინერი.